ჰისტრიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:16, 19 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰისტრიონი — (ლათ. histrions, histrio),
- მსახიობი ძველ რომში. ჰისტრიონები აყალიბებდნენ დასს, რომელსაც ხელმძღვანელობდა დასის რომელიმე წევრი. დასაწყისში თამაშობდნენ უნიღბოდ, შემდგომ კი, I ს. ძვ.წ. ბერძნული თეატრის გავლენით, გამოდიოდნენ ნიღბებით. ქალების როლებს ასრულებდნენ მამაკაცები. ჰისტრიონების დასი შედგენილი იყო ყველაზე დაბალ სოციალურ საფეხურზე მყოფი მოქალაქეებისგან, რომელთა შორის იყვნენ მონებიც. მათ არ გააჩნდათ მოქალაქეობრივი უფლებები და შესაძლო იყო ფიზიკურადაც დასჯილიყვნენ. მხოლოდ ის ჰისტრიონთაგანი, ვინც მოიპოვებდა სახელს და პოპულარობას, სარგებლობდა პატივით და დაფასებით.
- შუასაუკუნეების ეპოქის მოხეტიალე მსახიობი (IX-XIII სს.). ჰისტრიონი ერთდროულად იყო მთხრობელი, მუსიკოსი, მოცეკვავე, ტანმოვარჯიშე, ცხოველების მწვრთნელი (და ა.შ.).
ჰისტრიონების ხელოვნება დაიყო ცალკეულ მიმართულებებად: საცირკო ხელოვნება, მთხრობელ-შემსრულებელი, პოეტი – სიმღერების შემქმნელი ტრუბადურები და ტრუვერები (შუასაუკუნეების პირველი დრამატურგები ჟ. ბოდელი და ადამ დე ლა ალი იყვნენ ტრუვერები). ჰისტრიონები ქმნიდნენ „საძმოებს“. სხვადასხვა ქვეყნებში ჰისტრიონებს სხვადასხვაგვარად ერქვათ: საფრანგეთში – ჟონგლიორები, იტალიაში – მიმები, გერმანიაში – შპილმანები, ესპანეთში – ხუგლიარები, პოლონეთში – ფრანკები, რუსეთში – სკომოროხები, საქართველოში – ბერიკები. არსებობდა ჰისტრიონების ნაირსახეობაც – ვაგანტები. მე-13 საუკუნის დასასრულს ჰისტრიონები დამკვიდრდნენ ქალაქებში და შეუერთდნენ სხვა თეატრალურ დასებს.