განსახელმწიფოებრივება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განსახელმწიფოებრივება (economy destatization, denationalization) - საწარმოთა გამოყვანა მმართველობის სახელმწიფო ორგანოების უშუალო დაქვემდებარებიდან და მათი გარდაქმნა კერძო საწარმოებად, აქციონერულ საზოგადოებებად, კოოპერატივებად, საპაიო ამხანაგობებად და სხვა არასახელმწიფოებრივ სტრუქტურებად.

შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით. მათ შორის ძირითადია სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია, აქციონირება, არენდით გადაცემა და სხვ. დერეგულირებას ზოგ შემთხვევაში შეიძლება არ მოჰყვეს საკუთრების ფორმის შეცვლა. მთავარია, სახელმწიფომ უარი თქვას სამეურნეო რგოლების პირდაპირ მართვაზე. ამის საფუძველზე საწარმოთა საქმიანობაში სახელმწიფო ორგანოების ფუნქციები მინიმუმამდე შემცირდება და, შესაბამისად, საწარმოს უფლებები გაფართოვდება. ამრიგად, განსახელმწიფოებრივება ითვალისწინებს სახელმწიფოს ეკონომიკური როლისა და ფუნქციების შეცვლას საზოგადოებრივი წარმოების სახელმწიფო რეგლამენტაციის სფეროს შეკვეცისა და ეკონომიკის რეგულირების უპირატესად არაეკონომიკური მეთოდებიდან ეკონომიკურ მეთოდებზე გადასვლის საფუძველზე. საქართველოს ეკონომიკაში განსახელმწიფოებრივება განიხილება როგორც ეკონომიკის გასახელმწიფოებრივებისა (ნაციონალიზაციის) და საზოგადოებრივი წარმოების სახელმწიფო-დირექტიული რეგლამენტაციის საწინააღმდეგო პროცესი. ეკონომიკის განსახელმწიფოებრივების თანმხლები ძირითადი პროცესებია:

  1. ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის წილის შემცირება სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოების პრივატიზაციის საფუძველზე;
  2. სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია;
  3. სახელმწიფო ბიუჯეტის მეშვეობით გადანაწილებული მეპ-ის წილის შემცირება იმ წმინდა პროდუქტის წილის შეკვეცის საფუძველზე, რომელიც თავს იყრიდა საზოგადოების ცენტრალიზებულ ფონდში. პრაქტიკულად ლაპარაკია მოგების იმ წილის (როგორც შეფარდებით, ისე აბსოლუტურ) შემცირებაზე, რომელიც შედიოდა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით;
  4. პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების სავალდებულო სახელმწიფო დავალების შეცვლა ეკონომიკური სტიმულირების სისტემით, რაც, სახელდობრ, გულისხმობს სახელმწიფო შეკვეთებიდან სახელმწიფო შესყიდვებზე გადასვლას;
  5. ცენტრალიზებული ინვესტიციებიდან დაკრედიტების სისტემაზე გადასვლა;
  6. მატერიალური, ფინანსური და შრომითი რესურსების ძირითადი ნაწილის ცენტრალიზებულ განაწილებასა და გადანაწილებაზე უარის თქმა, საქონლის, შრომისა და კაპიტალის ბაზრების ფორმირება;
  7. საგარეო-ეკონომიკური კავშირების სახელმწიფო მონოპოლიის ლიკვიდაცია.

საქართველოში ეკონომიკის განსახელმწიფოებრივების თანმხლები პროცესია სახელმწიფო საკუთრების დემონოპოლიზაცია და საბაზრო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები