
სალომე ორბელიანი (1795-1847)

სალომე ორბელიანი
ბიოგრაფიული ინფორმაცია ალქსანდრე ჭავჭავაძის ნიჭიერი მეუღლის, სალომე ორბელიანის შესახებ საკმაოდ მწირია. იგი 1795 წელს დიდგვაროვანთა ოჯახში დაიბადა. 1812 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძეს გაჰყვა ცოლად და მათ ოთხი შვილი შეეძინათ – სამი ქალი (ნინო, ეკატერინე და სოფიო) და ერთი ვაჟი (დავითი).
თვითონაც და მისი ორივე ქალიშვილიც სხვებზე უანგაროდ მზრუნველი ადამიანების რეპუტაციით სარგებლობდნენ. ქმართან შეთანხმებით იგი შემოწირულობების სახით გასცემდა ნივთებს, ფულს, დროსა და საკუთარ ენერგიას, რათა სხვებისათვის ცხოვრება შეემსუბუქებინა. ეხმარებოდა უამრავ პროექტს, რაც მის ოჯახს ჰუმანისტური იდეალების მხარდამჭერებად წარმოაჩენდა.
სალომე ორბელიანი გულუხვი მასპინძლობითაც იყო განთქმული. როგორც თავისი დროისათვის ფრიად განათლებული ქალბატონი: სალონებს აწყობდა თბილისში, ოჯახის საცხოვრებელ სახლსა და წინანდლის მამულში, სადაც მსჯელობდნენ სოციალურ, პოლიტიკურ, ლიტერატურულ საკითხებზე და ხელოვნების, მუსიკისა და ბიზნესის პრობლემებსაც განიხილავდნენ. მისი თანამედროვეები სალომეს იცნობდნენ, როგორც მომხიბლავ ქალს, რომელიც რამდენიმე პოეტისათვის შთაგონების წყაროდ გადაიქცა და მას ლექსებსაც უძღვნიდნენ. მის კვალდაკვალ, მისმა ქალიშვილებმა, სტუმრების მიღებისა და გართობის გამორჩეული ნიჭის წყალობით, აგრეთვე დიდი პოპულარობა მოიხვეჭეს.
მისი ერთგულება ქმრისა და შვილების წინაშე იმაშიც გამოიხატა, რომ მან 1846 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, დიდი ძალისხმევა მოახმარა ქმრის კუთვნილი საარქივო მასალების შეგროვებასა და შენახვას. ამ მასალებში პირადი მიმოწერის გარდა,თავმოყრილი იყო ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერები. სამწუხაროდ, ამ მასალის უდიდესი ნაწილი 1854 წელს წინანდლის მამულზე შამილის თავდასხმის შედეგად განადგურდა, რომლის დროსაც ბატონიშვილი ანა ჭავჭავაძე, მისი და, ბატონიშვილი ელენე ორბელიანი, მათი შვილები და მსახურები გაიტაცეს.
სალომე ორბელიანი მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდგომ, 1847 წელს, აღესრულა. იგი თბილისში, მთაწმინდაზე, მამადავითის ეკლესიაშია დაკრძალული.
ბიბლიოგრაფიული წყაროები:
- ბოგველიშვილი, გიორგი. წინანდალი. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967.
- გრიშაშვილი, იოსებ. ლიტერატურული ნარკვევები. ტ. IV. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1964.
- ენიკოპოლოვი, ივანე. ახალი მასალები ალ. ჭავჭავაძის ბიოგრაფიისთვის. ჟურნ.: მნათობი, 6-7, თბილისი, 1933.
- მეუნარგია, იონა. ალექსანდრე ჭავჭავაძე: ბიოგრაფიული მონაცემები. თბილისი: ჟურნ.: მნათობი, 1937.
[ წინ ]