სმითსონი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ანთროპოლოგიის დეპარტამენტი

ჭავჭავაძეების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

სოფელი წინანდალი


ისტორიულ წყაროებში სოფელი წინანდალი პირველად XV საუკუნეში სახელდება, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მაშინდელმა მეფემ, ალექსანდრემ, სოფელი სახარისი ქალაქ მცხეთას უბოძა, ხოლო მოგვიანებით ამ სოფლის სახელი თეიმურაზ I-სა და ერეკლე I-ის მიმოწერაში გამოჩნდა. წინანდლის დასახლება XVIII საუკუნეში მეფე ვახტანგ VI-ის ვაჟის, ვახუშტი ბაგრატიონის “საქართველოს გეოგრაფიაშია" ნახსენები.

XV საუკუნემდე ოფიციალურ წყაროებში ამ სოფელს სახარისის სახელით მიუთითებენ. ამ დასახლების ნაშთები ჯერ კიდევ შემორჩენილია მთის ფერდობებზე, რომელიც სოფელს გადაჰყურებს. სახელი წინანდალი “ადრინდელს” ნიშნავს. სოფელ წინანდლის ახლანდელი მცხოვრებლების წინაპრები უამრავი შემოსევისა და თავდასხმის სამიზნეს წარმოადგენდნენ. ისინი იძულებულები იყვნენ თავშესაფარი მდინარე ალაზნის მიმდებარე მთებსა და ტყეებში ეპოვნათ, ხოლო მშვიდობიან დროს კვლავ თავიანთ საცხოვრებლებს უბრუნდებოდნენ.

წინანდალში ჭავჭავაძეების ოჯახის ისტორია XVII საუკუნიდან იწყება. 1680 წელს მეფე ერეკლე I-მა მთიულეთის მხარის სოფელ ჭავჭავიდან წინანდალში რამდენიმე ოჯახი ჩამოასახლა; მათ შორის ჭავჭავაძეებიც იყვნენ. ჭავჭავაძეები არა მხოლოდ მეფისა და ქვეყნის ერთგულნი აღმოჩნდნენ, არამედ ვაზის მოშენებითა და ღვინის ოსტატურად დაყენებითაც გამოიჩინეს თავი.

წინანდლის მცხოვრებთა საქმიანობა განსაკუთრებით გარსევან და ალექსანდრე ჭავჭავაძეების სიცოცხლის პერიოდში, ჭავჭავაძეების მამულთან იყო დაკავშირებული. ვაზის მოშენებისა და ღვინის დაყენების გარდა, ალექსანდრე ჭავჭავაძე აბრეშუმის წარმოებითა და მეცხოველეობითაც იყო დაკავებული. მას აგრეთვე ეკუთვნოდა წყლის წისქვილები, აგურისა და კრამიტის სახელოსნოები, სამჭედლოები და ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებშიც 1500-ზე მეტი გლეხი იყო დაკავებული. თავის მუშებს იგი კარგად ეპყრობოდა; ასე, მაგალითად, ვაზის მოვლისა და მოშენების ახლებურ მეთოდებს ასწავლიდა და საკუთარი სანერგედან ვაზის ნერგებსაც უწილადებდა. ამგვარი კეთილი დამოკიდებულების პირობებში, მისი მუშები თავდაუზოგავად შრომობდნენ რის, შედეგადაც, წინანდალი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურული, პოლიტიკური და ეცონომიკური ცენტრი გახდა.


ბიბლიოგრაფიული წყაროები::

  1. ბოგველიშვილი, გიორგი. წინანდალი.თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967.
  2. კეკელია, კორნელი, და ბარამიძე, ალექსანდრე, რედ., იოანე ბატონიშვილი: “კალმასობა”. თბილისი: სახელგამი, 1936.
  3. კვარაცხელია, ო. წინანდლის პარკი, ჟურნალში: საბჭოთა ხელოვნება. თბილისი: 1969.
  4. მეგუთნიშვილი, სოსო. წინანდალი, საქართველოს კულტურის საგანძური. თბილისი: გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2006.
  5. ნაცვლიშვილი, ნათელა. მემამულური მეურნეობის კაპიტალისტური ევოლუცია საქართველოში.თბილისი: მეცნიერება, 1971.
  6. ჩხეიძე, თენგიზ. საუფლისწულო მამულები კახეთში. 1885-1921.თბილისი: მეცნიერება, 1968.
  7. ყაუხჩიშვილი, სიმონ (რედ.), ქართლის ცხოვრება; ვახუშტი ბატონიშვილი: აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ტ. IV.თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1973.

[ წინ ]