ილია ჭავჭავაძე: ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



დამხმარე მასალა:

 

ზაზა ფირალიშვილი:  ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნება 

გია არგანაშვილი:  ორი პოეტი – ორი განდეგილი

მარინა ტურავა: სიკვდილის ქრონოტოპი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში

ლევან ბრეგაძე:: ილიას ბედისწერა

აკაკი ბაქრაძე გზა ხსნისა


  საბა ორბელიანმა  რომ თავისი ზღაპრები დასწერა, სიბრძნე-სიცრუის  წიგნი დაარქვა. მე ხშირად ჩავფიქრებივარ ამ უცნაურს სახელს წიგნისას. მართლაც, სადაც სიბრძნეა, იქ სიცრუეს რა ხელი აქვს? სიბრძნესთან სიცრუე რა მოსატანია?  რა სიტყვის მასალაა? რა უგავთ ერთმანეთსა? საბა ორბელიანი - ეს ბრძენი, დარბაისელი კაცი, რათ იკადრებდა სიბრძნეში გაერია სიცრუე? ან რა სახარბიელო
სახელია სიცრუე?
    დარბაისელი - დინჯი, ზრდილობიანი, თავშეკავებული (ხნიერი ადამიანი).
         
  მე ვფიქრობ, რომ საბა ორბელიანს ამის თქმა უნდოდა: მე ზღაპარს გეუბნები და სიბრძნეს კი გამცნებო. ზღაპარი მოგონილი ამბავია, არა-მართალი, მაშასადამე, სიცრუეა. ამ მხრით, წიგნი საბა ორბელიანისა სიცრუეა. ის სიცრუე კი არა, რომელიც სწამლავს და ჰშხამავს ადამიანს და სიცრუის მთქმელს უფრო სთხრის და აუწმინდურებს, ვიდრე სხვას. ის სიცრუე კი არა, რომელსაც აუღია ურცხვად თავი და ქურდულად იკბინება გესლიან მორიელსავით და რომელიც ასე საზიზღარია და სამართლიანად დევნული ყოველ პატიოსან კაცისაგან. ის სიცრუე კი არა, რომელსაც ბუდე გაუკეთებია ჩვენს სასიქადულო  "მესამე დასის"  ჟურნალში, ბ-ნი გ. წერეთლის  თავმოსაწონებელ `კვალში~, და რომელშიაც იგივ ბ-ნი გ. წერეთელი წერეთელი კრუხადა ზის და სჩეკს ტყუილების წიწილებს და ყოველ-კვირა გამოჰყავს იარმუკაზე  გასაყიდად.     მესამე დასი - პოლიტიკური გაერთიანება. პირველი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი საქართველოსა და ამიერკავკასიაში. შეიქმნა 1892 წლის დეკემბრის დამლევს. გ. წერეთელი - გიორგი წერეთელი (1842-1900 წწ.), ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. 1893-1900 წწ. რედაქტორობდა ჟურნალ "კვალს". იარმურკა - ბაზრობა (რუსულიდან შემოსული ბარბარიზმი - ярмарка ბაზარი).
         
  საბა ორბელიანის სიცრუე - უჰ, რა ცუდი სიტყვაა! ნეტავი ეს სამი სიტყვა ერთმანეთზე გადასაბმელი არ იყოს!.. საბა ორბელიანის სიცრუე-მეთქი სულ სხვაა. საბა ორბელიანის სიცრუე ზღაპარია, არაკია, იგავია. იგავი, არაკი, ზღაპარი ამისთანა სახეა, კანია აზრისა, რომელიც საჭკუო და საზნეო ჭეშმარიტებას ზედმიწევნით გვიხატავს ხორცშესხმულად, ჭკუას გვასწავლის, გვარიგებს, ზნეს გვიწურთნის, ავსა და კარგს გვანიშნებს ერთმანეთში გასარჩევად. თუ საბა ორბელიანისებური ზღაპარი, არაკი ამას არა სჩადის, განზრახვად, საგნად-კი სწორედ ეს უნდა ჰქონდეს, თორემ ზღაპარი, არაკი, იგავი თავისს მიზეზს არსებობისას მოკლებული იქნება. ამ მხრით ზღაპარი, არაკი, იგავი სიბრძნეც არის და სიცრუეც.  სიცრუე თითონ ამბავია, სიბრძნე - შიგ ჩასახული აზრია. ერთიც, მეორეც და მესამეც ხელოვნური ხორცთსხმაა საჭკუო, საზნეო სწავლა-შთაგონებისა, განსახოვნებაა აზრისა, ისეთი განსახოვნება, რომელიც მარტო შემოქმედებითის ნიჭის საიდუმლოებას შეადგენს.      

საგანი - აქ: მიზანი.

         
  ჩვენი ზღაპარი ტყუილად კი არ იწყება "იყო და არა იყო რათი". "იყო" შიგ ჩასახული აზრია და აზრი ხომ ყოველთვის ყოფილა, არის და იქნება. "არა-კი იყო რა" ეკუთვნის თვით ამბავსა, რომელიც არც ყოფილა და არც არის. ამიტომაც არაკი, რომელშიაც ცოცხლად, ცხოვლად არის ჩასახული აზრი, იზიდავს ადამიანის გულის-ყურს იმდენად, რომ თვით არაკის სიცრუეც კი მართალი გგონია და სულ გავიწყდებათ, რომ ყურს უგდებთ მოგონილ ამბავსა. ამ სასწაულს სჩადის ხელოვნება.      
         
  მე მგონია, რომ თვით სიტყვა "არაკი" წარმომდგარია "არაკი იყოდამ", მხოლოდ შემოკლებულია. აქაც გთხოვთ, მემოწმნეთ, თორემ ამასაც ხელიდან გამომგლეჯს ჩვენი გ. წერეთელი, ეგ სიტყვა პირველად მე ავხსენიო, და დავიღუპე ხომ კაკალი კაცი.
მესამე დასი ხომ დაუჯერებს და დაუჯერებს და ერთს ადლზე კიდევ მაღლა აასკუპებს თავისს მეთაურს.
    ადლი - სიგრძის საზომი ერთეული ძველად, უდრიდა დაახლოებით 101,15სმ-ს.
         
  როცა მთქმელი ასე იწყებს ზღაპარს: "იყო და არა-კი იყო რაო", თითქო თავიდამვე  ჰსურს გაუწყოთ, რომ არყოფილს, არ-არსებულ ამბავს გეუბნებიო, ხოლო სულს ადევნე გულისყური და არა ხორცსაო, აზრსა და არა ამბავსაო, რადგანაც ამბავი მარტო აზრის გამოსასახავად არის აქ ჩართული და მოგონილიო. ამიტომაც, თუ ზღაპარს, არაკს, იგავს აზრი არა აქვს, უგემურია, უმარილოა, როგორც ოხუნჯობა კევი-ღეჭია "გზა-კვალისა", ამ "კვალის" უქვითკირო და ბურბუშელა დედაბურჯისა.     დედაბურჯი - მთავარი ბურჯი, საყრდენი.
         
  ზღაპარი, არაკი, იგავი მხოლოდ მაშინ აიყოლიებს ხოლმე გატაცებით ადამიანის გულის-ყურს, როცა გამცნებთ  რასმე საჭკუოს და საზნეოს მართალს, რომელიც ისე შიშველად, ხორცშეუსხმელად, უსახოდ, უსურათოდ, უფერადოდ ყველასათვის ადვილად დასანახი არ არის. ვიმეორებთ: სწორედ ამიტომ ზღაპარი, არაკი, იგავი ერთსა და იმავე დროს სიბრძნეც არის და სიცრუეც, სიბრძნე - სულით, სიცრუე ხორცით. აქ სიცრუე ხატებაა, განსახოვნებაა სიბრძნისა. ამიტომაც ესეთი სიცრუე არამც-თუ ცოდვაა, ასე სამართლიანად საზიზღარი კაცთა ურთიერთობაში და ასე მოწონებული "კვალში", არამედ მადლია, რომლითაც ასე გამოჩენილნი არიან ეზოპე, ლაფონტენი, გრიმმები - ძმანი, ანდერსენი, კრილოვი, საბა ორბელიანი და სხვანი, ამ სახით მქადაგებელნი სიბრძნისა და ჭეშმარიტებისა. თითონ საღმრთო წერილის იგავნი ამავე ორკეც  თვისებისა და ღირსებისანი არიან. მთელი ეგრეთ-წოდებული სიტყვაკაზმული ლიტერატურაც  ამ საფუძველზეა აშენებული: მოგონილის ამბით ცხადჰყოს მართალი. იგიც ამ სათავიდამ მოდის. ამიტომაც ამგვარს ლიტერატურაში არ არის არც ერთი მოთხრობილი ამბავი, რომ მართლა მართალი იყოს, მართლა ნამდვილი იყოს: სულ ადამიანის ფანტაზიით შექმნილია და ისეთს შემოქმედებით ხორცთშესხმული, სულთჩასახული, რომ კაცს კი არ ეჯავრება, დიდადაც მოსწონს და ესურვება. ტარიელი, ნესტან-დარეჯანი, ავთანდილ, ფრიდონ, თინათინ არც თავისს დღეში ყოფილან და არც არიან, არც ოდესმე უცხოვრიათ და არც ეხლა სცხოვრობენ, მაგრამ აბა ჰნახეთ ჩვენი საკვირველი რუსთაველი როგორ სასწაულთ-მოქმედობს ადამიანზე, როცა იმათს ცხოვრებას გვიამბობს, მათის ცხოვრების მაჯისცემას გვატყობინებს!.. შოთამ მის მიერ მოგონილ ამბავს ისეთი სული ჩაატანა, რომ ამ ჭეშმარიტ სულისაგან თვით არაჭეშმარიტი ამბავი მართალი გვგონია. აი ეს საოცარი გარდაქმნა, ანუ უკეთ ვთქვათ, ქმნა არ-ყოფილისა ყოფილად, მარტო შემოქმედს შეუძლიან და ამიტომაც ამ ღვთიურს ძალ-ღონეს ქმნისას შემოქმედობას ეძახიან.     გამცნებთ - გამცნობთ, გაუწყებთ.

 

 

ორკეცი - აქ: ორმაგი. სიტყვაკაზმული ლიტერატურა - მხატვრული ლიტერატურა

         
  დიახ, ესეთია იგი საიდუმლოება ერთ-გვარის მადლისა, რომელსაც ზეგარდმოშთაგონება ჰქვიან და რომელიც თვით ცოდვილს სიცრუესაც კი მადლს აქმნევინებს ხოლმე და ყურმოჭრილ მსახურად უხდის სიბრძნესა.