გიორგი მერჩულე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი მერჩულე – (X ს; პ. ინგოროყვას ვარაუდით, 875/85 – 950/60), ჰაგიოგრაფი, ჰიმნოგრაფი, საეკლესიო მოღვაწე, ავტორი: თხზულებისა „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება“. ნაწარმოების სრული სახელწოდებაა: „შრომაჲ და მოღვაწებაჲ ღირსად ცხორებისა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისა, ხანცთისა და შატბერდისა აღმაშენებლისაჲ და მისთანა მრავალთა მამათა ნეტართაჲ“. თხზულების ჩვენამდე მოღწეული უძველესი ხელნაწერი XII ს-ისაა; პირველად 1911 წ. გამოსცა ნ. მარმა – შემდგომ კიდევ რამდენჯერმე გამოიცა, არსებობს მარისეული რუსული და პ. პეეტერსის ლათინური თარგმანი.

გიორგი მერჩულის თხზულების მთავარი პერსონაჟი გრიგოლ ხანცთელი იყო – VIII-IX სს. უდიდესი საეკლესიო მოღვაწე, რომელმაც საფუძველი დაუდო ტაო-კლარჯეთში სამონასტრო აღმშენებლობას. ამას მოჰყვა მხარის კულტურულ-ეკონომიური დაწინაურება. გრიგოლი გარდაიცვალა 861 წ. 102 წლისა. მისი გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ გიორგი მერჩულემ აღწერა ღირსი მამის ცხოვრება ხანცთის წინამძღვარ თეოდორესა და მისი ძმის – იოანეს თანადგომით. რამდენიმე სასწაულის ჩართვით „ცხოვრება“ განაახლა ბაგრატ ერისთავთ-ერისთავმა, ადარნასე კურაპალატის ძემ. კ. კეკელიძის ვარაუდით, შესაძლოა, ეს „განახლებაც“ თვით ავტორის დახმარებითა და ხელმძღვანელობით მომხდარიყო.

გიორგი მერჩულე მრავალმხრივ განათლებული პიროვნება ყოფილა. ნაწარმოების ტექსტიდან ჩანს, რომ ის კარგად იცნობდა როგორც საეკლესიო-საღვთისმეტყველო, ისე საერო-ფილოსოფიურ ლიტერატურას. იგი მოიხსენიებს ეფრემ ასურის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, კირილე ალექსანდრიელის, იპოლიტე რომაელისა და სხვათა თხზულებებს – საჭიროების შემთხვაში მერჩულე მათ ციტირებასაც მიმართავს.

მიუხედავად სათანადო განსწავლულობისა და ნიჭიერებისა, გიორგი მერჩულე დიდხანს იკავებდა თავს გრიგოლის ღვაწლის აღწერისგან. ის თვლიდა, რომ ამ საქმისთვის „ნაკლულევანი“ იყო და ეს პატივი გრიგოლის თანამედროვე ღირსეულ მოღვაწეებს (სოფრონ შატბერდელს, ილარიონ პარეხელს, გიორგი მაწყვერელს, სტეფანე მტბევარს) უნდა ეტვირთათ. ყველა სავარაუდო ავტორის გარდაცვალების შემდეგ, მერჩულემ დაინახა, რომ ღირსი მამისა და მისი მოწაფეების სასწაულებრივი საქმეები ნელ-ნელა „ჟამთა სიმრავლისაგან“ „სიღრმესა დავიწყებისასა ეძლეოდნენ. გიორგი მერჩულე იძულებული გახდა ეტვირთა ეს შრომა.

მან შექმნა ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელიც დღემდე ცხოველი ინტერესით იკითხება. ამ ძეგლმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული ჰაგიოგრაფიის და არა მარტო ჰაგიოგრაფიის განვითარების ისტორიაში. რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სამცხის აზნაურ ზენონის დის, აშოტ კურაპალატისა და აშოტის შვილის, ადარნასეს, სამიჯნურო ისტორიებს შეეხება, ჩანასახის ფორმით იმ ტენდენციებს უდებს საფუძველს, რომელზეც მომდევნო ხანის კლასიკური სამიჯნურო-რომანული ლიტერატურა აღმოცენდა.

ავტორის ოსტატობა გასაოცარია. შესანიშნავი სტილი, დახვეწილი თხრობა, ისტორიული მასალის ზუსტად და დეტალურად მოწოდება, მიმდინარე სოციალ-ეკონომიური, თუ პოლიტიკური ცხოვრების ღრმა ანალიზი მას შუასაუკუნეების უმნიშვნელოვანეს ავტორთა რიგში აყენებს.

გიორგი მერჩულე ზუსტად მიუთითებს იმ პოლიტიკურ-სოციალურ მიზეზებზე, რამაც გრიგოლი და მისი მოწაფეები ტაო-კლარჯეთში ჩაიყვანა: VIII ს. აღმოსავლეთ საქართველოს არაბები განაგებდნენ, დასავლეთ საქართველო ბიზანტიის გავლენის ქვეშ იყო; ტაო-კლარჯეთი რჩებოდა ქვეყნის ერთადერთ თავისუფალ მხარედ. გრიგოლმა მიიჩნია, რომ ღვაწლი ქვეყნისა და ეკლესიის აღორძინებისთვის სწორედ თავისუფალი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო. გიორგი მერჩულე გვიჩვენებს, რომ გრიგოლისა და მისი მოწაფეების ხედვა ზუსტი და გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. დამპყრობელთა თვალს მოფარებული მამები დაუბრკოლებლად მიეცნენ თავდაუზოგავ ღვაწლს. მურვან ყრუს შემოსევებისა და ჟამიანობის გამო გავერანებული ტაო-კლარჯეთი სამონასტრო კოლონიზაციამ თანდათან მოაშენა. ეკლესია-მონასტრებში გაჩაღდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. იქმნებოდა ორიგინალური სასულიერო ლიტერატურა; ითარგმნებოდა ჰაგიოგრაფიული, ჰიმნოგრაფიული, ეგზეგეტიკური, ფილოსოფიური, ბიბლლიური თხზულებები. მხარის გამოცოცხლებას მოჰყვა იქაური კურაპალატების გაძლიერება და მეფის ტიტულზე პრეტენზია. სულ მალე კულტურულ-ეროვნული ერთიანობის იდეის მომწიფებამაც არ დაახანა. ეს იდეა გიორგი მერჩულის ფორმულირებით ასე ჩამოყალიბდა: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითაჲ ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“. ეკლესიის წიაღში ჩასახული ეროვნ. მთლიანობის იდეა მალე ქვეყნის პოლიტ. გაერთიანების ქვაკუთხედად იქცა.

გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანცთელისა და მისი მოწაფეების ღვაწლს განიხილავს არა კერძო, პრივატულ ასპექტში, არამედ ქართული საეკლესიო ცხოვრების ერთიან სივრცეში. ქართული ეკლესია თხზულებაში წარმოჩენილია, როგორც „ერთიანი, მთლიანი, დამოუკიდებელი ორგანიზმი, რომელიც განაგებს თავისთავს და არც ერთი უცხო პატრიარქის ბატონობას არ განიცდის“. (კ. კეკელიძე).

გიორგი მერჩულე კმაყოფილებით აგვიწერს ღირსი მამების მუდმივ ზრუნვას, მიმართულს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცებისკენ, მაგ. გრიგოლის მოწაფემ, ეფრემ მაწყვერელმა, ქართულ ეკლესიას მოუპოვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება და „მირონის კურთხევა ქართლს განაწესა“.

თხზულებიდან ჩანს, რომ საკითხი ბერმონაზვნობისა და მსოფლიო მღვდელთა შორის დამოკიდებულების შესახებ ეკლესიის შიგნით დაისვა. გიორგი მერჩულე აშკარად ბერმონაზვნობის სასარგებლოდ იხრება. მის თხზულებაში იგრძნობა შავი სამღვდელოების იდეალიზაციის ტენდენცია. თეთრ სამღვდელოებას ჰაგიოგრაფი მედიდურად დაჰყურებს. იგი სიამაყით ყვება, როგორ თქვა გრიგოლმა უარი ეპისკოპოსობაზე, როგორც „ხორციელ დიდებაზე“. ავტორს ახარებს შავი სამღვდელოების გავლენის გაძლიერება, როგორც ეკლესიის შიგნით, ისე მთლიანად ქვეყანაში. გრიგოლ ხანცთელის პირით გიორგი მერჩულე აცხადებს, რომ „ჭეშმარიტნი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არავისსა ხელმწიფებასა ქუეშე არიან“.

როდესაც საბა იშხნელი კურაპალატმა წერილით თავისთან მიიწვია, მან მეფეს პასუხიც არ დაუბრუნა, ხოლო როდესაც გრიგოლის საშუალებით კურაპალატმა იგი თავისთან მიიყვანა და უსაყვედურა – „ჯერ არს ხელმწიფეთა მორჩილებაო“, საბა იშხნელმა მედიდურად უპასუხა: „დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთაჲ. შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე ყოველთა დაბადებულთაჲ, შენ წარმავალთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე საუკუნო მეუფჱ“.

გიორგი მერჩულე თანაბარი ოსტატობით ხატავს როგორც უდაბნოში განმარტოებული ბერი ხუედიოსის ნეტარებით სავსე, მშვიდი ყოფის სურათებს, ისე სხვადასხვა გმირთა შორის ან ერთი ადამიანის ცნობიერების შიგნით მიმდინარე ვნებათა მძაფრ შეჭიდებებს.

სავარაუდოდ, გიორგის ზედწოდება „მერჩულე“ სჯულისმეცნიერს, კანონიკური სამართლის მცოდნეს ნიშნავს. (პ. ინგოროყვა).

გიორგი მერჩულე ჰიმნოგრაფიცაა, მიქაელ მოდრეკილის კრებულში შესულია საგალობლები, რომელთაც აწერია: „უცხონი მერჩულიულნი“ და „მერჩულიულნი“. მეცნიერთა აზრით, ეს საგალობლები ან მერჩულეს ეკუთვნის, ან იმ ფორმითაა დაწერილი, რომელიც პოეზიაში გიორგი მერჩულმ დანერგა.

მ. შეწირული



ლიტერატურა

  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ. 1980;
  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
  • „ქართული მწერლობა“, ლექსიკონი ცნობარი, წგ. 1, თბ., 1984.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები