შავერზაშვილი ალექსანდრე
ალექსანდრე შავერზაშვილი − (8 აგვისტო 1919, თბილისი – 20 მაისი 2003, იქვე), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1982), ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.
1944 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). 1952-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1968-იდან პროფესორი). 1968-79 კომპოზიციის კათედრის გამგე, 1972–1988 კონსერვატორიის პრორექტორი. ალექსანდრე შავერზაშვილი მრავალმხრივი შემოქმედი, მოღვაწე და თვალსაჩინო პედაგოგია. მისი მოწაფეები იყვნენ: ბ. კვერნაძე, ვ. აზარაშვილი, ვ. ვაწაძე და სხვ.
ნაწარმოებები: ოპერები „მარინე“ (1954), „ოიდიპოს მეფე“ (1964), „ახალი ნაპირებისაკენ“ (1967); „ცეცხლიანი წლები“ (1973), 2 ოპერეტა, 8 საფორტეპიანო ტრიო (1952-1993); ვოკალურ-სიმფონიური ციკლი „ხმა იდუმალი“ (ბარათაშვილის ლექსებზე, 1977), 5 სიმფონია (1945-1994), სიმფონიური სურათი „მტკვარი“ (1958), სიმფონიური პოემები, კანტატები, კონცერტები: ვიოლინოს (1964), ტრომბონის (1979), ხმის (სოპრანოსთვის, 1981), საფორტეპიანო კვინტეტი (1955) და სხვ. კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები და სხვ.
მისი შვილია კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი (1950), თბილისის კონსერვატორიის პროფესორი.