Smithsonian

National Parliamentary Library of Georgia

 
დადიანების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

შალვა დადიანი (1874-1959)

შალვა დადიანი, ნიკოლოზ დადიანის (1844-1896) ვაჟი, 1874 წელს ზესტაფონში დაიბადა. იგი იყო პოეტი, რომელიც შექსპირის ნაწარმოებების თარგმანებითაა ცნობილი. განათლება მან სახლში კერძო მასწავლებლების მეშვეობით მიიღო.

ახალგაზრდობაში შალვა თავისი დროის პროგრესული სოციალისტური და ნაციონალისტური იდეებით იყო მოხიბლული. ეს ყველაფერი უკვე ნათლად ვლინდება მის პირველივე პოეტურ კრებულ “ნაპერწკალში” (1892) და ადრეულ პროზაულ ნაწარმოებებში, რომლებიც გაზეთ “ივერიაში” 1896 წლიდან იბეჭდებოდა. 1905 წლის რუსეთის რევოლუციამ კიდევ უფრო მეტი ენერგია და სტიმული შემატა რევოლუციურ აღტკინებას, რომელიც წითელ ზოლად გასდევს შალვას შემოქმედებას. მაგალითად, მისი პიესა “მღვიმეში” (1905) ალეგორიული ამბავია, რომელიც ასახავს მუშათა კლასის ბრძოლას სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის, მაშინ როდესაც პიესა “როს ნადიმობდნენ” (1907) რეაქციის ბნელ ძალებს წარმოგვიდგენს. ათიოდე წლის შემდეგ შექმნილმა პიესამ “გუშინდელნი” (1917) განჭვრიტა ძველი რეჟიმის გარდაუვალი დაცემა და მომავალი ცვლილებები. მის ადრეულ ნაწარმოებებში დიდი რუსი მწერლის, სოციალისტური რეალიზმის სკოლის ფუძემდებელ მაქსიმ გორკის ზეგავლენა გამოსჭვივის.

მსახიობმა, რეჟისორმა და დრამატურგმა შალვა დადიანმა თეატრალური კარიერა 1893 წელს დაიწყო, ხოლო 1908 წელს "მოძრავი დასი" ჩამოაყალიბა; ეს იყო მობილური თეატრალური დასი, რომელიც საქართველოს ქალაქებსა და მეზობელ რეგიონებში მოგზაურობდა და რევოლუციურ პიესებს წარმოადგენდა. რეპერტუარში შედიოდა მაქსიმ გორკის პიესაც, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ცენზურამ აკრძალა. საბჭოთა პერიოდში მრავალი წლის მანძილზე შალვა მსახიობთა კავშირს ხელმძღვანელობდა, ხოლო ცხოვრების ბოლო ათწლეულში თეატრალური კავშირის თავმჯდომარე გახლდათ. ქუთაისისა და თბილისის სცენებზე მას 200-ზე მეტი როლი აქვს ნათამაშები; თბილისში იგი ინტენსიურად მუშაობდა დიდ რეჟისორ კოტე მარჯანიშვილთან.

მისი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და შეხედულებების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო, რომ შალვა სიხარულით შეხვდებოდა საბჭოთა რეჟიმს, რომელიც საქართველოში 1920-იან წლებში დამყარდა. მართლაც, მთელი მისი ცხოვრების მანძილზე შალვა საბჭოთა ხელისუფლებამ არაერთხელ დააჯილდოვა, მათ შორის ლენინის ორდენითაც. მოგვიანებით იგი კომუნისტური პარტიის, წევრი გახდა და საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს დეპუტატადაც კი იყო არჩეული. მისი პიესები, როგორიცაა ტრაგედია “თეთნულდი” (1931),რომელშიც უკეთესი სამყაროს შექმნისათვის განუხრელი ბრძოლაა აღწერილი, და ისტორიულ-რევოლუციური დრამა “ნაპერწკლიდან” (1937), რომელიც ბოლშევიკური ორგანიზაციების გარშემო საქართველოს მუშათა კლასის დარაზმვას ასახავს, საბჭოთა იდეალებისადმი ერთგულების გამოხატულებას წარმოადგენს.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შალვა რეჟიმის დიდი მეხოტბე არ ყოფილა. მისი საბჭოთა პერიოდში შექმნილი ნაწარმოებები ან სრულიად აპოლიტიკურია, ან რეჟიმის დელიკატურ კრიტიკასაც კი შეიცავს. მაგალითად, მისი კომედია “კაკალ გულში” (1928) შემპარავად დასცინის ბიუროკრატიას, პირმოთნეობასა და მატყუარობას _ იმდროინდელი საბჭოთა ხელისუფლების დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს.

