აწყურის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აწყურის ციხე

აწყურის ციხე − (ინგლ. Atskuri Castle), XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე. მდებარეობს სამცხეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთან, ბორჯომიდან 30 კილომეტრში.

შუა საუკუნეებში აწყურის ციხე დიდ როლს თამაშობდა საქართველოს ცხოვრებაში. ისტორიულ წყაროებში ქალაქი აწყური IX საუკუნიდან მოიხსენიება. ის გუარამ მამფალის საკუთრება იყო, მთელ მესხეთ-ჯავახეთთან ერთად. აქ მდებარეობდა სახელგანთქმული აწყურის საეპისკოპოსო კათედრა, რომლის დაარსებაც, სავარაუდოდ, VIII-IX საუკუნეში უნდა მომხდარი. გუარამის ძის ნასრის დაღუპვის შემდეგ ამ მხარეს და ციხე-ქალაქს ტაოელი ბაგრატიონები ეპატრონებიან, ხოლო საუკუნის შემდეგ ის საქართველოს მეფეების მფობელობაში გადადის. XIII-XVI საუკუნეებში აწყური სამცხის მთავრების ჯაყელების ხელშია, რომელთა შემდეგ, XVI საუკუნის ბოლოდან XIX სა-უკუნის 30-იან წლებამდე, სამცხე-საათაბაგოში თურქები ბატონობენ. მხოლოდ 1828 წელს დაუბრუნდა ეს ძირძველი მხარე, აწყურის ციხესთან ერთად, საქართველოს.

ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, აწყური ბევრჯერ გამხდარა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველთა გმირული ბრძოლის ასპარეზი და მრავალი თავდასხმისათვის გაუძლია.

ტაძრის საკურთხევლის მორთულობები

1259-1260 წლებში, მეფე დავით ულუ მონღოლებთან დამარცხების შემდეგ, როცა ის თავშესაფრად სამცხეს გადავიდა, ილხანთა საყაენოს (ჰულაგუიდური ირანი) ამირა არღუნი ამ მხარეს შეესია და აყწურის ციხე ააოხრა. XIII საუკუნის ბოლოს მომხდარმა მიწისძვრამ სხვა ციხეებთან ერთად აწყურიც დაანგრია, მაგრამ მალევე აღადგინეს, როგორც მესხეთის მთავარი სამლოცველო. 1477 წელს მესხეთი (მათ შორის აწყურის ციხეც) ირანის შაჰმა უზუნჰასანმა დაარბია. იგივე გაიმეორა 1486 წელს ირანის შაჰმა იაყუბ ყაენმა, რომელმაც უამრავი ტყვე წაასხა ირანს და ნადავლის სახით მთელ საქართველოში განთქმული სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხატიც წაიღო. სამცხის მთავარს მანუჩარ ათაბაგს ამ ხატის აწყურში დასაბრუნებლად დიდძალი ვერცხლი გადაუხდია. XVI საუკუნის 40-იან წლებში ციხე ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო. 1546 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ სამხრეთისკენ გაილაშქრია; სამცხე ვერ დაიბრუნა, მაგრამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი გამოიტაცა და ციხისჯვარში დაასვენა, 1553 წელს კი იმერეთში გადააბრძანა. 1770 წელს აწყურის ციხეს რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი შემოეწყო, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა (რუსმა გენერალმა ტოტლებენმა ბრძოლის დროს მოღალატურად მიატოვა ერეკლე II. 1829 წლის 2 სექტემბრის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების დადების შემდეგ აწყური, ახალციხის საფაშოს ნაწილთან ერთად, კვლავ შემოუერთდა საქართველოს (რუსეთის იმპერიის ფარგლებში) და განთავისუფლდა ოსმალთა ბატონობისაგან.

ციხე აღმართულია უზარმაზარ კლდეზე, საიდანც თავს დაჰყურებს და აკონტროლებს მთელ მიდამოს. უდავოა, რომ მშენებლებმა მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდოვანი რელიეფი და შექმნეს სამშენებლო თვალსაზრისით რთული და მტრისთვის ძნელად ასაღები ნაგებობა. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლებოდა. შიგა ნაგებობა იმდენად ძნელად მისადგომი იყო, რომ მტერი გვირაბში შეჭრის შემდეგაც ვერ დაიმორჩილებდა ადვილად. კლდეებთან შერწყმული ციხის კედლები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ მნახველზე, თითქოს ისინი ბუნებრივი, განუყოფელი ნაწილებია და ძნელი გასაგებიც კია, როგორ მოახერხეს ძველმა კირითხუროს ოსტატებმა ასეთი ამოცანის პრაქტიკული გადაწყვეტა.

ციხედან ოდნავ მოცილებით მდებარე აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი პრაქტიკულად დანგრეულია. იგი თავის დროზე მთელ საქართველოში უდიდესი იყო ფართობის მხრივ (თვით სვეტიცხოველს ჭარბობდა. ამჟამად გუმბათი და კამარები ჩამოქცეულია, კედლების გარე პერანგი შემოძარცულია და სხვ. საბედნიეროდ გადარჩენილია კედლების გარე რელიეფების ნაწილი, საკურთხევლის კუთხეების მორთულობა, კედლის შიდა სვეტები ბურთულებიანი თავსამკაულებით და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები