ცენტრალური ბანკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცენტრალური ბანკი - სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც თავისი მონეტარული ინსტრუმენტებით ახორციელებს ფულადი მიმოქცევის, ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების რეგულირებასა და კონტროლს. ამ მიზნით იგი იყენებს როგორც არაპირდაპირ ინსტრუმენტებს (ბანკთაშორისი კრედიტის განაკვეთი, სავალდებულო რეზერვების ნორმა, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე სახელმწიფო საგადასახადო ვალდებულებების გაყიდვასთან დაკავშირებული ოპერაციები), ისე პირდაპირ (მიზნობრივი დაკრედიტება, „საკრედიტო ჭერი“, სარგებლის განაკვეთის დონისადმი პირდაპირი კონტროლი) ინსტრუმენტებს.

ბანკთაშორისი კრედიტის განაკვეთით ფულად-საკრედიტო რეგულირება ანუ დისკონტის პოლიტიკა ინფლაციასთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალებაა. საქმე ისაა, რომ ბანკთაშორისი კრედიტის განაკვეთი არის პროცენტი იმ კრედიტზე, რომელსაც აძლევს ცენტრალური ბანკი ყველა სხვა ბანკს. თუკი ქვეყანაში შეიმჩნევა ინფლაციური პროცესების დაჩქარება, ცენტრალური ბანკი მაღლა სწევს ამ განაკვეთს, რის საფუძველზეც ეცემა ფულზე მოთხოვნა და შედარებით ნელა იზრდება მიმოქცევაში ფულადი მასა. მართალია, იგი უარყოფით გავლენას ახდენს წარმოების განვითარებაზე, მაგრამ სახელმწიფოს მოქნილი საგადასახადო პოლიტიკით შესაძლებელია თანმხლები ნეგატიური ეფექტების დაძლევა.

სავალდებულო რეზერვების ნორმა კომერციული ბანკების ფულადი თანხაა, რომლის სესხად გაცემის უფლება მათ არა აქვთ და ვალდებულნი არიან თავიანთ ანგარიშზე იქონიონ ცენტრალურ ბანკში. ეს უკანასკნელი კი სიტუაციის მიხედვით მოქმედებს: ფულადი მასის ზრდის შენელების საჭიროების შემთხვევაში ამაღლებს სავალდებულო რეზერვების ნორმას და, პირიქით, როცა არის იმის აუცილებლობა, რომ მიმოქცევაში გაიზარდოს ფულის რაოდენობა, მაშინ ცენტრალური ბანკი დაბლა წევს სავალდებულო რეზერვების ნორმას, რითაც შესაძლებლობას აძლევს კომერციულ ბანკებს თავიანთი სახსრების დროებით „გაყინული“ ნაწილი გადააქციონ კრედიტად. ცენტრალური ბანკი ღია ბაზარზე აწარმოებს ოპერაციებს სახელმწიფო საგადასახადო ვალდებულებებით, რომლებიც სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ერთობლიობაა და მათი მეშვეობით, არაპირდაპირი გზით, ხორციელდება ზემოქმედება ფულად-საკრედიტო ბაზარზე. ეს ვალდებულებები სახელმწიფო ვალია მოსახლეობისადმი, რომელიც იყოფა საბაზრო და არასაბაზრო კატეგორიებად. საბაზროს მიეკუთვნება სახაზინო თამასუქი (სამ და ექვსთვიანი, 91 დღიანი და წლიური დაფარვის ვადით), საშუალოვადიანი სახაზინო თამასუქი (ერთიდან 10 წლამდე დაფარვის ვადით) და სახაზინო ობლიგაცია.

არასაბაზრო ფასიანი ქაღალდებიდან ყველაზე გავრცელებული ფორმაა შემნახველი ობლიგაცია. გარდა ამისა, მას მიეკუთვნება აგრეთვე სამთავრობო ანგარიშების სერიები, უცხოური სამთავრობო სერიები, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების სერიები და სხვ. ამ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ოპერაციებით ცენტრალური ბანკი ზემოქმედებს მიმოქცევაში არსებულ ფულად მასაზე, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ელასტიკურობასა და ფუნქციონირების ხასიათს, ოპერაციებს ღია ბაზარზე და სავალდებულო რეზერვების პოლიტიკას. დისკონტის პოლიტიკის მიზანია საკრედიტო ინსტიტუტების რეფინანსირების (ძველი გრძელვადიანი ვალის დაფარვა ახალი გრძელვადიანი სესხით) პირობების ცვლილებებით გავლენა მოახდინოს ფულად-საკრედიტო ბაზარზე. ამასვე ემსახურება ოპერაციები ღია ბაზარზე, რომლის მექანიზმი დაფუძნებულია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, საბანკო აქცეპტებისა და სხვა საკრედიტო ვალდებულებების ყიდვა-გაყიდვაზე. ცივილიზებულ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების დონეს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო რეგულირების პირდაპირი ინსტრუმენტებიდან არაპირდაპირ ინსტრუმენტებზე გადასვლის ხანგრძლივობა. ეს უკანასკნელი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით და მერყეობს 1-დან 5 წლამდე, საშუალოდ კი 3,7 წელია.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები