სახმეტი
სახმეტი – (ეგვ. sḫmt, „ძლიერი“), ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლომის ქალღმერთებს შორის. გამოისახებოდა ანთროპომორფულად ან ლომის თავით. მთავარი საკულტო ადგილი იყო მემფისი, სადაც ეძახდნენ „ის, ვინც პტახს უყვარს“. ახალი სამეფოდან იყო პტახის მეუღლე და ნეფერტუმის დედა. ამ ტრიადის წარმოშობის დრო ბუნდოვანია, რადგან მემფისში არ არის შემონახული არც ერთი ახალ სამეფოზე ძველი ტაძარი.
თავისი ბუნებიდან და სახელიდან გამომდინარე, სახმეტი მძვინვარე, მებრძოლი და სისხლის მოყვარული ქალღმერთი იყო. „ძროხის წიგნში“ სწორედ მას დაევალა ცოდვილი ადამიანების განადგურება. ასევე მძვინვარედ გვერდში ედგა მეფეს ბრძოლის დროს და მის მტრებს ანადგურებდა. მეფის მძვინვარებას სახმეტის მძვინვარებას ადარებდნენ, რომელიც ცეცხლის ფრქვევით აცამტვერებს მტერს. ამიტომ სახმეტის ერთ-ერთი წოდება – „წითელი სამოსის ქალბატონი“ დაკავშირებულია როგორც მისი სამშობლოს ფერთან (წითელი ქვემო ეგვიპტის და მისი გვირგვინის ფერი იყო), ასევე მისი მტრების სისხლით გაჟღენთილ ტანსაცმელთან. როგორც ცეცხლის მფრქვეველი, ის გაიგივდა სამეფო გვირგვინის ურეუსთან და რას თვალთან, და მოიპოვა წოდება „დიადი მაგიით“ (სამეფო გვირგვინების ერთ-ერთი სახელი. გაიგივებული იყო სახმეტი მუტთან და ბასტეტთან, მაგრამ განსხვავებით „მშვიდობიანი“ ბასტეტისაგან, მას „ველურ ბასტეტს“ ეძახდნენ. სახმეტს მიეწერებოდა ასევე ეპიდემიების (მაგ. შავი ჭირის) როგორც განდევნის, ასევე გამძვინვარების უნარი, ამიტომ ეგვიპტელი ექიმები, მძვინვარე ქალღმერთის „გულის მოსაგებად“ თავიანთ თავს „სახმეტის ქურუმებს“ ეძახდნენ. თვითონ სახმეტმა ამის გამო მოიპოვა წოდება „სიცოცხლის ქალბატონი“. ებერსის სამედიცინო პაპირუსის თანახმად, სახმეტის ქურუმები გულის მკურნალობის განსაკუთრებული სპეციალისტები იყვნენ.