
დავით ჭავჭავაძე (1818-1884)

დავით ჭავჭავაძე
შესავალი
დავით ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ერთადერთი ვაჟი, მამამისის ფართო თვალსაწიერის, სიბრძნისა და სტილის განსახიერება იყო. მისი ცხოვრება საქართველოს ისტორიაში უდიდესი დრამატიზმითა და,
ამავდროულად, ტრიუმფით არის აღბეჭდილი.
სამხედრო კარიერა
დავით ჭავჭავაძე თავის დებზე, ნინოსა და ეკატერინეზე უმცროსი, მაგრამ თავის და სოფიოზე უფროსი იყო. მამის სიკვდილის შემდეგ იგი წინანდლის მამულის მემკვიდრე გახდა. ალექსანდრეს მსგავსად, დავითმაც იმთავითვე რუსეთის არმიაში სამხედრო კარიერა აირჩია. სამხედრო განათლება დავითმა სანკტ-პეტერბურგის
პრაპორშჩიკთა სკოლაში მიიღო. მისი სამხედრო კარიერის ნიშანსვეტები ქვემორე ჩამონათვალშია წარმოდგენილი:
- 1834 წელს ულანთა პოლკის არაუფლებამოსილი ოფიცერი გახდა.
- 1839 წელს 21 წლის ასაკში ოფიცრობა მიიღო.
- 1839 წელს, როგორც მედროშე ოფიცერი, კავკასიელთა უშიშარ კორპუსთან ერთად ექსპედიციაში გააგზავნეს, რათა ლეკების (ჩრდილო კავკასიის მუსულმანური ტომების) წინააღმდეგ კამპანიაში მიეღო მონაწილეობა; მოგვიანებით ამ კამპანიაში მიღწეული წარმატებებისათვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
- 1840 წელს იგი ნიჟგოროდის ქვეითთა პოლკში გადაიყვანეს. ამავდროულად, პსკოვის კირასირთა პოლკში მსახურობდა; იმავე წელს კავკასიაში გააგზავნეს, სადაც გენერალ-მაიორ ნ. რაევსკის დივიზიაში ჩაირიცხა.
- 1843 წელს დაღესტნელი იმამ-შამილის (ლეკი პარტიზანების საველე მეთაური) წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
- 1844 წელს შტაბს-კაპიტნად დაინიშნა; 1847 წლის 3 ოქტომბერს კავკასიის მთავარსარდლისა და მეფისნაცვალის, მ. ს. ვორონცოვის, ადიუტანტი გახდა.
- 1849 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
- 1851 წელს პირად მცველთა გრენადერების პოლკში გადაიყვანეს.
- 1854 წელს კავალერიის ლეიტენანტ-პოლკოვნიკი გახდა.
- 1854 წელს, ყირიმის ომის (1853-1856) დროს, მიუძღვოდა სამხედრო ძალებს, რომლებსაც კავკასიის კლდოვან მთებში შამილის რაზმებზე მიჰქონდათ იერიში. შამილის შემოსევების დროს გამოჩენილი გმირობისათვის პოლკოვნიკ–ადიუტანტის ტიტული და წმინდა ანას II ხარისხის ორდენი მიენიჭა.
- 1855 წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგა; მას 12–წლიანი პენსია დაენიშნა და გამორჩეული სამსახურისათვის უამრავი ჯილდო გადაეცა.
ტყვეობა
სწორედ ყირიმის ომის დროს იყო, რომ დავითის სამხედრო საქმიანობა მის ოჯახურ ცხოვრებას დარმატულად გადაენასკვა. 1854 წლის 4 ივლისს შამილის შენაერთებმა იერიში მიიტანეს ჭავჭავაძეების დიდებულ სასახლეზე წინანდალში; დაანგრიეს სახლი და მიმდებარე ტერიტორია ნაცარტუტად აქციეს. შამილის რაზმებმა გაძარცვეს დავითის ქონება და მისი მეუღლე და შვილები ტყვედ აიყვანეს. მათ აგრეთვე დაატყვევეს ელენე ორბელიანი, დავითის ცოლისდა, და მისი ვაჟი, რომლებიც იმხანად ჭავჭავაძეებს სტუმრობდნენ; მათ რამდენიმე მსახურიც მიაყოლეს. თავდასხმის დროს დავითის უმცროსი შვილი, თორმეტი თვის ლიდია მოკლეს.
ტყვეების სანაცვლოდ შამილი მოითხოვდა, რომ გაეთავისუფლებინათ და დაებრუნებინათ მისი უფროსი ვაჟი, ჯამალ ედ–დინი, რომელიც რუსებმა 1839 წელს ექვსი წლის ასაკში მძევლად აიყვანეს. იმ დროისათვის იგი უკვე ოც წელს მიღწეული ახალგაზრდა იყო და რუსეთის არმიაში ლეიტენანტად მსახურობდა. ჯამალ ედ-დინი სანკტ-პეტერბურგში აღიზარდა და მისი ოჯახისა და ისლამის მიმართ საკმაოდ გაუცხოებულად გრძნობდა თავს. შამილმა გათვალა, რომ ტყვეების აყვანის ეს სასოწარკვეთილი აქცია შვილის დაბრუნებაში დაეხმარებოდა, რადგან დავით ჭავჭავაძე რუსეთის არმიის დამსახურებული ოფიცერი იყო და ჭავჭავაძეებს რუსეთის მთავრობასთან შესანიშნავი დამოკიდებულება ჰქონდათ. ამიტომ დავითის ოჯახი სავაჭროდ შესანიშნავ "საქონელს" წარმოადგენდა.
ამ ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. მოლაპარაკებებმა, ორივე მხარის წარგზავნილებს შორის, თითქმის ცხრა თვეს გასტანა. უნუგეშო დავითი შამილს წერილებით უკავშირდებოდა და ოჯახის განთავისუფლებას ევედრებოდა. იგი პირადად ეახლა რუსეთის ხელმწიფეს და შუამავლობა სთხოვა. საბოლოოდ, ნიკოლოზ I ჯამალ ედ-დინისა და სხვა 16 მთიელი ტყვის განთავისუფლებას დათანხმდა; მან აგრეთვე უზრუნველყო გამოსასყიდი 35.000 ვერცხლისა და 5.000 ოქროს ფულის ოდენობით. ტყვეების გაცვლა დავით ჭავჭავაძის თანდასწრებით 1855 წლის 10 მარტს მდინარე მიჩიკის მიმდებარე მინდორში შედგა. ცოტა ხნის შემდეგ, დავითი სამხედრო სამსახურიდან გადადგა.
სამსახურიდან გადადგომა და სიკვდილი
სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ დავითმა ოჯახური საქმეების მართვა და საგვარეულო ტრადიციების გაგრძელება გადაწყვიტა. მეუღლესთან, ერეკლე II-ის შვილიშვილთან, ანა ბაგრატიონთან (1822-1905) ერთად ცხრა შვილი შეეძინა – ექვსი ქალიშვილი (სალომე, მარიამი, თამარი, ელენე, ანასტასია და ნინო) და სამი ვაჟი (ალექსანდრე, ილია და არჩილი). ანა ერთგული ცოლი და დედა აღმოჩნდა და საქმესაც
კარგად უძღვებოდა. 1867 წელს მან თელავში პირველი ქალთა სკოლა დააარსა, ხოლო ორ წელიწადში მსგავსი სკოლა წინანდალშიც გახსნა.
მამამისის, ალექსანდრეს მსგავსად დავითი ბანკებიდან სესხს იღებდა, რათა ოჯახური მეურნეობა დაეფინანსებინა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბიზნესში, თავისი საქმიანობის მასშტაბებით, იგი მამას ვერც კი შეედრებოდა. მან უთვალავი ვალი დაიდო და ამ ვალების გადახდას დაუყოვნებლივ სთხოვდნენ. ამის შედეგი იყო, რომ, საბოლოოდ, დავითის პირადი ქონების მართვაში რუსეთის მონარქია ჩაერია: წინანდლის მამულის ძირითადი ნაწილი რუსეთის მთავრობას გადაეცა, ხოლო ჭავჭავაძეების საგვარეულო მიწები გაიყიდა.
დავით ჭავჭავაძე 1884 წელს გარდაიცვალა. იგი საქართველოში, კახეთში, შუამთის დედათა მონასტერშია დაკრძალული.
ბიბლიოგრაფიული წყაროები:
- ნაცარაშვილი, ოთარ. კახეთის გამოჩენილი ადამიანები თბილისი: მერანი, 2001.
- ჩიქოვანი, იური.თავადი ჭავჭავაძეები. თბილისი: არტანუჯი, 2002.
- ხელნაწერი #17401_6 დავით ჭავჭაძის ბიოგრაფია. საქართველოს ეროვნული ლიტერატურის მუზეუმი; თბილისი: საქართველო.
- Дюмин, Станислав и Чиковани, Юрий, ред. Дворянские роды Российской Империи. т. 6. Москва: Ликоминвест. 1998.
[ წინ ]