აგარის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგარის სამონასტრო კომპლექსი

აგარის მონასტერი - (VI-VII სს., X-XV სს.), , მდებარეობს მდ. მტკვრის 2 მარჯვენა შენაკადის, მდ. ურავლის, ხეობაში (ახალციხის მუნიციპალიტეტი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია). მონასტრის ადგილი მთის ფერდობზეა შერჩეული. მას სამი მხრიდან ხშირი ფოთლოვანი ტყე აკრავს და დასით, მდინარის მხარეს, ციცაბო კლდით მთავრდება.

მონასტერში თავისი მდებარეობითა და სიდიდით გამოირჩევა დიდი ერთნავიანი ტაძარი. მონასტრის სხვა ნაგებობები ამ ტაძრის გარშემოა თავმოყრილი. მთავარი ტაძრის დასავლეთით მდებარეობს სხვადასხვა დროს ნაგები სამეკლესიიანი ბაზილიკა (სამეკლესიიანი ბაზილიკაში ჩრდილოეთ მხარეს ჩართული დარბაზული ეკლესია მონასტრის უძველესი ნაგებობაა). მთავარი ტაძრის სამხრეთით არის ბერების სატრაპეზო, სამრეკლო (რომლის მხოლოდ პირველი სართულია გადარჩენილი) და კიდევ ერთი დარბაზული ეკლესია. მის აღმოსავლეთით სპეციალურ სუბსტრუქციაზე — კრიპტასამარხზე - დაშენებულია აფსიდიანი ნაგებობა, ხოლო ჩრდილოეთით მესამე დარბაზული ეკლესია მდებარეობს.

სამეურნეო ნაგებობები მთავარი ტაძრის სამხრეთით და დასავლეთით არის განლაგებული და ძლიერ დაზიანებულია (დაახლ. 7-8 ნაგებობა). სამხრით, მონასტრის ხევის მიდამოებში, ორ იარუსად გამოკვეთილი სენაკებია. კიდევ ერთი დარბაზული ეკლესიის ფრაგმენტები მონასტრისგან მოშორებით მთავარი ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. მონასტრის სამხრეთ ფერდობი ტერასებად არის დანაწევრებული.

სარჩევი

მთავარი ტაძარი

ურაველი. აგარის მონასტერი. საქტიტორო რელიეფი

აგარის მონასტერში წამყვანია დარბაზული ეკლესია (15.8 X 8.7 მ), რომელსაც სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე ეკვდერი მიაშენეს (ასეთივე მინაშენი ეკლესიას დასავლეთიდანაც ჰქონდა). ტაძარი გათლილი ქვიშაქვითაა ნაგები. თავდაპირველად ტაძარში სამი შესასვლელი იყო: მთავარი – სამხრეთიდან, თითო — დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ეს უკანასკნელი აფსიდის სიახლოვესაა. მოგვიანებით, სავარაუდოდ, XI საუკუნეში, ის თლილი ქვით ამოუშენებიათ. აზიდული პროპორციების დარბაზი ოთხი სარკმლით ნათდებოდა. თითო სარკმელი აღმოსავლეთისა (საკურთხევლის) და დასავლეთის კედლებშია, ორი – სამხრეთის კედელში. დარბაზის გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრით სამ არედაა დანაწევრებული, პილასტრებს შორის კედელი ორ-ორი საფეხურით ღრმავდება და ზემოდან ასევე ორსაფეხურიანი თაღითაა შემოფარგლული. ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილი კლდეში გამოკვეთილ ბაქანს ეყრდნობა. კლდეშივეა გამოკვეთილი აფსიდის ქვედა ნაწილი და საკურთხევლის იატაკი. საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ ნახევარწრიული გეგმის თაღოვანი ნიშია, მის ორსავე მხარეს ასევე გეგმით ნახევარწრიული, საკმაოდ მაღალი პროპორციების ოთხ-ოთხი ნიშია ამოყვანილი მღვდელმთავრების ან ბერების დასაჯდომად. ნიშები ერთმანეთისაგან შეწყვილებული ლილვებითაა გამოყოფილი და კონქებით დასრულებული. რვავე ნიში სვეტისთავებსა და თაღებს შორის გატარებული ორსაფეხურიანი ლავგარდნითაა გაერთიანებული (ლავგარდანი უწყვეტია და მცირე კონქების ძირში გადის, მიუყვება საკურთხევლის სარკმლის ძირს და ნიშების მეორე ჯგუფზედაც გადადის). ნიშებში ნალესობის თხელი ფენა და მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მათ კონქებში წმინდანები იყვნენ გამოსახულნი. სავარაუდოდ, ტაძარში ნიშების შელესვა და მოხატვა თავიდან არ იყო ჩაფიქრებული, რადგან კონქიდა ნიშების შიდა პირი კარგად გათლილი ქვითაა ამოყვანილი.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს შიდა სივრცე, რომელიც ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. კედლებიდან ენერგიულად „ამოზიდული“ პილასტრებით, გრძივ კედლებზე გადაყვანილი ორსაფეხურიანი თაღების საგრძნობი სიღრმით იქმნება ერთიან რიტმში მოძრავი შიდა სივრცე. საერთო აღქმისთვის ასევე მნიშვნელოვანია საკურთხევლის გადაწყვეტა, რომელიც ნახევარწრიული ნიშებით აგრძელებს დარბაზის სივრცეში შექმნილ მოძრაობას. ტაძრის ინტერიერი, მიუხედავად იმისა, რომ აქ მხოლოდ უგუმბათო ნაგებობაა, მონუმენტურ შთაბეჭდილებას ახდენს. პირველ რიგში, იგრძნობა ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ნიშანი — ოსტატს განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი შიდა სივრცის გადაწყვეტაზე: აზიდული პროპორციები, კარგად გათლილი ქვით ამოყვანილი სამსაფეხურიანი პილასტრები და საბჯენი თაღები, ფართოდ გაშლილი ნახევარწრიული ნიშებით გაფორმებული აფსიდა ეფექტურ სივრცეს ქმნის. დეკორატიული ელემენტების ინტერიერში გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა X-XI საუკუნეების ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრებისათვის. აგარის მონასტერის მთავარი ტაძრის გარდა, აფსიდის გადაწყვეტის ასეთი მაგალითი სულ რამდენიმე გვაქვს, ესენია: ხახული (X ს. II ნახ.), სვეტიცხოველი (1010-1029) და სამთავისი (1030). სწორკუთხა გეგმის ოთხი ნიში, ალბათ, იმავე მოვალეობას ასრულებდა მიწობის „გოლას საყდარშიც“ (IX-X სს.). ოთხი (ორ-ორად შეწყვილებლი) ნახევარწრიული ნიში ხცისში (1002) იატაკიდან იწყება და მათი ფუნქცია განსხვავებულია, თუმცა მხატვრული ეფექტი იგივეა.

აგარის მონასტრის მთავარი ტაძრის ფასადებზე დეკორი სარკმლებს მხოლოდ სამი მხრიდან უვლის გარს (ქვედა მხარე შეუკრავია). ისედაც ძუნწად მორთული ფასადების დეკორის ნაწილი მთლიანად დაკარგულია. ეკლესიის დასავლეთ ფასადის ზედა ნაწილი მოგვიანებით თავიდანაა გადაწყობილი. სამხრეთ ფასადის სიმეტრიულად განლაგებული ორივე სარკმელი თაღოვანია. სარკმელთა პროპორციები ქართული ტაძრისათვის უჩვეულოდ დაბალია და საკმაოდ განიერი სამმხრივი საპირე უვლის, რომელიც ქვედა მხარეს არ არის შეკრული. საპირეები საკმაოდ რთული გეომეტრიული ორნამენტითაა შემკული. საინტერესოდ არის გადაწყვეტილი აღმოსავლეთ ფასადი, რომელიც კლდის მასივზეა აღმართული. ამის გამო მისი პროპორციები დაბალია და ძეგლის შიდა სივრცის რეალურ სიმაღლეს არ შეეფერება. ფასადის ასეთი დაბალი პროპორციები უჩვეულოა „გარდამავალი ხანის“ ქართული ხუროთმოძღვრებისათვის (აღმოსავლეთ ფასადის სიმაღლე და სიგანე თითქმის თანაბარია და დასავლეთ ფასადზე დაახლოებით 3 მეტრით დაბალია). ოსტატმა ფასადის „ულაზათო“ სიბრტყე, გუმბათიანი ეკლესიების აღმოსავლეთ ფასადის მსგავსად, კედლის ნიშების წყვილით გადაახალისა. კონქით დასრულებული ნიშები ფასადის ნაპირებზეა განთავსებული. ერთნავიანი ეკლესიები ფასადზე აღმოსავლეთ ნიშებით ბევრი არ გვხდება, ესენია: ყვარშა (VIII ს. დასაწ.), უჯარმის „წმიდა რაჟდენის“ ეკლესია (ზედა სართული, IX-X სს.), ხახულის მცირე ეკლესია, ფექრაშენი (ორივე X ს. ბოლო), ოთხთა ეკლესიის ზედა არსენისეული ეკლესია (984), წეროვანი (XI ს. დასაწყისი), გუდარეხი, ლაბეჭინა (ორივე XIII ს.). ფასადის შუა ნაწილი გვერდებზე ორნამენტულსაპირიანი საკურთხევლის მაღალ სარკმელს უკავია. საკურთხევლის სარკმელი დასრულებულია ქტიტორული რელიეფიანი თავსართით. რელიეფის კვეთა განსხვავდება სარკმლის საპირის დამუშავებისაგან. გამოსახულია შუა საუკუნეებში გავრცელებული სცენა — ეკლესიის მაშენებელი ეკლესიის მოდელს მიართმევს სავარძელზე დაბრძანებულ მაცხოვარს, რომელიც მარჯვენით აკურთხებს ტაძარს. რელიეფს ჩარჩო შემოუყვება. მარცხენა მხარეს განიერ არშიაზე თერთმეტსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი: „სახ(ე)ლითა ღ(მრთისათა მე თევდორ) ე აღვაშენე ესე სტოა ს(ა) ლ(ო)ცვ(ე)ლ(ა)დ ამის ადგ(ი) ლისა უფლის)ა თ(ევ)დ(ორესა) თს ღმერთმა)ნ აკურთ)ხ(ე) ნ და ყოველნი შვილნი ამის ეკლესი(ისანი) შ(ეიწყალენ)“.

ამავე ფასადზე კიდევ ერთი წარწერაა, სადაც მხოლოდ ცალკეული ასოები გაირჩევა. ტაძარს სამხრეთიდან, სავარაუდოდ, XI საუკუნეში, მთელ სიგრძეზე მიაშენეს ეკვდერი, რომელიც ვიწრო და გრძელი სათავსი იყო. მოგვიანებით მინაშენი დასავლეთიდანაც აიგო.

ტაძრის ჩრდილოეთი ფასადი ყრუა. დასავლეთ ფასადის ზედა ნაწილი გვიან გადააწყვეს (სავარაუდოდ – XIV-XV სს.). ამ ფასადზე სარკმლის სადა ლილვებიანი საპირე და მის ზემოთ ფრონტონის არეში ჩასმული ბოლოებგაფართოებული ჯვარი სწორედ ამ გადაკეთების დროს ჯვრის მკლავებს შორის წარწერა იყო, რომელიც საგანგებოდაა ამომტვრეული. ჯვრის მკლავის მარჯვნივ, ქვედა მხარეს გადარჩენილია ასო, ჯვრის მარცხენა მხარეს კი მთლიანად იკითხება წარწერის ბოლო მონაკვეთი (შენი მიქელ ან მიქაელ) [1913 წ. წარწერა ჯერ კიდევ მთლიანად იყო შემორჩენილი. იგი წაიკითხა და გადმოიღო ექიმმა ს. ასლანიშვილმა: „ჯვარო ქრისტესაო, შეიწყალე მონა შენი მიქაელ“].

გრძივი კედლების დამუშავება, არქიტექტურული ელემენტების გადაწყვეტა, აღმოსავლეთ ფასადზე სამკუთხა ნიშების გამოყენება, დეკორატიული მორთულობის მხატვრული გადაწყვეტა, ორნამენტაციის რეპერტუარი და შესრულების პრინციპი იძლევა საფუძველს, რომ ტაძრის აგების თარიღი X საუკუნის შუა წლებით განისაზღვროს.

დარბაზული ეკლესია

ააგარის მონასტერში ყველაზე ადრეული ნაგებობაა მთავარი ტაძრის დასავლეთით სხვადასხვა პერიოდში ნაგებ სამეკლესიიან ბაზილიკაში ჩართული დარბაზული ეკლესია, რომელსაც თავდაპირველად დასავლეთიდან და სამხრეთიდან გარსშემოსავლელი მიაშენეს (გადარჩენილია ამ მინაშენის მხოლოდ ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლები).

ააგარის მონასტრის ეს ადრეული ნაგებობა მცირე ზომისაა (გარე ზომები: 6.3 X 4.2 მ). იგი უბრალო სამლოცველოა. მისი კედლები ასეთი ნაგებობისათვის - ძალიან სქელია (დაახლ. 1 მ), რის გამოც ტაძრის სივრცითი სიმცირე შიგნით უფრო მეტად იგრძნობა. ნაგებია მომწვანო-მონაცრისფრო თლილი ქვიშაქვით. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის ღიობი ქვის მასიური არქიტრავითაა გადახურული. ინტერიერი ჩაბნელებულია. ორი სარკმელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში დარბაზის გასანათებლად არ არის საკმარისი. დასავლეთის სარკმელი პარალელურწირთხლებიანია. საკურთხევლის სარკმელი გადაკეთებულია, მისი ქვედა მხარე განიერდება და ტრაპეციის ფორმისაა. აფსიდის სატრიუმფო თაღი და დასავლეთის კედელზე მიბჯენილი თაღი ნალისებური მოხაზულობისაა. დარბაზი „სრული“ ცილინდრული კამარითაა გადახურული. ეკლესია კარგად გათლილი ქვის პერანგშია ჩასმული (ძეგლის შეკეთებისას ნატეხი ქვაა გამოყენებული. ამ დროს გადააწყვეს ჩრდილოეთის კედლის გარე პერანგის მნიშვნელოვანი ნაწილი, აღმოსავლეთის ფასადზე – საკურთხევლის სარკმელი და კედლის ზედა ნაწილის მნიშვნელოვანი მონაკვეთი). სამხრეთ ფასადს სწორკუთხა თაროსებური ლავგარდანი ასრულებდა (მოგვიანებით სამხრეთიდან ეკლესიის აგებისას ამ კედლის ამაღლებაც გამხდარა საჭირო).

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადი ნახევრად მიწაშია ჩამჯდარი და ზემოდან კედელია დაშენებული, თუმცა მისი თავდაპირველი კონტურის აღდგენა, მიუხედავად დანაკარგებისა და დანამატებისა, მაინც ხერხდება. ფასადს ქართულ ხუროთმოძღვრებაში პოპულარული ადრეფეოდალური ხანის „გადანაკეციანი“ ლავგარდანი ასრულებდა. საკურთხევლის სარკმელი, რომელიც გადაკეთებულია, ერთ ქვაში გამოჭრილი ჰორიზონტალურკიდეებიანი თაღოვანი თავსართით მთავრდება. ეკლესიის აგებისას გამოყენებული არქიტექტურული ელემენტები და ქვის წყობის ხასიათი თავიდანვე სიძველის შთაბეჭდილებას ტოვებს. მრუდეების ნალისებური მოხაზულობა, კარის არქიტრავული გადახურვა, თავდაპირველი სარკმლის პარალელური წირთხლები, თაროსებური ლავგარდნის გამოყვანის პრინციპი, კედლის საგრძნობი სისქე — ადრეფეოდალური ხანის (IV-VII სს. I ნახ.) ხუროთმოძღვრებისთვისაა დამახასიათებელი. როგორც ეტყობა, გარდამავალ ხანაში (VII ს. II ნახ.-X ს.), შესაძლოა, დიდი ეკლესიის აგებისას დარბაზული ეკლესიაც აღადგინეს (ამ დროისაა საკურთხევლის შეცვლილი სარკმელი), ამავე დროს ეკლესიას სამხრეთიდან და დასავლეთიდან დაემატა გარშემოსავლელი, რომლის ქვემოთ, სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში, კრიპტასამარხი მოექცა.

მშენებლობის შემდეგი ეტაპი სამხრეთიდან საკმაოდ განიერი ეკლესიის მიშენებაა. თბილი ტონალობის თლილი ქვიშაქვით ნაგები ეკლესია გარშემოსავლელის სამხრეთ კედლის დაშლის შემდეგ აღიმართა. შემორჩენილი ეკლესია აგების თარიღის განსაზღვრისათვის თითქმის არაფერს იძლევა, თუმცა ერთი რამ ცხადია: მისი კარგად გათლილი ქვით ამოყვანილი აფსიდა XI საუკუნეზე გვიანდელი არ შეიძლება იყოს, რადგან ამ პერიოდის შემდეგ, როდესაც ეკლესიის შიდა კედლები ფრესკული ფერწერისათვის მზადდებოდა, ინტერიერში კედლის შიდა ზედაპირი შედარებით უხეშად დამუშავებული ქვით ააგეს. სამხრეთიდან შემდეგ მიშენებული ეკლესია იმდენად არის დაზიანებული, რომ მასზე მსჯელობა შეუძლებელია.

ააგარის მონასტრის ადრეული ნაგებობა – დარბაზული ეკლესია — ადრეფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. მისი აგების თარიღი, შესაძლოა, VI-VII სს. განისაზღვროს. იგი ისტორიული სამცხის დღემდე აღმოჩენილ საეკლესიო ნაგებობათა შორის უძველესია.

სატრაპეზო

აგარის მონასტრის სამხრით არის დიდი ზომის გრძელი ნაგებობა — ბერების სატრაპეზო (გარე ზომები: 18 X 12.3 მ), რომელიც მასზე ამოკვეთილ წარწერაში ნახსენები ერისთავების მოღვაწეობის პერიოდით არის დათარიღებული: ის XI-XII საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. მოწითალო სოსანისფერი ტუფით ნაგებ შენობაში ორი პარალელური დარბაზია. ერთი (დიდი ზომის დარბაზი) სატრაპეზოა, მეორე (შედარებით მოკლე და ვიწრო სათავსი) სამეურნეო დანიშნულებისა (შესაძლოა, სამზარეულო) იყო. სატრაპეზოს აგებამდე მთავარი ტაძრის სამხრეთის ეკვდერი უკვე აგებული იყო, რის გამოც სატრაპეზოს ჩრდელი კედელი ცერადაა „ჩამოკვეთილი“. გეგმის ასეთი შეცვლა მხოლოდ მისი მდებარეობით აიხსნება და ტრაპეზის კუთხე ასე რომ არ „ჩამოეჭრათ“, იგი თითქმის მიებჯინებოდა მთავარი ეკლესიის კედელს.

ურაველი. აგარის მონასტერი. სატრაპეზო

ბერების სატრაპეზო შიგნიდანაც თლილი ტუფითაა მოპირკეთებული. გრძივი კედლები პილასტრებზე დაყრდნობილი ხუთი თაღითაა დანაწევრებული. კაპიტელები მარტივი ფორმისაა და სხვადასხვა ორნამენტითაა შემკული, რომელსაც ოდნავ შეისრული თაღები ეყრდნობა. ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლის შუა თაღში სახატე ნიშია. სატრაპეზო დარბაზი ხუთი სარკმლით ნათდება – სამი სარკმელი გრძივ ფასადზე გამოდის, შედარებით - მაღალი თითო სარკმელი მოკლე ფასადებს ამკობს. მეორე სათავსი, ანუ სამზარეულო, სატრაპეზოს სწორკუთხა კარით უკავშირდება. ამ სათავსის ჩრდილო-აღმოსავლეთის კედელში გაჭრილია გარეთ გასასვლელი კარი (დღეს ეს კედელი მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი). დარბაზი ნახევარწრიული კამარით არის გადახურული. სამზარეულო ან სამეურნეო სათავსი ყორეს წყობით არის ამოყვანილი, მხოლოდ საბჯენი თაღები აქვს თლილი ქვისა.

ფასადები მონასტრისათვის შესაფერი სისადავითაა მორთული. მთავარი ჩრდილო-დასავლეთ ფასადი ცერადაა წაკვეთილი. შესასვლელი იმპოსტებზე დაყრდნობილი ტიმპანითაა გადახურული, რომელზედაც ათსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ტექსტი ოთხკუთხა დადაბლებულ არეში იწყება, ბოლო კი, შედარებით ვრცელი ორი სტროფი ჩარჩოს ქვემოთ არის ამოკვეთილი: „ქს(ა)ხ(ე) ლ(ი)თა ღ(მრთისა)თა და მწეო) ხ(ე)ბ(ი)თა წ(მიდ)ისა იქოვა) ნე ნ(ა)თ(ლი)სმცემლ(ი)ს(ა) თა ე(რისთავთ) (ერისთავ) თა ბეშქენ და მ(უ)რვ(ა)ნის მლოცველმ(ა)ნ მე ეფრემ ხელვყ(ა)ვ შენებ(ა)დ ტრ(ა)პ(ეზსა ამ(ა)ს და გამიკუეთეს აღაპი ს(აუ)კ(უ)ნ(ო) სამე)ბობ(ა) და ვინცა შემიც(ა)ლოს, კრ(უ) ლმცა არს ღ(მრთისა პირითა“ (ბოლოსწინა სტრიქონში სიტყვა „სბობ“-ს ვ. ბერიძე კითხულობს როგორც „საბობა“-ს, ხოლო ვ. სილოგავა - როგორც „სამებობა“-ს). წარწერაში ნახსენები ერისთავთ-ერისთავი ბეშქენი და მურვანი ადგილობრივ მმართველთა — ჯაყელების გვარის — წარმომადგენლები იყვნენ და XI-XII საუკუნეებ მიჯნაზე მოღვაწეობდნენ.

შესასვლელი კარის ზემოთ მაღალ სარკმელს ლილვებით შემოკავებული სადა საპირე შემოუყვება, სარკმლის გარშემო სიმეტრიულად განლაგებული სამი ბურთულაა. ფასადის ფრონტონს ლილვითა და წრეთარგით შედგენილი სადა ლავგარდანი ასრულებს. ასევეა გადაწყვეტილი მისი მოპირდაპირე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადი, თუმცა აქ უფრო სადა მიდგომაა - იგი ტიმპანის, ბურთულების ან სადა სარკმლის საპირის გარეშეა. საკმაოდ გრძელი სამხრეთ-დასავლეთ ფასადი ყოველგვარი მორთულობის გარეშეა, მცირე ზომის სამი სარკმელი მონოტონურ სიბრტყეზე ნაკლებად შესამჩნევია.

სატრაპეზოს არქიტექტურის შესწავლა ცხადყოფს, რომ იგი უფრო გვიან (XIII ან XIV ს.) მნიშვნელოვნად შეაკეთეს. ინტერიერში გრძივი კედლების თაღედი და შეისრული გადახურვა გადაკეთების ან აღდგენის დროინდელია. გადაკეთების შედეგად სახატე ნიში ასიმეტრიულად მოხვდა გრძივი კედლის შუა თაღში. ინტერიერში თავდაპირველია მხოლოდ თაღების მიღმა მდებარე გრძივი კედლები და მოკლე კედლების ქვედა ნაწილები. გრძივ კედლებზე, იქ, სადაც პილასტრებია ამოვარდნილი, თავდაპირველი კედლის წყობა მთლიანად გადარჩა. როგორც ეტყობა, თაღედი შემდეგაა მასზე „მიდგმული“. მნიშვნელოვანი გადაწყობა ფასადებზედაც შეიმჩნევა, ჩრდილო-აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი და ფრონტონის არეში სამი ბურთულა ამ გადაწყობის დროინდელია. უცნობია, ნაგებობების გეგმის შეუცვლელად რატომ უცვალეს მას შიდა და გარე სახე და რატომ ჩასვეს თლილი ქვის ახალ პერანგში.

დარბაზული ნაგებობა

აგარის მონასტრის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით და მისგან 7-8 მ მოშორებით, საკმაოდ მოზრდილ კრიპტასამარხზე, აღმართულია თლილი ქვის დარბაზული ნაგებობა. კრიპტასამარხი ყორეს წყობით არის ამოყვანილი, აქ ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, სწორკუთხა სათავსია. კრიპტები ცილინდრული კამარით იყო გადახურული და მათ თითო სწორკუთხა ღიობი აქვთ დასავლეთიდან (გადარჩენილი ღიობის ზომა: 67 X 69 სმ). კრიპტასამარხები სხვადასხვა დროს არის ნაგები (სავარაუდოდ, თავდაპირველად სამხრეთით მდებარე კრიპტა აიგო, რპმელსაც მოგვიანებით ჩრდილო კედელზე მასზე მაღალი კრიპტა მიაშენეს). კრიპტა თაროსებური ლავგარდნითაა დასრულებული და მის მოსწორებულ ბანზე თლილი ქვის ჰორიზონტალური რიგების დაცვით შემოსილი დარბაზული ნაგებობაა აღმართული (გარე ზომები: 3.75 X 7.1 მ). ამ ზომის ნაგებობისათვის მას ორი, ზომაზე განიერი, შესასვლელი აქვს. დასავლეთ ღიობის სიგანე 1.61 მეტრია, სამხრეთისა — 1.71 მეტრი უჩვეულოა ამ ნაგებობის აფსიდაც - თლილი ქვით ამოყვანილი აფსიდა საკურთხევლის სარკმლის გარეშეა. გადარჩენილია დასავლეთის ღიობის კაპიტელი, რომელიც მხატვრული გადაწყვეტით, ადრეფეოდალური ხანის ტაძრების კაპიტელთა წრეში ექცევა. თავად კაპიტელი გამორიცხავს ღიობის არქიტრავით გადახურვას, აქ მხოლოდ თაღოვანი გადახურვა უნდა ვიგულისხმოთ. კრიპტისა და „საფლავსა ზედა“ ეკლესიის ჩრდილოეთის ფასადის შესწავლა მიანიშნებს სამლოცველოს მოგვიანებით გადაკეთებაზე. დასავლეთის ძველი ფასადის უკან „დაბრუნებამ“ თავდაპირველი ეკლესიის გეგმა კვადრატს მიახლოებული, დასავლეთიდან თითქმის მთელ სიგანეზე გახსნილი, მცირე სამლოცველო წარმოაჩინა. „მოქცევაი ქართლისაჲს“ ორი უძველესი – შატბერდისეული და ჭელიშური - რედაქცია, მირიან მეფის წერილ-ანდერძი უფლის კვართისა და ელიოზის დის დაკრძალვის ადგილზე აღმართული ხის ეკლესიას ეხება: „...და [ყოვლად]ვე ვერ ვიკადრებდი კართა მისთა განხუმად: თენიერ ხოლო დღეს კრიაკესა: არცა შესვლად ვინ იკადრებდა თენიერ მღვდელთასა: რომელნი გალობედ მას შინა:“ „მოქცევაჲს“ ორივე რედაქცია „წმიდა წმიდათა“ ადგილზე აგებული ეკლესიისადმი განსაკუთრებული რიდით მოპყრობაზე მიგვანიშნებს. მონასტრის გრაფიკულად აღდგენილი თავდაპირველი „საფლავსა ზედა“ ეკლესია გეგმით იმპერატორ კონსტანტინეს მიერ 326 წ. უფლის საფლავზე აგებული ეკლესიის გეგმის სტრუქტურას იმეორებს (იგივე შეიძლება ითქვას ნორბონის მუზეუმში დაცული მაცხოვრის საფლავის V ს. ქვის მოდელზედაც).

დარბაზის პროპორციები ჩვეულებრივი ეკლესიისათვის უჩვეულოდაა დაგრძელებული (აფსიდის გაუთვალისწინებლად — 2.3 X 4.6 მ). სამხრეთის განიერი კარიდან 2-3 საფეხურით დადაბლებულ კრიპტასამარხის თავზე არის მოსწორებულ ბანზე გასასვლელი (დღეს კრიპტასამარხების გადახურვის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩანგრეულია). კრიპტებისა და დარბაზის აგების დრო ძნელი დასადგენია. კარგად გათლილი ქვის საგულდაგულოდ ჰორიზონტალურ რიგებად წყობა XII საუკუნის შემდეგ აღარ გვხვდება და კრიპტაზე დაშენებული დარბაზის თარიღი მთავარი ტაძრის აგების შემდეგ (X ს. შუა წლები და XII ს. დასაწ.) უნდა განისაზღვროს. სხვა მონასტრებში ასეთი უჩვეულო ნაგებობის არსებობა დღემდე არაა დადასტურებული.

სამრეკლო

სამრეკლო აგარის მონასტრის მთავარი ტაძრის სამხრეთით, მისგან 5 მ მოშორებით, არის აგებული. გადარჩენილია სამრეკლოს პირველი სართული - ერთნავიანი ეკლესია-სამლოცველო. მეორე იარუსის სამრეკლოს ფანჩატურის საკმაოდ მოზრდილი ქვები იქვეა მიმოფანტული.

სამრეკლოს პირველი სართული შვერილაფსიდიან ეკლესია-სამლოცველოს წარმოადგენს. შვერილი აფსიდა გარედან ხუთკუთხედშია მოქცეული. სამრეკლოს გარეწყობა კარგად თლილი ქვით არის ამოყვანილი. მომწვანო, მოწითალო, ღია და მუქი ნაცრისფერი ქვების წყობა სასიამოვნო კოლორიტს იძლევა, რომელიც აქა-იქ ჩასმული ინტენსიური ღვინისფერი ტუფით არის გაცოცხლებული.

სამრეკლოს სამლოცველოში ერთადერთი შესასვლელი ჩრდილოეთ მხრიდანაა. კონსოლებზე დაყრდნობილი თაღით დარბაზის სივრცე ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. აფსიდა დაგრძელებულია მის მხრებთან გაერთიანებული, საკმაოდ განიერი დაკიდული პილასტრებით. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცე დამატებით ორი სარკმლით ნათდება: ერთი დასავლეთ კედლის შუა ნაწილშია გაჭრილი, მეორე, სამხრეთის მცირე ზომის სარკმელი, საკმაოდ მაღლა, კამაროვანი გადახურვის ქუსლშია განთავსებული. შემორჩენილია აფსიდის სარკმლის მხოლოდ ქვედა ნაწილი. თაღების საბჯენი კაპიტელები მრავალნაწევრიანია. დარბაზი გადახურულია ოდნავ შეისრული ცილინდრული კამარით. შვერილი აფსიდის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია და აღმოსავლეთ ფასადზე მსჯელობა ძნელია. აღმოჩენილია საკურთხევლის სარკმლის საპირის ქვედა ნაწილი. საპირის ზედაპირის წნული ორნამენტაცია გრეხილი ლილვების წყვილით არის შემოკავებული. სამხრეთ ფასადის დაუნაწევრებელ, გლუვ ზედაპირზე მცირე ზომის სარკმელი უმწეოდ გამოიყურება. ბრტყელი, ჰორიზონტალურკიდეებიანი თაღოვანი თავსართი უშუალოდ სარკმლის ღიობზეა „დამჯდარი“. თავსართი ადრეული და გარდამავალი ხანის ძეგლთა თავსართის მოხაზულობას იმეორებს, ოღონდ აქ ადრინდელი დახვეწილი მოხაზულობა და სიმსუბუქე აღარ შეიმჩნევა. საყურადღებოა ჩრდილოეთ და დასავლეთ ფასადები. ჩრდილო ფასადის შუა ნაწილი დიდ თაღს უკავია, რომელიც თაროსა და ორ, ერთმანეთთან „გადანასკვულ“, გლუვი ლილვებისაგან შედგენილ კაპიტელს ეყრდნობა. დასავლეთ ფასადზე მთავარი აქცენტი გამახვილებულია მოჩუქურთმებულსაპირიან, გლუვი ლილვებით მოჩარჩოებულ სარკმელზე.

