ანჯაფარიძე ვერიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერიკო ანჯაფარიძე

ვერიკო ანჯაფარიძე − (დ. 6 ოქტომბერი (23 სექტემბერი), 1897, ქუთაისი ― გ. 30 იანვარი, 1987, თბილისი) ქართველი მსახიობი, სსრ კავშირის სახალხო არტისტი, სოციალისტური შრომის გმირი (1979), სამი ლენინის ორდენისა და სხვა ორდენების მფლობელი, სტალინური პრემიის ორგზის ლაურეატი (1943, 1046), მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (1974), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1079).

დაიბადა 1899 წელს ქუთაისში. იქვე მიიღო საშუალო განათლება. 1916-1917 წლებში სწავლობდა მოსკოვში, ს. აიდაროვის დრამატულ სტუდიაში, 1920-1926 წლებში კი — თბილისში, გ. ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში. 1920-1926 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრსა, ბათუმისა და თბილისის მუშათა თეატრებში. 1928-1932 წლებში მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა ქუთაისის სახელმწიფო თეატრში; 1932-1933 წლებში სეზონი მოსკოვის რეალისტურ თეატრში გაატარა. 1933 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მარჯანიშვილის თეატრში იმუშავა.

ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ვერიკო ანჯაფარიძის მაღალი ოსტატობა რომანტიკული ამაღლებულობის თვალსაჩინო ნიმუშია. მის მიერ შექმნილ ტრაგიკულსა და დრამატულ სახეებს ფაქიზ ლირიკულობასთან და ამაღლებულობასთან ერთად, ამავე დროს, მხოლოდ მისეულ სცენურ სახვით საშუალებათა ზომიერებაც ახასიათებს.

ვერიკო ანჯაფარიძის მიერ შესრულებულ როლებს სათვალავი არა აქვს. მსახიობის საუკეთესო როლებია: ოფელია (შექსპირის „ჰამლეტი“), ივდითი (გუცკოვისურიელ აკოსტა“), დეზდემონა (შექსპირის „ოტელო“), მარგარიტა (დიუმას „მარგარიტა გოტიე“), მაყვალა (ყაზბეგის „მოძღვარი“), კლეოპატრა (შექსპირის „ანტონიოსი და კლეოპატრა“), მარიამ სტიუარტი (შილერისმარიამ სტიუარტი“), მედეა (ევრიპიდესმედეა“) და მრავალი სხვა.

იმთავითვე კინომსახიობიცაა ვერიკო ანჯაფარიძე. შესანიშნავია კინოფილმებში შექმნილი მისი სახეები: ფრანგი ქალისა („კომუნარის ჩიბუხი“), კნეინა ბარათაშვილისა („არსენა“), ოთარაანთ ქვრივისა („ოთარაანთ ქვრივი“), კნეინასი („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), რუსუდანისა („გიორგი სააკაძე“), რომელიც სტალინური პრემიით აღინიშნა, და მრავალი სხვა…

1979 წელს ვერიკო ივლიანეს ასულ ანჯაფარიძეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე იბსენის დრამაში „მოჩვენებანი“ მთავარი როლის შესრულებისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

ვერიკო ანჯაფარიძე გარდაიცვალა 1987 წელს, დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები