ჭიშკრის წიგნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭიშკრის წიგნი – მიცვალებულთა კულტის ლიტერატურის ნაწარმოები, რომელიც ახალი სამეფოს დროის ფარაონების სამარხებში ჩნდება.

წიგნმა ჩვენამდე ყოველგვარი სათაურის გარეშე მოაღწია, მისი დასათაურება შინაარსის ლაიტმოტივის მიხედვით მოხდა. წიგნის შინაარსი მოგვითხრობს მზის ღვთაების და მასთან ერთად გარდაცვლილების ქვესკნელში ღამის მგზავრობის შესახებ, დასავლეთიდან აღმოსავლეთით. საერთო შინაარსით ის ამდუატის მსგავსია, მაგრამ აქ ძირითად სიძნელეს წარმოადგენს ჭიშკრების გადალახვა ყოველი საათის დასასრულს. მათ დემონები და ცეცხლის მაფურთხებელი გველები დარაჯობენ და ჭიშკრების გადალახვა, ყოველ შემდეგ საათს, მხოლოდ ვედრების და შელოცვების საშუალებით არის შესაძლებელი. წიგნში განსხვავებულია მზის ღვთაების „ანტურაჟიც“. განსხვავებით ამდუატის უამრავი ღმერთისაგან, აქ ბარკაში მასთან მხოლოდ სია და ხეკა არიან. მზის ბარკის კაბინაზე, რომელშიც მზის ღვთაება ზის, შემოხვეულია მფარველი გველი (ის ყოველ საათში იცვლება).

წიგნი ძირითადად ნახატებისაგან შედგება, ტექსტი ნახატების განმარტებას წარმოადგენს. მეხუთე და მეექვსე საათებს შორის მგზავრობის მონოტონურობას არღვევს ოსირისის დარბაზი, სადაც თავად ოსირისი ზის მაღალ ტახტზე, უფრო გვიანდელ პერიოდებში კი ფეხზე დგას. მის დარბაზში ხშირად გამოსახულია არა მზის ღვთაება, არამედ ფარაონი, რაც გარდაცვლილი ფარაონის ოსირისთან გაიგივებას ასახავს. წიგნის დასასრულს ნაჩვენებია მზის ამოსვლა პირველყოფილი წყლებიდან. ამდუატთან ერთად, ჭიშკრის წიგნი ახალი სამეფოს პერიოდის სამეფო მიცვალებულთა ტექსტების კრებულს წარმოადგენს. ყველაზე ძველი ტექსტი ნაპოვნია ხორემხების სამარხში და შემდეგ მისი მოთავსება ტრადიციული ხდება XIX და XX დინასტიის ფარაონთა სამარხების კედლებზე და სარკოფაგებზე. გვიანდელ პერიოდში ის ჩვეულებრივი მოკვდავების სარკოფაგებზეც თავსდება.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები