Smithsonian

National Parliamentary Library of Georgia

 
დადიანების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

XIX საუკუნის ცხოვრების სტილი


სანდო წყაროები დეტალურად აღწერს დადიანების ცხოვრების სტილს XIX საუკუნის მეორე ნახევარში, რაც სამეგრელოს სამთავროს არსებობის ბოლო წლებსა და შემდგომ პერიოდს მოიცავს. კონსტანტინ ბოროზდინი, რომელიც დავით დადიანის ქვრივის, ეკატერინეს რეგენტობის დროს ზუგდიდში რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენლად მსახურობდა, თავის მოგონებებში სასახლის კარზე იმდროინდელი ცხოვრების სურათებს აღწერს. ეკატერინეს პირადი მეგობრის, ბარონესა ბერთა ფონ ზუტნერის ჩანაწერები ასევე აღწერს იმ ცხოვრების სტილს, რომელსაც ევროპაში გადახვეწილი არისტოკრატები, დადიანები, ეწეოდნენ მას შემდგომ, რაც ყოველგვარი ოფიციალური ძალაუფლება დაკარგეს.

კარის ცხოვრება ზუგდიდში

ეკატერინე დადიანის ეპოქაში ზუგდიდის სასახლის კარი ცხოვრობდა განსაკუთრებული რეჟიმით, რომელსაც დედოფლისა და თავადის ჩათვლით, ყველა უნდა დამორჩილებოდა. ოფიციალური მმართველის ფუნქციებთან ერთად ეკატერინე დროის უდიდეს ნაწილს საჩივრების განხილვას უთმობდა. დადგენილი წესის მიხედვით, თავადის ქვეშევრდომებიდან ნებისმიერს შეეძლო მოსულიყო მასთან და საკუთარი ჭირ-ვარამი გაეზიარებინა, ხოლო ის ვალდებული იყო მოესმინა მომჩივანისათვის და მისი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა.

ეკატერინეს პორტრეტი

საჩივრების განხილვა ორი ადმინისტრაციული განყოფილების (ქართული და რუსული) ფუნქციას წარმოადგენდა. ისინი სასახლის მახლობლად ცალკე შენობაში მდებარეობდნენ. საჩივრების გარდა ეს განყოფილებები მართავდნენ თავადის სახელზე მოსულ მთელ კორესპონდენციას, რომელშიც თბილისიდან გამოგზავნილი რუსი გუბერნატორის ცირკულარები და სხვა ოფიციალური დოკუმენტაცია შედიოდა.

კონსტანტინ ბოროზდინის ნაწერები ზუგდიდის რეზიდენციის ყოველდღიური ცხოვრების ცოცხალ სურათს წარმოგვიდგენს:

ეკატერინეს პორტრეტი

როდესაც დედოფალი სადმე მიდიოდა, მას ყოველთვის კარისკაცები ახლდნენ. კარისკაცების მეთაურის დაქვემდებარებაში რამდენიმე მსახური ირიცხებოდა. მათ მოსდევდათ სხვადასხვანაირ ტანისამოსში გამოწყობილი, იარაღასხმული კეთილშობილი წარმოშობის ყმაწვილკაცების მთელი ამალა. ამ ახალგაზრდებს შინაყმები ეწოდებოდათ და მთავრის მსახურებად ითვლებოდნენ. ორი მათგანი ყოველდღიურად მორიგეობდა და მათ მოვალეობას სტუმრებისა და მთხოვნელების შესახებ მოხსენება და მათთვის მთავრის ნების გადაცემა წარმოადგენდა. მათ მოვალეობას შეადგენდა აგრეთვე სუფრაზე თეფშების შეცვლა და ღვინის შემოტანა. ეს ყმაწვილები შესანიშნავად იყვნენ გაწვრთნილნი; ისინი კარგი აღზრდით, სიჩაუქითა და დახვეწილი მანერებით გამოირჩეოდნენ; რუსული ენაც თითქმის ყველამ იცოდა. მათს უმრავლესობას მარტვილის სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული. ისინი მოხდენილად ცეკვავდნენ და მათ მიერ შესრულებული მეგრული სიმღერები სასიამოვნოდ ჟღერდა. როდესაც მთავარი დიდ ქეიფებს აწყობდა, ახალგაზრდების ამ გუნდს ცალკე მაგიდასთან ათავსებდნენ და პირველი კერძის შემოტანისთანავე ისინი ორკესტრის მსგავსად სიმღერას დააგუგუნებდნენ ხოლმე.

ცხოვრება, ძირითადად, ჩვეულ კალაპოტში მიმდინარეობდა. ყოველ დილით დედოფალი და მისი პირისფარეშები ეკლესიაში დილის მსახურებას ესწრებოდნენ, ხოლო საუზმეს შუადღისას მიირთმევდნენ. ამის შემდგომ სტუმრების გამოცხადება და მიღება იწყებოდა; სადილი 5 საათზე იწყებოდა და ექვს საათზე ყველანი საღამოს მსახურებაზე დასასწრებად მიემართებოდნენ. საღამოს მსახურებს სახლში წასვლის უფლება ეძლეოდათ, ხოლო დედოფალი თავის პირისფარეშებთან ერთად რჩებოდა.

ეკატერინეს პორტრეტი

მარხვას მკაცრად იცავდნენ და დიდი დღესასწაულების დროს სასახლეში მობრძანდებოდა თავად ჭყონდიდელი, რომელიც წმინდა მსახურებას უდიდესი მოწიწებით წარმართავდა. მოგზაურობისას დედოფალს საკმაოდ ჭრელი შემადგენლობის ამალა ახლდა.

ბერთა ფონ ზუტნერის მოგონებები

XIX საუკუნის ბოლოს ბარონესა ბერთა ფონ ზუტნერი (1843-1914), ავსტრიელი რომანისტი, მშვიდობის მოძრაობის აქტივისტი და პირველი ქალი, რომელმაც დაიმსახურა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, თავის მემუარებში საინტერესოდ აღწერს დადიანების ოჯახის ცხოვრებას. ფონ ზუტნერი ეკატერინე დადიანს დაუმეგობრდა, როდესაც ორი ქალბატონი ჰამბურგში ერთ-ერთ კურორტზე შეხვდნენ ერთმანეთს; მაშინ ეკატერინე ევროპაში ემიგრანტის სტატუსით იმყოფებოდა (1857-1867). ამის შემდგომ ფონ ზუტნერი დადიანების ოჯახის ხშირი სტუმარი გახდა. მათი ურთიერთობის პერიოდიდან გამომდინარე ფონ ზუტნერის მოგონებები ეკატერინესა და მისი ოჯახის შესახებ მხოლოდ იმ წლებს ეხება, როდესაც დადიანებს ოფიციალური პოლიტიკური ძალაუფლება უკვე დაკარგული ჰქონდათ.

რუსთხელმწიფესთან შეხვედრა

ძალაუფლების დაკარგვის შემდეგაც კი დადიანები მდიდარ და გამორჩეულ ოჯახად რჩებოდნენ. ფონ ზუტნერი აღნიშნავს, რომ ეკატერინე და მისი შვილები ჰამბურგში საკმაოდ მდიდრულად ცხოვრობდნენ; იქ ეკატერინე მთელ სართულს ქირაობდა ერთ-ერთ სასახლეში და დროს სალონებსა და თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრებაში ატარებდა. მას თეატრში საკუთარი ლოჟაც კი ჰქონდა.

ერთ საღამოს ეკატერინე და ფონ ზუტნერი მეგობრებთან ერთად ტერასაზე ისხდნენ, როდესაც რუსეთის ხელმწიფე, ალექსანდრე II-საგან შეტყობინება მოვიდა. იგი ეკატერინეს პირადად იცნობდა და რადგანაც იმხანად ჰამბურგში იმყოფებოდა, ეკატერინესთან შესახვედრად მოიჩქაროდა. სულ მალე ალექსანდრე მთელი თავისი ამალით იმ ტერასის მომიჯნავე პარკში შემოვიდა, რომელზედაც ქალები ისხდნენ. ეკატერინეს დანახვაზე მან მისასალმებლად კიბეები აირბინა. ეკატერინე ფეხზე წამოდგა, ხოლო ხელმწიფემ ხელზე აკოცა. ფონ ზუტნერი გვამცნობს:

ჩვენ იქვე, შორიახლოს, საპატივცემო დისტანციაზე ვიდექით, მაგრამ მე მაინც მოვახერხე იმპერატორის სიტყვების გაგონება, რომლებიც მან ფრანგულად ხმამაღლა წარმოთქვა: “სათამაშო ოთახში წამოსვლას ხომ არ ინებებთ?” მან დედოფალს მკლავი შესთავაზა და ჩვენც გავყევით.

ფონ ზუტნერი იხსენებს, რომ რულეტის მაგიდასთან ალექსანდრემ ეკატერინესაგან რამდენიმე ოქროს მონეტა ისესხა; შესაძლოა იმიტომ, რომ თავად ფულს არ ატარებდა ან იქნებ ფიქრობდა, რომ ნასესხები ფული მისთვის უფრო იღბლიანი აღმოჩნდებოდა. ის რაუნდი მოიგო, მაგრამ, საბოლოოდ, ულმობელმა კრუპიემ იგი მთლად გააკოტრა.

სალომე დადიანის ქორწინება

XIX საუკუნის არისტოკრატულ წრეებში მაჭანკლობა გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა, რადგან მიაჩნდათ, რომ დაწყვილება მხოლოდ სოციალურად თანასწორ ადამიანებს შორის იყო მიზანშეწონილი. ამიტომ ეკატერინეს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ თავისი ქალიშვილისთვის, სალომესათვის, წყვილი ევროპელ არისტოკრატებს შორის ეპოვა. ასეთი პიროვნება მან აშილ მიურატში აღმოაჩინა, რომელიც ფრანგი პრინცის ლუსიენ მიურატისა და მისი ამერიკელი მეუღლის ვაჟი გახლდათ. აშილი პარიზის მაღალი საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო გარეგნობის ახალგაზრდა იყო და სალომემ დიდი სიამოვნებით მიიღო ეს შეთავაზება. ფონ ზუტნერი მოგვითხრობს, რომ მათი დანიშვნის დღიდანვე აშილი სალომეს თეთრი ყვავილების უზარმაზარ თაიგულს ყოველ დილით უგზავნიდა და დადიანების სასახლეს ყოველ საღამოს სტუმრობდა.

ქორწილი 1868 წლის მაისში შედგა. ნეფე-პატარძლის განსხვავებული მრწამსის გამო სამი განსხვავებული ცერემონიალი ჩატარდა: სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის შენობაში; კათოლიკური ქორწინება ტიუილრიში, რომელსაც საფრანგეთის იმპერატორი და დედოფალი ესწრებოდნენ; და მართლმადიდებლური ქორწინების ცერემონიალი, რომელიც იმავე საღამოს გაიმართა. ამ უკანასკნელზე სალომე დადიანის მეჯვარე ბერთა ფონ ზუტნერი გახლდათ. ფონ ზუტნერის გადმოცემით, სალომეს ოქრომკედით ნაქარგი საქორწინო პირბადე ეკეთა და თავს ბრილიანტებით მოჭედილი დიადემა – საფრანგეთის დედოფლის საქორწინო საჩუქარი – უმშვენებდა. ქორწილის შემდეგ დადიანის რეზიდენციაში ბალ-მასკარადი გაიმართა.

ნიკო დადიანის ქორწინება

ნიკო დადიანი

ნიკო დადიანის ქორწინება გაცილებით უფრო დიდებული მოვლენა იყო, ვიდრე მისი დის გათხოვება. 1874 წლის გაზაფხულზე ნიკომ ცოლად გრაფის ასული მერი ადლერბერგი მოიყვანა. ეს ქორწინება სამეგრელოსთვის დიდი მოვლენა იყო, რომელიც, ალბათ, 1981 წელს ბრიტანეთის პრინც ჩარლზისა და ლედი დაიანა სპენსერის ქორწინებისადმი მასმედიის მიერ გამოჩენილი ყურადღებისა და ეროვნული სიამაყის მასშტაბს თუ შეედრება. ნიკოსა და მერის ქორწილი ევროპაში გაიმართა, ხოლო სამეგრელოში მათი სტუმრობა დიდ ეროვნულ დღესასწაულად იქცა. ფონ ზუტნერი ამ მოვლენას ეკატერინესაგან მიღებული წერილებზე დაყრდნობით აღწერს:

წყვილს საკუთარი გემი ჰყავდა, რომელმაც ისინი ოდესიდან ფოთში ჩაიყვანა, სადაც მატარებელში გადასხდნენ და ქუთაისში გაემგზავრნენ. გზად მათ მოზეიმე ადამიანები ხვდებოდნენ, რომლებიც მხიარულად ესალმებოდნენ, ჰაერში თოფებს ცლიდნენ და კეთილ მგზავრობას უსურვებდნენ. გზის გასწვრივ მთელი მოსახლეობა იდგა: გლეხები, თავად-აზნაურობა – მოკლედ, ქუდზე კაცი იყო გამოსული. ახალდაქორწინებულები ვალდებულნი იყვნენ, დროდადრო მატარებელი გაეჩერებინათ, გადმოსულიყვნენ და ყვავილების ხეივნების გავლით სუფრასთან მისულიყვნენ. ისინი ქუთაისში ორი დღე დარჩნენ და დაესწრნენ უამრავ ქეიფს, ბალ-მასკარადსა და მიღებას.

“წყვილმა გზა ეტლით გააგრძელა. როდესაც სამეგრელოს საზღვართან მოგუგუნე მდინარეზე გადებულ ხიდს მიადგნენ, მათ დატოვეს ეტლი, ფეხით ჩაიარეს ხალიჩებით მოფენილი და ყვავილების ხეივნებით მორთული ხიდი და იქაურ თავად-აზნაურთა ჯგუფს მიადგნენ, რომლებიც მათ ელოდებოდნენ. შეისვა ახალდაქორწინებულთა სადღეგრძელო, რის შემდეგაც ცხენებზე ამხედრებული ამალა მათ წინ გაუძღვა.

ეკატერინე გორდის სასახლის აივანზე იცდიდა. ნეფე-პატარძლის გამოჩენას ხალხი მხიარული შეძახილებითა და ტაშით შეხვდა. უკრავდა სამხედრო ორკესტრი, რეკავდნენ ზარები, ზარბაზნების ქუხილს ახლომდებარე მთები ექოთი ეხმიანებოდნენ. იმდროინდელი რუსული ტრადიციის მიხედვით მსახურთუხუცესმა ახალდაქორწინებულებს პური და მარილი მიართვა; შემდეგ ისინი ეკატერინეს მიუახლოვდნენ და დაიჩოქეს, რათა მისი ლოცვა-კურთხევა მიეღოთ. პატივისცემის ნიშნად შეკრებილი ხალხი ამ რიტუალს დუმილით შეხვდა. ამ მოვლენის აღსანიშნავი საეკლესიო მსახურების შემდეგ დაიწყო ქეიფი, რომელმაც შუაღამემდე გასტანა. დღესასწაული მეორე დღესაც გაგრძელდა. იგი სრულიად შემთხვევით პატარძლის, მერი ადლერბერგის დაბადების დღეს დაემთხვა.

[ წინ ]