Smithsonian

National Parliamentary Library of Georgia

 
დადიანების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის შთამომავლები

 

საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს დაპყრობა დადიანებისა და სხვა დიდგვაროვანი ოჯახებისათვის ნამდვილი ტრაგედია იყო, რადგან ხელისუფლება ყველა მათგანს საბჭოთა მთავრობის მტრებად მიიჩნევდა. მათ არა მხოლოდ “ხალხის მტრებად” აცხადებდნენ, არამედ ეს ადამიანები საზოგადოების ყველაზე განათლებულ ფენას წარმოადგენდნენ და, ამგვარად, _ ახალი სისტემისთვის ყველაზე საშიშ ძალას. საბჭოთა რეჟიმის პირობებში ქართული არისტოკრატიის ბედს შეგვიძლია გავეცნოთ სამეგრელოს ბოლო მთავრის, ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის, შთამომავლების ცხოვრებისეული გზის მაგალითზე.

ნიკოლოზს ოთხი შვილი ჰყავდა: ეკატერინე, რომელიც ადრეულ ბავშვობაში გარდაიცვალა, ნიკოლოზი (1876-1919), სალომე-მია (1878-1961) და მენიკი (1880-1954), რომელიც ნიკოს საყვარელ კესარია ჩიქოვანთან შეძენილი უკანონო შვილი იყო.

ნიკოლოზი

უფროსი ვაჟის, ნიკოლოზის, ისტორია ხანმოკლე და ტრაგიკულია. ის ბოლშევიკური რევოლუციის დროს რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა; ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ბოლშევიკებმა იგი სანკტ-პეტერბურგის ციხეში ჩააგდეს, სადაც მალე შიმშილისა და ავადმყოფობისაგან გარდაიცვალა.

ნიკოლოზის ნეშტი მის საცოლე ელენე ერისთავს გადასცეს, რომელმაც იგი რუსეთში ქართველთა ეკლესიაში დაკრძალა. მისი საფლავის ადგილმდებარეობა დღესაც უცნობია.

სალომე-მია

1897 წელს ნიკოს ქალიშვილი სალომე-მია რუსეთის ხელმწიფის პირადი ძალების გენერალ-მაიორ ალექსანდრე ობოლენსკის გაჰყვა ცოლად. მოგვიანებით ობოლენსკი ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორად დანიშნეს. რევოლუციის შემდეგ ალექსანდრე ოპოზიციონერ მენშევიკებთან ერთად იბრძოდა და მოგვიანებით ესტონეთში ემიგრანტების არმიას შეუერთდა, რომელმაც საბჭოთა ფრონტი გაარღვია. მაგრამ, ვიდრე პეტერბურგს მიაღწევდა, არმია გამოაბრუნეს და ალექსანდრე ოჯახთან ერთად საფრანგეთში გაიქცა. იქ ისინი უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ, რამაც მათს ფსიქიკას მძიმე დაღი დაასვა. 1924 წელს ალექსანდრე გარდაიცვალა და ცოლ-შვილი უსახსროდ დატოვა.

სალომე, ალექსანდრე და ჩვილი ნიკოლოზი

ალექსანდრეს სიკვდილამდე ერთი წლით ადრე სალომემ ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მთავრობას (რომელიც იმხანად საფრანგეთში იმყოფებოდა) სასამართლოში უჩივლა. სალომე ითხოვდა, რომ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მთავრობის მიერ საქართველოდან გატანილი ეროვნული საგანძურიდან ზოგიერთი ნივთი მისთვის დაებრუნებინათ. სალომე აცხადებდა, რომ ეს ნივთები მის ოჯახს უკანონოდ ჩამოართვეს, მაგრამ საფრანგეთის სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

გაჭირვების წლები სალომესა და მისი ოჯახისათვის უმძიმესი აღმოჩნდა. მისი ვაჟი ნიკოლოზ ობოლენსკი თავის მოკვლასაც კი შეეცადა. თუმცა, საბოლოოდ, მათ შეძლეს ამ პერიოდის გადალახვა და მოახერხეს ხელმომჭირნედ ცხოვრებასთან შეგუება. ნიკოლოზმა სამხედრო განათლება მიიღო და შემდეგ სწავლა ჟენევის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე გააგრძელა.

გაჭირვების წლები სალომესა და მისი ოჯახისათვის უმძიმესი აღმოჩნდა. მისი ვაჟი ნიკოლოზ ობოლენსკი თავის მოკვლასაც კი შეეცადა. თუმცა, საბოლოოდ, მათ შეძლეს ამ პერიოდის გადალახვა და მოახერხეს ხელმომჭირნედ ცხოვრებასთან შეგუება. ნიკოლოზმა სამხედრო განათლება მიიღო და შემდეგ სწავლა ჟენევის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე გააგრძელა.

1963 წელს ნიკოლოზი მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოების რიგებს შეუერთდა. იგი ერთხანს საფრანგეთის მართლმადიდებლურ სასწავლებელ “ბიარიკა მონტარეს” რექტორად მსახურობდა, ხოლო შემდეგ მოღვაწეობა პარიზის ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მღვდლად განაგრძო.

მენიკი

მენიკი ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის უკანონო შვილი იყო. იგი ანდრია გელოვანს გაჰყვა ცოლად და ვაჟი დადაშ გელოვანი გააჩინა (1899-1924). მიუხედავად იმისა, რომ მენიკმა ადრეული საბჭოთა პერიოდის უბედურებები გადაიტანა, მისი ნიჭიერ შვილს ნაკლებად გაუმართლა.

დადაში სწავლაში თავიდანვე დიდ ნიჭს ავლენდა. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც მისმა ნიჭმა სამთავრობო სტიპენდია და გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად გამგზავრების უფლება მოუპოვა; სწორედ მისი განსაკუთრებული გონებრივი მონაცემების გამო მას მეტსახელად “ქართველი ჰეგელი” შეარქვეს, გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსის, გეორგ ვილჰელმ ჰეგელის, პატივსაცემად. (თავის დროზე ჰეგელმა ახალგაზრდა კარლ მარქსზე უდიდესი ზეგავლენა იქონია.) 1920-იან წლებში ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ განხორციელებული საბჭოთა რეპრესიების დროს დადაში სოფელ ლეჩხუმში გაიხიზნა, რათა თავისი არისტოკრატული წარმოშობა დაემალა. 1924 წელს იგი საბჭოთა პოლიციამ დააკავა და დაკითხვა მოუწყო. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, პოლიციამ მასში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა და იგი გაათავისუფლეს, მაგრამ შენობის დატოვებისას დადაში კიბეზე წაბორძიკდა და პალტოს ჯიბიდან ფილიგრანით გაწყობილი ოქროს სათვალის ბუდე ამოუვარდა. ფუფუნებისა და პრივილეგიის ამ სიმბოლოს დანახვისთანავე პოლიციამ იგი კვლავ დააკავა. მოგვიანებით იგი სიკვდილით დასაჯეს.

[ წინ ]