კალიმაქე კვირინელი
კალიმაქე კვირინელი – (დ. დაახლ. ძვ. წ. 315, კვირინე, ჩრდ. აფრიკა — გ. დაახლ. ძვ. წ. 240, ალექსანდრია), ელინისტური პერიოდის ბერძენი პოეტი, სწავლული და ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა.
იგი დაიბადა (315 წლის მახლობელ ხანებში) აფრიკაში, ბერძნულ ქალაქ კვირინეში. მის მამას ერქვა ბატოსი. მისი პაპა კალიმაქე კვირინეში განთქმული მოღვაწე ყოფილა. კალიმაქეს ოჯახი გაღარიბებულა იმ სამოქალაქო ბრძოლების დროს, რომლებიც კვირინეს გარშემო წარმოებდა. კალიმაქეს განათლება მიუღია ათენში; იქიდან რომ დაბრუნებულა, ალექსანდრიის გარეუბანში, ელევსისში, ერთხანს, სოფლის მასწავლებლად მუშაობდა. მის ხელმოკლეობას მოწმობს ერთი ეპიგრამა, რომელშიც ის თავის მეგობარ მენიპეს მიმართავს: „მეც კარგად ვიცი, მენიპე, რომ ჩემი ხელები ცარიელია სიმდიდრისაგან; მაგრამ ნუ მიამბობ იმას, რაც მეც თვითონ ვნახე სიზმარში“. ამ სიღარიბეში ცხოვრების დროს დაუწერია მას თავისი საუკეთესო ნაწარმოებები და ალექსანდრიის წარჩინებულ პირთა ყურადღებაც მიუქცევია. ამის შემდეგ, იგი ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში მიიწვიეს სამუშაოდ და შემდეგ პტოლემაიოს ფილადელფოსმა კალიმაქე კარის მგოსნადაც გაიხადა.
სარჩევი |
კალიმაქე ბიბლიოთკარი
ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში, სადაც მას მეორე ბიბლიოთეკარის თანამდებობა ეჭირა, კალიმაქე ფართო სამეცნიერო მუშაობას აწარმოებდა. განსაკუთრებით ცნობილია მისი Πιναχες-ს (ფირფიტები), რომელიც 120 წიგნისაგან შედგებოდა და წარმოადგენდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის წიგნთა მეცნიერულ კატალოგს. აქ მოცემული იყო: 1) მწერალთა კლასიფიკაცია (პოეტები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, ორატორები, კანონმდებელნი), 2) ყველა საჭირო ბიოგრაფიული და ბიბლიოგრაფიული ცნობა, 3) ძირითადი ლიტერატურულ-კრიტიკული ცნობები (მაგალითად, ნაწარმოებთა ავტორთ კუთვნილებისა და ნამდვილობის საკითხის შესახებ. ამ წიგნში წარმოდგენილი ისტორიულ-ლიტერატურული და ფილოლოგიური ცნობები მეტად მნიშვნელოვანია და მათ დღესაც ფართოდ იყენებენ ბერძნული ლიტერატურის ისტორიის მკვლევარნი, სრულიად მართებულად კალიმაქეს „პინაკებს“ თვლიან არა მარტო „კატალოგად“, არამედ „ლიტერატურის ისტორიადაც“ (ამ სიტყვის ძველი ფილოლოგიური გაგებით).
„პინაკებზე“ მუშაობის დროს კალიმაქემ დააგროვა მასალები აგრეთვე, სხვა სპეციალურ აღწერილობათა დასამზადებლად. ასე, მაგალითად, მან ცალკე გამოსცა „დრამათა დიდასკალიების პინაკი, „დემოკრიტეს გლოსებისა და შეწყობების პინაკი“ და ბევრი სხვაც.
ასეთმა გაღრმავებულმა სამეცნიერო მუშაობამ დიდძალი მასალა მისცა კალიმაქეს პოეტური ნაწარმოებებისათვის.
კალიმაქეს მხატვრული შემოქმედება
კალიმაქე ცნობილია თავისი პრინციპით: „დიდი წიგნი დიდი ბოროტებაა“ (μέγα βιβλίον μέγα κακόν). ამ ფრაზით ის გულისხმობდა, რომ პოეზიის ხარისხი მის მოცულობაზე არ არის დამოკიდებული. ის ეწინააღმდეგებოდა ჰომეროსის ეპიკური პოემების დიდ მასშტაბებს და უპირატესობას ანიჭებდა მოკლე, დახვეწილ და ტექნიკურად სრულყოფილ ნაწარმოებებს. მან საფუძველი ჩაუყარა ელინისტურ ლიტერატურაში გავრცელებულ ჟანრებს, როგორიცაა: ეპილიონი (მცირე ზომის ეპიკური პოემა, რომელიც მითოლოგიური ისტორიის კონკრეტულ ეპიზოდს აღწერს) და ეპიგრამას (მოკლე, მახვილგონივრული ლექსი).
ჩვენამდე მოღწეულია კალიმაქეს: 1). ექვსი ჰიმნი, 2). ეპიგრამები, 3) „მიზეზების“ ფრაგმენტები, 4) „ჰეკალეს“ ფრაგმენტები, 5) იამბებისა და μέλη-ს ნაწყვეტები. მთავარ ნაწარმოებად, რომელშიც გამოვლენილი იყო კალიმაქეს ძირითადი ლიტერატურული შეხედულებები და მისი მიმართულება, მიჩნეული იყო კრებული „მიზეზები“.
კალიმაქე არა მხოლოდ პოეტი, არამედ ღრმა ერუდიციის მქონე მეცნიერი იყო. მისი პოეზია სავსეა მითოლოგიური, გეოგრაფიული და ისტორიული ცნობებით, რის გამოც მისი ლექსების გაგება ხშირად მოითხოვდა მკითხველისგან შესაბამის ცოდნას. ამ მიდგომამ საფუძველი ჩაუყარა „სწავლული პოეტის“ კონცეფციას, რომელიც მოგვიანებით რომაელმა პოეტებმა, განსაკუთრებით კი კატულუსმა და ვერგილიუსმა, გადაიღეს.
„მიზეზები“
„მიზეზები“ შედგებოდა ოთხი წიგნისგან და დაწერილი იყო ელეგიური დისტიქით (წყვილი ლექსი, რომელიც შედგება ჰეგზამეტრისა და პენტამეტრისგან). ნაწარმოების სახელწოდება — „მიზეზები“ — მიგვანიშნებს მის მთავარ თემაზე. ის ეძებდა და ხსნიდა სხვადასხვა რიტუალის, ადათის, ქალაქის დაარსების, სახელის თუ ტრადიციის წარმოშობის მიზეზებს. კალიმაქე აღწერდა ამ მოვლენებსა და წეს-ჩვეულებებს მითების, ლეგენდებისა და ისტორიული ფაქტების გადმოცემით.
პირველ ორ წიგნში ის საუბრობდა ბერძნული და ეგვიპტური კულტურის ტრადიციებზე, ხოლო მესამე და მეოთხე წიგნში აქცენტი კეთდებოდა ბერძნულ კოლონიებსა და ელენისტურ სამყაროზე.
როგორც მისი სხვა ნაწარმოებების შემთხვევაში, „მიზეზები“ დატვირთულია მრავალი ლიტერატურული, მითოლოგიური და ისტორიული ალუზიით. ამით კალიმაქე აჩვენებდა თავის ვრცელ ცოდნას და მკითხველსაც მოუწოდებდა ერუდიციისკენ.
ეპილიონი
არსებობს კალიმაქეს რამდენიმე ნაწარმოები, რომლებიც აღიარებულია ეპილიონებად. მათ რიცხეს განეკუთვნება, პირველ რიგში, ძველთაგანვე სახელგანთქმული პოემა „ჰეკალე“. ასევე ეპილიონებს წარმოადგენდნენ პოემები: „იოს მოსვლა“, „არგოსის დასახლება“, „არკადია“, „ბრანქოსი“, „გალატეა“ და „გლავკოსი“. ეს ეპილიონები სხვადასხვა საზომით იყო დაწერილი. იმ დროს როდესაც „ჰეკალე“ დაქტილური ჰეგზამეტრით არის დაწერილი, „ბრანქოსი“ ქორეიამბური პენტამეტრებით ყოფილა გამართული. ასე რომ, კალიმაქეს ნაწარმოებთა ამა თუ იმ ჟანრისადმი მიკუთვნების საკითხი არ შეიძლება გადაიჭრას მარტო მათი ლექსთწყობის მიხედვით.
„ბერენიკეს ნაწნავი“
ეს არის კალიმაქეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოემა, რომელიც, სამწუხაროდ, არ არის შემორჩენილი ორიგინალური სახით. ჩვენამდე მან მოაღწია რომაელი პოეტის, კატულუსის (Catullus), წყალობით, რომელმაც ის ლათინურ ენაზე თარგმნა.
პოემა მოგვითხრობს ეგვიპტის დედოფლის, ბერენიკე II-ის შესახებ, რომელიც პტოლემე III-ის ცოლი იყო. როდესაც მისი მეუღლე ომში წავიდა, ბერენიკემ პირობა დადო, რომ თუ პტოლემე უვნებლად დაბრუნდებოდა, ის თავის ლამაზ ნაწნავს აფროდიტეს შესწირავდა. მეფის დაბრუნების შემდეგ მან შეასრულა დანაპირები და ნაწნავი ტაძარს შესწირა. მეორე დილით ტაძრიდან გაქრა დედოფლის ნაწნავი, რამაც მეფე და დედოფალი გაანაწყენა. ამ დროს კარის ასტრონომმა, კონონმა, შეთხზა საუცხოო ზღაპარი: მან ცაზე აღმოაჩინა: ახალი ვარსკვლავი, რომელსაც უწოდა „ბერენიკეს ნაწნავი“, და შეთხზა მითი: ღმერთებმა თვითონ გაიტაცეს ტაძრიდან ნაწნავი და ცაზე მიაკრესო.
კალიმაქე პოემაში „ბერენიკეს ნაწნავი“, გადმოსცემს მითოლოგიურ ამბავს, რომელშიც რეალურ ისტორიულ ფიგურებს იყენებს. ასეთი მიდგომა ელინისტური ეპოქის პოეზიისთვის იყო დამახასიათებელი.
ჰიმნები
არსებობს კალიმაქეს ექვსი ჰიმნი: 1. ზევსის, 2. აპოლონის, 3. არტემიდას, 4. დელოსის, 5. ათენას აბანოს და 6. დემეტრეს ჰიმნები. ამ ჰიმნებს ზოგი რამ აქვთ საერთო ჰომეროსის ჰიმნებთან. ასე, მაგალითად, ეს ჰიმნები, ისევე როგორც ძველი ელინური ჰიმნები (ე. წ. ჰომეროსის ჰიმნები) დაქტილური ჰეგზამეტრით არის დაწერილი, გარდა მეხუთისა („ათენას აბანო“), რომელიც ელეგიური დისტიქითაა.
კალიმაქეს ლირიკა
კალიმაქეს წმინდა ლირიკულ ნაწარმოებთაგან პირველ რიგში უნდა მოვიხსენიოთ მისი ეპიგრამები. ეპიგრამები პოეტის ახალგაზრდობის ნაწარმოებებია უპირატესად და საფიქრებელია, რომ პირველად სწორედ თავისი ეპიგრამების კრებულით მიიქცია საზოგადოების ყურადღება.
კალიმაქეს ეპიგრამებში გამოირჩევა ორი მოტივი: სიღარიბე და ტრფობა, რომელთა შესახებაც ელაპარაკება პოეტი თავის ნაცნობებსა და მეგობრებს, მოკეთეებსა და სატრფოებს. შემთხვევითი არ არის კალიმაქესთვის ამ ორი მოტივის დაკავშირება ერთიმეორესთან, ისინი – სიღარიბე და ტრფობა, ერთმანეთს აპირობებენ, ერთმანეთზე გავლენას ახდენენ.