ილია ჭავჭავაძე: ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



დამხმარე მასალა:

 

ზაზა ფირალიშვილი:  ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნება 

გია არგანაშვილი:  ორი პოეტი – ორი განდეგილი

მარინა ტურავა: სიკვდილის ქრონოტოპი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში

ლევან ბრეგაძე:: ილიას ბედისწერა

აკაკი ბაქრაძე გზა ხსნისა


         
  როცა გაგვახსენდება კაზლოვი და მისი პოეზია, თუკი არის პოეზია მის დაძალებულ ცრემლიან ლექსებში, როცა გაგვახსენდება, მაშინვე ენაზედ მოგვადგებიან ჩვენ სასიქადულო რუთაველის სიტყვები, მხოლოდ ჩვენებურად კი დავიწყობთ ხოლმე:

„კაზლოვის ლექსი ცოტაა ნაწილი მოშაირეთა,
არ ძალუძთ სრულ ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა,
ვამსგავსე შვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა
და დიდსა ვერ მოჰკლენ, ხელად აქვს

ხოცვა ნადირთა მცირედთა“.

ეს ლექსები თუ არ ამაღლებენ კაზლოვს, სრულიად არ ამცირებენ: კაზლოვის ნიჭი სწორეთ იმ ყრმა მონადირების შვილდია, რომელიც ტოროლის და ჩიტის მეტს ვერას განჰგმირავს, თუმცა ზოგიერთნი რუსნი ჰხედვენ კაზლოვში რაღაც პატარა ტალანტსა, მაგრამ ჩვენ სრულიად არაფერს არა ვხედავთ, და თუ ვხედავთ, პატარასკი არა, ძალიან უპატარესსა, ბეწვის ოდენას, ისიც იმისათვის, რომ ორიოდე ლექსი აქვს, მართლა და ცოტა სიამოვნებით წასაკითხავნი და გრძნობით გამთბარნი. აი ის ლექსები, რომელნიც ჩვენ საუკეთესოდ მიგვაჩნია: «вечернiй звонъ» რომელიც ერთ დროს დიდ პატივში იყო, ასე რომ ყოველს რუსის ცოტაოდენ განათლებულს ხალხში მღეროდნენ ხოლმე: «На погребенiе Англiйскаго Генерала Сира Джона Мура» ესეც თავისი არ არის, ნათარგმნია; მაგრამ კარგი თარგმანიც სასარგებლოა; «Романъ Дездемоны» შექსპირიდგან თარგმნილია. ამით გარდა იქნება ორი, თუ სამი ლექსი კიდევ გვაჩვენოთ მთელ კაზლოვის თხზულებაში სასიამოვნონი, თორემ დანარჩენ ლექსებში სუყველგან თითქმის დაძალებული. ე.ი. ძალად მოყვანილი გრძნობაა, ძალად მოყავნილი ცრემლი სასაცილოა, საზიზღარი და არა სამწუხარო დასანახავად.-

კაზლოვი იყო კარამზინის სხოლის მწერალი. არამცთუ მარტო თავის ლექსებს კაზლოვმა შეჰყარა ჭირი იმ წირპლიან სხოლისა, არამედ სხვა და სხვა პოეტებსაც, რომელთაცა ჰსთარგმნიდა და რომელთაცა სულ არ ჰსცვიოდათ ძალად გაჭიმული პაწაწინა გრძნობის უმარილო ცრემლი კარაზმინისავით მიიღეთ შრომა გადაშალეთ კაზლოვის გაბერილი წიგნი და ყურადღებით განიხილეთ ლექსები ანდრე შენისეი, ფრანციის პოეტისა, ძლივსღა იცნობთ კაზლოვის ლექსებში იმ შენიეს, რომელმაც წარსულ საუკუნეში თითქმის პირველად დაანახა ფრანციას, და მისგამო ევროპიასაც ჭეშმარიტი, ნამდვილი პლასტიკა საბერძნეთის მშვენიერებისა, და ამით, თუ არ დასცა ზარი, შეარყია მაინც თვის საფუძველში ცრუ კლასიკური მიმართულება ფრანციის ლიტერატურისა. კაზლოვის თარგმანში ისე ცხადად არ ისმის ის ნაზი და წრფელი სიტკბოება მშვენიერებისა, ის უმანკო, უცოდვილო და ნამდვილი ბგერა გულისა. ის ქროლა პოეზიისა, რომლითაც ანდრე შენიე ჯადოსავით მოჰხიბლავს ხოლმე კაცსა. მაგრამ ანდრე შენიეს ლექსები კაზლოვის თარგმნაში ისე ბევრნი არ არიან და არც ისე უფერულნი, როგორც სახელოვანი მიცკევიჩის „ყირიმის სონეტები“ ეგ სონეტები, ეგ უკეთესნი ყვავილნი პოეზიისანი რარიგ უსულდგმულო, უსურნელო ყვავილებად შეიცვალნენ კაზლოვის თარგმანში! არამცთუ კაზლოვმა შეარჩინა მიცკევიჩის სონეტებს ფორმა სონეტისა, არამედ არ შეარჩინა თითქმის არც ის მშვენიერნი სურათნი, რომელშიაც ისე ნათლად გამოეხატვნენ წუთის გრძნობანი იმ სახელოვან პოლშელ პოეტს. დასარწმუნებლად, შეადარეთ თარგმანი კაზლოვისა უფალ ლუგოვსკის იმავ სონეტების თარგმანთანა, რომელიც გამოიცა ოდესაში 1859 წელსა, როგორც გვახსოვს, თუმც არც უ. ლუგოვსკის თარგმანია ძალიან მოსაწონი და საქებელი, მაგრამ მაინც ეს უფრო განუზომელად უკეთესია კაზლოვის თარგმანზედა. ამათ გარდა სხვა ბევრი პოეტები, ალაგ ალაგ გარდმოთარგმნილი ჰყავს და სხვათა შორის ლორდი ბაირონიცა. ბაირონი უთარგმნია კაზლოვს ნაწყვეტ ნაწყვეტად და ერთი მთელი პოემაც ამისი, წოდებული «Абидосская Невеста»მაგრამ სად არის კაზლოვის თარგმანში ის მეხი-სიტყვა, ის საკვირველი ძლიერი სული ბაირონის გენიისა!

ბაირონმა ბევრი ტალანტები გაიტაცა; არა პოეტს თითქმის არ დაუბადნია მბაძვანი იმოდენა, რამოდენაც დაჰბადა ბაირონმა ევროპიაში და ნამეტნავად რუსეთში თუმცაკი სატანის სხოლის თავადად უხმობდნენ თანამედროვენი ბაირონისა. რასაკვირველია, მისი მბაძავნი, ზოგნი სულ უნიჭონი იყვნენ, ზოგნიკი კარგა დიდ ტალანტებისანი, რომელთათანაც კაზლოვი ბუზათ გამოჩნდება. თითონ პუშკინიც მთელ თავის გენიით ვერ გადურჩა ემაგ ჭირსა; მთელი ერთი პერიოდი პუშკინის წერისა „კავკაზიის ტყვიდგან“ დაწყობილი „ევგენი ონეგინამდინ, და თვით „ევგენი ონეგინიც“ თითქმის იყო ბაირონის გავლენის ქვეშა. ლერმონტოვიც ჰბაძავდა ბაირონსა; მთელ მის პოემას ეტყობა, როგორც ზემოხსენებულს პერიოდს პუშკინისას, ბეჭედი მომხიბლავ ბაირონის გენიისა, თუმცაკი ლერმონტოვი, როგრც მბაძავი ბაირონისა, მაღლა დგას თვით პუშკინზედაც. აი ეს უპირატესნი ვარსკვლავები რუსის ლიტერატურისა და ამით გარდა რამდენი სხვა პაწაწკინტელა პოეტები იყვნენ ბაირონის გავლენის ქვეშა!... ეს საზოგადო ჭირი იმ დროებისა ჩვენ კაზლოვსაც შეეყარა. მართლა და კაზლოვი არა დროს არა ყოფილა თავისუფალი მწერალი, ის არამცთუ იყო მარტო ბაირონის გავლენის ქვეშა, არამედ ბრმათა ჰბაძავდა ასე, რომ თავის საკუთარს ლექსებში ბაირონის თითქმის სიტყვებს სურათებსა ჰხმარობდა. გაშინჯეთ, მაგალითად მეცხრე გვერდი კაზლოვისა «Чернецъ-ისა» ჩაიკითხეთ ცამეტი სტრიქონი და შეადარეთ ბაირონის „მანფრედის“ სიტყვებთანა, როცა იგი ელაპარაკება წყლის ფეიასა, როგორც «Чернецъ» ისე ეს ორივ პოემა კაზლოვისა ბაირონის გავლენისანი არიან; ამ პოემაზედ ეტყობათ რომ კაზლოვი ცდილა ბაირონის გმირებისავით რაღაცის გამოხატვასა, მაგრამ სად შეეძლო კაზლოვის პაწაწა ნიჭსა შთაებერნა კაზლოვის გმირებისათვის ის მორჭმული, მოუდრეკელი სული ბაირონის ხასიათებისა! განა მარტო სიბნელე მოთხრობისა, მწუხარება, წყევლა და აი! უი! ოხ! უხ! და ამაზედ უფრო უძლიერესნი შორისდებულნი შეჰქმნიან ბაირონსა? ბაირონის გმირები კაზლოვის ბერისავით არ კნავიან და ჩივიან, რათა ნუგეში სცეს ვინმე; ისინი ისეთ აგებულებისანი არიან, რომ თავის ტანჯვების წვაში, ეჭვის ღრღვნაში, თავის სულის წყურვილში ჰხედავენ უკვდავების ღირსს ცხოვრებასა, ისინი არ შეეკედლებიან მონასტრის კედლებსა მოსასმენებლად, იმათ სულ მოძრაობა უნდათ, ისინი არ მირბიან გულის გაუთავებელ წყლულთა მოსარჩენად კაცთან, არამედ თვითთანვე გულის სიღრმეში და სულის უკვდავებაში ეძებენ სასოწარკვეთილების წამალსა. ბაირონის ნაცვლად, რომელსაცა ცრემლის მაგიერ მდუღარე ტყვია ჰსცვივა თვალთაგან და კალმის მაგიერ ხელთ ეპყრა მეხი, იმ ბაირონის ნაცვლად კაზლოვი შეიქმნა ერთ კარაზმინის სხოლის მტირალ და ღრეჭია აშუღათა. მაგრამ ესკი უნდა ვსთქვათ, რომ ერთს დროს კაზლოვი მიიზიდავდა რუსებსა. მისმა чернецъ-მა დაუგდო ხმა შუათანა მწერლისა რუსეთში; ეგ საზოგადოების მიღება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მწერალი ტალანტიანია; აი, მაგალითად, ჩვენში, ქართველებში დიდი მწერლის ხმა აქვს დაგდებული ჩახრუხაძესა, მაგრამ არამც თუ დიდი, პატარაც, არა ბძანდება ის კურთხეული. მისი თამარის ქება მთელ მოთხრობის ოდენაა, ზედ შესრულით დაიწყობა და თითქმის ზედ-შესრულით თავდება. რა ვაი ვაგლახით და კისრის მტვრევით მოგოგამს დავარდნილ ცხენსავით მძიმე ლექსები!... არც აზრი, არც სურათი, არც მშვენიერება, არც ჭკუა, არც გული, არაფრისთანა არაფერი, გარდა ზედ-შესრულების რახა-რუხისა! აბა ეხლა ნახეთ, რა სახელი აქვს ჩვენში! სადა რუსთაველს, მაგ თითქმის გენიასა ახსენებენ, იქ, გინდათ თუ არა, წამოაკუნკულებენ ჩახრუხაძესაც, რომელსაც გვგონია, ფიქრითაც არა ჰქონია ამისთანა დიდების იმედი. ეგ რად გინდათ, აიღეთ რუსეთში ხერასკოვი, სუმაროკოვი და სხვა მათებრ გაბერილები თავიდან ფეხებამდინ უნიჭობითა, რამდენ მკითხველსა და ტაშის მკვრელსა შოულობდნენ გაუნათლებელ რუსეთშია ! ეხლა რად უნდა გვიკვირდეს, რომ კაზლოვსაცა ერთ დროს ჰყავდა მკითხველიც და მაქებარიც, ამას კაცური სიტყვა მაინც ჰქონდა, რო სხვა არაფერი იყოს. ჩვენ გვინდა ამით ვსთქვათ, რო მაშნ რუსეთის საზოგადოება არ იყო ისე ესტეტიკურად გახსნილი და განვითარებული, როგორც პუშკინის შემდეგ და ნამეტნავად ეხლა; იმათთვის ძალიან საკმაყოფილონი იყვნენ ის სენტიმენტალური, ყალბი-გრძნობიანი, მტირალა და წირპლიანი მწერლები, რომელბის თავი და თავი, პირველი ბაირახტარი იყო სახელოვანი კარამზინი. ამის „უბედურ ლიზას“, რომელიც გადმოთარგმნილიყო ქართულზედ და დაბეჭდილი ჩვენ „ცისკარში“, კითხულობდნენ თვით პუშკინის დროსაც, თუმცა ეხლა კარგ რუსსა სატანჯავად მიაჩნია მისი წაკითხვა. სწორედ ამისთან მხვედრი ჰქონდათ კაზლოვის პოემებსაც, თუმცა ესენი მაღლა დგანან კარამზინის „უბედურ ლიზაზედ“. კაზლოვის მოსათმენი ესნა, შუათანა, შეუკვეცავი რითმა, ზოგო ერთგან გრძნობიანი სიტყვა და უფრო ის ბნელი და მწუხარე საგანი მის «чернецъ»-ისა არ იყვნენ უკანასკნელნი მიზეზნი, რომ მაშინ რუსები მაგ პოემებს კითხულობდნენ. კაზლოვის „შეშლილის“ ქება კი ჩვენ არსად შეგვიტყვია, და თუ უქია ვისმეს, უთუოთ კაზლოვის თხზულების გამომცემს უქია. იმ გამომცემს, რასაკვირველია, სხვა შაგნიტიკური, მისატევებელი მიზეზი ექნებოდა ქებისა, რადგანც მარტივნი ამა ქვეყნისანი მალე დაიტაცებდნენ გამოცემულ წიგნსა და მით გაახარებდნენ გამოცემის მგლოვიარე ჯიბესა. ამას გარდა, ჩვენ ვფიქრობთ კიდეც, რომ სწორეთ იმ გამოცემის სიტყვებს უმოქმედნია, რომ თ. რევაზ შალვას ძეს ერისთავს აუღია ეგ უშვერი და გამოუსადეგი პოემა ქართულს ენაზედ გადმოსაღებელად, თორემ თქვენვე გაშინჯეთ, ჩვენო; რა საჭიროა ეხლა ან ჩვენ ლიტერატურისათვის ან ხალხისათვის სენტიმენტალურ სხოლის მწერლების გაცნობა? რამდენიმე წლის წინათ უ. სარდიონ ალექსი-მესხიშვილმა გადმოთარგმანა სენტიმენტალურ სხოლის მწერალი მარმონტელი და ეხლა იმავე სხოლის მწერალი კაზლოვი გადუთარგმნია თავად ერისთავს. იქნება ფიქრობენ, რომ ჩვენი ლიტერატურა არ აღზდგება, თუ არ განიმეორა თავის განვითარებაში წარსულ დროთა სიცრუე და ცთომილება, თუ ამას ფიქრობენ, მაშ ისტორიას აღარა აქვს თავისი დიდი მნიშვნელობა. ისტორია იმითია დიდი, რომ გვავჩვენებს ჩვენ წინაპართა ცთომილებას, მასთანავე გვასწავლის ჭკვასა, როგორ უნდა მოვიქცეთ. წინა კაცსა უკან მომდევარი იმისთვის უყურებს, რომ, ვინიცობაა, წინამ ფეხი წამოჰკრას და ყირაზე გადაიაროს, უკანამ ნახოს და იმ გზას შორს მოუაროს. მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ. რაც მამ პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო, - ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის, თუ მაგას მოვყევით, ჩვენც ჩინებსავით შევზდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავზდგამთ.-

მართლა და რასაკვირველია! თუ კაცს რუსულიდგან თარგმანა უნდა რისამე, პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი როგორ უნდა დაავიწყდეს და მივარდეს წირპლიანს კაზლოვსა, მერე ნეტავმ იმის ცუდ პოემებში უცუდესი მაინც არ ამოირჩევა თავად ერისთავს, ეს „შეშლილი“ მართლა რომ შეშლილი რა სათარგმნელია? მაგრამ ერთის მრხით თავად ერისთავს კარგი უნებებია, რომ ღონის გასაშინჯავათ და გამოსაცდელათ კაზლოვი ამოურჩევია. ეხლა თვითვე, გვგონია დარწმუნდნენ, რომ არამცთუ პუშკინის და ლერმონტოვის თარგმანა შეეძლოს, არამედ კაზლოვსაცა და სხვათა უფრო მდარეთა რითმების მბეჭდველთა პოეტთა, რომელნიც რუსეთში ქვიშაზედ უმრავლესნი არიან. დიახ, ძალიან კარგათ მოქცეულა თავადი ერისთავი, რომ პუშკინის და ლერმონტოვისათვის ხელი არ უხლია, თორემ ამათი ქმნულებაც, ისე წაეხდინა, როგორც წაუხდენია კაზლოვის „შეშლილი“ სწორეთ ღვთის გმობა იქნებოდა.

ეხლა მოვუბრუნდეთ და მოკლედ განვიხილოთ თვითან კაზალოვის პოემა „შეშლილი“ რა წითელი კოჭი ბრძანდება რუსულს ენაზედ, მერე ვახსენოთ ღმერთი და შეუდგეთ თარგმნას; მაგრამ, ჩვენო, ჩვენ სტატიაში ნუ ელოდებით ესტეტიკურ კრიტიკასა; ვინ ჩვენ და ვინ ესტეტიკური კრიტიკა! ჩვენ ერთი უბრალო სიკვდილის შვილი ვართ, სად შეგვიძლიან? და თუნდ დიდი, დიდი ბობოლაც რომ ვიყოთ და შეგვეძლოს, ამ შეშლილში მცირედი საზდოც არ არის ესტეტიკურ კრიტიკისათვის. ეგ პოემა არის ჩვენ „ეო მეოსავით“ რაღაცა, უბრალოდ აღსრულებული, რაღაც ბნელი სუჟეტი. აქ ისმის რაღაც უიმედო სიყვარულის ტანჯვა, რაღაც უგემური ჩივილი, კვნესა და ოხვრა რუსის გოგოსი, როგორც კაზლოვი ანბობს. ტანჯვა და რაღაც ჩივილის მზგავსად კნავილი არც ტანჯვასა ჰგავს, არც ჩივილსა; აქ არ ისმის ის გულის განგმირავი კვნესა მოტყუებულ გულისა, აქ არა ჩანს ის უნებური სიუგუნურე მარტივ სოფლის გოგოს სიყვარულისა, რომლის მუხთლობამაც შეშალა ჭკვიდამ იგი. მერე რა მოგახსენოთ!... ის გოგო რუსის მუჟიკისა, რომ სრულიად შეშლილი არ არი, თუმცა კაზლოვი გვეფიცება, რომ შეშლილიაო; ძალიან კარგ გონებაზედ გახლავსთ, კარგად ლაპარაკობს, კარგათა ჰსჯის, მართალია, ლაპარაკში თავლები ერევა და სახე ეშლება, მაგრამ განა მარტო თვალების და სახის ამღვრევაში სჩანს ადამიანის შეშლილობა ჭკვიდამა? აბა შექსპირის ოფელია აიღეთ, ან კოროლი ლირი და გაშინჯეთ! იქ თუმცა შექსპირი არ ანბობს, რომ ჭკვიდამ შეშლილები არიანო, მაგრამ მიაყოლეთ გონება იმათ სიტყვებს და მაშინვე გაიგებთ შესაბრალებელს შეშლილ ადამიანის სულის მდგომარეობას, იქ წინასიტყვაობა საჭირო არა არის, რომ შეშლილიაო, საქმიდამა ჩანს ყველაფერი; სიტყვა არის პირ და პირი გამომთქმელი სულის მდგომარეობისა. აბა კაზლოვის პოემიდამ ამოფხიკეთ ზედშესრული „შეშლილი“ და მერე გაშინჯეთ სიტყვები შეშლილისა თუ ჭკვიანათ არ გეჩვენოთ. თუმცა შეშლილს ქვეშ აწერია წუსული მოთხრობაო, მაგრამ ამ მოთხრობაში მარტო ენა, ზარი, მარხილი და იემშჩიკი თუ არის რუსული, თორემ სხვა არაფერი. ქართველმა ბევრიც რომ იკითხოს, არამცთუ ეს საშინელი თარგმანი თავად ერისთავისა, არამედ ათი ათასჯერ უდიდესი, (მაინც იქნება არა გამოვიდესრა: ათი ათასჯერ არაფერი მაინც ქართველი ვერ გაიცნობს ფრჩხილის ოდენასაც რუსის სოფლის გოგოსა, იმიტომ რომ ეს შეშლილი გოგო, თუმცა კაზლოვი ანბობს რუსისაო, მაგრამ რუსის სარაფანიც არ აცვია ზედა; ეგ რაღაც ურუსო რუსია, კაზლოვის ფანტაზიის შვილი, და არა რუსის ცხოვრებისა. მაგას ვინ ჩივის, რომ პოემის გმირი არა არის რუსი, ერთი ბეწო დრამმატიზმი და ხელოვნება მაინც იყოს.

ეს გძელი შესავალი იმიტომ გაუკეთეთ ჩვენ სტატიასა, რომ თუ, ვინიცობაა, ცისკრის მკითხველი ბევრს რასმეს ელოდდა თავად ერისთავის შეშლილის თარგმანისაგან და ვერა ჰპოვა, მაგის მიზეზი თითონ კაზლოვი, იყო, მეორე იმისთვის, რომგვეცნობებინა ჩვენ მკითხველთათვის, რომ მთელი კაზლოვიც რომ გადმოეთარგმნა ვისმეს, არა თავად ერისთავსავით უხერხოდ, არამედ უფრო ბევრად უკეთესად მაინც არაფერი არ გამოვიდოდა; უსარგებლო შრომა იქნებოდა იმიტომ რომ, კაზლოვის ლექსები თვით რუსეთში ჩაჰბარდნენ პატრონს და ქართველებს რათ გვინდა?

ეხლა მიუბრუნდეთ თარგმანსა. თავად ერისთავის შეშლილის თარგმანი, როგორც ხელოვნება, არ შეიძება განიხილოს კაცმა, რადგანც თვით ნამდვილი უხელოვნოა. თუ სათავე მღვრივეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა. თუ ჩვენ გვკითხავს ვინმე, ჰგავს, თუ არა კაზლოვის შეშლილს თავად ერისთავის შეშლილი, ჩვენ მოიუგებთ, რომ სრულიად არა. კაზლოვის შეშლილი, რაც უნდა ცუდი იყოს, მაინც თუ კაცმა იკისრა იმისი გადმოთარგმნა, გულმოდგინედ და მზგავსად უნდა გადმოეთარგმნა და არა ისე უწყალოდ გაეფუჭებინა, როგორც თავად ერისთავს გაუფუჭებია. მისი ტარგმანი ასეთი რამ არის, რომ გამოუთქმელ სიცუდის მაგალითად, სახეში ჰქონდეთ მომავალს მწერლებს თარგმანი როგორც თარგმანი ხომ არ ვარგა, ენა უფრო უარგისი აქვს თავად ერისთავს. ჩვენ გულ დაჯერებით უწინასწარმეტყველებთ თავად ერისთავს, რომ დრო მოვა, როცა მის თარგმანის ლექსებითა დაჰსჯიან წარმართთა, როგორც დიდი ეკატერინეს დროს ტრეტიაკოვსკის ლექსებითა ჰსჯიდნენ. როცა ვკითხულობდით თარგმნილ შეშლილსა, სწორეთ უნდა მოგახსენოთ, ხან ეგრედ უენო ენად ვნახეთ ჩვენი საყვარელი ენა, ისე ენა, რომელზედაც დაიღიღინა ჩვენმა უკვდავმა რუსთაველმა თავისი უკვდავი „ვეფხვის ტყაოსანი“. ის ენა, რომელზედაც დაიგალობა თავისი ღვთიური სიმღერები თავად ალექსანდრე ჭავჭავაძემ, ის ენა, რომელზედაც თავად ნ. ბართაშვილმა, მაგ უდროოდ დამარხულმა ჩვენმა იმედმა ღარმონიულად და ნაღვლიანად დაიმღერა და ზეგარდამო შთაგონებული წვრილი ლექსები!... გვიკვირს, კაცმა როგორ უნდა გამოიმეტოს თავის დედმამის ენა ისე, როგორც თავად ერისთავს გამოუმეტნია! სწორედ უნდა მოგახსენოთ, ამისთანა წერაში არამცთუ იყოს ენის სიყვარული არამედ ენის სრული უპატიობა და სიძულილი. რომ არა გვყვანდნენ რუსთაველი, ალ. ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრ. ორბელიანი კიდევ ჰო, რომ გვყვანან რატომ არა ვსწავლობთ იმათ მშვენიერს ლექსებში მშვენიერს ენას? დაუდევნელები ვართ ქართველები და კიდეც ეგ მოგვიღებს ბოლოს, თუ ჩვენ საუბედუროდ არ გავსწორდებით როდისმე. არა არა, ღმერთმა დაგვიფაროს თავად ერისთავის თარგმანისავით თარგმანის წაკითხვასა, იმისტანა ცოდვა ძნელად ენქება კაცსა, რომ ეგ სასჯელი მისი შესაფერი იყოს, თუმცა უწინაც ცისკარში შეგხვედრია ქართულს სტატიაში რაღაც გარმონიული სიტყვები, მაგ. ზადაჩა, ოსტროვები, ლინიები, მაგრამ ეს სიტყვები ისე სასაცილონი იყვნენ თავის უშვერობითა, როგორც თვით მატემატიკური სტატია იყო სასაცილო ჟურნალში თავის განუზომელ ღრმა აზრითა. ჩვენ გვიკვირს უ. რედაკტორი როგორ ჰბეჭდავს შეშლილსავით და უფრო შეშლილ „ზადაჩებსავით“ გამოუსადეგ სტატიებასა? მაგრამ უ. კერესელიძე გასამტყუნარი არ არი; აბა ნუ დაჰბეჭდავს და ჰნახამს რამდენი ხელის მომწერი მოაკლდება გულ ნატკენ ვიღაც „მოზადაჩების“ მეცადინეობით. თუ ხელის მომწერი არ ეყოლება ჟურნალსა როგორ იცოცხლებს იგი? ეგრედ ჯოჯოხეთში არის ხომელმე ყოველი რედაკტორი, რომლის ჟურნალსაც საკუთარი კაპიტალი, ანუ თანხა არა აქვს. გინდა თუ არა, უნდა დამოკიდებული იყო იმ კაცებზედ, რომელნიც წინ დაუხედავად, უთავბოლოდ რაც მოხვდებათ და როგორც მოხვდებათ ჰბღაჯნიან, რადგანაც იმედი აქვსთ, რომ საბრალო ცისკარი მათგან ფულით დავალებული ნებით, თუ არა ნებით ალაგს მისცემს თავის ფურცლებში იმათ გამოუსადეგ სტატიასა, რად უნდა ვემდუროდეთ უ. რედაკტორს, რომ ჟურნალი არ უვარგა? აბა რა თანხები გაუმართეთ, რომ თავისუფლად ამოერჩია სტატიები და არ ჰშინებოდა წყენოსა, როცა იძულებულ იქნებოდა ჩაებარებინა უკანვე გამოსადეგ პატრონისათვის მისი გამოუსადეგი სტატია. კიდევ, მადლობა ღმერთს, რომ ცისკარი მაგ ყოფაშია, ორიოდე თავად ალ. ჭავჭავაძის, თავად ნ. ბარათაშვილის და გრ. ორბელიანის ლექსებთან მაინც გაგვაცნ, რომ სხვა არა იყოს რა. სხვა ახალი პროზაიკები და მოლექსები ზოგ ერთის გარდა, ღმერთმა შეინახოს. პუშკინისა არ იყოს, ამითი ცოდვები ისე მალე დაივიწყოს, როგორც იმათი ლექსები დაბეჭვდის უმალვე დაივიწყებიან ხოლმე. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ახალ რითმების მორახუნებლებს არავის ისეთი ენა არა ჰქონია, როგორც თავად ერისთავს აქვს; აი მაგალითებრ, ყველაზედ უმდარესი მწერალი უ. ბერიევი, რომელიც გუთნისდედას აძინებს ხოლმე და ანუგეშებს, რომ ძილზედ უკეთესი არა არის ქვეყანაშიო, ის კი არ აგონდება უ. ბერიევს, რომ სულ მაგ ტკბილმა მამაპაპურმა ძილმა დაგვღუპა ჩვენ, - აი. უ. ბერიევი, თუმც პოეზიაზედ უკაცრაოდ ბძანდება, მაგრამ ენა მაინც უვარგა, თუმცკი ესეც გამოაპარებს ამ გვარ კონსტრუქციას რითმის ტრფიალებისაგამო „ფეხი გავიქნიე ხელი“ ფეხი და ხელი გავიქნიეს მაგივრად მაგრამ, ერთი ალილო ღვდელსაც წასცდებაო, ნათქვამია. ჩვენ მთარგმნელის თავად ერისთავის ენაკი სწორეთ ნაღველას გაუხეთქამს კაცს; ძალიან მოთმინება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ, „შეშლილი“ თავიდამ ბოლომდი წაიკითხოს. ვისაც არ წაგიკითხავთ „შეშლილი“ ჩვენ, ვითარცა კაცთ-მოყვარენი, არ გირჩევთ წაკითხვასა: პირველი, რომ უწყალოდ დაიტანჯებით, მეორე, რომ ჩვენ გაგვამართლებთ და ეგ, იქნება, თავად ერისთავს ეწყინოს. - ასეთ ნაირად ჭრიჭინებენ თავად ერისთავის ლექსები, როგორც გაუსაპნავი საპალნის ურმის თვალები; ასეთ ჟრჟოლას დაგმართებთ რომ „ჟამი მოგივათ გაციებისა“ თავად რაფ. ერისთავისა არ იყოს: ნამეტნავად ნაზ აგებულების ქალს მოარიდეთ ეგ თარგმანი, თორემ ჭლექით ჩავარდება. როგორ მოგწონთ ეს რახარუხიანი ღარმონია ამ გაუგებარ ლექსებისა:

„დედავ ბუნებავ! მშვენიერებით
შენ ყველგან ხარ თავისუფლებით“
თუ გინდ რომ იყო საშიშროებით,
მაინცა ჰსუნთქავ ღვთაებრიობით!“

აქ ორ პირველი სტრიქონში სწორედ იმისთანა კონსტრუქციაა, როგორც ზემოხსენებულ მაგალითში „ხელი გავიქნიე ფეხი“ და სწორედ იმისთანაც აუარებელი სიღრმეა ცარიელობისა. თუნდ ეგ არ იყოს, სულ ერთად გაშინჯეთ, რა მწყობრი, ხმოვანი ბრახაბრუხია რითმებისა! სად ალ. ჭავჭავაძე და ნ. ბარათაშვილი და სად შეშლილის მთარგმნელი!

ანუ ეს:

„ესე ყოველი სახელოვნება;
არს საიდუმლო აღსაარება;
რომელსა ერთი ერთისა სულით
ყველასა მართავს ერთისა ძალით:
ამა ქვეყნისა მშვენიერებას
და აგრეთვეცა საშიშროებას-
ზღვათა და ცათა, ქვეყნიერებას

რომელსაც უწოდთ ერთსა ღვთაებას“ და სხვანი.

ამ რვა ღარმონიულ ლექსში რაღაც ღრმა აზრი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი სუსტი გონება ვერ მიწვდება და ვგონებთ, თვით უ. მთარგმნელსაც არ ესმის, აქ რა არის. თუნდ, რომ აზრიც იყოს, ამ გვარი გამოთქმა მისი, კაცს გულს გაუხეთქავს. აი უბრალო სიტყვების და რითმების რახარუხი! ამას იქით ვისაც არ უწერია ლექსი, თავად რ. ბარათაშვილისა არ იყოს, მართლა უნდა უხაროდეთ, რომ ლექსებს არა სწერენ, თორემ ამისთანა ორიოდე ლექსი, რომ წაჰსცდენოდა ვისმეს, აპოლონი, როგორც მარსიაზსა, ფეხებიდამ თავამდი ტყავს ააძრობდა და პირ და პირ ტრედიაკოვსკისთან გავხტუნებდა ფერხულში. აი კიდევ სამაგალითო განსახოვნება აზრისა:

„ეგრეთ ჩაფლული ოცნებაშია“ და სხვანი.

კაი ტლაპო ყოფილა თქვენმა მზემ! აბა, თქვენი ჭირიმე, ოცნება რა ტლაპოა, რომ ჩაფლობა შეიძლებოდეს! დანთქმული ეთქო, კიდევ ჰო, ტლაპო მაინც არ მოაგონდებოდა კაცსა და გაახსენდებოდა ან ზღვა, ანუ სხვა წყალი რამე, რომელზედაც მაინც კიდევ ათასჯერ ფაქიზია ოცნება.

„მეც დავინახე ცა, როგორც სისხლი,
ზღვებრივ ღელავდა, ღრუბლიდგან ცეცხლი,
თითქო ცა ღრუბლად გადაქცეული
დანთქმას გვიპირებს... და სხვანი.

აბა მოდი და ამ უთავბოლოდ აშენებულ სიტყვის ყორეში პოეზიის ვარდი მონახე! ჭინჭარიც არ არის, თორემ ვარდს ვინა ჩივის? „ღრუბლიდგან ცეცხლი“ პირველი, რომ ქართული ენა ბძანებს, რომ ღრუბლიდგან ცეცხლი უნდა იყოსო, მეორე გონება გვეუბნება, რომ თუ ქვემდებარეა, ზმნაც აქვს უნდა იყოსო. „ღელვიდა“ არის „ღრუბლიდგან ცეცხლის“ ზმნა, ნიშანი რაღად უზის განყოფისა? მაგრამ, თუ ნიშნებს გავყევით ჩვენ, ათასი სხვა შეცთომებია ნიშნის ხმარების შესახები. ვინ ამოსწერს სუყველასა?

„თოვლიან მინდორს, ახლორეს ტყესა,
ზედ დაჰნათოდენ ბნელსა ხევებსა,
ყუითუკის მსგავსად ჭირხლი ჰრტოებსა
გარე მორტყმოდა ფიჭვის ხეებსა“. და სხვ.

თუ აქ გაიგება რამე, ხელს მოვიჭრით! აქ რომ აზრის გაგება უნდოდეს კაცს, უნდა თავთავის ალაგს დასვას გადარეული რითმის გულისათვის სიტყვები. აი აქ როგორი სიტყვის მოწყობილობაა, ანუ კონსტრუქციაა: „ხელი გავიქნიე ფეხი“. იქნება ჩვენ შეშლილის მთარგმნელს ჰგონია, რომ „ხელი და ფეხი გავიქნიე“ და „ხელი გავიქნიე ფეხი“ ერთი და იგივე იყოს? არა, ერთნი არ არიან. ამ ორ მაგალითში, მართალია, ერთი და იგივე სიტყვებია, მაგრამ ის სიტყვები ერთგან თავის ალაგს არიან, მაგ. „ფესი და ხელი გავაქნიე“ და მეორეშიკი არა, იმისთვისაც „ფეხი და ხელი გავიქნიე“ მეც მესმის და თქვენც „ხელი გავიქნიე ფეხი“ არც თქვენ გესმით, არც მე.

„ჩემი ცხენები როგორც შეშლილნი“
და სხვანი.

ჭკვიდამ ხომ არა? ძალიან ახალი ანბავი იქნებოდა, მართლა დასაბეჭდი. სწორედ უნდა თქოს კაცმა, რომ ეს IV მუხლი, თუ თავი კაზლოვს ლამაზად აქვს გამოყვანილი, ასე, რომ მთელ კაზლოვის თხზულებაში ძნელად იპოვნით ამისთანას. აბა ეხლა გაშინჯეთ თავად ერისთავის თარგმანი რა საცოდაობაა! თუ კაზლოვი შეგძულდეთ ჩვენო, თავისი ბრალი ისე არ იქნება, როგორც მის უწყალო მთარგმნელისა. თუმცა კაზლოვი, მართალია, იმისთანა მწერალია, რომ არაფერი დაეწერა, რუსეთს იმითი არ დააკლდებოდარა და რადგანაც დაუწერია, იმითაც არ მოჰმატებიარა, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც შებრალება უნდოდა და არა ეგრეთ გაწირვა.

„ძველი საყდარი ვგონებ ფიცრისა
დგას, საფლავები გარემო მისსა
ძველ კარის ბჭეში კანდელი ბჟუტავს“
და სხვა

კიდევ ქვემდებარეა და ზმნა ოცნებაებში ჩაფლულა და ჩაჰბარებია პატრონსა: „საფლავები გარემოს მისსა“ უზმნოდ ბძანდება. არა, არა, ეგრედ წერას ვერ აიტანს კაცი, ასე ჰგონია კაცსა ახალი მოსწავლეს გარმიანელს უცხოვილებია კალამი ენის გასავარჯიშებლად და არა ჟურნალში დასაბეჭდავად. - უზმონოდ არა ენა, ფრინველის ენის მეტი, არ იხმარება და უფრო ჩვენი დალოცვილი ენა; რუსეთში ზოგიერთგან არსებითი ზმნა არ იხმარება, მაგრამ ქართული რუსუსლი ხომ არა არი? ქართულში ყოველთვის ზმნა უნდა, - ეგ მეორე კლასის მოწაფემაც იცის. „ძველ კარის ბჭეში კანდელი ბჟუტავს მის სიახლოვეს ვიღაცა სუნთქავს“... და სხ.

გესმით! მთარგმნელი ამა ოემისა, (თუნდ თვით დამწერი კაზლოვი, სულ ერთია), ზის მარხილში, ნაბადში შეხვეული და მიაქროლებს, „ზარი წკრიალებს“ „მარხილი ჭყრიალებს“ როგორც თავადი ერისთავი გვარწმუნებს; გზის იქიდამ მდინარის პირზედ ერთი ფიცრის საყდარია, იმ საყდრის ბჭეში კანდელია, იმ კანდლის ახლო ვიღაც სუნთქავს და ის სუნთქვა ესმის მარხილში მიმაქროლებელს, ნაბადში შეხვეულს „ზარის წკრიალში“ და „მარხილის ჭყრიალში“!! აგანგალა განგალა, გამოუცვნია! კაი ყურები არ უნდა ჰქონდეს იმ კაცს, რომელსაც ის სუნთქვა გააგებინა თავად ერისთავმა! გვიხარიან, ტელეგრაფები აღარ მოუნდება საქართველოს თუ მაგისთანა ყურების პატრონები ჰსცხოვრებენ, რომ ისე ლამაზად შორიდამ ესმით ვიღაცის სუნთქვა. გამოყვანეთ ის ბედნიერი კაცი, დააყენეთ მოედანზედ და დააგდებინეთ ყური ქვეყანაზედ რა ანბავია, ის მოედნიდამ ყველაფერს გაიგებს. მერე თითონ ის ვიოღაცა საშინელი მსუნთქავიც კარგი ცხრა თავიანი მდევი უნდა ყოფილიყო, რომ ისე ესუნთქა, რომ გზაზედ მიმაქროლებელს მარხილითა ზარის წკრიალში და მარხილის ჭყრიალში გაეგო. არა თავადო ერისთავო! ბევრიც რომ გვიფიცოთ, რო ეგ მართალია, მაინც არა გვგონია, მაგის დამტკიცება მოინდომოთ. ეს უშესაბამო შეუძლებელი სინთქვის გაგება კაზლოვისა ნუ გგონიათ, ჩვენო, ეგ თავად ერისთავის მოგონილი გახლავსთ პოემის გასამშვენიერებლად. კარგად უხერხნია! თავად ერისთავს უხმარია ეს უშესაბამობა იმისთვის, რომ სიტყვაზედ „ბჟუტავს“ რითმა ვერ მოუწყვია, ამის და გამო გაუფიქრია.„მოდი მიუწერ „ვიღაცა სუნთქვას“, რითმა ხომ გამოვა, უაზრო იქნება, აზრიანი, ღვთის მადლით, მოდავე არავინ მეყოლება; არავის არა ჰყოლია და მე რა ღმერთი გამიწყრება ჩვენკი მოულოდნელად გამოგიჩნდით, თავადო. ერისთავო!

„თეთრი მკერდი, ბუნებით ქმნული“

ესრე ნაწყვეტ ნაწყვეტ რომ ვიღებთ ლექსებს თავად ერისთავისას ნუ გეგონოთ, რომ ძალათა ვშვრებოდეთ, რათა დაუკარგოთ აზრი, არა ამოწერა გვეზარება. თქვენვე შიგ ჩართვით წაიკითხეთ და მაშინ უფრო უაზროდ გეჩვენება ეგ ლექსები.

„ბუნებითი ქმნული“ რომ არ დაემატნა უ. მთარგმნელსა, პირველი, რომ რითმა არ გამოვიდოდა, მეორე, რომ მკითხველი იფიქრებდა, არა, ბუნებითი ქმნული მკერდიც პირველზედ თუ გაგიფიქრიათ, მართალი ხართ, უ. მთარგმნელო, მეორეზედკი უკაცრაოთ არ ვიყოთ, შემცდარხართ. მაგას არავინ არ იფიქრებდა. - აი რითმის გულისათვის ორი სიტყვა სულ გამოსადეგნი ჩაგიტანიათ, განა მარტო ამ ზემოხსენებულს ლექსებში, ბევრგან სხვაგანაცა, განა რითმა რომ არ იყოს, პოეზიაც არ იქნება? აბა აიღეთ ურითმო ლექსები თავადი გრ. ორბელიანისა, თუნდ ბოლონდელი ოკტომბრის ცისკრის „ო... დარდები“; აბა ყურადღებით წაიკითხეთ, რა პოეზიაა მაგ ურითმო ლექსშია! თვალწინ წამოგიდგებათ ის ჩათუქესანი ტფილისის ქართველი, რომლის ნატვრა და სამოთხე კახური ღვინოა, სიყვარული და ორთაჭალის ბაღები. აბა ნახეთ ის ქართველი პაჟარნი, ნაბად წამოსხმული, ლოთურად ჩითმერდინით ყელზედ, როგორ გულმოდგინედ შეჰყურებს თავის საყვარლის ფანჯრებს, ვინცკი დაუშლის, აღრინდება და ეუბნება: „მოდი ამ ვირს ეშხზედ ელაპარაკე“ რამდენი ნამდვილობა და ჭეშმარიტებაა მის წმინდა ქართულ პოეტურ დარდებში, კვნესაში და ნატვრაში! პოეზია განსახოვნებაა ჭეშმარიტების, ცხოვრებისა და არა ჯაჭვი უთავბოლოდ გადაბმულ რითმებისა. არა, როგორც ვხედავთ, თქვენ ძალიან სულ წასულხართ გყვარებიათ რითმების რახარუხი, იმისთვის შეგიწირავთ აზრიც, ფიქრიც, ის ცოტაოდენი გულის სითბოც, რომელიც ალაგ და ალაგ ჩანან ორიგინალშია, სულ ხელ აღებით მოგითხრიათ კაზლოვი.

„იმ მშვენიერსა, თოვლებრივ თეთრსა
ხუჭუჭნი თმანი ჰფარვენ მის შუბლსა...
და სხვანი.

ჩვენ მივხვდეით, რის თქმაც გინდათ თქვენ: იმ მშვენიერ თოვლებრივ თეთრსა შუბლსა ხუჭუჭნი თმანი ჰფარვენო; მაგრამ ისევ ის გაუთავებელი „ხელი გავაქნიე ფეხი“ გაგიდვიათ. ათასი კიდევ სხვა ამისთანა მაშრიყმაღრიბულ ენის კონსტრუქცია აქვს თავად ერისთავს თითქმის ყოველგან, მაგრამ ჩვენ აღარ ამოვსწერთ.

„გაჰსწი, გაჰკურცხლე! იმის ანბავი
შენ მომიტანე, რომ სატრფო თავი
ჩემზედ რას ჰფიქრობს“... და სხვანი.

სასაცილოა, რომ რითმის ტფილების გამო კაცმა თქვას: „სატრფოს თავი ჩემზედ რას ფიქრობსო“ თავი იფიქრებდა, თუ იფირებდა, ფეხები ხომ არა, რაღა თქმა უნდა მაგას? როგორც ვხედავ, თავადი ერისთავი ფეხებსაცკი აფიქრებინებდა, რომ რითმას მოეთხოვნა. მერე პოეტი რა ლაპარაკობს შეშლილზედ ათავებს ეგრე მშენივრად:

...„გულს აწუხებენ
ძველი საყდარი, ის საფლავები
თითქოს ბნელაში დგებიან მკვდრები
დაყრუებული ის არე მარე
საშიშარია ეგრეთი ღამე
ჩემ ფიქრთ აღელვებს ეს მოსაუბრე“ და სხ.

წადი და ეძებე ვინ მოსაუბრე? დაყრუებული ღამე, თუ ის არემარე? აი ამათკი სწორედ უზმნო ენა აქვსთ, თუ ეგენი არიან მოსაუბრეთა.

„არა, რა მესმის გაუგებრადა“,

გაუგებრად ვისრა ესმის, რომ თქვენ გაგეგოთ? სულ ამაო ჩივილია. მაგრამ თუ მარხილით მიმაქროლებელმა, ზარის წკრიალში და მარხილის ჭყრიალში გაიგო ის სახელოვანი ზემოხსენებული სუნთქვა საყდრიდამ, თქვენ გვიკვირს, გაუგებრად რატომ არ გაგიგიათ?

„თითებითა თვლის კიდეცა თვეებს“
და სხვანი.

ახალი თვლა შემოუღიათ საქართველოში - თითებითა და არა ჭკვითა. ჩვენ მარტო ის ვიცით, რომ თითებზედ შეიძლება თვლა და არა თითებითა.

„ვხედავ საცრათ მე სანახავთა
თითქოს რაღასაც მოჩვენებათა;
იქნება არის მხოლოდ ოცნება,
მაგრამ ბუნება თვით რომ იცვლება!“ და სხ.

ამ ორ პირველ სტრიქონშ კიდევ იგივე „ფეხი გავიქნიე ხელია“; ჩვენ ამისთვის კი არ ამოვწერეთ ეს ლექსი, რომ ეს გვეჩვენებინა, არამედ იმისთვის, რომ უალაგო ალაგს „მაგრამ“ კუნტია. მაგრამ, ეგ ისეთი პატარა შეცოდებაა სხვა ახოვან შეცოდებაებთან, რომ თითქმის ღირსებად მიეწერება თავად ერისთავს და არა ცოდვად.

„აი ამ ქვემო მოხსენებულ ლექსში გაშინჯეთ
რა აუარებელი ტანჯვაა გამოთქმული
და იქავე ცოტაოდენი ნუგეშ, რომელიც
ჰხურვებია შეშლილსა და არ მოსცემია, მაგ“.

„დილით, თუ ღამე ვფიქრობ მასზედა ცრემლი არ მშრება არც ერთ თვალზედა და სხ. ერთ ერთ თვალზედ მაინც შეშრომოდა, რა უღთობაა! მითამ რა ნუგეშია, რომ ერთ ერთ თვალზედ შეშრეს, მეორიდამკი ჰსცვიოდეს ცრემლი?

„მის საშინელსა ჩემსა ტანჯვასა“ და სხ.

ეს არ არის ნეტავი გვითხრათ? თუ ის საშინელი ტანჯვა მისია, თქვენი რაღად იქნება, თავადო ერისთავო, და თუ თქვენია, იმისი რაღად იქნება? მაგრამ მაინც კიდევ დაძმურად გაგიყვიათ: სახელი არსებითი თქვენ აგიღიათ და იმ არსებითი სახელის ზედ შესრული შეშლილისათვის დაგითმიათ, კიდევ კარგი, რომ ხელცარიელი არ დაგიგდიათ.

„ბნელი ტუტუნი... და სხვანი.

მითამ ნათელი ტუტუნიც არის ქვეყანაში, არა გვგონია!

„იცი რა მითხრა, ღამე მთვარეში„ და სხ.

ეს სულ ახალი გამოჩენაა ასტრონომიაში! რომელ ტელესკოპით დაუნახავს თავად ერისთავს ღამე მთვარეში?

„ან სვინიდისის მე ყვედრებაში
რისთვის ჩავარდი ვფიქრობ ჩემ თავში...
და სხვანი.

რა ჩაუვარდა საწყალს შეშლილს თავშია, რომ ეგრე ჩივის? არაფერი არ ჩაჰვარდნია თავში, მხოლოდ თავად ერისთავს ვერ მოუხმარია ზმნა. პირველი პირი ამ ზმნისა ჩავვარდი არის და არა ჩავარდი. თუნდ რომ ეგრე იყოს, რომ „მე ყვედრებაში რისთვის ჩავვარდი, ვფიქრობ ჩემ თავში“ რაღა არის! რატომ „ვფიქრობ“ ამის წინ ნიშანი არა ზის? მერე ვფიქრობ ჩემ თავში რაღა სათქმელია, ვინ იცის რომ ფეხებში ფიქრობა არ შეიზლება? მაგრამ ვინ იცის? თუ ღამე მთვარეშია, რატომ ფიქრობა ფეხებში არ იქნება!... და სხვანი და სხვანი ჩვენო კეთილო მკითხველო !

თავიდამ იქამდი, სადამდინაც მე წავიკითხე ეს შეშლილი, სულ ამისთანა შეცდომებია, მაგრამ ჩვენ სულ ყველა იგი რომ ამოგვეწერა ხელახლად დაბეჭვდა მოუნდებოდა თითქმის, ის არ ეყოფა ამ საშინელს თარგმანს, რომ ერთხელ ეღირსა დაბეჭდა, რომ მეორეთაც არ დაბეჭდილიყო? ჩვენც თითონ ისე დავიღალენით, დავიქანცენით, დავყრუვდით რითმების უთავბოლო რახარუხით, რომ ვერ შევძელით შეშლილის ბოლომდი წაკითხვა. სწორედ მეოცდა მეერთეს თავის, თუ მუხლის მეხუთე სტრიქონზედ შევდექით! კიდევ ბარაქალა ჩვენს ბიჭობას, რომ იქამდი მივსულვართ!...

ეს არაცა ვსთქვით ჩვენა, მგონია სამყოფი იყოს, თითონ მკითხველი დაგვემოწმოს, რომ სწორედ მიწასთან გაუსწორებია ისიც არც ძალიან მაღლა მდგომარე კაზლოვი. საწყალი კაზლოვი! იფიქრებდა რომ იმისი შეშლილი, რომელზედაც იქნება უტირნია, რომ ესრეთი სასაცილო ქინებოდა თავად ერისთავის თარგმანში? მართლა რომ კაზლოვს შეშლილი სრულად შეშლილა ქართულს ენაზედ; ერთი ბეწო შებრალება და სიყვარული არა ჰქონია იმის მთარგმნელს არც იმისი, რაც უთარგმნია, არც თავისვე, ამორჩეულ პოეტისა, არც ხელოვნებისა არც თავის მშობლიორ ენისა. მარტო ჩანს, რომ საკვირვლად ჰყვარებია თავად ერისთავს რითმების რახარუხი.

მთელს თავის თარგმანში თავად ერისთავს აქვს ექვსი სტრიქონი ლექსი ასეთი დამაზი და მსუბუქი რომ ჩვენც არცკი გვჯერა, რომ იმისი დაწერილი იყოს. აი ის ლექსები რა რიგად ჰხატვენ შეშლილის მდგმოიარებას:

„ხან მიიხედავს, ხან მოიხედავს, გარემოს ჩვენსა საფლავთ შეხედავს ამოიოხრებს იწყებს ლოცვასა ხან ათრთოლდება შეხედავს ცასა შეშინებული მე მომეკვრება და ხან უეცრად კრეჭას მოჰყვება“

აი აქ ჩანს ენაც, მხატვრობაც, აზრიც და ის სურათი, რომლის წარმოდგენაც ცხადად შეიძლება. ეს ლექსები ისე შვენიან დანარჩენ ლექსებში, როგორც ვარდი ჭინჭრებში. სწორედ უნდა ვსთქვათ, რომ ეს ლექსები ისეთი ლამაზები არიან რომ ჩვენ გვიკვირს ამისთანა ლექსები როგორ შესძლო იმან, ვინც მაგალითებს ეს დასწერა:

„ესე ყოველი სახელოვნება;
არს საიდუმლოს აღსაარება;
რომელ არს ერთი ერთისა სულით
ყველასა ჰმართავს ერთისა სულით
ამა ქვეყნისა მშვენიერებას
და ეგრეთვეცა საშიშროებას,
ზღვათა და ცათა ქვეყნიერებას-
რომელსაც უწოდთე ერთსა ღვთაებას!“

და სხვანი.

ეხლა როცა გვინდა კალამი თავის ალაგს დავზდვათ, ფიქრათ მოგვივიდა: იქნება თავად ერისთავმა გვიწყინოს ეს პირ მიუფერებელი სტატია, არა გვგონია. ჩვენ ყველანი ქართულ ენის ხმარებაში ცოდვილნი ვართ და ჩვეულება ურთი ერთის ცოდვებისა არ იქნება მომატებული. მაშ როგორ უნდა გავსწორდეთ, თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება? ნეტავი ორიოდე კაცი იყოს საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება ერთიანად ასწიოს და დაგვანახოს... აბა ის იქნება ნამდვილი და საქებარი მამულის მოყვარე და არ ის ვინც მეტისმეტად დამჟავებულ სიყვარულისა გამო, ანგელოზივით ასახელებს საქართველოსა. ბოროტების ღვიარება ნახევარი გასწორებაა. თუნდ რომ იწყინოს თავად რ. შ. ერისთავმა ჩვენი პირ მოუფერებელი სტატია, რა უყოთ? მისი ნებაა! სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა პაპათგან: მამაული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენკი მშობელ მამასაც არ დაუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას; ენა სამღთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს. იქნება ჩვენც ამ სტატიაში ბევრი შევცოდეთ ჩვენს საყვარელს ენასა, მაგრამ ჩვენ არა ვხედავთ, მაგის განხილვა მკითხველის ნებაა. ჩვენის მხრით ამასკი ვიტყვით, რომ ჩვენი ქართული ენა ისე გვიყვარს, რომ ჯერ ვეცდებით და თუ ღმერთი გაგვიწყრება და უხერხოთ მოგვივა რამე, მის შენიშვნას სიხარულით და მადლობით მივიღებთ.

დასასრულ, თუ მკითხველი ეყოლება ჩვენ სტატიას, მასთან ბოდიშს ვიხდით ჩვენ: იქნება იგი ჩვენს სტატიაში ერთს ჭკვიანურს განხილვას ელოდდა და ვერა ჰპოვა. რა უყოთ? როგორიც ღვდელია ისეთიც ერიაო, ანბობს ქართველი ანდაზა, როგორიც პოემა იყო ნათარგმნი, იმისთანაც ღვთის წყალობა თქვენ გაქვსთ, განმხილავიც შეჰხვდა. ჩვენ ჩვენის ენის დამცირებამ დაგვაწერინა ეს სტატია თორემ ჩვენ ვინა და კალამი ვინა?
     
         
  თ. ილ. ჭავჭავაძე.

1861. წელსა, ნოემბრის 5-სა დღესა.
ლოტოთი ლოთობაზედ ქუთაისში.

უჱ, ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ეს ასოები სულ არ გვიხმარია ჩვენ სტატიაში; თუ ვინიცობაა ეს ენის წინააღმდეგად მიაჩნდეს ვისმეს, ჩვენ ყოველთათვის მზათ ვართ გავსცეთ პასუხი და გამოუცხადოთ რა მიზეზითაც არა ვხმარობთ.

 აქ აღსარებაშია მოუმატნია, რადგანაც სილაბი არ გამოდიოდა, მაგრამ ეგ პოეტიკური სილაღეა, მიეტევება!?