დიდი ჭოვილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი ჭოვილო

დიდი ჭოვილო (ლათ. Tringa nebularia Gunnerus, 1767) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.

დიდი ჭოვილო მოზრდილი ზომის ფრინველია, ფრთა 175-195 მმ-ია, გალო – 50-65 მმ, ნისკარტი – 50-60 მმ, წონა – 115-195 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზაფხულში ზრდასრული ფრინველის თავი ზემოდან, კისრის უკანა ნაწილი და ბეჭებს შორის არე მურა-შავია, წვრილი თეთრი წინწკლებით. ზურგის უკანა ნაწილი სუფთა თეთრია, ხოლო კუდის ზემო მფარავებზე არის მურა-რუხი განივი ზოლები. ნიკაპი და ყელი თეთრია. ჩიჩახვსა და მკერდის წინა ნაწილზე მოშავო შტრიხები ან მომრგვალო კოპლებია. დანარჩენი ქვემო მხარე სუფთა თეთრია. პირველი რიგის მომქნევები შავია. პირველ მომქნევს ღერო თეთრი აქვს. იღლიისა და ფრთის ქვემო მფარავებზე რუხი განივი ზოლებია. საჭის შუა წყვილი მურა რუხი ფერისაა, დანარჩენი უმეტესად თეთრი-მოცისფრო, წვრილი ზოლებით გარეთა მარაოზე. ნისკარტი შავი, უხეში, მსხვილი და ოდნავ ზემოთ ახრილია. ზამთარში მუქად შეფერილი ნაწილები მორუხო ფერს ღებულობენ, ამიტომ ფრინველი უფრო ღია ფერად გამოიყურება. მუქი შტრიხები თავსა და კისერზე უფრო ვიწროა. კისერი წინიდან და მთელი ქვემო მხარე თეთრია, მხოლოდ ჩიჩახვის გვერდებზეა არამკვეთრი შტრიხები.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს შოტლანდიას, ჩრდილოეთ და ცენტრალურ სკანდინავიას, კოლის ნახევარკუნძულს, კარელიას. შემდეგ ჩრდილოეთი საზღვარი გასდევს დაახლოებით ტყის ზონის ჩრდილოეთ საზღვარს და მხოლოდ მცირედ იჭრება ტუნდრაში. აღმოსავლეთით აღწევს მდ. კოლიმის აუზამდე და გადადის კამჩატკაზე. ასევე, სამხრეთი საზღვარი თითქმის ემთხვევა ტყის ზონის სამხრეთ საზღვარს. იზამთრებს თითქმის მთელ აფრიკაში, ევროპის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, წინა აზიაში, აღმოსავლეთ ინდოეთში, ბირმაში, ინდოჩინეთში, ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, აზიასა და ავსტრალიას შორის კუნძულებზე და თვით ავსტრალიაში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში.

ბიოტოპი

ბინადრობს ხავსიან ჭაობებში, სანაპირო მდელოების ღია ადგილებში, რომლებიც დაფარულია ბალახნარებითა და დაბალმოზარდი ბუჩქნარებით; ჭაობებში პატარა ტბებითა და მეჩხერი ფიჭვნარით. დიდტანიანი ხეების არსებობა აუცილებელია, თუმცა აღნიშნულია ბუდობა ზოგჯერ მინდვრის ჭაობებშიც.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია, ბუდობს განცალკევებულ წყვილებად. ბუდეს აწყობს მიწაზე, ხავსის ჩაღრმავებაში, მშრალ ადგილზე, ბუჩქის მახლობლად ან ქვებს შორის. ბუდე ამოფენილია ხმელი ბალახით და წიწვებით. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დებს 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 17 დღეს გრძელდება.

კვება

დიდი ჭოვილოს ძირითადი საკვებია წყლის ბაღლინჯოები, ორფრთიანების მატლები და წყალთან დაკავშირებული სხვა მწერები. ჭამს აგრეთვე მოლუსკებს, თავკომბალებს, ბაყაყის ქვირითს და თევზების ლიფსიტებსაც.

მნიშვნელობა

მოზრდილი ზომის გამო აქვს სპორტული სანადირო მნიშვნელობა, მაგრამ მცირერიცხოვანია.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები