ოქროსფერი მეჭვავია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოქროსფერი მეჭვავია

ოქროსფერი მეჭვავია (ლათ. Charadrius apricarius Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახიდან.

ოქროსფერი მეჭვავია შაშვზე მოზრდილი ფრინველია, ფრთა 180-190 მმ-ია, ნისკარტი – 21-24 მმ, წონა – 190-210 გ. მამალი ცოტათი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. მამალი ზაფხულში ზურგის მხარეს შავია, საკმაოდ დიდი მოყვითალო-ოქროსფერი კოპლებით. შავია აგრეთვე ვიწრო ზოლი შუბლზე ნისკარტის ზემოთ, ყელი, ჩიჩახვის შუა ნაწილი, მკერდი და მუცელი. ფართო თეთრი ზოლი, რომელიც შუბლიდან იწყება, გადის თვალების ზემოთ, კისრის გვერდებზე, ჩიჩახვის ორივე მხარეს, სადაც კიდევ უფრო ფართოვდებიან და თეთრი ფერის გვერდებს უერთდებიან. ამ თეთრი ზოლებით ზურგისა და მუცლის მხარე ერთმანეთისაგან გამოიყოფიან. მომქნევები მოშავოა, მათი ღეროები თეთრია მხოლოდ ქვემო ნაწილში. იღლიის ბუმბულები თეთრია. კუდი მურა ფერისაა, ვიწრო თეთრი განივი ზოლებით. დედალი მამლის მსგავსია, მაგრამ მუცლის მხარეს არის თეთრი წარმონაქმნები. თეთრი აქვს ნიკაპიც. ზამთარში ფრინველები უფრო მკრთალი შეფერილობისანი არიან.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება სამხრული ოქროსფერი მეჭვავია – Ch. a. apricarius Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და დასავლეთი ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილს. ბუდობს გრენლანდიაში, ისლანდიაში, ბრიტანეთში, გერმანიაში, დანიასა და სკანდინავიაში. სსრკ ფარგლებში მოიპოვება ბალტიისპირეთში, ლენინგრადისა და ნოვგოროდის ოლქებში, კოლის ნახევარკუნძულზე და ტუნდრის ზოლში – აღმოსავლეთით მდ. ენისეის შესართავამდე. იზამთრებს პირენეის ნახევარკუნძულზე, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ნილოსის დელტასთან, ზოგჯერ კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროებზეც. საქართველოში მოიპოვება შავი ზღვის სანაპიროებზე, მიმოფრენის პერიოდებში, იშვიათად – ზამთარშიც ერთეული ეგზემპლარები.

ბიოტოპი

ბინადრობს ტუნდრის ზონაში, მდინარეებისა და ტბების ნაკლებად დაჭაობებულ, მეტწილად ტენიან სანაპიროებზე, რომლებიც ღარიბია ბალახოვანი მცენარეულობით ან არის ხავსიანი მეჩხერი ტყე.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდეს აწყობს მიწის პატარა ჩაღრმავებაში. მაისის ბოლოს დებს 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 20-21 დღეს გრძელდება. ახალნაჩეკი ბუდეს ტოვებს რამდენიმე საათის შემდეგ. 10-14 დღეში მათ ფრენაც შეუძლიათ.

კვება

ოქროსფერი მეჭვავიას ძირითად საკვებს შეადგენენ ხოჭოები, ორფრთიანები, ნემსიყლაპიები და მათი მატლები, პატარა ზომის კალიები, ჭიები და ობობები. მიმოფრენის დროს. იკვებება ზღვის სანაპიროებზე კიბოსნაირებითაც. ნაწილობრივ ჭამს მცენარეულ საკვებსაც – წვრილ თესლებს, კენკრას და მცენარეთა ნორჩ მწვანე ნაწილებს.

მნიშვნელობა

ჩვენში მცირერიცხოვნობის გამო პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები