კვერცხი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
კვერცხი – როგორც სიცოცხლის ჩანასახს, კვერცხს თვალსაჩინო ადგილი ეკავა ეგვიპტურ სამყაროს შექმნის მითებში.
ძველი მითის თანახმად, პირველი ღმერთი პირველყოფილ შლამში კვერცხიდან იშვა. მკვდართა წიგნში ასევე მოხსენიებულია ბუნდოვანი „დიდი ყიყინას“ პირველქმნილი კვერცხი. „დიდი ყიყინა“ ამონის ერთ-ერთი გვიანდელი ეპითეტი იყო. საკრალური „პირველქმნილი კვერცხის“ ნაჭუჭი ინახებოდა ჰერმოპოლისში, სადაც მზე კვერცხიდან შობილ „ოგდოადის პირმშოდ“ ითვლებოდა. უფრო გვიანდელი ვერსიით, ამ კვერცხიდან თავად ოგდოადა წარმოიშვა, ხოლო თვითონ კვერცხი პტახის შექმნილად არის მოხსენიებული.
კვერცხი იხმარებოდა, როგორც ამულეტი, განსაკუთრებით წყლის ცხოველების წინააღმდეგ. კვერცხების ამულეტებს ატანდნენ ასევე გარდაცვლილებს. როგორც სიცოცხლის სიმბოლო, ის მიცვალებულთათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაწირიც იყო. გვიანდელი პერიოდის ეგვიპტეში ქურუმებს კვერცხის ჭამა ეკრძალებოდათ, რადგან კვერცხის გატეხვა სიცოცხლის ხელყოფად, და ამდენად მკრეხელობად იყო მიჩნეული.