Smithsonian

National Parliamentary Library of Georgia

 
დადიანების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

დავით დადიანი

 

დავით დადიანი

დავითი 1813 წელს პატარა დაბა ჭკადუაშში დაიბადა, სადაც მამამისს, ლევან V დადიანს (1793-1846) სასახლე ჰქონდა. ბავშვობისას იგი მეზობელი სამეფოს, იმერეთის, დედაქალაქ ქუთაისში გაგზავნეს; იქ დავითი დედის ნათესავებთან ცხოვრობდა და სკოლაშიც იქვე დადიოდა. ათი წელი რომ შეუსრულდა, მამამისმა იგი სვანეთის მთავარ ციოყ დადეშქელიანის ქალიშვილზე, დარეჯან დადეშქელიანზე დააქორწინა. 1835 წელს ცოლ-ქმარი განქორწინდა და დარეჯანი კახელ თავად დავით აბხაზს შერთეს; ქალის ოჯახთან უსიამოვნების აცილების მიზნით მას პენსია დაუნიშნეს, რომელიც 150 რუსულ ჩერვონეცს [1]) შეადგენდა. 1831 წელს დავითი თბილისში გადასახლდა, სადაც თბილისის გუბერნიაში რუსეთის მეფისნაცვლის მთავრობაში სტაჟიორად გაამწესეს.

უჩვეულო გზით ძალაუფლებისაკენ

დავითის მამა ლევანი სუსტი მმართველი იყო და ქვეყნის მართვის პრაქტიკული მხარისადმი არავითარ ინტერესს არ იჩენდა. მას ძირითადად გართობა და დროსტარება იზიდავდა. ამიტომ ცდილობდა, სამეგრელოს მმართველობა რაც შეიძლება მალე გადაელოცა. როგორც კი 18 წლის დავითი თბილისში გაგზავნეს, ლევანმა რუსეთის მეფისნაცვალს სთხოვა, მისი ვაჟი დავითი სამეგრელოს თანამმართველად ეღიარებინა.

თავიდან დავითს ზუგდიდში უმნიშვნელო პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, ამიტომ თბილისში მყოფი უფროსობა ნებას რთავდა, იქ დროდადრო ჩასულიყო. თუმცა სულ მალე, მას შემდეგ, რაც 1834 წელს დავითი კაზაკების პოლკში სამხედრო საქმის შესასწავლად გაამწესეს, მამამისმა იგი სამეგრელოში გამოიწვია, რათა იქ გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში მოხმარებოდა. ფაქტობრივი მმართველი “დიდი ნიკო” დადიანი, რომელსაც ლევანი ქვეყნის ყოველდღიურად მართვას ანდობდა, გარდაიცვალა და სამეგრელოს რამდენიმე თავადი ლევანს ძალაუფლებას ედავებოდა.

დავითმა ჩასვლისთანავე დაიწყო სამეგრელოს მართვის სისტემის რეფორმირება: მკაცრად განსაზღვრული გადასახადი დააწესა (რითაც, ფაქტობრივად, ადგილობრივ დიდებულებს გლეხების დაბეგვრისას თვითნებობის გზა მოეჭრათ); გარკვეული ნაბიჯები გადადგა რეგიონის სამართლებრივი სისტემის დემოკრატიზაციისა და, საერთოდ, უფრო ძლიერი მმართველობის დამყარებისკენ. ამ ცვლილებებს სამეგრელოს თავადები ნამდვილად არ მიესალმნენ, რადგან ამგვარი რეფორმები საკმაოდ ზღუდავდა დიდებულების პრივილეგიებს. რეფორმებისაკენ დაუოკებელმა სწრაფვამ დავითსა და მამამისს შორის წინააღმდეგობა გამოიწვია, განსაკუთრებით მას მერე, რაც დავითმა ლევანის გართობისათვის განკუთვნილი თანხების შემცირება გადაწყვიტა.

1838 წელს, მამის მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ, დავითი თბილისში დაბრუნდა, სადაც მაღალ საზოგადოებაში თავისი ადგილი აღიდგინა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახს დაუახლოვდა (ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო ცნობილი პოეტი, სამხედრო მოღვაწე და არისტოკრატი, რომლის სახელიც XIX საუკუნის საქართველოში განმანათლებლური ღირებულებების დამკვიდრებას უკავშირდება.) დავითი წინანდალში ჭავჭავძეების საზაფხულო რეზიდენციის ხშირი სტუმარი გახდა, სადაც იგი ალექსანდრეს ქალიშვილ ეკატერინეს შეხვდა, რომელიც მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ იმხანად ეკატერინეს კეთილგანწყობის მოსაპოვებლად კიდევ რამდენიმე დიდგვაროვანი ახალგაზრდა იბრძოდა. და მაინც, გამარჯვება დავითს ხვდა წილად და 1839 წელს მათ თბილისში ქაშუეთის ეკლესიაში იქორწინეს.

ამ ქორწინებას პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. მას შემდეგ, რაც 1838 წელს დავითმა სამეგრელო დატოვა, პოლიტიკური სიტუაცია იქ კვლავ სწრაფად გაუარესდა. თავადებმა დადიანების ოჯახს ისევ შეუტიეს, მაგრამ ლევანი ამჯერადაც ისევე უძლური აღმოჩნდა, როგორც ხუთი წლით ადრე. სამეგრელოში დადიანების მრავალსაუკუნოვან ხელისუფლებას დასასრული ემუქრებოდა და ლევანმაც ისევ თავის ვაჟს მიმართა. ამჯერად მან სიტყვა დადო, რომ დავითს მართვის სადავეებს მთლიანად გადასცემდა და პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოსცილდებოდა. მაგრამ, რადგანაც წესის მიხედვით, სამეგრელოს მთავარი ცოლიანი უნდა ყოფილიყო, დავითი რაც შეიძლება მალე უნდა დაქორწინებულიყო და მხოლოდ ამის შედეგად მოიპოვებდა სრულ ძალაუფლებას. თანაც ეს ყველაფერი მანამ უნდა მომხდარიყო, ვიდრე ლევანს თავისი აღთქმის გადაფიქრების საშუალება მიეცემოდა.

დავითის ქორწინების ოფიციალურ რეგისტრაციას თითქმის ორი წელიწადი დასჭირდა, ასე რომ, დავითი სამეგრელოს ერთპიროვნულ მმართველად ოფიციალურად მხოლოდ 1840 წელს დაინიშნა. ამგვარად, 1846 წელს მამამისის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც დავითმა საბოლოოდ მიიღო მთავრის ტიტული, მას რეგიონის მართვის უკვე ხუთწლიანი გამოცდილება ჰქონდა.

რეფორმები

დავითი რუსეთის ხელმწიფის მხარდაჭერით სარგებლობდა, რომელმაც საკუთარი სიგელით დაადასტურა დავითის გუბერნატორად დანიშვნა, და სამეგრელოს მოუსვენარი თავადებიც მის ხელისუფლებას დამორჩილდნენ. ამან ახალ მთავარს საშუალება მისცა, სამეგრელოს მართვის სისტემის რეფორმირება გაეგრძელებინა.

შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი ცვლილება სასამართლო სისტემას შეეხო, რომელსაც მანამდე მთავარი აკონტროლებდა. მან დანიშნა 12 დამოუკიდებელი იურისტი, რომლებიც მართლმსაჯულების საბოლოო არბიტრებს წარმოადგენდნენ; მათ საშუალება მიეცათ, რომ სასამართლო სისტემა დიდგვაროვანთა კონტროლიდან გამოეყვანათ, რითაც სამართალი ამ უკანასკნელებზედაც გავრცელდებოდა. სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები ადამიანებით ვაჭრობის აკრძალვას, მზითევის ტრადიციის გაუქმებასა და გზებისა და არხების მშენებლობას ეხებოდა; ასევე, მთავრის ძალაუფლება სამღვდელოებაზე აღარ ვრცელდებოდა. დავითმა დააწესა სტიპენდია, რომლის წყალობით ყოველწლიურად ათი მეგრელი ახალგაზრდა თბილისში ჩადიოდა და იქ პროფესიულ განათლებას იღებდა. რეფორმების ასეთი სწრაფი ტემპი განაპირობა დავითის წინათგრძნობამ, რომ სამეგრელო, _ იმხანად უკვე რუსეთის იმპერიის პროტექტორატი და უკანასკნელი დამოუკიდებელი ქართული სამთავრო _ ალბათ, მალე გაუქმდებოდა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის სახით არსებობას შეწყვეტდა.

ეს რეფორმები ფულს საჭიროებდა. დაფინანსების მოპოვებას დავითი შემოსავლიანი მიწების შესყიდვითა და სამეწარმეო საქმიანობაში (მაგალითად, მარწყვის მოშენება, სიგარებისა და, რაც მთავარია, აბრეშუმის წარმოება) მთავრობის ჩართვით ცდილობდა. (სამწუხაროდ, დავითის სიკვდილის შემდეგ ყველა ეს წამოწყება ჩაიშალა.) იყო შემთხვევები, როდესაც თავის რეფორმებს დავითი პირადი ქონების გაყიდვითაც აფინანსებდა.

დავითის პირადი ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკული იყო. მისი შვიდი შვილიდან პირველი სამი (მარიამი [1840-1842], ნინო [1841-1848] და ლევანი [1842-1844]) დავითის სიცოცხლეშივე ბავშვთა სნეულებებისაგან დაიღუპა. დარჩენილი ოთხი შვილიდან _ ნიკოლოზი (1847-1903), სალომე (1848-1913), ანდრია (1850-1910) და თამარი (1853-1859) _ ლევანის სიკვდილის დროისთვის უფროსი შვიდი წლისაც კი არ იყო. სამი მცირეწლოვანი შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილისათვის რომ გაეძლო, დავითი მთლიანად სამეგრელოს მოდერნიზაციის საკითხებზე გადაერთო და ამისთვის ჯანმრთელობას არ ზოგავდა. 1853 წლის აგვისტოში იგი უცაბედად მალარიით დაავადდა და მალევე გარდაიცვალა. იგი მარტვილის ეკლესიაში დაკრძალეს.

რადგანაც დავითის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე ნიკო მამის გარდაცვალების დროს ჯერ კიდევ ბავშვი იყო, დავითის მეუღლემ ეკატერინემ მეურვის ფუნქცია თავის თავზე აიღო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მმართველობისთვის ეკატერინე მზად არ აღმოჩნდა და ის სირთულეები, რომლის წინაშეც იგი მყისვე დადგა (თურქეთთან ომისა და სამეგრელოში აჯანყების ჩათვლით), სრულყოფილ ხელმძღვანელსაც კი ჩიხში შეიყვანდა. ოთხი მშფოთვარე წლის შემდეგ რუსეთის იმპერიის მთავრობა ჩაერია და 1857 წელს სამეგრელოს ადმინისტრაციული კონტროლი სრულად გადაიბარა ამით საბოლოოდ დასრულდა დადიანების ოჯახის ბატონობა.

[1] რუსეთში მოჭრილი ოქროს მონეტის სახელი, რომელიც, ზოგადად, აღიარებული ღირებულების ვალუტასაც აღნიშნავდა. ჩერვონეცი საბჭოთა კავშირის დროსაც იჭრებოდა. ის რუსეთში სანდო მონეტურ “მარკად” ითვლებოდა.

[ წინ ]