შალვა ფართოდ არის ცნობილი თავისი დრამატურგიით და მის პიესებს ქართული საბჭოთა თეატრის რეპერტუარში დიდი ადგილი ეკავა. იგი იყო პირველი ისტორიული რომანის ავტორი, რომელიც ქართული საბჭოთა ლიტერატურის წესების დაცვით დაიწერა და დღემდე მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად რჩება. ეს რომანი 1916-1926 წლებში შეიქმნა და თავდაპირველად მისი სახელწოდება “უიღბლო რუსი” იყო, მაგრამ ცენზურამ მოითხოვა, რომ სათაური “გიორგი რუსით” შეცვლილიყო. რომანის მთავარი გმირია გიორგი, თამარ მეფის რუსი მეუღლე. (თამარი 1189-1213 წლებში მეფობდა.) დაქორწინებიდან სულ ცოტა ხანში გიორგი სამეფოდან უსაქციელობის გამო გააძევეს და წიგნი, ძირითადად, აღწერს გიორგის წარუმატებელ მცდელობას, თამარი ტახტიდან ჩამოეგდო.

სიცოცხლის ბოლოს შალვამ მემუარებიც დაწერა (“რაც გამახსენდა”, 1959), რომელიც მთელ ქართულ ლიტერატურაში ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუშად ითვლება. ამ ნაწარმოებში, ძირითადად, გადმოცემულია შალვას მოგონებები მამაზე, ნიკოლოზ დადიანზე, რომელიც თავის დროზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოეტი იყო. შალვა დადიანი მრავალი რომანის, სტატიისა თუ სხვა ნაწარმოების ავტორია. მან, ასევე, ქართულად თარგმნა შექსპირის, ჰაუპტმანის, ჰოფმანსტალისა და სხვათა ნაწარმოებები.

შალვა დადიანს მისი თანამედროვეები კარგად იცნობდნენ და დიდ პატივს სცემდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედებითი მომწიფების წლები რევოლუციისა და ძალადობის ხანას დაემთხვა, მას მაინც თავდაჭერილ და მშვიდ ადამიანად იცნობდნენ. მის გარდაცვალებას გაზეთი “კომუნისტი” შემდეგნაირად გამოეხმაურა:

“საქართველოს მწერალთა კავშირი გლოვობს. სვეტები, ჭაღები, ნათურები – ყველაფერი შავი ქსოვილითაა შემოსილი; დიდი დარბაზის შუაში, მაღალ პედესტალზე, ყვავილებითა და მცენარეებით შემკული ჩასასვენებელია მოთავსებული. იქ შალვა დადიანის, სათაყვანებელი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და საქართველოს სახალხო არტისტის, ნეშტია დასვენებული...

ისმის სამგლოვიარო მარში; საპატიო ყარაული ყოველ სამ წუთში ერთხელ იცვლება. იქ ქართველი მწერლები, თანამედროვე ქართული ლიტერატურის შემქმნელები დგანან... მწერლებს მსახიობები ცვლიან. შალვა დადიანი იყო ქართული თეატრის გამოჩენილი მოღვაწე, ქართული თეატრის შემოქმედთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და რესპუბლიკის თეატრალური საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე.”

შალვა დადიანი მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული. თეატრალურმა საზოგადოებამ მისი სახელობის პრემია დააწესა, ხოლო თბილისის ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს.

[ წინ ]