Smithsonian

National Parliamentary Library of Georgia

 
დადიანების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

ეთნოგრაფია

მართალია, სამეგრელოს კულტურული ანთროპოლოგია სისტემატურად არ შესწავლილა, მაგრამ მომდევნო თავი მაინც იძლევა შესაძლებლობას, თვალი გადავავლოთ იმ სოციალურ და კულტურულ თავისებურებებს, რაც ამ მხარეს საქართველოს სხვა რეგიონებისაგან განასხვავებს.

სამეგრელოს რუკა (რუკის გასადიდებლად დააწკაპუნეთ მასზე)

ენა

სამეგრელოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მეგრულ ენაზე ლაპარაკობს; ქრისტეშობამდე პირველ ათასწლეულში ეს ენა გამოეყო იმ ენას, რომელიც შემდგომ თანამედროვე ქართულ ენად ჩამოყალიბდა.[1]

1801 წლიდან მოყოლებული, სამი რუსი მეფის – პავლე I–ის, ნიკოლოზ I–ისა და ალექსანდრე II–ის – მმართველობის მანძილზე გაუქმდა ქართული სამეფოები და სამთავროები; აქტიურად ტარდებოდა ქართველი ერის რუსიფიკაციის პოლიტიკა. ასიმილაციის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქართველთა ენობრივი თვითმყოფადობის დაშლა–დაქუცმაცება წარმოადგენდა. ამგვარად, XIX საუკუნის მეორე ნახევარში სამეგრელოს სკოლებსა და ეკლესიებში ქართული ენის მეგრულით ჩანაცვლება დაიწყეს; რუსებმა აგრეთვე დაიწყეს განსხვავებული დამწერლობისა და შრიფტის შექმნა მეგრული ენისათვის და გამორჩეული მნიშვნელობის კულტურული ძეგლების, როგორებიცაა ბიბლია და XII საუკუნის ქართული პოემა „ვეფხისტყაოსანი“, მეგრულად თარგმნა სცადეს, მაგრამ ამ მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია. ბოიკოტის ნიშნად მრავალი ადამიანი აღარ ესწრებოდა მეგრულ ენაზე შესრულებულ საეკლესიო მსახურებას და არც თავიანთ შვილებს უშვებდა საჯარო სკოლებში. ამ გეგმას პროტესტით შეხვდა არისტოკრატიაც. ამ ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად რუსებმა უკან დაიხიეს და თავიანთ გეგმაზე უარი განაცხადეს.

საკვები

ტრადიციული მეგრული საკვები ცხარე და უხვი საკაზმით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ძველად, რბილი, სუბტროპიკული ჰავიდან გამომდინარე, მალარია უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა სამეგრელოსათვის და ამ რეგიონის მცხოვრებლებმა თავიდანვე აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით წიწაკის მოხმარება საშინელი დაავადების განვითარებას გარკვეულწილად აფერხებდა. საბოლოოდ, ცხარე სანელებლები მეგრული სამზარეულოს ტრადიციულ ატრიბუტად იქცა.

მეგრული სამზარეულო რამდენიმე ტიპის საკაზმს იყენებს, ძირითადად, საწებლების სახით. ტრადიციულ კერძებს მიეკუთვნება ღომი (მოხარშული სიმინდის ქატო), სულგუნი (ცხიმიანი ყველი) და შემწვარი ხორცი ცხარე საწებელთან (მაგალითად, აჯიკასთან) ერთად. ორი განსაკუთრებული კერძი - ელარჯი და საცივი დღესასწაულებისა და საპატიო სტუმრებისთვის კეთდება. ეს კერძები მთელ საქართველოში მეგრული სამზარეულოს მშვენებად ითვლება.

ღვინოები

საქართველოში 500–ზე მეტი ვაზის ჯიში ხარობს, ხოლო 60 მათგანი სამეგრელოში იზრდება. მათგან ყველაზე ცნობილია ოჯალეშის ჯიშის ყურძენი, რომლისგანაც საუკეთესო ღვინო მზადდება; ეს გახლავთ ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც ველური ვარდის სუსტი სურნელი და ხასხასა წითელი ფერი ახასიათებს.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ოჯალეში თითქმის მთლიანად გაქრა. იმ დრომდე ყურძენი ვენახში კი არ იზრდებოდა, როგორც ევროპაში, არამედ ხის ტოტებზე, ველური ლიანების სახით; მოგვიანებით, ამ ღვინოზე მოთხოვნის ზრდამ ოჯალეშის გადაშენება გამოიწვია (მეგრულად სიტყვა „ოჯალეში“ „ხეზე გაზრდილს“ ნიშნავს). საბედნიეროდ, მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, ფრანგმა აშილ მიურატმა, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დის, სალომე დადიანის ქმარმა, დაიწყო ოჯალეშის კულტურის ევროპული წესით მოშენება, რაც მის მიერ ღვინის წარმოებისა და გასაღების გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. ამგვარად ოჯალეში მივიწყებას გადაურჩა და ეს ღვინო სამეგრელოს ცაგერისა და მარტვილის რაიონებში მზადდება. ამ ღვინის წარმოება საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდა.

მუსიკა

მეგრული ხალხური მუსიკა მრავალხმიანია, ხოლო მისი სიტყვები მეგრულ ენაზე ჟღერს. სიმღერებს მელანქოლიური ტემპი და სევდა ახასიათებს; მეგრელებს მიაჩნიათ, რომ მათი მუსიკა გამუდმებული ომებით აკლებული და გაღატაკებული სამეგრელოს ტრაგიკულ ისტორიას ასახავს. მეგრული რომანტიკული სიმღერები ხშირად ჩონგურის (ხის ოთხსიმიანი საკრავის) აკომპანიმენტით სრულდება.

ჩონგური

ყველაზე ცნობილი მეგრული ხალხური სიმღერაა იავნანა ანუ „მეგრული ნანა“. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ იდუმალი სიტყვები „ნანა ნანინა“, რომლებიც სიმღერის ტექსტს რეფრენად გასდევს, წინაქრისტიანული ხანის ზაფხულის ქალღმერთის სახელს წარმოადგენს. „მეგრული ნანას“ ერთ–ერთი ჰანგი რუსმა კომპოზიტორმა, პეტრე ჩაიკოვსკიმ თავის ცნობილ საშობაო ბალეტში - „მაკნატუნა“ - გამოიყენა. კიდევ ერთი ცნობილი მეგრული სიმღერა -„დადიანის მოძახილი“ დადიანების საგვარეულოს ეძღვნება.

სახლები

მეგრული სახლი სამეგრელოს კიდევ ერთ გამორჩეულ კულტურულ თავისებურებას წარმოადგენს. ადამიანთა საცხოვრებლის არქიტექტურა ნელ–ნელა საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და XX საუკუნისთვის სამეგრელოში ორი განსაკუთრებული ტიპის სახლი - ჯარგვალი და ოდა - ჩამოყალიბდა.

მეგრული ოდა

პირველი მათგანი უფანჯრო ხის ქოხს წარმოადგენს, რომელიც გაყოფილი მორებისაგან შენდება; სინათლე სახლში ღია კარიდან შემოდის, ხოლო მთავარი ოთახის შუაგულში კერიაა მოთავსებული, რომლის წყალობითაც ზამთარში მთელი სახლი თბება. კერია აგრეთვე წმინდა ადგილად ითვლება, რომელიც სამყაროს სამ შრეს – ზეცას, დედამიწასა და ჯოჯოხეთს განასახიერებს. ბოლო ათწლეულებში ჯარგვალი უფრო მეტად გამოიყენება, როგორც დამატებითი სამზარეულო (დიდი სადილების მოსამზადებლად), ვიდრე საცხოვრებელი სახლი.

ოდა საცხოვრებელი სახლის გავრცელებული სახეობაა, რომელიც ასევე ხისგან აიგება. მთელი შენობა ხის ბოძებს ეყრდნობა; ეს ნიშანდობლივია იმ რეგიონებისათვის, სადაც ხშირი წყალდიდობები მოსახლეობას აიძულებს, თავიანთი საცხოვრებელი სახლები მიწის დონიდან გარკვეულ სიმაღლეზე აღმართონ. ოდის კიდევ ერთ სახასიათო დეტალს წარმოადგენს უხვად მოვარაყებული ხის აივნები, რომლებიც ოდის ფასადსა და უკანა მხარეს ამშვენებს. აივნების სვეტებისა და თაღების ორნამენტები, როგორც წესი, მცენარეულ მოტივებს შეიცავს. ტრადიციული ოდა ოთხი ოთახისგან შედგება (სასადილო, მისაღები და ორი საშუალო ზომის საძინებელი ოთახი) და თითოეულ მათგანს საკუთარი ბუხარი აქვს. ოდა შეიძლება თანამედროვე მობილური სახლის წინამორბედადაც განვიხილოთ, რადგან ისეა დაპროექტებული, რომ მისი დაშლა და სხვა ადგილას გადატანა სირთულეს არ წარმოადგენს.

ჩვეულებრივ, ტრადიციული მეგრული საცხოვრებელი კიდევ ორ დამატებით ნაგებობას მოიცავს: ერთი სურსათ–სანოვაგის შესანახად გამოიყენება, ხოლო მეორეში ქვევრები ინახება. ვენახი ყველა ქართველისათვის წმინდა ადგილს წარმოადგენს და სამეგრელოშიც მრავალ ოჯახს ჰქონდა ვენახი, სადაც სანთლებს ანთებდნენ და ლოცულობდნენ.

დღეისათვის არც ისე ბევრი ტრადიციული მეგრული სახლი შემორჩა. ხის მასალა ახალმა სამშენებლო მასალამ, აგურმა შეცვალა, რადგან იგი უფრო იაფი და გამძლეა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ახალ ნაგებობებში ტრადიციული ელემენტები - სვეტები, აივნები და ბუხრები კვლავაც შენარჩუნებულია.

[1] ფილოლოგები და ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ქართველურ ენათა ოჯახი უძველესი პროტოქართული ენიდან მომდინარეობს, რომლის წარმოშობაც ქრისტეშობამდე V–IV ათასწლეულებით თარიღდება. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში ამ პროტოქართულ ენას სვანური ენა გამოეყო, ხოლო ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში – ზანური ენა. მოგვიანებით ზანური ორ ენად – მეგრულად და ლაზურად – გაიყო, თუმცა ამ განცალკევების თარიღი დღემდე მეცნიერთა კამათის თემაა.

[ წინ ]