ანზუდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლომთავიანი არწივი ანზუდი
(ძვ. წ. III ს.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი.

ანზუდი(შუმ.) (ძველი წაკითხვით იმდუგუდ), ფრთოსანი, ლომსახიანი არწივი, რომელიც თავისი გარეგნული სახით და ფუნქციით ქართული ზღაპრების ფასკუნჯს მოგვაგონებს.

შუმერულ მითოლოგიაში ანზუდი კეთილ არსებად არის წარმოდგენილი, მთავარი გმირის დამხმარე პერსონაჟია. ადამიანსა და მას შორის კეთილი ურთიერთობა მყარდება: „ლუგალბანდას ეპოსში“ გზადაკარგული ლუგალბანდა ანზუდის გულის მოსაგებად მის მართვეებს, რომლებიც მარტო არიან დარჩენილნი, გვირგვინებით შეამკობს, ხოლო მადლიერი ანზუდი ლუგალბანდას უსიერ ტევრიდან გასასვლელ გზას ასწავლის. ამ ეპოსის მიხედვით მისი ადგილსამყოფელია „გაფოფრილი ხე ენქისეული-არწივისა“ (შესაძლოა, „ენქის არწივი“ ანზუდს გულისხმობდეს), რომელიც შეიძლება კოსმიურ ხის ერთ-ერთი გამოვლენა იყოს. ანზუდი ისევე როგორც ჩვენი ზღაპრების ფასკუნჯი, „მთის ხარით“ იკვებება და მითვე ზრდის თავის ბარტყებს. შუმერული ანზუდი გრძნეული არსებაა, რომელსაც კაცთათვის ბედის დასაზღვრის უნარი აქვს. ნიშანდობლივია მისი დახასიათება: „ცა მის ხელზე დევს, მიწა კი მის ფეხზე დევს, ფრთები ბადესავით აქვს გადაშლილი“, რაც მის კოსმიურ ბუნებაზე და განზომილებაზე მიგვითითებს. აღსანიშნავია, რომ ნინგირსუს საომარ ბადეს ტარად აქვს ანზუდის გამოსახულება.

აქადური მითოსის მიხედვით, რომლის შუმერული ვერსია ჩვენამდე შემონახული არ არის, ანზუდი კოსმოსისა და ღმერთების მოწინააღმდეგე არსებად არის წარმოდგენილი. ანზუდს დიდი ხანია ეწადა ხელში ჩაეგდო კოსმოსის მეუფის, ენლილის, ადგილი. შეშურდა მისი ღირსება, მისი გვირგვინი და ტახტი, თვალი დაადგა ცისა და მიწის ბედისწერის დაფებს, რომელიც ენლილს ჰქონდა ჩაბარებული დიდი ღმერთებისგან, მოინდომა წაერთმია მისთვის ეს ყველაფერი, ენლილობა მიესაკუთრებინა და თავად გამხდარიყო ქვეყნიერების მეუფე. ხელსაყრელი ჟამიც დადგა. ერთხელ ენლილმა ღვთიურ აბანოში განბანა მოისურვა. გაიხადა ღვთაებრივი სამოსელი, მოიხსნა ბედისწერის დაფები, რომლებიც მკერდზე ჰქონდა ჩამოკიდებული, და ჩავიდა ავაზანში. ვიდრე ენლილი განმაცოცხლებელ წყლებში ნეტარებდა, მოფრინდა ანზუდი, დასტაცა ბრჭყალები ბედისწერის დაფებს და გაიტაცა. ანზუდი გაფრინდა და სადღაც, დასაკარგავში შეეფარა მთებს.

მითიური მტაცებელი ფრინველი, თელჰალაფი.
(ძვ. წ. XI ს.), წინააზიის მუზეუმი, ბერლინი.

ბედისწერის დაფების გარეშე დარჩენილი ქვეყნიერება ბნელმა მოიცვა. ადამიანები ხელის ცეცებით დადიოდნენ, ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. შეწყდა ფრინველთა ჟრიამული, ცხოველთა ხმაური, ადამიანთა ხმიანობა. მთელს ქვეყნიერებაზე საზარელი მდუმარება ჩამოვარდა. საწმიდარებს, წმიდა ტაძრებსაც დაეკარგათ ნათელი. ყოველი არსება, თვით დიდი ღმერთებიც კი, სასოწარკვეთამ მოიცვა. თავად ენლილიც უძლური იყო: ბედისწერის დაფების გარეშე ისიც კი ვერ აღადგენდა სამყაროს წესრიგს – ყველაფერი იმ დაფებში იყო ჩაწერილი, ყველაფერი, რაც მას ენლილად ხდიდა, ენლილს ენლილობა გამოეცალა. ღმერთებმა დაიწყეს გამოსავლის ძიება. ანუ, ცის ღმერთი, ღმერთების მამა, მიმართავს თავის შვილებს, რომელი მათგანი მოძებნის ანზუდს, შეძლებს მის მოკვლას და ბედისწერის დაფების დაბრუნებას. ღმერთებმა ჭექაქუხილის ღმერთი ადადი აირჩიეს შურისმგებლად, მაგრამ ადადმა ვერ გაბედა ანზუდის წინააღმდეგ გალაშქრება. მაშინ ღმერთებმა შარა, იშთარის პირმშო, დაასახელეს. ვერც შარამ გაბედა ანზუდის წინააღმდეგ გალაშქრება. ბოლოს, ღმერთებმა ნინურთა დაასახელეს. დადგა ნინურთა ღმერთების კრებულში და თქვა: „მე მოვძებნი იმ ღმერთს და ანზუდის შებორკვას განვაცხადებ ღმერთების კრებულში!“ ისმინეს ეს სიტყვები მცირე ღმერთებმა, სიხარულით ათრთოლდნენ და ფეხები დაუკოცნეს ნინურთას. მაშინ გაამხნევა ქალღმერთმა, მისმა მშობელმა დედამ, ნინურთა და საბრძოლველად მოუწოდა: „შენთან ერთად შვიდი ქარიშხალი წამოვა, შეიპყარ და შებორკე ფრთოსანი ანზუდი. დაამშვიდე მიწა, მე რომ შევქმენი; არივ-დარიე ანზუდის სადგომი, შიში და ძრწოლა დაეცეს მას. ყველა გრიგალს აღვძრავ მის წინააღმდეგ. მხარზე მშვილდი გადაიკიდე, ისრები შხამით გაპოხე. ავსულად შეიცვალე შენი სახე, წინ ბურუსი წაიმძღვარე, შენი სახე ვერავინ გამოიცნოს! მზემ არ ინათოს მის თავზე, ნათელი დღე ბნელად შეეცვალოს! მოუსპე სიცოცხლე, შებორკე ანზუდი. მეფობა შევიდეს კვლავ ექურში, შენ მშობელ მამას დაუბრუნდეს ღვთაებრივი წესნი. გაჩნდეს, კვლავ აშენდეს საწმიდარები! ოთხივ კუთხეში დააფუძნე შენი სადგომები. ექურში აშენდეს შენი სადგომები! განდიდებულ იქმენ ღმერთების წინაშე, გაძლიერდეს შენი სახელი!“ ისმინა გმირმა დედის სიტყვები, აინთო ბრძოლის ჟინით და გაემართა ანზუდის მთისაკენ. გმირმა შეკაზმა შვიდი ქარიშხალი, კორიანტელის დამყენებლი შვიდი გრიგალი. მთის ნაპრალებში შეეყარნენ ერთმანეთს ანზუდი და ნინურთა. დაინახა იგი ანზუდმა და შეუტია მას. დაახრჭიალა კბილები და მისმა ელვარებამ მთები დაფარა. მივარდა მას როგორც ლომი გამძვინვარებული. გულის რისხვით შეჰყვირა გმირს: „მე მოვიტაცე ყველა ღვთაებრივი წესი და ღმერთების მცნებები მთლიანად წავიღე! შენ ვინ ხარ, ჩემთან საბრძოლველად რომ მოსულხარ?“ ასე მიუგო გმირმა ნინურთამ ანზუდს: „მეუფე ანუს და დურანქის ღმერთების სახელით, ვრცელი ზღვის ღმერთის ენქის და ბედისწერათა ღმერთების სახელით მოვედი შენთან საბრძოლველად, შენს დასამხობად!“ მოისმინა ანზუდმა მისი ნათქვამი და საზარლად იყვირა მთებში, წყვდიადმა მოიცვა მთები და დაბნელდა შამაში, ღმერთების ნათელი.

ღრუბელმა სიკვდილი აწვიმა, ელავდნენ ისრები, მძვინვარებს ბრძოლა მათ შორის. გასტყორცნა ნინურთამ ლერწმის ისრები ანზუდს, მაგრამ ვერ მისწვდა მას და უკან დაბრუნდა, რადგან გაჩხიბა ისინი ანზუდმა: „ლერწმის ისარო, რომ მოხვედი, გაბრუნდი უკან შენი ლერწმებისკენ! მშვილდო, რისგანაც ხარ, შენი ტყისაკენ! მშვილდის ლარებო, ცხოველთა ძარღვებს, ისრის თბებო, ფრინველებს დაუბრუნდით!“ ნინურთას ისრებმა ვერაფერი დააკლო ანზუდს. ენქისგან გამხნევებულმა ნინურთამ ძალა მოიცა და ანზუდის მთისკენ გაეშურა. ნინურთამ შვიდი მებრძოლი აღკაზმა, შვიდი ქარიშხალი აღკაზმა, შვიდი გრიგალი, მტვრის კორიანტელის დამყენებელი. ოთხი ქარი - ქარი ჩრდილოეთისა, ქარი სამხრეთისა, ქარი აღმოსავლეთისა და ქარი დასავლეთისა თან გაიყოლა. სამგზის ეკვეთა ნინურთა ანზუდს. მესამე შეტაკებისას სძლია ჭექა-ქუხილის ღმერთმა ქაოსის ფრინველს. მისი გრგვინვის ხმა ცას სწვდებოდა, ქვესკნელს სწვდებოდა. წაართვა სიცოცხლის ძალა ანზუდს და ენლილის სადიდებლად ექურის ტაძრის თავანზე მიამაგრა. ასე დაუბრუნა ნინურთამ ენლილს ბედისწერის დაფები, მეფობა და ენლილობა, მთელს სამყაროში ხელახლა დამყარდა ღვთაებრივი წესრიგი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები