
კავკასია
კავკასიონის ქედი კასპიისა და შავ ზღვებს შორის მდებარეობს და ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით არის გადაჭიმული; მისი სიგრძე დაახლოებით 650 მილს უდრის. ამ მთაგრეხილის სიმაღლე ზღვის დონიდან 10 000 ფუტს აღწევს. კავკასია აგრეთვე ეწოდება რეგიონს, რომელიც ევროპისა და აზიის კონტინენტებს შორის მდებარეობს და მას ხშირად ევრაზიის სახელწოდებითაც მოიხსენიებენ. 1800-იან წლებში ჩრდილო კავკასია რამდენიმე ქართული პროვინციისაგან შედგებოდა, რომლებიც რუსეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. უფრო მოშორებით, სამხრეთისაკენ, სპარსეთი მდებარეოდა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით კი – თურქეთი. დასავლეთი ნაწილი ადგილობრივი ტომებით იყო დასახლებული, რომლებსაც ჩერქეზებად (ოსები, ყაბარდოელები და თათრები) მოიხსენიებდნენ, ხოლო აღმოსავლეთ მხარეში ჩეჩნები და დაღესტნელები ცხოვრობდნენ.
1800-იანი წლების დასაწყისში, რუსეთს ჰქონდა მცდელობა თურქეთისა და სპარსეთის ტერიტორიების ექსპანსია მოეხდინა. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ (1804-1813), მშვიდობის ათწლეულმა დაისადგურა. თუმცა 1828 წელს რუსეთ-თურქეთის ომმა კვლავ იფეთქა ყარსის ციხესიმაგრესთან. ამ ომში რუსებმა გამარჯვება იზეიმეს. ყარსის აღებას ახალციხის ბრძოლა მოჰყვა. რუსებმა კვლავ დაამარცხეს თურქები და ამის შედეგად ქალაქი ახალციხე რუსეთის ტერიტორიას შემოუერთდა, პირველად როგორც ქუთაისის და შემდგომ როგორც თბილისის გუბერნიის ნაწილი.
თითქმის მთელი XIX საუკუნის მანძილზე ტერიტორიული დავების გამო რუსები აღმოსავლეთ კავკასიურ ტომებს გამუდმებით უტევდნენ. კონფლიქტები რუსებს, დაღესტნელებსა და ჩეჩნებს შორის უწყვეტ ხასიათს ატარებდა. თუმცა რუსეთსა და კავკასიას შორს კონტაქტები საუკუნეთა მიღმა იღებს სათავეს, კავკასიაში ბატონობისთვის ბრძოლა აღმოსავლეთში მცხოვრებ ტომებთან XIX საუკუნეში 60 წლის მანძილზე გაგრძელდა.
აღმოსავლეთში მოსახლე ხალხებმა წამოიწყეს ბრძოლა, რომელიც შემდგომ მურიდების ომის სახელით გახდა ცნობილი; ეს გახლდათ ომი, რომელიც ისლამური რელიგიური აღორძინებით იყო შთაგონებული და რუსული ზეგავლენისაგან განთავისუფლებისათვის გმირულ ბრძოლას წარმოადგენდა. მურიდების პირველი ლიდერი, ყაზი მოლა, დაღესტნის სოფელ ღიმრიში დაიბადა. კავკასიაში იარაღით ვაჭრობის ცენტრის, ჰიმრის, დაცვას კაზი მოლას სიცოცხლე შეეწირა. მისი ბავშვობის მეგობარმა, სახელად შამილმა, რომელმაც მურიდიზმი ჯერ სულიერი გასხივოსნების გზად და შემდგომ რუსეთისაგან განთავისუფლების საშუალებად აღიქვა, მოლას ბრძოლის გაგრძელება ითავა.
შამილი გახდა შეიარაღებული რაზმის მეთაური, რომელსაც ხშირად “მთიელებსაც” ეძახდნენ და მათ რუსები რამდენიმე ბრძოლაში დაამარცხეს კიდეც. რუსები და აღმოსავლეთ კავკასიელები გამუდმებით ემუქრებოდნენ, ებრძოდნენ ერთმანეთს და ასე გრძელდებოდა 1859 წლამდე, როდესაც შამილი საბოლოოდ დანებდა.
დღეისათვის კავკასია პოსტ-საბჭოთა ქვეყნების – საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისაგან შედგება. აქვე შედის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეების რუსული ნაწილი, აგრეთვე ადიღეის, კაიმიკიის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ყაბარდინო-ბალყარეთის, ჩრდილო ოსეთის, ინგუშეთის, ჩეჩნეთისა და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკები. დამოუკიდებლობას სამი რეგიონი მოითხოვს: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც საქართველოში მდებარეობენ, და მთიანი ყარაბახი, რომელიც აზერბაიჯანს მიეკუთვნება. კავკასია ერთ-ერთ ყველაზე უფრო მრავალფეროვან რეგიონად ითვლება მსოფლიოში, როგორც ეთნიკური, ლინგვისტური და გეოლოგიური თვალსაზრისით, ასევე კულტურული მემკვიდრეობის გამო. მნიშვნელოვანი ეკოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ამ რეგიონის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალი გახლავთ.
ბიბლიოგრაფიული წყაროები:
- ითონიშვილი, ვხტანგ. კავკასია და კავკასიელები.თბილისი: ისტორია და ეთნოგრაფია, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი, 2007.
- კოპალიანი, ემილი. კვიციანი, ჯონი. კავკასია XX საუკუნეში. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2001.
- ურუშაძე, ლევან. საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში.თბილისი: თბილისის უნივერისტეტის გამომცემლობა, 2004.
[ წინ ]