გერიონის ძროხები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერიონის ძროხებიჰერაკლეს. მეათე გმირობა.

ევრისთევსმა ჰერაკლეს გერიონის ძროხების მორეკვა უბრძანა, თანაც გმირს ეკრძალებოდა მათი მოთხოვნა ან მათთვის საფასურის გადახდა. გერიონი იყო ოკეანიდა კალიროესა და ქრისაორის ვაჟი, იბერიის ტარტესას მეფე. იგი იმხანად მცხოვრებ ადამიანთა შორის უძლიერეს კაცად ითვლებოდა, რამეთუ დაიბადა სამი თავით, ექვსი ხელითა და წელთან შეზრდილი სამი ტანით. მის ზანტსა და მეწამულ ძროხებს, უცნაური აღნაგობით გამორჩეულთ, ოკეანის დასავლეთ სამანთან მდებარე კუნძულ ერითიაზე მწყემსავდა ევრიტიონი, არესის ძე, ხოლო დარაჯად ედგა ტიფონისა და ექიდნას ნაშობი ქოფაკი ორთროსი, რომელიც ადრე თურმე გოლიათ ატლასის საკუთრებად ითვლებოდა. ამ შორეულ გზას ჰერაკლე მარტო დაადგა. გადაიარა მთელი ევროპა, აფრიკა, გადალახა ლიბიის უნაყოფო უდაბნოები და ბარბაროსთა ველური სამფლობელობები. ევროპისა და აფრიკის გასაყართან მდებარე სრუტის ორთავე მხარეს თავისი გმირობის უკვდავსაყოფად ორი უზარმაზარი ქვის სვეტი აღმართა, რომელთაც დღემდე „ჰერაკლეს სვეტებს“ უწოდებენ. ამის შემდეგ კიდევ დიდი გზა განვლო გმირმა, ვიდრე მარადმღელვარე ოკეანოსის ნაპირებს მიაღწევდა. აქ კი ჩაფიქრდა, აღარ იცოდა, საით უნდა წასულიყო, როგორ მიეღწია ერითიის იმ კუნძულამდე, სადაც გერიონი თავის ძროხებს აბალახებდა. საღამოს მწუხრი მიდამოებს ეფინებოდა, როცა გამოჩნდა ჰელიოსის ცეცხლოვანი ეტლი და ტალღებისაკენ დაეშვა. მზის ღმერთის კაშკაშა სხივებმა ჰერაკლე შეაწუხეს. იგი ფეხზე წამოიჭრა და მშვილდი მოზიდა. „ეს კი მეტისმეტია“! – წამოიძახა ჰელიოსმა. მიხვდა ჰერაკლე, ვინც იდგა მის წინ და ბოდიში მოიხადა. მზის ღვთაებამ ოქროს ნავი შესთავაზა გმირს კუნძულზე გადასასვლელად. ამ ნავით იგი ოკეანოსის დასავლეთი ნაპირებიდან აღმოსავლეთით მდებარე ოქროცურვილი სასახლისაკენ ყოველ ღამე მიცურავდა ხოლმე. ჰერაკლემ მადლობა გადაუხადა ღმერთს და გაეშურა ერითიისკენ. გზად ტიტანმა ოკეანოსმა მას გამოცდა მოუწყო და ზღვა ააღელვა. მაგრამ მოზიდა თუ არა ჰერაკლემ მშვილდი, ზღვა უმალ დაწყნარდა. ერითიაზე გმირს ახალი ხიფათი ელოდა. მან ძლივს მოასწრო კუნძულზე ფეხის შედგმა, რომ მრისხანე ორთავიანმა ქოფაკმა ორთროსმა სუნი აიღო და ყეფით გამოვარდა. ჰერაკლემ მას თავისი მძიმე კომბლის ერთი დარტყმით სული გააფრთხობინა. ამ ხმაურზე გამოფხიზლდა გერიონის ჯოგების მწყემსი ბუმბერაზი ევრიტიონი. მასაც ქოფაკის ბედი ეწია. ამის შემდეგ ჰერაკლემ უპატრონოდ დარჩენილი ძროხები მირეკა ზღვისპირთან. მენეტოსმა, ჰადესის ძროხებს რომ მწყემსავდა იქვე, ყველაფერი უამბო გერიონს, რომელიც დაუყონებლივ დაედევნა ჯოგის გამტაცებელს. ზღაპრული ძალის ბუმბერაზთან შესარკინებლად მოემზადა ჰერაკლე. საოცარი რამ იყო ეს გერიონი. იგი ერთდროულად სამ ფარს იფარებდა და სამ უზარმაზარ შუბს სტყორცნიდა ხოლმე თავის მოწინააღმდეგეს. გაუჭირდებოდა გმირ ჰერაკლეს მისი დამარცხება, შემწედ ათენა პალასი რომ არ მოვლენოდა. დაინახა თუ არა ზევსის ძემ სამთავიანი ბუმბერაზი, მოზიდა მშვილდი და მომაკვდინებელი ისარი თვალში მოახვედრა. შემდეგ ისრები სეტყვასავით მიაყარა და რეტდასხმულ ბუმბერაზს მრისხანებით მოქნეული კომბალი მეხივით დაატეხა თავს. მიწას განერთხა გერიონის სამივე ტანი. ასე დაამარცხა იგი ჰერაკლემ და მისი ჯოგი ჰელიოსის ოქროს ნავით კუნძულიდან ხმელეთზე გადაიყვანა, ჩამავალ ღმერთს მადლობა უთხრა, ნახირი წინ გაირეკა და მიკენისაკენ მიმავალ შორეულ გზას დაადგა. მან ნახირი ევრისთევსს მიჰგვარა, რომელმაც დაუხანებლად შესწირა იგი მსხვერპლად ქალღმერთ ჰერას.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები