Smithsonian

National Parliamentary Library of Georgia

 
დადიანების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

მითები და ლეგენდები

 

სამეგრელოში, ამ უძველესი ისტორიის მქონე მხარეში, ანტიკური ხანიდან ქრისტიანულ ეპოქამდე უმდიდრესი ფოლკლორი, მითები და ლეგენდები წარმოიშვა. ალბათ, ყველაზე უფრო განთქმული წინაქრისტიანული მითი, რომელიც სამეგრელოს მიწას ეხება, იაზონისა და არგონავტების ამბავი გახლავთ. ამ რეგიონში მოგვიანებით შექმნილი ქრისტიანული მითებიდან მრავალი მათგანი მოგვითხრობს ქალწულ მარიამის - იესო ქრისტეს დედასა და ქართულ მართლმადიდებლობაში გამორჩეული ფიგურის - შესახებ და მასთან დაკავშირებული რელიკვიების ძალაზე.

იაზონისა და მედეას მითი

ანტიკურობის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მითოლოგიური ამბავი იაზონის მიერ ოქროს საწმისის მოპოვებაზე მოგვითხრობს. მოქმედების უდიდესი ნაწილი კოლხეთის სამეფოში ვითარდება, რომელიც დიდი ხნის წინ დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიაზე მდებარეობდა. ეს ამბავი პირველად აპოლონიოს როდოსელმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში ჩაიწერა. მისი მოკლე შინაარსი შემდეგში მდგომარეობს:

სანდისის მედეა


იაზონი იოლკოსის კანონიერი მეფე ეზონის ვაჟი იყო. ეზონი მისმა ნახევარძმამ პელიასმა ტახტიდან ჩამოაგდო და საპყრობილეში ჩააგდო, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც იაზონი დედის საშოში იმყოფებოდა. როდესაც იაზონი დაიბადა, ეზონის მეუღლემ დაარწმუნა პელიასი, რომ ბავშვი მკვდრადშობილი იყო, სინამდვილეში კი ახალშობილი სასახლიდან გააპარა.

იაზონი კენტავრმა ხირონმა გაზარდა. უკვე ყმაწვილკაცობაში შესული იაზონი იოლკოსში დაბრუნდა, რომ კუთვნილი ტახტი დაებრუნებინა. პელიასი დათანხმდა ტახტის დაბრუნებაზე იმ პირობით, თუ იაზონი ერთ ძალიან სახიფათო დავალებას შეასრულებდა: კოლხეთის მეფე აიეტის სამფლობელოდან ლეგენდარულ ოქროს საწმისს წამოიღებდა. საწმისი ხეზე ეკიდა და მას მარად ფხიზელი გველეშაპი დარაჯობდა. იაზონი დათანხმდა ამ გამოწვევას და საბერძნეთის 50 რჩეულ ვაჟკაცთან ერთად გემ "არგოთი" კოლხეთისკენ გაემართა.

გზად უამრავი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ,"არგო" კოლხეთის ნაპირებს მიადგა. მეფე აიეტი მზად იყო, ოქროს საწმისი იაზონისათვის გადაეცა, თუკი იგი წარმატებით გაართმევდა თავს შეუძლებელ ამოცანას: მას უღელში ორი ცეცხლისმფრქვეველი ხარი უნდა შეება და მათი დახმარებით მინდორი მოეხნა, ხოლო მინდორზე გველეშაპის კბილები დაეთესა. ამ ამოცანის შესასრულებლად იაზონს მოულოდნელი დახმარება აღმოუჩინა აიეტის ქალიშვილმა მედეამ, უძლიერესმა ჯადოქარმა, რომელსაც იაზონი შეჰყვარებოდა. მედეამ იაზონს ჯადოსნური სითხე მისცა, რომელმაც იგი ცეცხლისმფრქვეველი ხარებისაგან დაიცვა, ასე რომ, იაზონმა დაიმორჩილა ხარები და მინდვრის მოხვნაც შეძლო.

სამწუხაროდ, აიეტი სულაც არ აპირებდა, ოქროს საწმისი კოლხეთიდან ვინმესათვის გაეტანებინა და ყველანაირად შეეცადა, იაზონთან დადებული პირობა დაერღვია. იაზონს ისევ მედეა დაეხმარა და არა მარტო ოქროს საწმისისაკენ მიმავალი გზა უჩვენა, არამედ ელექსირიც მისცა, რომლის მეშვეობითაც იაზონმა საწმისის მცველი გველეშაპი დააძინა.

