Smithsonian

National Parliamentary Library of Georgia

 
დადიანების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

ეკლესია-მონასტრები

 

სამეგრელოში დღემდე დგას უამრავი ეკლესია და მონასტერი დასტურად იმისა, თუ როგორ მფარველობდნენ დადიანები მართლმადიდებლურ ეკლესიას. ბევრი მათგანი დადიანების ოჯახზე საუკუნეებით ადრე არსებობდა, რაც საქართველოში ქრისტიანობის არსებობის უძველეს ისტორიაზე მიუთითებს.

მეორე ღირსშესანიშნავ ნაგებობას X საუკუნით დათარიღებული ცაიშის ეკლესია წარმოადგენს, რომელიც ზუგდიდიდან სამხრეთ–დასავლეთით ათ კილომეტრში, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. სწორედ ცაიშის ეკლესია გახლდათ პირველი ქართველი პატრიარქის რეზიდენცია. ეკლესია იმ ადგილას აშენდა, სადაც წმინდა იოანე პატმოსელი გარდაიცვალა, რომელმაც ეფესოდან გამოძევების შემდეგ თურქეთსა და საქართველოს შეაფარა თავი. (იოანე განთქმული პიროვნებაა მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში, როგორც აღმოსავლური ბერმონაზვნობის მამა და ფუძემდებელი. ყველა ქრისტიანი მას ბიბლიური წიგნის, „გამოცხადების“ ავტორად იცნობს.) ეკლესია, რომელიც ამჟამად ძველი ტაძრის ადგილას დგას, XVIII საუკუნეში ინტენსიური გადაკეთებისა და აღდგენითი სამუშაოების შედეგს წარმოადგენს. ძველი, ორიგინალური ნაგებობიდან მხოლოდ სამსაფეხურიანი პიედესტალი შემორჩა.

წალენჯიხის ეკლესია

მაცხოვრის ტაძარი, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება, დაბა წალენჯიხის გარეუბანში, ერთ-ერთ ბორცვზეა აგებული. სატაძრო კომპლექსის გალავნის გარეთ, დადიანების სასახლის უძველეს ნანგრევებს ვაწყდებით. ტაძრის სვეტზე ამოტვიფრული ორენოვანი ქართული და ბერძნული წარწერები გვამცნობენ, რომ ვამეხ დადიანმა (მეფობდა: 1384-1396) ეკლესიის მოსახატად ბიზანტიელი მხატვარი სირუს ემანუელ ევგენიკოსი მიიწვია. მის მიერ შექმნილი ფრესკები ერთადერთი ცნობილი ნიმუშია იმ ხელოვნებისა, რომელიც ბიზანტიური პალეოლოგიური დინასტიის ეპოქაში შეიქმნა და რასაც მხატვრის ხელმოწერა და თარიღი ადასტურებს. ეპისკოპოს ევდემონ ჯაიანის მოთხოვნით, ლევან II დადიანმა (მეფობდა: 1611-1657), სამეგრელოს ისტორიაში ყველაზე უფრო ძლიერმა მთავარმა, მოხატულკედლებიანი ეკლესიის მიშენება ბრძანა. სამწუხაროდ, დღეისათვის ამ კედლის მხატვრობის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.

სოფელ მარტვილში მდებარე ეკლესიები: მარტვილის ჭყონდიდი და წმინდა ქალწულის ეკლესია VII საუკუნით თარიღდება, თუმცა მრავალსაუკუნოვანი რეკონსტრუქციების შედეგად ორივე ეს ეკლესია დიდწილად შეიცვალა და პირვანდელი სახე დაკარგა. წმინდა ქალწულის ეკლესიის მოდიფიკაცია იმაშიც ვლინდება, რომ XIV-XVII საუკუნეებში მას რამდენიმე კედლის ფრესკა დაემატა, რომლებიც დღეისათვის კარგადაა ცნობილი. გეტის ფონდმა ახლახანს დააფინანსა პროექტი, რომელიც ამ ეკლესიის ფრესკების კონსერვაციას უზრუნველყოფს. ეკლესია აგრეთვე ცნობილია იმითაც, რომ მის კედლებზე გამოსახულია მფარველების პორტრეტები, რომლებიც ეკლესიას საუკუნეების მანძილზე ეხმარებოდნენ. სოფელ მარტვილში რამდენიმე თავადი დადიანი და მათი ოჯახის წარმომადგენლებია დაკრძალული. მათ შორისაა ამ გვარის ბოლო წარმომადგენელი ლევან V დადიანი (მეფობდა; 1804-1840) და მისი მეუღლე მართა; მათი ვაჟი დავით დადიანი (მეფობდა: 1840-1853) და მისი მეუღლე ეკატერინე თავიანთ ვაჟებთან, ნიკოლოზთან, დავითთან და ანდრიასთან ერთად.

[ წინ ]