Smithsonian

National Parliamentary Library of Georgia

 
დადიანების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

ლევან II (1597-1657)

 

საქართველოს გაერთიანებული სამეფოს ეპოქიდან მოყოლებული დასავლეთ საქართველოს ლევან II დადიანზე ძლიერი მმართველი არ ჰყოლია. მამამისი მანუჩარ დადიანი ოდიშის [1] (შემდგომში სამეგრელოს) სამთავროს მართავდა. დედამისი ნესტან-დარეჯან ბაგრატიონი აღმოსავლეთ საქართველოში ქართლ-კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის ქალიშვილი იყო, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა. ლევანმა ბავშვობა დედულეთში გაატარა. 1611 წელს, ნადირობისას, მამამისი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა და 14 წლის ლევანს ოდიშის მთავრის მოვალეობის შესრულება მოუხდა. ამ თანამდებობას იგი სიკვდილამდე ანუ 46 წლის მანძილზე იკავებდა.

ლევან II დადიანის ფრესკა

მოკავშირეობა და ღალატი

იმ ეპოქის ჩვეულების თანახმად, ლევანმა ქორწინება სტრატეგიულ იარაღად გამოიყენა, რათა მოშურნე მეზობლების აგრესია აღეკვეთა და მოკავშირეებთან ურთიერთობა განემტკიცებინა. 1615 წელს ლევანმა ცოლად აფხაზეთის მთავრის ქალიშვილი შეირთო, ხოლო 1621 წელს თავისი და მარიამი გურიის ტახტის მემკვიდრე სიმონ გურიელზე დააქორწინა.

ოდიშის, აფხაზეთისა და გურიის სამთავროების მოკავშირეობის პერსპექტივა ფრიად აღელვებდა მეზობელი იმერეთის სამეფოს მმართველ მეფე გიორგი III ბაგრატიონს. 1622 წელს გიორგიმ ოდიშთან ომი წამოიწყო, მაგრამ ოდიშისა და აფხაზეთის გაერთიანებულ ძალებთან სასტიკად დამარცხდა. გურიამ ამ ომში ნეიტრალური პოზიცია დაიკავა.

თუმცა ამ მოვლენიდან ცოტა ხნის შემდეგ ოდიშის ალიანსი აფხაზეთთან დაიშალა. ეს მოჰყვა ლევანსა და მის მეუღლეს შორის ურთიერთობის გაფუჭებას. ქალი სახელმწიფო მინისტრ მერაბ ქორთოძესთან სასიყვარულო ურთიერთობაში დაადანაშაულეს. ლევანი ცოლს საზარელი სისასტიკით გაუსწორდა: მისი ბრძანებით ქალს ცხვირი და ენა მოაჭრეს და ქალი მამამისს დაუბრუნეს. ამის შემდეგ ლევანმა დამსჯელი ოპერაცია განახორციელა აფხაზეთის წინააღმდეგ და რამდენიმე სოფელი გაანადგურა. ცოლქმრული ღალატის ბრალდება ლევანისათვის დროული აღმოჩნდა: იმ დროს მას გაგიჟებით უყვარდა ნესტან-დარეჯან ჭილაძე, ლევანის ბიძის, გიორგი ლიპარტიანის ცოლი.

მერაბ ქორთოძე გურიაში გადაასახლეს. მან ლევანის მოკვლის მიზნით შეთქმულება დაგეგმა. შეთქმულებს შორის იყვნენ იმერეთის მეფე გიორგი, აფხაზეთის მთავარი სეტემან შერვაშიძე, ლევანის სიძე სიმონ გურიელი (იმხანად გურიის გვირგვინოსანი მეფე) და რამდენიმე უკმაყოფილო დიდგვაროვანი ოდიშიდან ლევანის უმცროსი ძმისა და გერი ძმის ჩათვლით. შეთქმულებმა მკვლელი დაიქირავეს; მკვლელობა ლევანისა და ნესტან-დარეჯან ჭილაძის (რომელიც ლევანმა ბიძამისს მოსტაცა) საქორწინო ნადიმზე უნდა მომხდარიყო.

შეთქმულება ჩაიშალა, რადგან ქორწილის დღეს ლევანზე თავდასხმისას დანით შეიარაღებულმა მკვლელმა მსხვერპლს მხოლოდ ზედაპირული ჭრილობები მიაყენა. გამოჯანმრთელების შემდეგ ლევანი სასტიკად გაუსწორდა შეთქმულებს. ძმები დააბრმავა და თითოეულს ხელ-ფეხი მოჰკვეთა, ხოლო მერაბ ქორთოძე წყალში დაახრჩობინა. შემდეგ მისი გვამი ზარბაზნის სატენად იქნა გამოყენებული, რაც, მართალია, საზარელ, მაგრამ გაფრთხილებას წარმოადგენდა ლევანის შეიარაღებული ძალებისათვის და მიანიშნებდა, რომ ყველა მოღალატეს იგივე ბედი ეწეოდა. ამის შემდეგ ლევანმა მრისხანება სიმონ გურიელის წინააღმდეგ მიმართა და ჯარი გურიას შეუსია, რაც სისხლისმღვრელ კონფლიქტში გადაიზარდა; სიტუაცია მხოლოდ მაშინ დაშოშმინდა, როდესაც დასავლეთ საქართველოს პატრიარქმა მალაქია გურიელმა ლევანთან ზავს საკუთარი ძმის, სიმონის, გაწირვის ფასად მიაღწია. სიმონი შეიპყრეს, დააბრმავეს და იერუსალიმში, მონასტერში, გაგზავნეს, სადაც მან სიცოცხლის ბოლომდე დაჰყო; მან გურიაში ერთი წელიც კი ვერ იმეფა. მალაქია იმით დააჯილდოვეს, რომ გურიის მმართველად დანიშნეს. გურია კვლავ ოდიშის ქვეშევრდომი გახდა. ამის შემდეგ ლევანმა ყურადღება აფხაზეთისკენ მიმართა და თავდასხმების მთელი სერია განახორციელა, რაც რამდენიმე წლის მანძილზე გაგრძელდა.

ბრძოლა იმერეთთან

1633 წელს როსტომ ბაგრატიონი, რომელიც ლევანმა თავის პოლიტიკურ პარტნიორად აღზარდა, დასავლეთ საქართველოში ქართლის მეფე გახდა. პარტნიორობის განსამტკიცებლად ლევანმა კიდევ ერთი სტრატეგიული ქორწინება დაგეგმა. ამჯერად მან გადაწყვიტა, თავისი და მარიამი ქართლის ახალი მეფისთვის შეერთო.

ლევან II დადიანის სურათი

1634 წელს ქორწილზე დასასწრებად ლევანსა და როსტომს იმერეთი უნდა გაევლოთ; მათ სადაზვერვო მონაცემები მიიღეს იმის თაობაზე, რომ ლევანის ძველი მეტოქე, იმერეთის მეფე გიორგი, მათ მოკვლას გეგმავდა. ამიტომ ორივე გზას დიდძალი ჯარით გაუდგა. იმერეთის ძალებისა და ოდიშელი მეომრების შეტაკება ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დამთავრდა და მეფე გიორგი დატყვევებულ იქნა. მან ორი წელი გაატარა ლევანთან ტყვეობაში და იგი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ვაჟმა ალექსანდრემ გვარიანი გამოსასყიდი გადაიხადა და იმერეთის სასაზღვრო ტერიტორიები ოდიშს დაუთმო. ლევანი ამ მონაპოვარით არ დაკმაყოფილდა და ექსპედიცია წამოიწყო იმ მიზნით, რომ იმერეთი მთლიანად დაეპყრო. ოდიშის ძალებმა გზა ქუთაისისაკენ, იმერეთის დედაქალაქისაკენ ბრძოლებით გაიკვლიეს, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლეს.

1639 წელს მამის, მეფე გიორგის, სიკვდილის შემდეგ იმერეთის ტახტზე ალექსანდრე ავიდა. მისი მეფობის პირველი ექვსი წლის განმავლობაში ლევანი არაერთხელ დაესხა თავს იმერეთს, ხოლო 1645 წელს იგი კვლავ დაიმუქრა ქუთაისის აღებით. მაგრამ ქალაქი ამჯერადაც მტერს მედგრად დახვდა, ძირითადად, ნიჭიერი სამხედრო სტრატეგის, მეფე ალექსანდრეს ძმის, მამუკა ბაგრატიონის, ძალისხმევის შედეგად.

ლევანმა მოგვიანებით მაინც იყარა ჯავრი. 1647 წელს მან მამუკა შეიპყრო და ციხეში ჩასვა. ალექსანდრემ თავისი ვაჟი ბაგრატი გაგზავნა ლევანთან, რათა მისთვის მამუკას განთავისუფლება ეთხოვა. ლევანმა არა მხოლოდ უარით გაისტუმრა, არამედ გარკვეული დროით ბაგრატიც დააპატიმრა. მამუკას კი ტრაგიკული ბედი ერგო: მთელი დარჩენილი ცხოვრება ლევანის ტყვეობაში გაატარა; მას ზოგჯერ აწამებდნენ კიდევაც. მამუკა 1654 წელს გარდაიცვალა.

ეს დრამატული ისტორია ამით არ დასრულებულა. 1648 წელს აღმოსავლეთ საქართველოში კახეთის სამეფოს მმართველი მეფე თეიმურაზ I მისმა მეტოქემ, როსტომ ბაგრატიონმა, სპარსელების დახმარებით დაამარცხა. თეიმურაზი იმერეთში გაიქცა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ იქ რუსეთიდან ან დასავლეთ საქართველოს რომელიმე სახელმწიფოდან დახმარებას მიიღებდა და ტახტს დაიბრუნებდა. ერთ-ერთი პოლიტიკური ნაბიჯი იყო ლევანთან შეხვედრა. მას თეიმურაზმა ალექსანდრესთან შერიგება სთხოვა, თუმცა ლევანმა სანაცვლოდ იმერეთის ტერიტორიის ნახევრის ოდიშისთვის გადაცემა მოითხოვა. ეს პირობა ალექსანდრესთვის მიუღებელი იყო. მოლაპარაკებები გარკვეული დროის მანძილზე მიმდინარეობდა, მაგრამ 1651 წელს შეწყდა, რის შემდეგაც ლევანმა კიდევ სცადა იმერეთის დაპყრობა, მაგრამ უშედეგოდ.

1656 წელს ოდიშისა და იმერეთის მოქიშპე ფეოდალების შერიგება რუსეთის ხელმწიფის ელჩებმა სცადეს, მაგრამ ლევანს ისევ ჰქონდა პრეტენზიები ცალკეულ ტერიტორიებზე, რასაც ალექსანდრე უარით უპასუხებდა. ერთი წლის შემდეგ ლევანი გარდაიცვალა და მისი ოცნება, რომ იმერეთი დაეპყრო, აუსრულებელი დარჩა. მისი სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ ოდიშის ძალაუფლება საგრძნობლად შესუსტდა და იგი რეგიონის გამუდმებულ კონფლიქტებში უმალ აგრესორიდან თავდასხმების სამიზნედ გადაიქცა.

იმ დროს, როდესაც ლევანი იმერეთის დაპყრობისათვის იღვწოდა, გურიამ რამდენიმე მთავარი გამოიცვალა. მაგრამ, რამდენადაც ყველა მათგანი ლევანისადმი ლოიალურად იყო განწყობილი, გურიის საზღვრებზე მშვიდობა სუფევდა. გურიისგან განსხვავებით აფხაზეთი ოდიშისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა, მით უმეტეს, რომ ისლამისა და ოსმალეთის ზეგავლენა აფხაზეთის კულტურულ კავშირებს საქართველოსთან თანდათან ასუსტდებდა. აფხაზების თავდასხმის აღსაკვეთად ლევანმა ოდიშისა და აფხაზეთის საზღვრის გაყოლებაზე 60 კილომეტრზე მეტი სიგრძის კედლის აშენება ბრძანა.

საგარეო ურთიერთობები

კონფლიქტი და ინტრიგა ქართულ სამთავროებს შორის ფართო პოლიტიკურ კონტექსტში მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველო დასავლეთით თურქეთის იმპერიასა და აღმოსავლეთით სპარსეთის იმპერიებს შორის იყო გახლეჩილი; თანაც ჩრდილოეთით რუსეთი უკვე ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდებოდა. ლევანის ხანაში ოდიში ოსმალეთის იმპერიის მოხარკე ქვეყნად ითვლებოდა.

ამგვარ რთულ პოლიტიკურ გარემოში ლევანი ოდიშს უდიდესი ოსტატობით უძღვებოდა. 1620-30-იან წლებში თურქების იმპერია გარე კონფლიქტებით იყო დაკავებული და ისიც აკმაყოფილებდა, რომ ოდიში ოსმალეთის სულთანს ყოველწლიურ ხარკს უხდიდა და სანაცვლოდ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა. უფრო მეტიც, სტამბოლიდან ელჩების ვიზიტის დროს ლევანი ცდილობდა მათთვის ქვეყნის მდიდარი რაიონები არ ეჩვენებინა; ის და მისი კარისკაცები შელახულ ტანისამოსს იცვამდნენ; ამით იგი ცდილობდა ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ოდიში ღატაკი და საცოდავი მხარე იყო და მისი დაპყრობა არც კი ღირდა.

1634 წელს ქართლის მეფე როსტომ ბაგრატიონთან ლევანის დის ქორწინება კიდევ ერთ ტაქტიკურ ნაბიჯს წარმოადგენდა. ეს ოდიშის სამთავროს საშუალებას აძლევდა, მეგობრული ურთიერთობები დაემყარებინა სპარსეთის იმპერიასთან, რომლის ნაწილსაც ქართლი შეადგენდა. ამ გზით ლევანს სურდა, რომ შემდგომში თურქებს ოდიშის დაპყრობა გადაეფიქრებინათ. სპარსეთის შაჰი, რომელიც ისწრაფვოდა, რომ ოდიშთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა იმ შემთხვევისთვის, თუკი თურქ ოსმალოებთან საომარი მოქმედებების წამოწყება მოუწევდა, ცდილობდა ფულისა და საჩუქრების მეშვეობით (რომელთა შორის სპილოც კი იყო) ლევანის კეთილგანწყობა მოეპოვებინა. უნდა აღინიშნოს, რომ სპარსეთთან ლევანის ამგვარი ფლირტი იყო შეცდომა, რომელიც ოდიშს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. (თუმცა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ასეთი შეცდომა მას არცთუ ისე ბევრი ჰქონდა დაშვებული.) თურქეთის სულთანმა გაფრთხილების სახით შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ ოდიშს საზღვაო ქვეითი ძალები შეუსია, რომლებმაც დრანდის მონასტერი დაანგრიეს და მიმდებარე რეგიონი ააოხრეს. 1639 წელს თურქებმა და სპარსელებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთმანეთის გავლენის სფეროებში ჩაურევლობის შესახებ.

ლევანმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ რეგიონულ პოლიტიკურ არენაზე გავლენიანი მოთამაშეები შემოეყვანა. 1636 წელს რუსეთში ელჩად გაბრიელ გეგენავას გაგზავნა მიზნად ისახავდა ამ ქვეყანასთან ისეთი ურთიერთობის დამყარებას, რომელიც ოდიშს საშუალებას მისცემდა გარკვეული დახმარების იმედი ჰქონოდა და თანაც დე-ფაქტო დამოუკიდებლობაც შეენერჩუნებინა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთმა უარი განაცხადა სამხედრო დახმარებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ოდიში რუსთხელმწიფის ქვეშევრდომობას დასთანხმდებოდა.

ლევანმა ძალღონე არ დაიშურა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის და ამ მიზნით კათოლიკურ ეკლესიასთან კავშირების დამყარებას შეეცადა. 1626 წელს რომის ემისრები საქართველოში ჩამოვიდნენ საჩუქრებითა და წერილებით, რომლებიც ქართლ-კახეთის, იმერეთის, ოდიშისა და გურიის მთავრებს პაპმა ურბან VIII-მ გამოუგზავნა. პაპის ელჩებმა ლევანზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს. ისინი არა მხოლოდ ზოგადი განათლებით გამოირჩეოდნენ, არამედ ისეთ სფეროებშიც კი, როგორიცაა მედიცინა, საინჟინრო საქმე, გეოგრაფია და ასტრონომია, საკმაო კომპეტენტურობა გამოავლინეს. მისთვის სტუმრები წარმოადგენდნენ არა მხოლოდ პოლიტიკურ მოკავშირეებს, არამედ ძალას, რომელიც ოდიშს მოდერნიზებასა და ჩამორჩენილი ეკონომიკის განვითარებაში დაეხმარებოდა.

დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებისათვის ლევანმა ამბიციური გეგმა შეიმუშავა, რომელიც ოდიშის ინფრასტრუქტურის განვითარებას, აბრეშუმის წარმოების აღმავლობასა და სპეციალური სავაჭრო ქალაქის აშენებას გულისხმობდა. ეს სავაჭრო ცენტრი ოდიშის [2] გავლით აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებდა . ლევანმა აგრეთვე ზარაფხანის აშენებაც ბრძანა, რათა ამ გეგმის დასაფინანსებელი ფული მოეჭრათ.

იმ დროისათვის ახლო და შორეული აღმოსავლეთიდან მომავალი საქონელი ევროპაში ორი ძირითადი გზით ხვდებოდა: ზღვით (ხმელთაშუა ზღვის გავლით) და ხმელეთით (ოსმალოთა ტერიტორიის გავლით). ლევანმა მიზნად დაისახა, ამ სავაჭრო გზებში მრავალფეროვნება შეეტანა და ოდიშზე გამავალი ახალი სავაჭრო გზა დაემკვიდრებინა. იმ პერიოდში ოდიში სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენდა, რომელსაც შეეძლო იმაზე დაბალი საბაჟო ტარიფების დაწესება, ვიდრე თურქები ახდევინებდნენ მოვაჭრეებს თავიანთ ტერიტორიაზე საქონლის გატარებაში, და ამით მსურველები გადმოებირებინა. თანაც ოდიშის მარშრუტი შედარებით უფრო სწრაფი ტრანზიტისა და დროის საგრძნობი დაზოგვის საშუალებას იძლეოდა.

1640-იან წლებში, საკუთარი ეკონომიკური გეგმის პირველი ეტაპის განხორციელების შემდეგ, ლევანმა პაპის ემისრები რომში დააბრუნა და თან გულითადი წერილი გაატანა, რომელშიც პაპს უმორჩილესად სთხოვდა, რომ აბრეშუმისა და შალის დამზადების ოსტატები გამოეგზავნა ოდიშში, რათა აქაურებისათვის ძაფის დართვისა და ქსოვის ხელობა ესწავლებინათ. ლევანი ჰპირდებოდა, რომ ამ “მრეწველობის ელჩებს” მიწით, სახლებითა და მსახურებით უზრუნველყოფდა. თუმცა, სანამ წარგზავნილებმა რომს მიაღწიეს, ურბან VIII გარდაიცვალა, ახალი პაპი ინოკენტი X (1644-1655) კი აღარ იზიარებდა საქართველოსთან კავშირების გაბმის ინტერესს. იგი ლოცვა-კურთხევით შემოიფარგლა და ლევანს ოდიშის ეკონომიკური წინსვლის იმედი გაუცრუვდა.

პირადი მემკვიდრეობა

1639 წელს ლევანი შეძრა საყვარელი მეუღლის ნესტან-დარეჯან ჭილაძის გარდაცვალებამ. მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ლევანმა ოდიშის ყველა ეკლესიას საჩუქრები გაუგზავნა თხოვნით, რომ მისი ცოლისათვის ელოცათ. ნესტანის სიკვდილის შემდეგ სამღვდელოება მას კვლავ ცოცხლებს შორის მოიხსენიებდა. მისი ხსოვნის პატივსაცემად ლევანმა იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერს ყველა ვალი გადაუხადა და მონასტერი აღადგენინა; იმდროინდელი ჩვეულებისამებრ, მან ასევე მოითხოვა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედელზე მისი და მისი მეუღლის ფრესკები გამოესახათ.

ნესტან-დარეჯან ჭილაძის სურათი

ლევანს ორი ვაჟი ჰყავდა. იგი მიიჩნევდა, რომ უფროსი ვაჟი ალექსანდრე ძლიერი მმართველი ვერ გახდებოდა; ასე რომ, ის თავის შემცვლელად უმცროს ვაჟ მანუჩარს ამზადებდა. მაგრამ 1657 წელს მანუჩარი უდროოდ გარდაიცვალა და ლევანიც იძულებული გახდა გამოეცხადებინა, რომ ტახტი ალექსანდრეს ვაჟს გადაეცემოდა. ძალიან მალე ლევანი მარტოსულობაში გარდაიცვალა; იგი შეძრა საყვარელი ვაჟის სიკვდილმა, რომელზედაც ესოდენ დიდ იმედებს ამყარებდა.

აფხაზეთსა და იმერეთთან გამთანგველი კონფლიქტების მიუხედავად, ლევანმა ოდიშს ძლიერება, მატერიალური კეთილდღეობა და სტაბილურობა მოუტანა. სამთავრო მდგრადი კულტურული აღმავლობის გზასაც დაადგებოდა, რომ არა რომის პაპის უარი ესოდენ მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარების აღმოჩენაზე. ლევანის სიკვდილის შემდეგ ოდიშმა კატასტროფული უკუსვლა განიცადა: ერთ-ერთი უძლიერესი ქართული სახელმწიფო რამდენიმე წელიწადში იმ რეგიონის უსუსტეს სამთავროდ გადაიქცა. ძველმა მეტოქეებმა და ამბიციურმა მეზობლებმა ლევანის გარდაცვალება სათავისოდ გამოიყენეს და ოდიშის შევიწროება და მასზე გაუთავებელი თავდასხმები არ შეუწყვეტიათ, რამაც ეს მხარე კიდევ უფრო მეტად დაასუსტა და გააღატაკა.

მართალია, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ლევანი ხშირ შემთხვევაში ულმობლობას იჩენდა, მაგრამ მას მაინც სამართლიანად მიიჩნევენ დიდ ქართველად, რადგან ოდიშის განვითარებითა და მისი კულტურული საგანძურის შენარჩუნებით სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული. ეკონომიკის მოდერნიზაციის გარდა, იგი ეკლესიების აღდგენითა და ისტორიული ხელნაწერების კონსერვაციითაც იყო დაკავებული და მრავალ ახალ მშენებლობასაც აფინანსებდა. მას სიყვარულით მოიხსენიებენ იმის გამოც, რომ წყაროებთან ოქროსა და ვერცხლის თასებს დებდა, რათა წყალი ყველას ამ ძვირფასი სასმისებიდან დაელია. ამას ოდიშის ყველა მაცხოვრებელი აფასებდა და არავის არასოდეს გაუბედავს მათი მოპარვა.

1 1803 წლამდე სამეგრელო ასე იწოდებოდა.

2 ეს უკანასკნელი იმ ციხე-სიმაგრის გარშემო იყო აღმართული, რომელიც ლევანმა რუხთან ააგო. 1636 წელს მეფე გიორგის გამოსასყიდის ერთი ნაწილის სახით იმერეთი დათანხმდა, რომ სომეხი ვაჭრების ჯგუფი იმერეთის დაბა ჩხარიდან რუხის ახალ სავაჭრო ცენტრში ჩამოესახლებინა.

[ წინ ]