სმითსონი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ანთროპოლოგიის დეპარტამენტი

ჭავჭავაძეების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

საქართველო



რუკის გასადიდებლად დააწკაპუნეთ

გეოგრაფია
ქართველები სამხრეთ კავკასიის მთიან რეგიონში სახლობენ. ჩრდილოეთიდან საქართველოს რუსეთი ესაზღვრება, სამხრეთ აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი, სამხრეთით – სომხეთი, სამხრეთ-დასავლეთით – თურქეთი, ხოლო დასავლეთ ნაწილში შავი ზღვა აკრავს. საქართველო ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარეობს. მისმა ადგილმდებარეობამ იქ მცხოვრებ ტომებს შორის გარკვეულწილად მოქნილი დამოკიდებულება უზრუნველყო, ხოლო მეორე მხრივ, აიძულა ამ რეგიონის მაცხოვრებლები თავი დაეცვათ იმ საშიშროებისაგან, რომელიც სპარსეთიდან, თურქ ოტომანთა იმპერიიდან, რუსეთიდან და აგრეთვე, შინაური მეამბოხეებისაგან ელოდათ. დღეისათვის საქართველოს სახმელეთო ნაწილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჩათვლით, დაახლოებით 69 700 კვ. კილომეტრს მოიცავს. ქვეყნის მოსახლეობა 4.3 მილიონს აღწევს. საქართველოს ლამაზი, მრავალფეროვანი ბუნება და კლიმატის სხადასხვაობა მოგზაურობის მოყვარულთა ინტერესს იწვევს და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მათზე. რამდენადაც აბრეშუმის გზა უძველესი დროიდან  საქართველოზე გადიოდა, იგი ვაჭრებს, მისიონერებსა და მომლოცველებსაც კი იზიდავდა. ამჟამად საქართველოში დაწყებულია კამპანია, რომლის მიზანია მოიზიდოს ინვესტორები, ტურისტები და აგრეთვე ქართველი ემიგრანტები, რომლებიც რუსეთში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ.

ისტორია
საქართველო პირველი ევროპელების წარმოშობის ადგილად ითვლება და ამიტომ ხშირად “ევროპული ცივილიზაციის აკვანსაც” უწოდებენ. 1991 წელს დმანისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად უძველესი ჰუმანოიდების ნაშთები საქართველოშიც იქნა აღმოჩენილი. ნაპოვნია რამდენიმე თავის ქალა და სრული ჩონჩხი; მათი ასაკი 1.8 მილიონი წელია და ისინი ადამიანის მაიმუნისებრ წინაპარსა და ჩვენ შორის ევოლუციურ ხიდს წარმოადგენს. შემდეგი მნიშვნელოვანი თავი საქართველოს ისტორიაში უკავშირდება ოქროსა და ვერცხლის ნივთებს, რომლებიც ვანის (დასავლეთ საქართველოში მდებარე სატაძრო ქალაქი) არქეოლოგიური გათხრებისას უსახელო საგანძურში იქნა აღმოჩენილი. ეს ნივთები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII და I საუკუნეებით თარიღდება, დაკავშირებულია კოლხეთის მდიდარ დასახლებასთან, რომელიც, შესაძლოა, კოლონიზებული იყო ან, სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. ისინი აგრეთვე ლეგენდარულ ბერძენ გმირ იაზონსა და არგონავტებს უკავშირდება. ვანში ფართო სპექტრის უნიკალური ნივთები იქნა აღმოჩენილი: კერამიკის ჭურჭელი, ოქროსა და ვერცხლის ოქრომჭედლობის ნიმუშები, ბრინჯაოს მოხდენილი ქანდაკებები და სამაროვანი ნივთების უხვი ნაირფეროვნება. აღნიშნული საგნები გამოირჩევა მაღალი დონის მეტალურგიული დამუშავებით და, ამავდროულად ბერძნულ-სპარსული გავლენაც ემჩნევა. წინაქრისტიანული საქართველოს არსებობის ბოლო საუკუნის განმავლობაში ქართული სამეფო რომთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ახალი წელთაღრიცხვით 330 წელს მეფე მირიან III–ემ ქრისტიანობა მიიღო, რამაც საქართველოსა და ბიზანტიის იმპერიის კავშირი კიდევ უფრო გაამყარა. 645 წელს მეზობელმა არაბებმა თბილისი დაიპყრეს. 813 წელს საქართველოს ერთ-ერთ ნაწილს ბაგრატიდები მართავდნენ, ხოლო XI საუკუნეში ბაგრატ V–ემ აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს გაერთიანება შეძლო. 1099-1125 წლებში დავით IV–ემ (დავით აღმაშენებელმა) თურქების დამარცხების გზით შეძლო ქვეყნის გარდაქმნა. მან საქართველოს ტერიტორია სამხრეთით სომხეთისაკენ და აღმოსავლეთით კასპიის ზღვის მიმართულებით გააფართოვა. ოქროს ხანა, რომელიც მისი მეფობით დაიწყო თამარ მეფის მეფობის ბოლოს, 1212 წელს, დასრულდა. 1236 წელს საქართველოს მონღოლები შემოესივნენ, ხოლო თურქ ოტომანთა მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობამ საქართველოში თურქების სამსაუკუნოვან ბატონობას დაუდო სათავე.

საქართველოს რუკა
გასადიდებლად დააწკაპუნეთ სურათზე

1700-იანი წლების ბოლოს მეფე ერეკლე II-ემ ქართლისა და კახეთის სამთავროები გააერთიანა; მალე მან რუსეთს თხოვნით მიმართა, რათა ქვეყანა არაკეთილმოსურნე თურქებისაგან დაეცვა. 1801 წელს რუსეთის ხელმწიფემ, ალექსანდრე I-მა, ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და ამიერიდან რუსეთის წარმომადგენლობა საქართველოში სულ უფრო სწრაფად იზრდებოდა. ამრიგად, ბაგრატოვანთა დინასტიის 1000–წლოვანი მეფობა დასრულდა. 1810 წელს, რუსთა ხელმწიფემ, ალექსანდრემ იმერეთის სამეფოს დასავლეთი ნაწილის ანექსიაც მოახდინა. თურქეთისა და სპარსეთის წინააღმდეგ არაერთი ომის შედეგად რუსეთმა ქვეყნის სხვა ტერიტორიების ანექსიაც განახორციელა და ამით, საქართველო კავკასიაში რუსეთის სტრატეგიულ ბაზად აქცია. 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და 1918-1920 წლებში ბრიტანეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და 1922-1936 წლებში, საქართველო ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის ნაწილი გახდა. 1936 წელს ფედერაციულ რესპუბლიკაში შემავალი ქვეყნები – სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო –  განცალკევდა; 1991 წლამდე ეს სამი ქვეყანა საბჭოთა კავშირში შემავალ ცალ-ცალკე საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებად რჩებოდა. 1989 წელს ქართველთა ეროვნულობამ კვლავ დაიწყო აღორძინება. 1991 წელს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ამჟამად იგი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტური ინტერესების ეპიცენტრს წარმოადგენს. საქართველოს საშიშროება ორი სეპარატისტული რეგიონიდან – აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდანაც ელის, რადგან მათ რუსეთთან მჭიდრო კავშირი აქვთ. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო ნატოში შესვლისა და ევროკავშირში გაერთიანებისაკენ მიისწრაფვის.

კულტურა
საქართველოს დედაქალაქი თბილისი ევროპული, აღმოსავლური და ქართული სტილის უცნაურად მიმზიდველ ნაზავს წარმოადგენს. ერთ პატარა უბანში ქართული მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები სინაგოგისა და მეჩეთის მეზობლად არიან განლაგებული. ეთნიკური ქართველები ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტს შეადგენენ; სხვა უფრო მცირე რაოდენობის ეთნიკურ ჯგუფებს რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ასირიელები, ჩეჩნები, ჩინელები, ბერძნები, ქურთები, ებრაელები, თათრები, თურქები და უკრაინელები წარმოადგენენ. ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში, არაქართული ეთნიკური ჯგუფები, როგორც თავიანთ მშობლიურ ენაზე, ასევე ქართულადაც ლაპარაკობენ და თავიანთ მდიდარ ფოლკლორსაც ინარჩუნებენ.

ქართულმა კულტურამ თავისი განვითარების უმაღლეს დონეს XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისში მიაღწია, განსაკუთრებით ისეთ დარგებში, როგორებიცაა ლიტერატურა, ფილოსოფია და არქიტექტურა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ციხესიმაგრეებისა და ეკლესიების მშენებლობაში გამოვლინდა. XIX საუკუნეში კულტურა, განსაკუთრებით ეროვნული ლიტერატურის აღორძინინებით გამოირჩეოდა. XX საუკუნეში ქართული მხატვრობა, მუსიკა, ცეკვა, თეატრი და კინო მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი; განთქმულია ქართველების გამორჩეული სამზარეულო და ღვინოები.  ქართული სამზარეულო ქვეყნის სტუმრებს ხიბლავს, აღმოსავლური და დასავლური კერძების ნაზავითა და მრავალფეროვნებით. საქართველოში ყურძნის 500-ზე მეტი ჯიში ხარობს, ხოლო ღვინის შეფერილობა საკმაოდ მრავალფეროვანია მუქი წითლიდან ღია თეთრამდე; ქართული ღვინის ასორტიმენტი დიდია: აგრეთვე განსაკუთრებულად მშრალი და ძალიან ტკბილიც, ახლად დამზადებული და დაძველებულიც. სტუმრებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს წინანდლის, საფერავისა და მანავის მარკის ღვინოები, რომლებიც საქართველოშიც იყიდება და საექსპორტოდაც იგზავნება.

საქართველო აგრეთვე ცნობილია ქართული სუფრით, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ექსტრავაგანტულ სადილობას წარმოადგენს და უამრავი გემრიელი კერძისა და სადღეგრძელოების თანხლებით მიმდინარეობს. ქეიფი “თამადის” ანუ სადღეგრძელოების ოსტატის მიერ წარიმართება, რომელიც წარმოთქვამს ფილოსოფიური შინაარსის მქონე სადღეგრძელოების მთელ სერიას თავისი ერის, წინაპრების, ქალებისა და ბავშვების, მეგობრობის, მშვიდობისა და სტუმრების სადიდებლად.


საქართველოს პეიზაჟი

ბუნება
საქართველოს უპირველეს მახასიათებელს მისი მთიანეთი წარმოადგენს. აქ, ლანდშაფტის მხრივ, მრავალფეროვანი, დიდებული ეროვნული ნაკრძალებიც გვხვდება. ლაგოდეხში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, უამრავი უნიკალური მცენარე ხარობს. სამხრეთ-აღმოსავლეთში, კერძოდ, ვაშლოვანში გადაშენების პირას მყოფი ანატოლიის ლეოპარდი და რამდენიმე სხვა იშვიათი ცხოველი სახლობს. კოლხეთის ეროვნულ პარკში, რომელიც სამი განცალკევებული ჭაობისაგან შედგება, ფრინველებზე დაკვირვების შესანიშნავი პირობებია. ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის შექმნა ჯერ კიდევ ცარიზმის პერიოდს უკავშირდება; იგი ტყეებით მდიდარი მცირე კავკასიონის მიჯნაზეა გადაშლილი. თუშეთი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და დაღესტანსა და ჩეჩნეთს ესაზღვრება. ეს კუთხე მაღალი, თოვლიანი უღელტეხილების გამო რვა თვის მანძილზე გადაკეტილია, მაგრამ დანარჩენი ოთხი თვის განმავლობაში მის პლატოებზე მწვანე ბალახი ბიბინებს, თვალწარმტაც სოფლებს კი დარაჯად ციხე-კოშკები უდგანან...

დასკვნითი დაკვირვებები
საქართველოს ისტორია ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან განხორციელებული შემოსევების მატიანეა. ამ შემოსევების ერთ–ერთი ძირითადი მიზეზი კი რეგიონის დიდი სავაჭრო მნიშვნელობა იყო. საქართველოში უამრავი, გამოკვეთილად თვითმყოფადი ეთნიკური ჯგუფი სახლობს და ისინი, როგორც ჩანს, მეტ-ნაკლებად, მუდმივი შფოთისა და დესტაბილიზაციის წყაროს წარმოადგენენ. რამდენადმე გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ქართველი ერი სუვერენიტეტის შენარჩუნებას, მაგრამ საქართველოს სწრაფვა, შეინარჩუნოს თვითმყოფადობა და ითანამშრომლოს სხვა ერებთან, მეტად უბიძგებს მას დასავლეთ ევროპისკენ და სულ უფრო აშორებს რუსეთს.


ბიბლიოგრაფიული წყაროები:

  1. ანთელავა, ილია. დუმბაძე, მამია. (რედ.), საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. IV. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1974.
  2. გურული, ვახტანგ. საქართველოს ისტორია, XX საუკუნე.თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2003.
  3. ყაუხჩიშვილი, სიმონ (რედ.), ქართლის ცხოვრება; ვახუშტი ბატონიშვილი: აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ტ. IV. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1973.

[ წინ ]