შამაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შამაში(ბაბილონ.) „მზე“, მზის ღმერთი. მისი იდეოგრამა გამოხტავს ამომავალ მზეს, რასაც ცხადად გვიჩვენებს მისი არქაული გამოსახულება. იგივე ნიშანი აღნიშნავს „დღეს“, „დღის ნათელს“.

შამაშს მეორე ადგილი უჭირავს შუამდ. პანთეონის მეორე ტრიადაში: სინი-შამაში-ადადი. იგი ითვლება სინის ძედ და იშთარის დად. მისი ღვთაებრივი ცალია აია, რომელიც მუდამ იხსენიება მის სძლად.

როგორც შამაშისადმი მიძღვნილი ჰიმნებიდან და მითოლოგიური პასაჟებიდან ჩანს, იგი წარმოდგენილი ჰყავდათ ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილ ღვთაებად, რომელშიც ისინი ხედავენ სამართლიანობისა და სიკეთის განსახიერებას.

გილგამეშის ეპოსში იგი არის მთავარი გმირის მფარველი, მისი გამჩენიც კი (როგორც გილგამეშის დედა ნინსუნა ეუბნება მას: „შვილად მომეცი გილგამეში...“), რომელიც მოუწოდებს მას ზნეობრივი აქტისაკენ: მისი შთაგონებით გაემგზავრება გილგამეში კედარის ტყეში, სადაც ჯერ კიდევ არ დამყარებულა შამაშის კულტი (ფიზიკური აზრით: კედარის უღრანში არ შეღწეულა მზის სხივი). ამრიგად, მზის სხივი, შამაშის სხივი, რისგანაც მოქსოვილია ბადე – შამაშის ერთ-ერთი ატრიბუტი – ფიზიკური თვისებების გარდა შეიცავს ზნეობრივ თვისებებსაც; მას მიაქვს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ გონებრივი სინათლე და სამართლიანობა.

შამაშის ყოველდღიური ამოსვლა ცარგვალზე სიმბოლურად წარმოსახავს ქაოსის ძალების განადგურებას. წყვდიადის დასამარცხებლად მას იარაღად აქვს დაკბილული სატევარი, ხერხისმაგვარი ხმალი, რომელიც უპყრია ხელში ქვეყნად ამოსვლისას.

ცარგვალზე თავისი ხილული მოძრაობის დასრულების შემდეგ, შამაში ჩადის ქვესკნელში და იქ ანათებს. ქვესკნელში იგი ზის გარკვეულ ჟამს ანუნაქებთან ერთად და განიკითხავს მზეგადასულთა სამართალს. მაშინ მისი მეორე სახელი, ვითარცა მკვდართა ღმერთისა და მსაჯულისა, არის ნერგალი, რომელიც მისი ღამეული ორეულია. მაგრამ იგი სჯის არა მხოლოდ ქვესკნელში, არამედ სამზეოშიც. პანთეონში მას მიეკუთვნება უპირატესად სამართლიანობის ღმერთის სახელი.

ხამურაბის კანონთა პროლოგში შამაშია ის ღმერთი, ვისგანაც იღებს მეფე კანონებს და ვისი სახელითაც უნდა შესრულდეს კანონი. ისევე, როგორც შამაში ფანტავს ფიზიკურ წყვდიადს და ამკვიდრებს ფიზიკურ ნათელს, ასევე იგი აუქმებს უკანონობას, უსამართლობას და ამკვიდრებს კანონიერებას, სამართალს. შამაში არის აგრეთვე ფიცის ბატონი, რომლის სახელით იდება ორ ადამიანს თუ არსებას შორის, ფიცის გატეხისთვის მის წინაშე არიან პასუხისმგებელნი (ეტანას). ფიცის გამტეხთათვის და მოღალატეთათვის შამაშს აქვს ბადე, უზარმაზარი სათხეველი, რომელსაც ვერავინ დააღწევს თავს.

შამაშის კულტის მთავარი ქალაქები იყო ლარსა და სიფარი; მისი ემბლემა: მირგვალაში ჩახატული მზის სხივები და წყლის ჭავლები ერთმანეთის მონაცვლეობით.

საკრალური რიცხვი – 20 ( 60-ის ანუ სრული რიცხვის ერთი მესამედი).

გამოსახულება: მთებს შორის ამომავალი, რქიანი ტიარით თავზე; მხრებიდან ამოსული სხივებით; ხელში დაკბილული, მორკალული მახვილით.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები