Smithsonian

National Parliamentary Library of Georgia

 
დადიანების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

დავით (დუდუ) დადიანი (1969-2002)

 

დავით (დუდუ) დადიანმა (1969-2002) – რობერტ დადიანისა და გურანდა ტყავაძის ვაჟმა და ისტორიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, “დიდი” ნიკო დადიანის[1]შთამომავალმა _ სახელი როგორც კალათბურთელმა გაითქვა. მას ორი დედმამიშვილი ჰყავდა: და მაკა და ძმა ლევანი. დავითს დედა ოთხი წლის ასაკში გარდაეცვალა და იგი მამამ და ბებიამ აღზარდეს. მთელი ცხოვრების მანძილზე მას უფრო “დუდუს” მეტსახელით იცნობდნენ.

დავით (დუდუ) დადიანი

დუდუ ბავშვობიდანვე სპორტით იყო დაინტერესებული. მან თავი ფარიკაობასა და ფეხბურთში მოსინჯა, ყმაწვილკაცობაში ნადირობამაც გაიტაცა. ნადირობის სიყვარული მას მთელი ცხოვრების მანძილზე არ განელებია. (ერთ-ერთი სანადირო ლაშქრობის დროს დუდუმ და მისმა მეგობრებმა, უნებლიეთ, აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთეს; ისინი მესაზღვრეებმა დააკავეს და რამდენიმე დღე იმამ შამილის ძველ კოშკში ჰყავდათ გამომწყვდეული, სანამ ნათესავებმა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტუაცია აუხსნეს.) მაგრამ მის უდიდეს სიყვარულს მაინც კალათბურთი წარმოადგენდა. 9 წლის ასაკში ძმის წყალობით დუდუ პირველ საკალათბურთო მატჩს დაესწრო და მაშინვე ამ თამაშის მოტრფიალე გახდა.

მისი პირველი მწვრთნელი, თავადაც ცნობილი კალათბურთელი, მიხეილ ზახალინი გახლდათ. ზახალინმა შეამჩნია დუდუს ნიჭი და ურჩია, სპეციალიზებულ სკოლაში გადასულიყო, სადაც კალათბურთს უკეთ დაეუფლებოდა. სკოლაში დუდუს მწვრთნელი შოთა იანქოშვილიც აღფრთოვანებული იყო ბიჭუნას მონაცემებით და მასთან პერსონალურ ვარჯიშს დიდ დროს უთმობდა. შედეგად, დუდუს შესაძლებლობა მიეცა, ახალგაზრდულ გუნდ “მართვეში” ეთამაშა. ეს გუნდი საუკეთესო სტარტად მიიჩნეოდა ნორჩი კალათბურთელებისათვის, რადგან იქ მათ თავიანთი ნიჭის სრულად გამოვლენა შეეძლოთ.

1984 წელს, როდესაც დუდუ 15 წლის გახდა, იგი თბილისის 58-ე სპორტსკოლაში გადაიყვანეს, სადაც კალათბურთის გაკვეთილები სასწავლო პროგრამაში შედიოდა. სამი წლის შემდეგ, როდესაც დუდუ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, იგი უკვე საქართველოს საუკეთესო საკალათბურთო კლუბ “დინამოში” თამაშობდა. სკოლის დამთავრებისთანავე იგი ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში იგი პროფესიონალ კალათბურთელად ჩამოყალიბდა.

1992 წელს, დუდუ გუნდ “ვითაში” გადავიდა, რომელმაც იმ წელს, ისევე როგორც მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, საქართველოს ჩემპიონის სახელი მოიპოვა. საქართველოში მოპოვებულმა წარმატებამ “ვითას” საშუალება მისცა, უცხოურ, მათ შორის საბერძნეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის, გუნდებს შეხვედროდა. 1995 წელს დუდუ საქართველოს ეროვნულ ნაკრების წევრი და “ვითას” კაპიტანიც გახდა.

მთელი მისი კარიერის მანძილზე დუდუმ სახელი აგრესიული, ზოგჯერ უხეში, თამაშის სტილით გაითქვა, მაგრამ გულის სიღრმეში იგი ჭეშმარიტი სპორტსმენი იყო. მაგალითად, 1996 წელს, საბერძნეთთან მატჩის დროს დუდუს ძალისმიერმა სტილმა იგი მოწინააღმდგე გუნდის მოთამაშესთან ხელჩართულ ბრძოლამდე მიიყვანა. მაგრამ თამაშის შემდეგ მან ულამაზესი ქართული ხალიჩა იყიდა და ბერძენ მოთამაშეს სამშობლოში გამგზავრებამდე აეროპორტში საჩუქრად გადასცა.

დუდუს როგორც პროფესიონალი კალათბურთელის კარიერა ზენიტში იმყოფებოდა, როდესაც 1990 წელს საბჭოთა კავშირის დაცემამ საქართველოში უმწვავესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. დუდუმ რამდენიმე თვე შეერთებულ შტატებში გაატარა და შეეცადა, თავისი კარიერის აგება ამ მშფოთვარე მოვლენებისაგან მოცილებით გაეგრძელებინა. თუმცა მალე იგი საქართველოში დაბრუნდა, რადგან არ მოინდომა, რომ თავისი მეგობრები და Mგულშემატკივრები სწორედ მაშინ მიეტოვებინა, როდესაც ისინი მისგან გამხნევებას ელოდნენ.

1999 წელს 30 წლის ასაკში დუდუმ კალათბურთის თამაშს თავი დაანება და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა; მას ეს თანამდებობა გარდაცვალებამდე, 2002 წლამდე, ეკავა. ფიზიკურად დუდუს კიდევ შეეძლო კარგად თამაში, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ახალ ამპლუაში ქართულ სპორტს უკეთესად დაეხმარებოდა. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას, მან რამდენიმე პროექტი განახორციელა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთა კალათბურთის პროგრამების ხელშეწყობა იყო. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ იგი კალათბურთის ტექნიკისა და საფუძვლების შესწავლას ფართო მეცნიერული პერსპექტივიდან მიუდგა და რელიგიისა და ფილოსოფიის საკითხებსაც ჩაუღრმავდა; მას განსაკუთრებით ბუდისტური ლიტერატურა იზიდავდა. განათლებული კოსმოპოლიტი დუდუ ფლობდა ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.

დუდუ დადიანი 2002 წლის იანვარში, დღისით-მზისით, თბილისში სპორტის დეპარტამენტის შენობაში მოკლეს. ამ ბოროტმოქმედებას რამდენიმე თვითმხილველი შეესწრო, მაგრამ მკვლელი მიიმალა და მისი ვინაობა დღემდე დაუდგენელია. ოფიციალურმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ მკვლელობა დუდუსა და უცნობ მკვლელს შორის შელაპარაკების შედეგად მოხდა. თუმცა ამ ინციდენტის გარშემო უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა კვლავაც არსებობს. გავრცელდა ჭორები, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო. ხოლო მოტივაციას დუდუსა და გათხოვილ ქალს შორის გაჩაღებული რომანი წარმოადგენდა.

დუდუს ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სპორტულმა საზოგადოებამ “დუდუ დადიანის თასი” დააწესა, ხოლო ქართველმა მოქანდაკემ ლევან ვარდოსანიძემ დუდუს ქანდაკება შექმნა. ქანდაკებაში დუდუ კალათბურთელის ფორმაშია გამოსახული და ნომერი “13”, რომლითაც იგი ყველა გუნდში თამაშობდა, მის ქანდაკებასაც ამშვენებს. დუდუს სპორტული ჯილდოები დადიანის სასახლე-მუზეუმს გადაეცა, ხოლო “დადიანების სასახლეების ფონდმა” მოაწყო გამოფენა, რომელზედაც დუდუს კოლექციიდან ამოკრეფილი მედლები, ფოტოები, პირადი ნივთები და ნახატები იყო წარმოდგენილი. სასახლე-მუზეუმის რემონტის დასრულების შემდეგ ეს გამოფენა ფართო საზოგადოებისათვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

[ წინ ]