საშუალო კრონშნეპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საშუალო კრონშნეპი

საშუალო კრონშნეპი (ლათ. Numenius phaeopus Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.

საშუალო კრონშნეპი მოზრდილი ზომის ფრინველია, ფრთა 225-270 მმ-ია, გალო – 55-65 მმ, ნისკარტი – 75-90 მმ, წონა – 370-400 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი შეფერილობის საერთო იერით დიდ კრონშნეპს ჰგავს, მაგრამ მისგან განსხვავდება პირველ რიგში იმით, რომ მურა-შავი ფერის თავზე, თხემის შუა ნაწილში, კარგად გამოხატული გასწვრივი ნათელი ზოლი გასდევს. თვალების ზემოთ აქვს თეთრი წარბები. სხეულის გვერდების ყოველ ბუმბულზე მოკლე და ფართო მუქი ლაქაა, რაც გვერდებს უფრო განივზოლიან იერს აძლევს. ზურგის უკანა ნაწილი და წელი თეთრია, ბუმბულების შედარებით მუქი ცენტრებით. კუდის ზემო მფარავებზე ბევრია მუქი ფერის შტრიხები; იღლიისა და ფრთისქვეშა თეთრი ფერის ბუმბულებზე ვიწრო მურა ფერის განივი ზოლებია. ნისკარტი შავია, ხოლო ფეხები – მოცისფრო-რუხი.

აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური საშუალო კრონშნეპი – N. ph. phaeopus Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი სპორადული და არც ისე ვრცელია. იგი მოიცავს ისლანდიასა და ფარერის კუნძულებს, შოტლანდიას და მის ზოგიერთ კუნძულს, სკანდინავიის ჩრდილოეთ ნაწილს, ხოლო სსრ კავშირში მოიპოვება კოლის ნახევარკუნძულიდან აღმოსავლეთით ანადირამდე, წყვეტილი არეალით ენისეის აუზში. ზამთრობს აფრიკის მთელ სანაპიროებზე, მადაგასკარზე, არაბეთში, ინდოეთის ოკეანის დასავლეთი ნაწილის კუნძულებზე, ინდოეთში, ჩინეთში, მალაის არქიპელაგის კუნძულებზე, ავსტრალიასა და ახალ გვინეაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენის პერიოდებში.

ბიოტოპი

ბინადრობს ტუნდრის ზონის ტბების ნაპირებზე, დამახასიათებელი უხვი მცენარეულობით, ჯუჯა არყის ხეებით, აგრეთვე ისლიან ჭაობებში.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე, პირდაპირ ტორფის ხავსზე, მშრალ ადგილას პატარა ჩაღრმავებაში; ბუდე ამოფენილია ირმის ხავსით, ლიქენებით ან სხვა მცენარეთა ნაწილებით. ივნისის პირველ ნახევარში დებს 4 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 25 დღეს გრძელდება.

კვება

არასრული გამოკვლევებით, საკვების შემადგენლობაში შედის მწერები, მათი ლარვები, მოლუსკები, აგრეთვე ტუნდრის ზონის მცენარეთა თესლები და კენკრა.

მნიშვნელობა

საშუალო კრონშნეპის რიცხობრიობა დაბალია. ამიტომ მისი პრაქტიკული მნიშვნელობაც დიდი არაა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები