ბუჰენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუჰენი – ყველაზე ჩრდილოეთი იმ რვა ფორტიდან, რომლებიც ეგვიპტემ ქვედა ნუბიაში შუა სამეფოს დროს ააგო. ფორტების მშენებლობა სავარაუდოდ სენუსერტ I-ის და სენუსერტ II-ის დროს დაიწყო, მაგრამ ძირითადი მშენებლობები სენუსერტ III-ის დროს ჩატარდა.

როგორც ჩანს, ბუჰენის ტერიტორია გაცილებით უფრო ადრეც მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენდა ეგვიპტის ნუბიაში მოღვაწეობისათვის, რადგან აქ მოძიებული უძველესი სპილენძის გამოსადნობი ღუმელები ძველი სამეფოს დროით თარიღდება. მდებარეობდა ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, მეორე ჭორომის ჩრდილოეთით, თანამედროვე ვადი-ჰალფას პირდაპირ. შესაძლოა, ბუჰენში ეგვიპტური კოლონია უკვე II დინასტიის დროს არსებობდა. ძველი სამეფოს დროს აქ იყო პატარა კოლონიური ქალაქი, შემოვლებული აგურის მასიური კედლით. ძირითადი მიზანი, შესაძლოა, სპილენძის მოპოვება იყო. ამ ფენაში მოძიებული კერამიკა მხოლოდ ეგვიპტურია, ნაპოვნია ხეფრენის და მენკაურას საბეჭდავები.

შუა სამეფოს დროს აქ აიგო გრანდიოზული ფორტიფიცირებული ქალაქი, რომელიც შუა საუკუნეების ევროპის გამაგრებებს არ ჩამოუვარდებოდა. შიდა ციტადელის ირგვლივ იყო ღია სივრცე, რომელსაც გარს ერტყა 5 მ. სისქის და 8 ან 9 მ. სიმაღლის გარე კედელი. გარეთა კედლის გაყოლებაზე აღმართული იყო კოშკები ამბრაზურებით და კატაპულტისათვის საჭირო აღჭურვილობით. შენობები შიდა ციტადელში (ქვის კონსტრუქციის, ხის დეტალებით) ჩამწკრივებული იყო იგივე პრინციპით, როგორც რომაულ სამხედრო ბანაკებში 2000 წლის შემდეგ. ხმელეთის მხრიდან ფორტს შემოვლებული ჰქონდა 3 მ. სიღრმის წყლით სავსე თხრილი, რომელზეც ასაწევი ხიდები იყო გადებული. ფორტში იყო საიდუმლო არხი, რომლითაც ალყის შემთხვევაში მდინარის წყლის მიწოდება იყო შესაძლებელი.

ნუბიის ფორტები ერთდროულად წარმოადგენდა სავაჭრო პოსტებს და სამხედრო ბაზებს ნუბიის გასაკონტროლებლად და ამ მხრივ ბუჰენი უმნიშვნელოვანესი ფორტი იყო დაახლოებით 200 წლის განმავლობაში. მეორე გარდამავალი პერიოდის დროს, როცა ეგვიპტეში ჰიკსოსები გაბატონდნენ, ბუჰენზე, როგორც ჩანს, შეტევა განხორციელდა და მისი დიდი ნაწილი დაიწვა. ახალი სამეფოს პირველმა ფარაონმა, იახმესმა, დაიბრუნა ბუჰენი და მისი რეკონსტრუქცია მოახდინა. ფორტი და დასახლება კიდევ უფრო გაიზარდა. იახმესის და მისი მემკვიდრეების დროს ფორტის შიგნით აიგო ორი ტაძარი – სამხრეთის და ჩრდილოეთის. ამონხეტეპ II-ის შემდეგ, როცა ეგვიპტის გავლენა ნუბიაზე ნილოსის მეოთხე ჭორომს გასცდა, ბუჰენმა დაკარგა თავისი სამხედრო მნიშვნელობა, როგორც მთავარმა სასაზღვრო ფორტმა, მაგრამ ინარჩუნებდა წამყვან პოზიციას ნუბიაში, როგორც ადმინისტრაციული და სავაჭრო ცენტრი. ბოლო ფარაონი, რომელმაც აქ სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა, იყო ტახარკა (VII ს.ჩვ.წ-მდე). ეგვიპტის სპარსელების მიერ დაპყრობის შემდეგ ბუჰენი თანდათან დაცარიელდა. ნასერის ტბის გათხრამდე ბუხენის ნანგრევები კიდევ იდგა ნილოსის ნაპირზე. ამ დროისათვის მოხდა მისი სამხრეთი, უფრო მცირე ტაძრის დემონტაჟი და ის ქარტუმში, ნაციონალურ მუზეუმში გადაიტანეს. ბუჰენის დანარჩენი ნაწილი დღეს ნასერის ტბის ქვეშაა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები