საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ისტორია)
(საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორები:)
 
ხაზი 71: ხაზი 71:
 
# [http://www.nplg.gov.ge/geo/Abashidze ზაალ აბაშიძე 2005-2006]
 
# [http://www.nplg.gov.ge/geo/Abashidze ზაალ აბაშიძე 2005-2006]
 
# [http://www.nplg.gov.ge/geo/Gagua ბორის გაგუა 2007-2011]
 
# [http://www.nplg.gov.ge/geo/Gagua ბორის გაგუა 2007-2011]
# [http://www.nplg.gov.ge/geo/Kekelidze გიორგი კეკელიძე 2012-]
+
# [http://www.nplg.gov.ge/geo/Kekelidze გიორგი კეკელიძე 2012-2024]
 +
# [https://www.nplg.gov.ge/?m=487 კონსტანტინე გამსახურდია 2024 -]
  
 
== ორგანიზაციის დასახელება წლების მიხედვით ==
 
== ორგანიზაციის დასახელება წლების მიხედვით ==

მიმდინარე ცვლილება 16:28, 12 მარტი 2024 მდგომარეობით

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა – არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, უცხო სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები, ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობის და კულტურის ცენტრი, აგრეთვე ამ სამუშაოების კოორდინატორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად.


სარჩევი

[რედაქტირება] ისტორია

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორია 1846 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა "ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა". საჯარო ბიბლიოთეკის გახსნით ასრულდა იმდროინდელი ქართული საზოგადოების ოცნება, თბილისში შექმნილიყო ისეთი ბიბლიოთეკა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა მოსახლეობის ყველა ფენისათვის. ქართული საზოგადოების მხარდაჭერას ამ საქმეში ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 1848 წელს ახლად დაარსებულ საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა 1842 წელს დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით თბილისში გახსნილი "კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის" ფონდი. საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების საქმე დაევალა მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს, გავრილ ტოკარევს და გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულიყო წმინდა კავკასიოლოგიური ლიტერატურით. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ. 1859 წლისათვის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდი შედგებოდა 13.260 ტომისაგან 19 ენაზე. ფონდების გაზრდასთან ერთად კანცელარიის შენობა აღარ აკმაყოფილებდა ბიბლიოთეკის მოთხოვნილებებს და საჭირო გახდა ბიბლიოთეკის შენობის აშენება. 1847 წელს მთავარმართებელმა მიხაილ ვორონცოვმა თხოვნით მიმართა ცნობილ ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, ვახტანგ ორბელიანს, თავისი სახსრებით აეგო საჯარო ბიბლიოთეკისათვის შენობა, რასაც ვახტანგ ორბელიანი დაეთანხმა და 1851 წელს შენობა საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა. 1850 წელს მიხაილ ვორონცოვმა ბიბლიოთეკარად მოიწვია მოსკოვში არსებული რუმიანცევის მუზეუმის წამყვანი თანამშრომელი ლუდვიგ დე სან-ტომა, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა და შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამუშაო ადგილი თავის შვილს გადაულოცა, რომელიც 1857 წლამდე ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკას. 1852 წლის ივნისიდან მიხაილ ვორონცოვის განკარგულებით დაევალა საცენზურო კომიტეტს, რათა კავკასიის ფარგლებში დაბეჭდილი ყველა გამოცემის ორი ეგზემპლარი, როგორც სავალდებულო ცალი, გადასცემოდა საჯარო ბიბლიოთეკას.

ვორონცოვის განკარგულებით 1852 წლამდე წიგნით სარგებლობისათვის ბიბლიოთეკა ღია იყო დილის 10 საათიდან 4 საათამდე, 1852 წლიდან კი დღის პირველი საათიდან დაბინდებამდე. 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის გამგებლობაში არსებული დაწესებულებების რეორგანიზაციის შედეგად თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა და კავკასიის მუზეუმი მმართველობის ერთ სისტემაში გაერთიანდა და ეწოდა "კავკასიის მუზეუმი და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა".

1869 წელს დაიწყო ბიბლიოთეკის ახალი შენობის მშენებლობა კავკასიის მუზეუმიდან 60-იოდე მეტრის დაშორებით. 1871 წელს ბიბლიოთეკა ახალ შენობაში გადავიდა. კავკასიის მუზეუმის და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის ლეგენდარული დირექტორის, გუსტავ რადეს გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკის დაკომპლექტების და, საერთოდ, ფუნქციონირების საქმე აირია. 1913 წლის 3 დეკემბერს ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა კავკასიის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკად გარდაიქმნა და მთლიანად შეერწყა კავკასიის მუზეუმს. 1914 წელს კავკასიის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის გამო ბიბლიოთეკა დაიხურა, ფონდები კი ყუთებში ჩაალაგეს და 10 წელი სარდაფებში ინახებოდა. 1923 წლის 30 მაისს სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით დაარსდა საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკისა და 1918 წელს დაარსებული პარლამენტის ბიბლიოთეკის ბაზაზე. ექვემდებარებოდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატს, 1953 წლიდან ახლად შექმნილ კულტურის სამინისტროს, ხოლო 1996 წლიდან საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაშია. 1923 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1926 წლიდან რეგურალურად იღებდა საბჭოთა კავშირის ბეჭდური პროდუქციის აუცილებელ უფასო ეგზემპლარს საბჭოთა კავშირის ხალხთა ენებზე, 1950 წლიდან მხოლოდ რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ევროპულ ენებზე, 1923 წლიდან ბიბლიოთეკა რეგულარულად კომპლექტდებოდა საქართველოს ბეჭდური პროდუქციის აუცილებელ უფასო ეგზემპლარით (2 ერთ.).

1929 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა ყოფილი სათავადაზნაურო ბანკის შენობის ნაწილი (დღეს I კორპ.) 1931 წელს სამკითხველო დარბაზები გაიხსნა მკითხველთათვის. 1937 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა 1880-1927 წლებში მოქმედი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, რომელმაც შეავსო საჯარო ბიბლიოთეკის ფონდი და გახადა იგი ეროვნული ნაბეჭდი ერთეულის ყველაზე სრულყოფილი კოლექციის მფლობელად. 1939 წელს დასრულდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდების გენერალური სისტემატური და ანბანური კატალოგების შედგენა. ბიბლიოთეკა 1957 წლიდან აწარმოებს საერთაშორისო წიგნთგაცვლას. 1953 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა მიმდებარე შენობა (დღეს II კორპუსი), ხოლო 1987 წელს იმავე ქუჩაზე არსებული გამორჩეული არქიტექტურის მქონე ყოფილი სააქციო ბანკის შენობა (დღეს III კორპუსი). 1971 წელს დაიწყო ბიბლიოთეკის წიგნთსაცავის კორპუსის მშენებლობა (დამთავრდა 1977 წელს). 1989 წელს ბიბლიოთეკამ შეიძინა პერსონალური კომპიუტერი, 1990 წლიდან დაიწყო ელექტრონული კატალოგის წარმოება. 2001 წელს შეიქმნა ბიბლიოთეკის ერთიანი კომპიუტერული ქსელი.

1955 წლიდან 1990 წლამდე სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის სახელწოდებით ფუნქციონირებდა. 1990 წელს ეწოდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სახელი, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულებით გადავიდა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაში და ეწოდება "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა". 2000 წლიდან ბიბლიოთეკა ილია ჭავჭავაძის სახელობისაა. არის საბიბლიოთეკო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFLA ) წევრი 1991 წლიდან.

[რედაქტირება] არქიტექტურა

[რედაქტირება] ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი

ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი

1931 წელს ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შენობა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. ამჟამად ეს შენობა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხოლოდ პირველი კორპუსია. მთლიანად ბიბლიოთეკა კი ხუთ შენობაშია განთავსებული და მათგან სამი ხუროთმოძღვრული ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.

ეროვნული ბიბლიოთეკის II კორპუსი

ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი ანუ ქართული ბანკი, ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი (ლ. გუდიაშვილისა და ნ. ვაჩნაძის ქუჩების კუთხე) 1913-1916 წლებში აშენდა. 1912 წელს ბანკის შენობის ასაგებად გამართული კონკურსის პირობაში მითითებული იყო, რომ ნაგებობა "ქართული სტილისა" უნდა ყოფილიყო. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით პირველი პრემია მიენიჭა არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტს. ორივე კონკურსანტი კარგად იცნობდა ქართულ შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრებას. ( ანატოლი კალგინს ამ დროისთვის უკვე შესრულებული ჰქონდა ბოლნისის სიონისა და ტაო-კლარჯეთის რიგი ძეგლების ანაზომები, ასევე - ბანას რეკონსტრუქციის პროექტი; ჰენრიხ ჰრინევსკი კი კარგად იცნობდა ქართული ტაძრების მორთულობას). ბიბლიოთეკის საფასადე დეკორი ნასესხებია X-XIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლების ფასადთა შემკულობიდან. ხოლო ჩუქურთმების არაჩვეულებრივი კვეთა ეკუთვნის ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეებს. მრავალ ბურჯზე დაყრდნობილი ღრმა გალერეა-ლოჯია გუდიაშვილის ქუჩის მხარეს, ისევე როგორც გვერდითი გალერეა და კუთხეში აღმართული კოშკი, მოჩუქურთმებული სარკმლები და ორნამენტული რომბები, ნაგებობის ხასიათს განაპირობებს. აღსანიშნავია ინტერიერიც, ვესტიბიულისა და ყოფილი საოპერაციო დარბაზის (დღეს სამკითხველო დარბაზი) კამარათა მოხატულობა, ქვის მოაჯირის მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი დენადი ფორმები და სხვ. ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძღვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში.

ბიბლიოთეკის მოჩუქურთმებული კარის ავტორია კოტე ბოტკოველი. ბიბლიოთეკის პირველ და მესამე კორპუსში ხის სამუშაოები შეასრულა ილია მამაცაშვილმა.

[რედაქტირება] ეროვნული ბიბლიოთეკის II კორპუსი

ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის შენობა გუდიაშვილის და ფურცელაძის ქუჩათა გადაკვეთაზე პირველი კორპუსის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს. ეს არის ყოფილი ვოლგა–კამის ბანკის განყოფილების შენობა, რომელიც 1915 წელს არქიტექტორ გ. კოსიაკოვმა ააშენა.

ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი

იმდროინდელი პრესა წერს: "ვოლგა-კამის ბანკის ტფ. განყოფილება 12 ივნისს საკუთარ შენობაში გადავიდა. განყოფილებამ ტფილისში მოქმედება დაიწყო 1908 წელს და ერთი წლის შემდეგ სააგენტოები გახსნა ერევანსა და განჯაში. ამ ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც მდებარეობს ბარონისა და ლორის-მელიქოვის ქუჩების კუთხეში, 1914 წელს დაიწყო ხუროთმოძღვრების აკადემიკოსის გ.ა. კოსიაკოვის პროექტით. მიწა შეძენილ იქნა გრაფინია მელიქოვისაგან და ამ მიწის ნახევარი, დაახლოებით 300 ოთკუთხა საჟენი, ბანკმა დაუთმო ტფ. სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკს, რომელიც აგრეთვე აშენებს ლამაზ შენობას თავის საჭიროებისთვის. ვოლგა კამის შენობა ფართო და ლამაზია. შეიცავს 30 ოთახს, მშვენიერ საწყობებს და მოსამსახურეთა და მეარტელეთა ბინებს. შენობაში ცენტრალური გათბობაა." ("სახალხო ფურცელი", 1916 წელი, N598, გვ.2).

ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის შენობა ნეოკლასიცისტური სტილის გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ. მთავარი ფასადის პირველი სართულის მძიმე რუსტიკა მეორე და მესამე სართულთა სადა სიბრტყესთან კონტრასტს ქმნის. ფასადზე ფართო რიზალიტი გამოიყოფა, რომელშიც გიგანტური თაღოვანი პორტალია გაჭრილი.

[რედაქტირება] ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი

ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი, ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორა 1910 წელს (ლ. გუდიაშვილის ქ. 7) მიხეილ ოჰანჯანოვის და რ. გოლენიშჩევის პროექტით აშენდა. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის მოდერნის სტილით ნაგებ შენობათა შორის.

ეროვნული ბიბლიოთეკის IV კორპუსი

მოდერნის სტილზე მეტყველებს ფასადის განაპირას მოქცეული პორტალის მორთულობა - გიგანტური რუსტირებული კოლონების ფიგურული კაპიტელები, ტალღოვანი ზღუდარის სკულპტურული დეკორი, ტალღოვანი ფრონტონი არწივის ჰორელიეფური გამოსახულებით და სხვ. მოდერნის ნიშნებს ატარებს ინტერიერიც, არქიტექტურული ელემენტების დენადი ფორმები, ვიტრაჟული გადახურვა. გუდიაშვილის და ფურცელაძის ქუჩათა გადაკვეთაზე შენობა სიმრგვალეს შემოწერს, რომელსაც ქვის აივანი მიუყვება. მოდერნის სტილი ინტერიერშიც გამოკვეთილად ჩანს.

ეროვნული ბიბლიოთეკის V კორპუსი

[რედაქტირება] ეროვნული ბიბლიოთეკის IV კორპუსი

ბიბლიოთეკის IV კორპუსის 1973 წელს აიგო არქიტექტორი ვ. ჟიტოვსკის პროექტით.


[რედაქტირება] ეროვნული ბიბლიოთეკის VI ვახტანგ მეექვსის კორპუსი

1971 წელს სახელმწიფო წიგნის პალატისთვის აიგო თეთრი ბაზალტის ქვით ნაშენი სვეტებიანი ოთხსართულიანი შენობა (არქიტექტორი თ. ჩოგოვაძე). შენობას მიდგმული აქვს ექვსსართულიანი ვრცელი საცავი, რომელშიც თავმოყრილია ქართული ბეჭვდითი სიტყვის პროდუქციის უდიდესი საგანძური. 2006 წელს სახელმწიფო წიგნის პალატა ფონდებით და შენობით გადაეცა ეროვნულ ბიბლიოთეკას.

[რედაქტირება] საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორები:

  1. გავრილ ტოკარევი 1846-1851
  2. ავგუსტ დე სენ ტომა 1851 (აპრილიდან აგვისტომდე)
  3. ვლადიმერ დე სენ ტომა 1851-1857
  4. ადოლფ ბერჟე 1857-1867
  5. გუსტავ რადე 1868-1903
  6. ალექსანდრე კაზნაკოვი 1903-1919
  7. ნოე ყიფიანი 1919-1923
  8. გიორგი გეხტმანი 1923-1930
  9. სანდრო ეული-ქურიძე 1931-1936
  10. ბარონ ბიბინეიშვილი 1936-1937
  11. ილია მაჩაბელი 1937-1937 (აპრილიდან დეკემბრამდე)
  12. ნიკოლოზ ჭელიძე 1938-1941
  13. ვლადიმერ მგალობლიშვილი 1941-1943
  14. სანდრო ეული-ქურიძე 1944-1962
  15. პავლე კანდელაკი 1962-1968
  16. ალექსანდრა კავკასიძე 1968-1984
  17. აკაკი ძიძიგური 1984-1991
  18. ნოდარ წულეისკირი 1991-1992
  19. აკაკი ძიძიგური 1992-1997
  20. ალექსანდრე კარტოზია 1997-1998
  21. ლევან ბერძენიშვილი 1998-2004
  22. ზაალ აბაშიძე 2005-2006
  23. ბორის გაგუა 2007-2011
  24. გიორგი კეკელიძე 2012-2024
  25. კონსტანტინე გამსახურდია 2024 -

[რედაქტირება] ორგანიზაციის დასახელება წლების მიხედვით

  • მეფისნაცვლის კანცელარიასთან არსებული ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა 1846-1850
  • ტფილისის საჯარო ბიბლიოთკა 1850-1867
  • კავკასიის მუზეუმი და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა 1868-1913
  • კავკასიის მუზეუმის სამეცნიერო საჯარო ბიბლიოთეკა 1914-1918
  • საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა 1923 -1931
  • 25 თებერვლის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა 1931-1933
  • კარლ მარქსის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა 1933-1955
  • საქართველოს კარლ მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკა 1955-1990
  • საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა 1990-1996
  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 1996-2000
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა2000
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები