ხის კულტი (ეგვიპტე)
ხის კულტი – ეგვიპტელთა წარმოდგენით, ხეებს სული გააჩნდათ. ხეების კულტის უკვე წინადინასტიურ დროში არსებობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ რამდენიმე ნომის ნიშანს სხვადასხვა ხე წარმოადგენს.
პირამიდების ტექსტებში ვკითხულობთ ორ სიკომორაზე, რომლებიც ზეცის აღმოსავლეთ მხარეს დგას, გარდაცვლილზე, რომელიც „ადის მაღალ სიკომორაზე აღმოსავლეთის ცაზე, სადაც ღმერთები სხედან“ და სიკომორაზე, რომელიც ღმერთებს მფარველობს. მკვდართა წიგნში მოხსენიებულია ორი ფირუზის სიკომორა, რომლებიც დგანან ცის აღმოსავლეთ ჭიშკართან, საიდანაც ყოველ დილას მზე ამობრწყინდება. პტოლემაიოსების დროინდელი ნომების ცხრილიდან ვგებულობთ, რომ თითქმის ყველა ნეკროპოლისს საკუთარი საკრალური ხეები და საკრალური ხეების ჭალები ჰქონდა. ეს იყო ძირითადად იშედის და კეშებეტის ხეები (ჩვენთვის უცნობი ხეხილის ხეები), ქრისტეს აკაცია (ეგვ. Nb), ნილოსის აკაცია (šnd), ფინიკის პალმა (ეგვ. im3) და ტამარისკი (iśr) ზემო ეგვიპტეში და სიკომორა (ეგვ. Nht) ქვემო ეგვიპტეში.
იშედ-ხეს სიცოცხლის ხეს ეძახდნენ. ითვლებოდა, რომ რომ მის ფოთლებზე თოტი და სეშატი მეფის სახელს და მეფობის წლებს წერდნენ, გარდაცვლილთა სულებს კი იშედის საკრალურ ჭალაში მოსვენება შეეძლოთ. გვიანდელ პერიოდში იშედის მსგავსი ფუნქცია ჰქონდა აკაციას, რომელიც სიცოცხლის და სიკვდილის საკითხს წყვეტდა. ხეების სულებთან გაიგივებული იყვნენ კოსმიური ღმერთებიც, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ხატხორი, რომელსაც სიკომორას და ფინიკის პალმის ქალბატონს ეძახდნენ.