მუსიკალური კონკურსი
მუსიკალური კონკურსი – მუსიკოს-შემსრულებელთა (მომღერალთა, ინსტრუმენტალისტთა და კომპოზიტორთა) შეჯიბრი წინასწარ დადგენილი პირობების მიხედვით.
მუსიკოსთა პაექრობის ისტორია იწყება ძვ. საბერძნეთსა და რომში. შუა საუკუნეების ევროპაში გავრცელებული იყო თვითნასწავლი მუსიკოს-შემსრულებლების – ტრუბადურების, ტრუვერების, მინეზინგერებისა და მაისტერზინგერების შეჯიბრი. მსგავსი პაექრობანი იმართებოდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქქართველოშიც (აშუღთა შეჯიბრი).
XVIII-XIX სს-ში საშემსრულებლო ხელოვნებაში (ორგანზე, კლავესინზე, ფორტეპიანოზე დაკვრა) ხშირად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს გამოჩენილი კომპოზიტორები. მუსიკალური კონკურსი თანამედროვე სახით XIX ს-ში ჩამოყალიბდა. 1803 საფრანგეთში ჩატარდა I ეროვნული კონკურსი რომის პრემიის მოსაპოვებლად. I საერთაშორისო კონკურსი (გიტარისტების) მოეწყო ბრიუსელში (1856). ანტონ რუბინშტეინის თაოსნობით დაარსდა და 1890 პეტერბურგში პირველად გაიმართა კომპოზიტორებისა და პიანისტების რეგულარული საერთაშორისო კონკურსი (ჩატარდა 5-ჯერ). I მსოფლიო ომის შემდეგ დაწესდა მთელი რიგი საერთაშორისო კონკურსები. XX ს-ში მუსიკალური კონკურსი ძირითადად ახალგაზრდა ნიჭიერ შემსრულებელთა გამოვლენას ემსახურება. 1957 ჟენევაში შეიქმნა საერთაშორისო კონკურსების ფედერაცია, რომელიც 1959-იდან გამოსცემს ყოველწლიურ ბიულეტენს. ძირითადად მუსიკალური კონკურსები ტარდება ერთსა და იმავე ქალაქში.
ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური კონკურსებია: პ. ჩაიკოვსკის სახელობის (მოსკოვი, დაარსდა 1958), ბელგიის დედოფლის ელისაბედის სახელობის (ბრიუსელი, 1951), მ. ლონგისა და ჟ. ტიბოს სახელობის (პარიზი, 1943), ფ. შოპენის სახელობის (ვარშავა, 1927), ჰ. ვენიავსკის სახელობის (პოზნანი), ჯ. ენესკუს სახელობის (ბუქარესტი), ახალგაზრდა საოპერო მომღერალთა (სოფია), ბუდაპეშტის, „პრაღის გაზაფხული“, მუსიკოს- შემსრულებელთა კონკურსი ჟენევაში, ი.ს. ბახის სახელობის (ლაიფციგი), რ. შუმანის სახ. (ცვიკაუ), ნ. პაგანინის სახ. (გენუა) და სხვ.
საქართველოში რეგულარულად ტარდება რესპუბლიკური, ხოლო 90-იანი წლებიდან პიანისტთა (1997, 2001, 2005) და ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსები, რომლებმაც აღიარება მოიპოვეს. ქართველ მუსიკოს-შემსრულებელთაგან მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსებში გაიმარჯვეს: პიანისტებმა – ე. ვირსალაძემ, მ. მდივანმა, ე. ანჯაფარიძემ, ა. თორაძემ, ა. კორსანტიამ, ა. ტაკიძემ, ხ. ბუნიათიშვილმა, ე. ბოლქვაძემ და სხვ. მევიოლინეებმა − მ. და ნ. იაშვილებმა, ლ. ისაკაძემ, ლ. ბათიაშვილმა და სხვ; მომღერლებმა − ზ. სოტკილავამ, მ. ქასრაშვილმა, პ. ბურჭულაძემ, ა. რაჭველიშვილმა, ნ. მაჩაიძემ, გ. გაგნიძემ და სხვ.
ს. ჟორდანია