არგონავტებმა აფრები აუშვეს და იოლკოსისაკენ დაიძრნენ, მაგრამ მათ გზა აიეტის ფლოტმა გადაუღობა. მედეას საზრიანობამ ისევ იმარჯვა: მან შეტყობინება გაუგზავნა თავის ძმას, აფსირტეს, თითქოსდა იგი მოიტაცეს, და ემუდარებოდა, ერთ–ერთ კუნძულზე მისულიყო მისი ტყვეობიდან გამოსახსნელად. როდესაც აფსირტემ დის თხოვნა შეასრულა და დანიშნულ ადგილას მივიდა, მედეამ იგი მოკლა, მისი სხეული დაანაწევრა და ნაწილები ზღვაში გადაყარა. მან იცოდა, რომ, ვიდრე აიეტი თავისი ვაჟის ნეშტის შეგროვებით იქნებოდა დაკავებული, იაზონი დროს მოიგებდა და გაიქცეოდა.

იოლკოსში დაბრუნებისას იაზონმა შეიტყო, რომ უზურპატორმა პელიასმა მისი პატიმარი მამა, ტახტიდან ჩამოგდებული ეზონი მოატყუა, რომ არგო ჩაიძირა და იაზონმა დავალება ვერ შეასრულა. სასოწარკვეთილმა ეზონმა თავი მოიკლა. ამგვარი დანაშაულისათვის მედეამ საშინელი შურისძიება ჩაიფიქრა: მან პელიასის ორ ქალიშვილს უთხრა, რომ შეეძლოთ თავიანთი მოხუცებული მამა ჯადოსნური რიტუალის მეშვეობით გაეახალგაზრდავებინათ - ამისთვის საჭირო იყო მოხუცის დანაწევრება და ნაწილების მდუღარე ქვაბში ჩაყრა. უნდობლად განწყობილი დების დასარწმუნებლად, მან ბებერი ცხვარი ნაწილებად დაჭრა და მათ თვალწინ მდუღარე ქვაბში მოათავსა, რის შემდეგაც ქვაბიდან ქორფა, ძლიერი ბატკანი ამოხტა. ეს ყველაფერი ფანდი იყო, მაგრამ დებს ეჭვი გაუქარწყლა. მათ დიდი მონდომებით დაანაწევრეს საკუთარი მამა და მისი ნაწილები ადუღებულ ქვაბში ჩაყარეს. მათი ჩანაფიქრი არ გამართლდა და იაზონი და მედეა კორინთოში გაიქცნენ, რათა პელეასის ვაჟის, აკასტოსის რისხვა აეცილებინათ თავიდან.

რამდენიმე წლის შემდეგ, როცა იაზონს მედეასგან უკვე ორი შვილი ჰყავდა, იაზონმა კრეუზა, კორინთოს მეფის უმცროსი ქალიშვილი, შეიყვარა და მედეა მიატოვა. მედეამ კვლავ შურისძიების იშვიათი ნიჭი გამოავლინა და კრეუზას საქორწინო საჩუქარი, მოსაცმელი გაუგზავნა, მეფის ასულმა ჩაიცვა თუ არა, ცეცხლის ალში გაეხვა და დაიღუპა. კრეუზას მამამ, მეფე კრეონმა სცადა ქალიშვილის გადარჩენა, მაგრამ თვითონაც დაიწვა. ამის შემდეგ მედეამ თავისი შვილები დახოცა, რადგან ეშინოდა, რომ დედის ცოდვებისთვის მათ აწამებდნენ ან მონებად აქცევდნენ და თავი ათენს შეაფარა. მითის ზოგიერთ ვერსიაში მედეა კოლხეთში ბრუნდება, სადაც მამის კეთილგანწყობას იბრუნებს იმით, რომ კლავს მისი ტახტის უზურპატორს.

კურთხეული ღვთისმშობლის კვართი

საქართველომ ქრისტიანობა რომის იმპერიაზე ოდნავ მოგვიანებით აღიარა. ჩვენი წელთაღრიცხვით 327 წელს (ან, შესაძლოა, უფრო ადრეც კი) აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე იბერიის სამეფოს მეფემ, მირიან II-მ ქრისტიანობა ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. მომდევნო ათწლეულებისა და საუკუნეების მანძილზე, მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს კულტურული იდენტობის ბირთვად გვევლინება.

ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, საქართველო კურთხეული ქალწული მარიამის, იესო ქრისტეს დედის, წილხვედრი ქვეყანაა. წმინდა სამოსი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, მარიამს ეცვა,დღემდე სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის მუზეუმში, დადიანების სასახლის საგანგებო კოშკში ინახება. წელიწადში ერთხელ, ვლაქერნის კურთხეული ქალწულის დღესასწაულის დღეს, იგი გამოაქვთ; მლოცველებს შეუძლიათ, ხელით მას შეეხონ და ილოცონ. ზუსტად არ არის ცნობილი, თუ როგორ მოხვდა ეს რელიკვია ზუგდიდში, მაგრამ არსებობს ამ სამოსელთან დაკავშირებული რამდენიმე ამბავი, რომლებიც ქვემოთ არის აღწერილი.

ბიზანტიის იმპერატორ ლეონ დიდის მეფობის დროს (457–471) იმპერატორის ძმები, საეკლესიო პირები გალვიუსი და კანდიდი წმინდა მიწაზე წმინდა ადგილების მოსალოცად წავიდნენ. ისინი სოფელ ნაზარეთში, ქრისტეს დაბადების ადგილას, მოკრძალებულ კერძო სახლში გაჩერდნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ შიდა ოთახის იატაკზე, დანთებულ სანთლებს შორის ავადმყოფები იწვნენ. სახლის პატრონმა აუხსნა მათ, რომ ქალწული მარიამის წმინდა სამოსი, რომელიც მორწმუნეთა თაობებმა შემოინახეს, ამ ოთახში, სკივრში ინახებოდა. ძმებმა დაამზადეს მსგავსი სკივრი და, როდესაც ოთახში არავინ იყო, სკივრები შეცვალეს. ამ განძით კონსტანტინოპოლში დაბრუნდნენ და იგი იმპერატორს მიართვეს, რითაც დიდად გაახარეს. იმპერატორმა კვართი ვლაქერნის კურთხეული ქალწულის ეკლესიაში, ფაქტობრივად, მისი სასახლის კარის ეკლესიაში დააბრძანა. თითქმის ათასწლეულის გავიდა და 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგიქიდან გამოქცეულმა არქიეპისკოპოსმა სამოსი სხვა წმინდა რელიკვიებთან ერთად საქართველოში ჩამოიტანა.

წმინდა ქალწული მარიამის კვართს უამრავ სასწაულს მიაწერენ. მაგალითად, მოთხრობილია, რომ 626 წელს სპარსელთა და ხაზართა უზარმაზარმა ლაშქარმა შაჰ–ვარაზის მეთაურობით ალყა შემოარტყა კონსტანტინოპოლს. იმ დროს ბიზანტიის იმპერატორი ჰერაკლე სხვა ბრძოლაში იყო ჩაბმული და ქალაქის დაცვა პატრიარქ სერგის ჰქონდა მინდობილი. მან აიღო კვართი და სხვა წმინდა რელიკვიები და გადარჩენისათვის ლოცვითა და ვედრებით მთელ ქალაქს კედელ–კედელ შემოუარა. მტერმა ზღვიდან შემოუტია, ქალაქის კედლები სწრაფად გაარღვია და ქალაქში შემოიჭრა მისი სრული დაპყრობის იმედით. მაგრამ, როდესაც მტრის ურდო კურთხეული ქალწულის ეკლესიას მიუახლოვდა, ციდან მძლავრმა ქარმა დაუბერა და მათი სვლა შეაფერხა. ამავე სასწაულებრივმა ქარმა ზღვაზე უზარმაზარი ტალღები ააგორა და მტრის უამრავი გემი ჩაიძირა. შაჰ–ვარაზის შეძრწუნებულ ჯარს ისღა დარჩენოდა, რომ ამ ღვთაებრივი ძალით დაცულ ქალაქს გასცლოდა.

ეს იყო პირველი იმ რამდენიმე შემთხვევიდან, როდესაც, თქმულების მიხედვით, წმინდა ქალწულის სამოსმა კონსტანტინოპოლი გადაარჩინა. ლეგენდის თანახმად, კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა 866 წელს მოხდა, როდესაც ორი რუსი წარმართი მეომარი, ასკოლდი და დირი 200 შეიარაღებული ხომალდით მიადგნენ კონსტანტინოპოლს. ბიზანტიის იმპერატორი ადგილზე არ იმყოფებოდა, რადგან სხვა ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას და ქალაქის მმართველობა პატრიარქს ჰქონდა ჩაბარებული. ამჯერად, პატრიარქმა ეკლესიიდან გამოიტანა წმინდა ქალწულის სამოსი და ზღვაში ჩაალბო. ზღვას მაშინვე ქარიშხალმა გადაუარა და მძვინვარე ტალღებმა რუსების არმადა მთლიანად ჩაძირა. ასკოლდი და დირი მიხვდნენ,რომ ზებუნებრივ ძალას ებრძოდნენ, მაშინვე საქციელი მოინანიეს და ქრისტიანებად მოექცნენ.

[ წინ ]