შენობის ძირითადი მოცულობა კუბია, რომელსაც აღმოსავლეთიდან ხუთწახნაგა შვერილი აფსიდა ეკვრის. ჩრდილოეთ ფასადის მასიური თაღი მეორე სართულზე კვადრატული მოედნის შესაქმნელადაა გაკეთებული (ამ მოედნის ზომები: 5.3 X 5.3 მ). სამლოცველოში და მის გარშემო დაყრილი ორნამენტიანი ქვები ფორმითა და ზომით მხოლოდ სამრეკლოს ფანჩატურის ამოსაყვანად შეეძლოთ გამოეყენებინათ. მონასტერში სამრეკლოსათვის სხვა ნაგებობა არ არის. ანგარიშგასაწევია ერთნავიანი ეკლესიის ზედა სართულზე საგანგებოდ შექმნილი კვადრატული მოედნის არსებობა, რაც მხოლოდ სამრეკლოს ფანჩატურის აგებით შეიძლება აიხსნას. სამრეკლოს ორნამენტს ორი ოსტატი კვეთდა. პირველი ოსტატი, რომელსაც გაცილებით მეტი სამუშაო აქვს შესრულებული, ცოცხალ ნახატს ქმნის და მისი კვეთა უფრო ძარღვიანია, იგრძნობა XIII საუკუნის ქვაზე კვეთის ტრადიცია. მეორე ოსტატი, რომელსაც შემკობილი აქვს ფანჩატურის მხოლოდ ნაწილი, შედარებით ხისტი, მშრალი ნახატით წარმოგვიდგება. მისი ჭრის ტექნიკაც საგრძნობლად ჩამორჩება პირველი ოსტატისას.

სამრეკლო, სამცხის პოლიტიკურად ავტონომიური სამთავროს ადრეული პერიოდის ხუროთმოძღვრების წრეში ექცევა. აქ თვალსაჩინოა რეაქცია XII ს. დასასრულისა და XIII ს. პირველი ნახევრის დეკორაციულობის წინააღმდეგ და, შენობის სიმცირის მიუხედავად, ის საფარა-ზარზმის პერიოდის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელ მრავალ ნიშანს ატარებს.

აგარის მონასტრის სამრეკლოს საერთო სახე, ხუროთმოძღვრული ელემენტებისა და ორნამენტაციის შესწავლა ადასტურებს, რომ ძეგლი აგებულია XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე. ამ პერიოდის სამცხელი ოსტატები ხშირად ამუშავებდნენ ძველ მოტივებს. შვერილი აფსიდა და სამხრეთ სარკმლის თავსართი ძვ. ხუროთმოძღვრების რემინისცენცია უნდა იყოს. სამრეკლოს მშენებელი კარგად იცნობს თავისი დროის ხუროთმოძღვრებას, იცავს ეპოქის სტილს, შემუშავებულ ნორმებს, თამამად აგებს იმ დროისათვის ახალი ტიპის არცთუ მარტივი კონსტრუქციის სამრეკლოს. აგარის მონასტრის სამრეკლო დღეისათვის შემორჩენილი ყველაზე ძველაფსიდიანი სამრეკლოა ერთადერთი შვერილი აფსიდით.

დარბაზული ჩრდიოეთ ეკლესია

აგარის მონასტრის მთავარი ტაძრის ჩრდით მდებარეობს დარბაზული ეკლესია (გარე ზომები: 6.1 X 4.0 მ) ნაგებია ნატეხი ქვით. მასში აფსიდის კონქი, კრონშტეინები, საბჯენი თაღი და ცილინდრული კამარა თლილი ქვიშაქვით არის გამოყვანილი. ეკლესიაში ერთადერთი შესასვლელი კარი დასავლეთიდანაა, რომელიც გარედან არქიტრავით, ხოლო შიგნიდან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული.

ეკლესია აღმოსავლეთ (საკურთხევლის), ჩრდილო და დასავლეთ კედლებში გაჭრილი სამი სარკმლით ნათდება. საკურთხევლის სარკმლის თავი მალისებურ მოხაზულობას უახლოვდება, ხოლო თავად სარკმელი ქვედა მხარეს განიერდება. საბჯენი კაპიტელები მრავალნაწილიანია, კაპიტელის ვერტიკალურ სიბრტყეზე ხერხისებური კბილანებით ან ბურთულებით შექმნილი ჰორიზონტალური დეკორია გამოყვანილი. ინტერიერში დეკორატიული ელემენტების შეტანა ტაოკლარჯეთის ხუროთმოძღვრებისათვის ჩვეული მოვლენაა. ტაძრის ინტერიერი მოსახატავად იყო მომზადებული, დღეს შემორჩენილია ფერადოვანი ლაქების მხოლოდ მცირე ფრაგმენტები, ამიტომ ყორე წყობა ინტერიერში მოულოდნელი არ არის. მშენებელმა დეკორაციულ ელემენტებად კაპიტელები გაიაზრა. ინტერიერში მოხატულობისა და დეკორის ერთდროული გამოყენება X და XI სს. დასაწყისის მოვლენაა.

საკურთხევლის სარკმლის ძირი შიდა მხარეს განიერდება, თაღი კი წრის 3/4-ს უახლოვდება. ეს საკურთხევლის სარკმლის გადაწყვეტის ძველი ფორმაა. უადრეს ძეგლებში წირთხლები პარალელურია, ძირის გაგანიერება გარდამავალი ხანის მეორე ნახევრიდან იწყება და მთის არქიტექტურაში XI ს. დასასრულამდე გვხვდება. დარბაზული ეკლესია მთავარი ტაძრის შემდეგაა აგებული და უფრო XI ს. პირველ ნახევარს მიეკუთვნება.

დარბაზული სამხრეთ ეკლესია

აგარის მონასტრის მთავარი ტაძრის სამხრეთით კიდევ ერთი მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა აგებული (გარე ზომები: 6.1 X 3.9 მ). ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. დღეს კარის ღიობი განგრეულია, თუმცა შემორჩენილი ფრაგმენტებით მისი თავდაპირველი გეგმის აღდგენა შეიძლება დიდი სიზუსტით. კარი კედელზე ჩრდილოეთით იყო გაწეული. ეკლესიის აფსიდა, ცილინდრული კამარა, საბჯენი თაღი და დაკიდული პილასტრები თლილი ქვით არის ამოყვანილი, კედლები - შედარებით უხეშად, ფლეთილი ქვის წყობით. აქაც ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული იყო. ეკლესია სამი სარკმლით ნათდება. თითო სარკმელი აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია გაჭრილი. ეკლესიის დასავლეთ კედელზე ცილინდრული კამარის საბჯენი თაღია, რომელიც შეკიდულ პილასტრებზეა დაბჯენილი.

აგარის მონასტერში ამ ეკლესიის მდებარეობა იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ ის, სავარაუდოდ, სატრაპეზოს შემდეგ აშენდა (სხვა შემთხვევაში მშენებელი ამ ეკლესიას მთავარ ტაძართან უფრო ახლოს ააგებდა). ეკლესიის სადა, მარტივი კაპიტელები გარდამავალი ხანის დასასრულს გამორიცხავს. დასავლეთ კედელზე მიბჯენილი კრონშტეინები საბჯენი თაღითა და დაკიდული პილასტრები მათზე დაბჯენილი თაღით XII ს. შემდეგ აღარ გვხვდება. ეკლესია, სავარაუდოდ, XI-XII საუკუნეებში უნდა იყოს აგებული, უფრო კი — XI ს. დასასრულს.

მხატვრობა

აგარის მონასტერში მხატვრობა შემორჩენილია (ფრაგმენტულად) მხოლოდ მთავარ ტაძარში, მაგრამ დარჩენილი მასალაც საგულისხმო და მნიშვნელოვანია. მხატვრობა საკურთხევლის აფსიდის ნიშებში, კერძოდ, მათ დამაგვირგვინებელ კონქებშია შემორჩენილი. ფრესკაზე არსებობდა წარწერები, რომლებიც 1932 წ. ნახა და გადმოიღო გ. ბოჭორიძემ. როგორც იგი აღნიშნავს, მეორე ნიშის ფრესკას აწერია: „წ კჳპრ(ი)ანე მღდელ მოწამე“ (ორ ხაზად). იმავე ნიშში, კვიპრიანეს გამოსახულების ქვემოთ, კიდევ ერთი წმინდანის თავი ჩანს, მაგრამ წარწერა გ. ბოჭორიძის იქ ყოფნისას უკვე დაზიანებული იყო. მესამე ნიშის შემორჩენილი წარწერაა „... მენტოს“ (გ. ბოჭორიძის მიხედვით – კლემენტოს). მეოთხე ნიშში არის წარწერა „მა(ტთე)“.

წმ. კვიპრიანე ახალგაზრდა წვერიანი მამაკაცია, მას მარცხენა ხელში მოღვინისფრო დახურული წიგნი უჭირავს (ხელი არ გაირჩევა, ისევე, როგორც დანარჩენ ფიგურებზე). ძლიერ დაზიანებული წარწერის მიხედვით, ერთ-ერთი წმ. დედა, რომელსაც თავზე მსხვილი მარგალიტებით შემკული სამეფო გვირგვინი ადგას, წმ. ეკატერინე უნდა იყოს. გვირგვინოსანია მეორე წმ. დედაც (შესაძლოა — ბარბარე), მესამე დედის ვინაობის აღმნიშვნელი წარწერა, სამწუხაროდ, არ იკითხება.

არსებული მოხატულობა ფრაგმენტულობის უხედავად, მაინც გვაძლევს დათარიღების საშუალებას. უპირველეს ყოვლისა, იყოს. გვირგვინოსანია მეორე წმ. დედაც (შესაძლოა — ბარბარე), მესამე დედის ვინაობის აღმნიშვნელი წარწერა, სამწუხაროდ, არ იკითხება.

ფრაგმენტულობის უხედავად, მაინც გვაძლევს დათარიღების საშუალებას. უპირველეს ყოვლისა, საკურთხევლის ნიშებში სხვადასხვა წმინდანის გამოსახვა, მათ შორის – წმ. დედებისაც, იმაზე მეტყველებს, რომ მოხატვისას ჯერ კიდევ არ იყო მკაცრად შემუშავებული არა ეკლესიის მოხატულობის ერთიანი სისტემა, არამედ თვით საკურთხევლისაც კი, მაგრამ, კანონზომიერებიდან, გამომდინარე ქრისტიანული მხატვრობა მთელ აფსიდაში აუცილებლად იქნებოდა.

წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით ახლოს დგას ოშკისა და იშხნის წარწერებთან. მთავრული ასოები შავი საღებავის ფართო, მსხვილი მონასმებით არის შესრულებული. ასოთა მოხაზულობა ხაზგასმულად ძლიერია. ყოველი ნიშანი კონცენტრირებულია, ნაწერი კი - მონუმენტური ფიგურათა წერის მანერაც X საუკუნის II ნახევრისა და XI საუკუნის დასაწყისის მხატვრობასთან პოულობს ანალოგიას. განსაკუთრებით ეს ითქმის ტაო-კლარჯეთის სკოლასთან მიმართებით. ხაზგასმულად დიდია შარავანდები, ფართო მხრების რკალისებური აბრისი, სახის მოგრძო, „რკოსებური“ ოვალი, სწორი, გრძელი ცხვირი მკაფიო ნესტოებით, თაღისებურად მორკალული წარბები, პატარა, მაგრამ კონცენტრული თვალები რამდენადმე არქაულობის შთაბეჭდილებას ახდენს. ამ განცდას აძლიერებს თვით ნახატის ხასიათი - ერთდროულად მძლავრად პლასტიკური, მასშტაბური და, ამასთანავე, რამდენადმე მყისიერი, ფიქსირებული. მასში იგრძნობა კვალი როგორც შორს მოტოვებული ხატთმებრძოლეობის პერიოდის აპლასტიკურობისა, ასევე უფაქიზესი დიალოგი ბიზანტიურ სამყაროსთან, კერძოდ, ელინისტური რემინისცენციების გვიანდელ ანარეკლთან (მსგავსად ტაო-კლარჯეთის სხვა მოხატულობებისა). ეს, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი თავისებურებები ჩამოყალიბებულია ორგანულ მხატვრულ მთლიანობად, რომელშიც უკვე წინა პლანზე მოდის მწყობრი ხაზობრიობა მტკიცე გეომეტრიულობითა და ჭედური პლასტიკის ეროვნული ნიშნებით. ამავე ხასიათისაა მოხატულობის კოლორიტი. ამასთანავე, შინაგანი ჟღერადობითა და სიმდიდრით გამოირჩევა ძუნწად შერჩეული პალიტრა. საერთო მოვერცხლისფრო-მოოქროსფრო ზომიერ ტონალობაში დომინირებს სახეთა ღრმა გამჭვირვალე ოქროსფერი ლაქები, რომლებსაც ეხმიანება მომწვანო-მოვერცხლისფრო, ღრმა და უბრალო ღვინისფერი და მოვერცხლისფრო-მტრედისფერი, შავი ფართო კონტურით შემოსაზღვრული შარავანდები, ფიგურათა საერთო სილუეტები და წარწერები გარკვეული „ვიტრაჟულობის“ ეფექტს ქმნის. შეიძლება ითქვას, რომ ურაველის აგარის მონასტრის მთავარი ტაძრის მოხატულობა X ს. II ნახევრის (შესაძლოა — XI ს. დასაწყისის) ტიპური ძეგლი და ტაო-კლარჯეთის დიდი ფერწერული სკოლის ერთ-ერთი ნიმუშთაგანია.

ა. ოქროპირიძე

ბიბლიოგრაფია

  1. აგარის მონასტერი //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.41-42. ცნობები ძეგლის შესახებ. 2.აგარის მონასტერი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.1-თბ.,1975.-გვ.5
  2. მოკლე ცნობები მონასტრის ხუროთმოძღვრების შესახებ.
  3. ბერიძე ვ. სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები.-თბ.,1970.-გვ.37-40. აღწერილია აგარის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ნაგებობები: მთავარი ერთნავიანი ტაძარი (X-XI სს.), სამრეკლო, სატრაპეზო (XI ს.).
  4. აგარის მონასტრის „ტრაპეზი“ //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.-1974.-გვ.166. თურქეთის საზღვართან მდებარე სამონასტრო კომპლექსის ტრაპეზისა და მისის წარწერის შესახებ ტექსტს ახლავს ტრაპეზის ნახატი, სიგრXძივი განაკვთი (ანაზომი ა.კალაშნიკოვისა).
  5. ბოჭორიძე გ. მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში.-თბ.-1992.-გვ.106-113. აღწერილია კომპლექსის სხვადასხვა ნაგებობები, მათზე შემორჩენილი ჩუქურთმებიანი ქვები და წარწერები.
  6. მარსაგიშვილი გ. აგარის მონასტრის უძველესი ეკლესია //ძეგლის მეგობარი.-1982.-N60.-გვ.13-20. პატარა ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
  7. ციციშვილი ი. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1955.-გვ.73-74. XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე აგებული აგარის მონასტრის სატრაპეზოს ხუროთმოძღვრული დახასიათება.
  8. Беридзе В. Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры.-Тб.,1981.-с.135-136.-с илл. Объектом описания служит монастырский комплекс в исторической Агара провинции Самцхе(ныне Ахалцихский р-он), состоящий из остатков многочисленных строении: церквей, колокольни, трапезной,часовен, жилых помещении, построенный Джакели Бешкеном и Мурваном. Наиболее значительное сооружение комплекса церковь с единственной абсидой, предположительно, X в. Восстановлена примерно XIV-XV вв. Имеется план церкви.
  9. Беридзе В. Трапезная Агарского монастыря // Сообщения Академии Наук Грузинской ССР.т.VIII.-1947.-N1-2.-с.104-108. Автор статьи исследует отдельные постройки Агарского монастыря, в частности его трапезную(XI-XII вв.) одной из немногочислеенныых образцов сохранившихся до наших дней.
  10. Джанбурия Г. и др. Вардзиа:Путмводитель.-1957.-с.34-35.-с илл. Краткое описание Агарского монастыря, построенного в X-XI вв. В его состав входят: главная церковь вв.-одна из самых больших однонефных церквей Грузии, сильно разрушенная колокольня, трапезная с падписью XI-XII вв. и развалин нескольких церквей.
  11. Марсагишвили Г. Главная церковь Агарского монастыря //IV Международный симпозиум по грузинскому искусству.-Тб.-1983.-12 с. // Марсагишвили Г. Древнейшая церковь Агарского монастыря //ძეგლის მეგობარი.-1982.-№60.-с.85. В докладе содержится характеристика внутреннего пространства, облицовки и общего облика большой зальной церкви зодчества X в. Имеется план большой церкви.
  12. Материалы Архитектуры Кавказа.Вып.VII.-М.,1898.-с.66-68.-с рис. Монастырь построен из тесанного камня, вокруг окон- резьба, Внутри храма сохранилась живопись.
  13. Чубинашвили Н. Цероани. Храмы сводчатой архитектуры с конструкивно-декоративными нишами на восточном фасаде.-Тб.,1976.-83 с.-с табл. Предметом описания - большая зальная церковь с нишами на восточном фасаде. В комплнксе входят также трапезная, зальная церковь - молельня с пятигранной выступающей обсидой и входом с севера, четыре другие небольшие зальные церкви - молельни, монастырские хозяйственные и жилые постройкии, другие сооружения. Имеются генеральный план монастыря и иллюстрации с изображением отельных деталей главной церкви.
  14. აგარის მონასტერი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.131. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
  15. აგარის ნამონასტრალი //ხარაძე კ. სამცხის ბუნებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლები.-თბილისი.,2016.-გვ.74-75.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები