დაბეტონება ზამთრის პირობებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაბეტონება ზამთრის პირობებში – ზამთარში დაბეტონებულმა ბეტონმა უნდა მიიღოს ისეთი სიმტკიცე, რომელიც საკმარისი იქნება მისი განყალიბების, ნაწილობრივი დატვირთვისა და ზოგჯერ ნაგებობის სრული დატვირთვისათვის. ბეტონის ადრეულ ასაკში გაყინვა იწვევს სიმტკიცის მნიშვნელოვან შემცირებას ნორმალურად გამაგრებულ ბეტონთან შედარებით. ეს იმით აიხსნება, რომ ახალჩაწყობილი ბეტონი გაჟღენთილია წყლით, რომელიც გაყინვისას ფართოვდება, ანგრევს კავშირს შემვსების ზედაპირსა და ნაკლებად გამაგრებულ ცემენტის ქვას შორის. ადრეული გაყინვა მნიშვნელოვნად ამცირებს ბეტონის შეჭიდულობას არმატურასთან. როგორი მეთოდითაც არ უნდა ხდებოდეს დაბეტონება, აუცილებელია მისი გაყინვისაგან დაცვა, სანამ არ მიიღებს მინიმალურ სიმტკიცეს, რომელიც უზრუნველყოფს წინაღობას ყინულის და წნევის მიმართ და შემდეგში დადებით ტემპერატურაზე შეინარჩუნებს გამაგრების უნარს, ძირითადი თვისებების მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე. სწრაფმყარებადი მაღალი მარკის ცემენტის გამოყენების შემთხვევაში ბეტონის გამაგრების დრო მცირდება დაახლოებით 1,5-ჯერ. თუ ბეტონს წაეყენება მაღალი მოთხოვნები ყინვამედეგობაზე და წყალუჟონადობაზე, მაშინ იგი გაყინვისაგან დაცული უნდა იყოს საპროექტო სიმტკიცის მიღწევამდე, რადგან გაყინვამ შეიძლება შესამჩნევად არ იმოქმედოს კუმშვის სიმტკიცეზე, მაგრამ შესაძლებელია რამდენადმე დაარღვიოს ბეტონის სტრუქტურა და გააუარესოს მისი თვისებები. ზამთარში დაბეტონებისას საჭირო სიმტკიცის მისაღებად აუცილებელია ბეტონის გამაგრების თბილი და ტენიანი გარემოს შექმნა, რომელიც მიიღწევა ორი ხერხით: პირველი – ბეტონის სითბოს შიგა მარაგის გამოყენებით; მეორე – ბეტონისათვის დამატებითი სითბოს გარედან მიწოდებით. პირველი მეთოდის დროს იყენებენ მაღალი სიმტკიცის სწრაფმყარებად პორტლანდცემენტს, ცემენტის გამაგრების დამაჩქარებელ ქიმიური დანამატს – კალციუმის ქლორიდს, ამცირებენ წყლის ხარჯს ბეტონის ნარევში და მაპლასტიფიცირებელი და ჰაერჩამთრევი დანამატის შეყვანით შეამკვრივებენ მაღალი სიხშირის ვიბრატორით. ბეტონში სითბოს შიგა მარაგის შექმნა შეიძლება, აგრეთვე, მისი კომპონენტების (შემვსები, წყალი) გათბობით. გარდა ამისა, გამაგრებად ბეტონში სითბო გამოიყოფა იმ ქიმიური რეაქციის შედეგად, რომელიც მიმდინარეობს ცემენტსა და წყალს შორის. ამ სითბოს შესანარჩუნებლად ბეტონის ღია ნაწილს ფარავენ იზოლაციით (მინერალური ბამბა, ქაფპლასტი, ნახერხი, წიდა და სხვ.), რომლის სისქე განისაზღვრება თბოტექნიკური გაანგარიშებით. თხელი კონსტრუქციის ან ცუდი თბოიზოლაციის, აგრეთვე ძლიერი ყინვის დროს, დაბეტონება ხდება სითბოს გარედან მიწოდებით, რომლის სამი სახე არსებობს: გათბობა ორქლით, ელექტროდენითა და ჰაერით. გარდა აღწერილი მეთოდებისა, ზამთარში დაბეტონების მარტივი და ეკონომიკური საშუალება არსებობს – ქიმიური მარილების გამოყენება (კალციუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ნიტრატი და პოტაში). მარილები ამცირებს წყლის გაყინვის წერტილს და უზრუნველყოფს ბეტონის ყინვაში გამაგრებას, თუმცა ეს მეთოდი ხშირად მიუღებელია, რადგან მარილი იწვევს არმატურისა და ზოგჯერ ბეტონის კოროზიასაც.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები