აწყურის ღვთისმშობელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აწყურის ღვთისმშობელი

აწყურის ღვთისმშობლის კარედი ხატი – უმნიშვნელოვანესი სიწმინდე, რომლის საქართველოში შემობრძანებას ქართული წერილობითი წყაროები წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელს უკავშირებენ. მასთან მრავალი სასწაულმოქმედებაა დაკავშირებული. 1952 წლიდან დაცულია აკადემიკოს შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

ზომა: გაშლილი – 137 X 142 სმ. კარები – 118 X 35 სმ. ხატის ცენტრალური ნაწილი – 46 X 38.5 სმ. – მასალა: ხალასი ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები, მარგალიტი, ხე; ტექნიკა: თეგვა.

ხატი თავდაპირველად დასვენებული იყო ისტორიულ პროვინცია სამცხე-საათაბაგოში, აწყურის ღვთისმშობლის კათედრალურ ტაძარში, ბორჯომიდან სამხრეთით 30 კმ. მდ. მტკვრის ხეობაში, მდ. აბანოსღელის შესართავთან. მოგვიანებით ამ სამთავროში შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო ხატმა რამდენიმეჯერ იცვალა ადგილსამყოფელი. XVI ს. 30-იან წლებში იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1548–1565) თავისი ძალაუფლება გაავრცელა სამცხე-საათაბაგოზე. 1544 წ. ამ რეგიონში ერთ-ერთი საომარი ექსპედიციის დროს დაატყვევა აწყურის ღვთისმშობელი და დაასვენა აწყურიდან დასავლეთით – ციხისჯვარს. 1553 წ. იმერეთის მეფე გიორგი // (1548-1585), ძე ბაგრატ III-ისა, შეიჭრა სამცხე-საათაბაგოში და ციხისჯვრიდან ხატი ტყვედ წაასვენეს იმერეთს, გელათის მონასტერში. 1562 წ. იმერეთის მეფე გიორგი II შეურიგდა სამცხის მმართძველ ათაბაგ ყვარყვარეს, რის შედეგადაც ხატი დაუბრუნა აწყურის ტაძარს. XVI ს. 60-იან წწ. იმერეთის მეფემ აწყურის ხატი კვლავ იმერეთში გადაიტანა, სავარაუდოდ, გელათის მონასტერში, სადაც დაივანა XVIII ს. იმერეთის მეფე სოლომონ I-ის (1752-1782) მმართველობის დროს, რომელმაც შეამკო იგი. ხატი 1952 წ. გელათიდან ხელოვნების მუზეუმში გადმოასვენეს.

აწყურის ღვთისმშობლის კარედი ხატის სტილისტური თავისებურებები და საისტორიო ხასიათის თანმხლები წარწერები პირდაპირ მიგვითითებს რამდენიმე მხატვრულ პლასტსა და სხვადასხვა პერიოდის განახლებაზე.

ხატის მთავარი ნაწილი – ყრმიანი ღვთისმშობელი – ხალასი ოქროთია შეჭედილი, ჭარბადაა შემკული პატიოსანი თვლებითა და მარგალიტით. გამოსახულებათა ფერწერული სახეები განახლებულია XIX ს. ვერცხლის გლუვი ფირფიტით დაფარულ ზურგზე, ცენტრში, ხეზე ამოჭრილი სანაწილე ბუდეები ცარიელია. ჩარჩოს ქვედა ჰორიზტალურ ზოლზე განაწილებულ ქართულ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებული არიან იმერეთის მეფე გიორგი II (1565-1585; მ. ბროსეს მიხედვით – 1548-1585), დედოფალი თამარი (გ. 1562), მათი შვილები: ალექსანდრე (გ. 1558) და მამია, რომელთაც ხატი მოუჭედვინებიათ მათი მეფობის წარსამართავად და ცოდვათა შესანდობლად. იმის გათვალისწინებით, რომ აწყურის ხატი იმერეთის მეფე გიორგი II-ს გელათში ჰქონდა გადატანილი 1553 წლიდან 1562 წლამდე, ხოლო მისი ვაჟი ალექსანდრე 1558 წ. გარდაიცვალა, ხატის მოჭედვის თარიღად 1553-1558 წწ. მოიაზრება.

ხატი ჩასვენებულია დიდი ზომის კარედ კუბოში, რომლის წინა და კარების შიგა პირი მოოქრული ვერცხლის ფირფიტებითაა შეჭედილი, ხოლო მათი ზურგები წითელი მაუდითაა დაფარული. კარების შიგა პირზე განაწილებულია მაცხოვრის ვნებათა და ღვთისმშობლის აპოკრიფული ციკლების სცენები: „ხარება“, „ქრისტეს შობა“, „ნათლისღება“, „მირქმა“, „ფერისცვალება", „იერუსალიმში შესვლა“, „ჯვარცმა“, „ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა“ (მარცხენა კარი); „მაცხოვრის ამაღლება“, „ძღვნის უარყოფა“, „ანას ხარება“, „იოვაკიმეს ხარება“, „ღვთისმშობლის შობა“, „იოსების კვერთხის სასწაული“ (მარჯვენა კარი) ეს უკანასკნელი ოსტატს აღებული აქვს ზარზმის ღვთისმშობლის ხატის (XI ს.) ჩარჩოს მოჭედილობისაგან. იმავე სტილით გადმოსცემს დამატებულ კომპოზიციებს: „მარიამის და ელისაბედის შეხვედრა“, „ლაზარეს აღდგინება“ (მარცხენა კარი), „სული წმიდის მოფენა“, „ძირი იესესი“ (მარჯვენა კარი), „ღვთისმშობლის მიძინება“ (ლუნეტი), „ვედრება“ (შუბლი). მიუხედავაღ ოსტატის დიდი მცდელობისა, ზედმიწევნით კარგად მიჰბაძოს ლაკლაკიძეთა ხატის შესანიშნავ მოჭედილობას, იგი ამას ბოლომდე ვერ აღწევს. ამიტომ აწყურის კარედის ეს კომპოზიციები მაინც რამდენადმე უხეშ მიბაძვას წარმოადგენს და მოკლებულია იმ რაფინირებულ გამომსახველობასა და დახვეწილ საშემსრულებლო მანერას, რაც ასე ნიშანდობლივია ზარზმის ჭედური ხატის ოსტატისათვის.

წარწერის ტექსტი

კარების მოჭედილობაზე სცენები ხუთ-ხუთ რეგისტრადაა განაწილებული, სადაც კომპოზიციები და რეგისტრები ერთმანეთისაგან გამოყოფილია სხვადასხვა სახის დეკორის ფართო ზოლებით. ასეთ კომპოზიციურ აღნაგობაში განვითარებული შუა საუკუნეების კედლის მხატვრობისათვის დამახასიათებელი ტრადიციაა აღბეჭდილი.

კარების ქვედა კიდეებზე განაწილებულ ვრცელ ქართულ ასომთავრულ საქტიტორო წარწერაში მოხსენიებულია იმერეთის მეფე სოლომონ I (1752-1782), მისი თანამეცხედრე, ოტია დადიანის ასული (თამარი და მათი ძე ალექსანდრე. წარწერის თანახმად, სოლომონ I-ს 1774 წ. ანყურის ხატის კუბო შეუმკია. სწორედ ამ პერიოდის სტილისტური ნიშნებით ხასიათდება კუბოზე ცენტრალური ხატის ირგვლივ დაცული მოჭედილობა: ორი მფრინავი ანგელოზი სამეფო გვირგვინით ხელში (ზედა ჰორიზონტალური); მოციქულთა და მახარებელთა ნახევარფიგურები: პეტრე, მათე, მარკოზ, ანდრია, ბართლომე, თომა (მარცხენა ვერტიკალური ზოლი); პავლე, იოვანე, ლუკა, იაკობ, სვიმონ, თომა (მარჯვენა ვერტიკალური ზოლი); მთელი ტანით წარმოდგენილი მღვდელმთავრები: იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, გრიგოლი (ქვედა ჰორიზონტალური ზოლი); „წყარო ცხორებისა“ (მარჯვენა კარის ქვედა მონაკვეთი); ლუნეტის ჰორიზომტალური ორნამენტული ზოლის მარჯვენა ნაწილი ანგელოზის ფიგურითურთ. გამოსახულებები სრულიად ახლებურ სტილშია გადმოცემული. ფიგურათა შეცვლილი ტიპაჟები და მოცულობითი ფორმების გადმოცემის მანერა აღარ იცავს ძველ ქართულ ტრადიციებს და იყენებს დასავლეთ-ევროპის ხელოვნების იმ ნორმებს, რომელიც XVIII ს. II ნახევარში შემოვიდა საქართველოში და ცალკეულ ძეგლებზე აისახა. ამავე პერიოდს განეკუთვნება კუბოს ქვედა ჰორიზონტალური შვერილის ყვავილოვანი დეკორი.

ხატზე განმსაზღვრელი წარწერები ქართული ასომთავრულია, მხოლოდ „ხე ცხორების“ სცენას ახლავს ბერძნულენოვანი წარწერები. ღვთისმშობელი გამოსახულია ყრმისაკენ ოდნავ შებრუნებული ტანითა და მისკენ მსუბუქად დახრილი თავით. მარცხენა ხელი მზრუნველად აქვს შემოხვეული შვილის სხეულზე. მკერდთან მიტანილი მარჯვენა ვედრებას გამოსახავს. დედის წიაღის მარცხენა მხარეს გამოსახული მჯდომარე ყრმა ფიგურის გამომსახველობითა და ოდნავ ზეაწეული თავით პასუხობს ღვთისმშობლის ალერსს. ოსტატის მიერ შერჩეული ოდიგიტრიის ეს ტიპი ქართულ ლითონმქანდაკებლობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჯერ კიდევ XI საუკუნიდან (ცაგერის მადონა). იგი ასევე ითვალისწინებს განვითარებული შუა საუკუნეების ქართულ ლითონმქანდაკებლობის ტრადიციებს მწყობრი რელიეფით შესრულებული ამ მონუმენტურ ფიგურების გადმოცემაში. ხატის ფონისა და ჩარჩოს ხალიჩისებური ყვავილოვანი დეკორი დაბალი რელიეფის მქონეა. დეკორსა და მასში ჩართული ფერადოვანი აქცენტების ჭარბად გამოყენებაში არეკლილია აღმოსავლეთ (სეფიანთა ირანი) ხელოვნების ტრადიციების გავლენა. ასეთი გამომსახველობითი ხერხებით ხატი XVI ს. II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს სამხატვრო კერებში შექმნილ ნაწარმოებთა შორის იმკვიდრებს ადგილს. ამასთანავე დასტურდება, რომ იგი, უდავოდ ამ კერაში გაზრდილი ოსტატის ნამუშევარია.

ხატთან დაკავშირებული სასწაულები

აწყურის ხატს ძველი ქართული წერილობითი წყაროები მრავალ სასწაულმოქმედებას უკავშირებს. „ქართლის ცხოვრებაში“ ხატის შესახებ დაცული მდიდარი, სხვადასხვა პერიოდის წერილობითი მასალები მეტყველებენ ძეგლის ღრმა ისტორიულ ფესვებზე და მის მაღალმხატვრულ მნიშვნელობაზე.

XI ს. ქართველი ისტორიკოსის, ლეონტი მროველის მიხედვით, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, როდესაც მოციქულებმა წილი ყარეს სამყაროს სხვადასხვა კუთხისა და ქვეყნის გაქრისტიანებაზე, ღვთისმშობელს წილად ხვდა საქართველოს მოქცევა. მარიამს გამოეცხადა მაცხოვარი და აუწყა, თავის ნაცვლად გაეგზავნა ანდრია პირველწოდებული და თან გაეტანებინა ღვთისმშობლის ხატი საქართველოს მცველად. მაცხოვრის ნებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მარიამმა ანდრია პირველწოდებულს დაავალა საქართველოს მოქცევა. ამისათვის ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი და დაიდო სახეზე. უცაბედად ხის დაფაზე გამოისახა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც წიაღში ეპყრა ჩვილი. მარიამმა ამ ხატით გამოგზავნა ანდრია საქართველოში. სოფელ დიდაჭარაში ქადაგების დროს იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ხატი დაასვენა, აღმოცენდა დიდი და მშვენიერი წყარო, რომელიც დღემდე უხვად მოედინება. ამ სასწაულის სახილველად მოვიდა უამრავი ხალხი. მათ ანდრიამ ნათელი სცა, ააგო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია, დაადგინა მღვდელნი და დიაკონნი, დაუდო წესი და საზღაური სარწმუნოებისა. ახლად გაქრისტიანებულმა ხალხმა მოციქულს ხატის დატოვება სთხოვა. წმ. ანდრიამ მას დააფინა მსგავსი ზომის ფიცარი, რომელზედაც ღვთისმშობლის სახე აღიბეჭდა და დაუტოვა მათ. სამცხის საზღვართან მისულმა ანდრიამ დაისვენა სოფელ ზადენგორში, სადაც ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცვით დაამხო კერპები. იქიდან წამოსულმა მოციქულმა მოაღწია აწყურს და აპოლონისა და არტემიდეს წარმართულ ტაძართან დაიდო ბინა. აწყურის მთავარს, ქვრივ სამძივარს, ანდრიას ჩასვლის დროს ერთადერთი ძეც გარდაეცვალა. იმ ღამეს მგლოვიარეებმა ციხიდან, სადაც ხატი ესვენა, იხილეს ნათელი. გათენებისას ვითარების გასარკვევად მოსულებმა ნახეს მოციქული და ხატი ღვთისმშობლისა. მივიდნენ სამძივართან და აუწყეს, რომ უცხო კაცი უცხო ღმერთს ქადაგებს შემოქმედად, დამბადებლად, კაცთა სიცოცხლის მომნიჭებლად და მკვდრეთით აღმდგენად, რომელსაც ჰყავს მშვენიერი ხატი და მას პატივს სცემს.

სამძივარმა მონებს მოაყვანინა ანდრია და შეავედრა მიცვალებული ძის აღდგენა. წმ. მოციქულმა ცხედარზე დაასვენა ყოვლადწმინდის ხატი და დაიწყო ლოცვა. შემდეგ მოჰკიდა ხელი ყრმას და ისე აღადგინა, თითქოს ძილისგან გამოაფხიზლა. სამძივარი თავისი ძითა და სახლეულით მოინათლა. ქვრივთან მოსულმა უამრავმა ადამიანმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი ძე და ფრიად გაუკვირდათ. აწყურის წარმართული კერპების, არტემიდეს და აპოლონის კულტმსახურები წინ აღუდგნენ ანდრიას საქმიანობას. ჭეშმარიტი ღმერთის გამოსარკვევად მოციქულის თხოვნით ღვთისმშობლის ხატი კერპებს შორის შეასვენეს, კარი დაბეჭდეს და მცველები მიუჩინეს. წარმართმა მღვდლებმა კერპების მიმართ იწყეს ლოცვა, ხოლო ანდრიამ – ქრისტეს მიმართ. დილით გახსნეს კარი და ნახეს, რომ კერპები დალეწილიყო და მტვრად ქცეულიყო, ხოლო ყოვლადწმინდის ხატი დიდებითა და პატივით მზესავით ბრწყინავდა. წარმართმა მღვდლებმა შენდობა ითხოვეს, ხოლო ყოველმა ერმა აღტაცებით თქვა: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთა, რომელსა მოციქული ანდრია ქადაგებს“. წმ. მოციქულმა ასწავლა მათ სჯულისა და სარწმუნოების ყველა წესი, დაუტოვა ღვთისმშობლის ხატი მცველად და მკვიდრად უკუნისამდე და წავიდა.

XI ს. ქართველი ისტორიკოსი ჯუანშერი, რომელსაც ეკუთვნის „ქართლის ცხოვრებაში“ შესული V-VIII სს. ამსახველი თხზულება ვახტანგ გორგასლის მეფობიდან არჩილის მეფობის ჩათვლით, გვაწვდის შემდეგ ცნობას: ბიზანტიის კეისარი ჰერაკლე (610-641) 620 წ. უამრავი ამალით წარემართა სპარსეთში. 621 წ. პირველად ქართლში მოვიდა. სამცხეში შეიტყო ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის სასწაულმოქმედების შესახებ, რომელიც ღვთისმშობლის დავალებით ანდრია პირველწოდებულმა აწყურის მცირე ეკვდერში დაასვენა. მოვიდა კეისარი ჰერაკლე, რათა ეხილა და თაყვანი ეცა ხატისათვის. მან საძირკველი ჩაუყარა და დაიწყო აწყურის დიდი საყდრის შენება, რომელიც შემდეგ მორწმუნეებმა დაასრულეს და საეპისკოპოსოც შექმნეს.

„ქართლის ცხოვრების“ ერთი ანონიმი ავტორთაგანი, „ჟამთააღმწერელი“, XIII–XIV სს. პოლიტიკური ცხოვრების აღწერის დროს მოგვითხრობს, რომ XIII ს. 80-იან წლებში საქართველოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრისას (ვახუშტის მიხედვით, 1283 წ.) „სამცხის.. საყდარი, ყოვლადწმიდა აწყურისა ღმრთისმშობელი, ლიტანიობით შესუენებული, საშუალო საყდარსა ესუენა, გუმბათი ჩამოიჭრა, და ვითარ ქუდი კაცისა ესრედ თავსა დაერქუა და დარჩა უვნებლად ძლიერებითა მისითა“.

აწყურის ხატის სასწაულებზე მოგვითხრობს ასევე „ახალი ქართლის ცხოვრების“ ტექსტი, რომელიც შედგენილია XVIII ს. დასაწყისში. მესამე ტექსტში მოთხრობილია 1477 წ. ირანის ყაენის, უზუნ-ჰასანის საქართველოზე გამოლაშქრების შესახებ, სადაც ნათქვამია: ყაენი გადმოვიდა სამცხეს, მოაღწია აწყურს „და მოსრნეს მრავალი ქრისტიანენი, მღვდელნი და მონაზონნი და ერისკაცნი და წარტყვევნეს სრულიად სამცხე... ტყვე-ჰყვეს ხატი აწყურისა ღმრთისმშობელი და წარიყვანეს ქვეყანასა მათსა“. დამწუხრებული მესხები ქართლში გადაიხვეწნენ, სადაც შვიდი წელი დაყვეს. აწყურის ღვთისმშობელმა იმ უცხო „თესლთა ქვეყანასა“ ასეთი რისხვა მიავლინა: აღარც ბავშვი დაიბადა და აღარც ცხოველი, აღარც ხემ გამოიღო ნაყოფი და აღარც მიწამ აღმოაცენა. ვითარების გამოძიების შემდეგ მათ გაიხსენეს, რომ საქართველოში ლაშქრობის დროს ერთი დიდი ტაძრიდან მრავალი პატივით შემკული ფიცარი წამოიღეს, მგზავრობის დროს კი მისგან სასწაული იხილეს – მწუხრის დროს საბარგულში ღრმად ჩასვენებული გათენებისას ამოსული იყო სიღრმიდან, მაღლა იჯდა და როგორც მზე, ისე ბრწყინავდა. მათ ჩათვალეს, რომ ყველა ეს უბედურება უეჭველად მისგან მომდინარეობდა და გადაწყვიტეს მისი სამშობლოში დაბრუნება. ხატი იპოვეს და განიზრახეს მისი სახედარზე დაკვრა. თუ იგი სწორად დაადგებოდა გზას, მაშინ ეცოდინებოდათ, რომ ყოველივე ეს უბედურება მისგან სჭირდათ. სახედარზე დაკრული ხატი უმალვე სამცხისკენ მიმავალ გზას დაადგა, როგორც გამორჩეული მხედარი, აღვირთა მპყრობელი და მმართებელი. დად გაიხარეს, ხატი დიდი პატივით წარმოგზავნეს და თან წამოაყოლეს მრავალი ცხენი. ღვთის შეწევნით მალევე მიაღწიეს სამცხეში იმ ადგილს, რომელსაც დღეს ელვასი (ველი აწყურთან) ეწოდება. მოხდა დიდებული სასწაული – მაშინვე განათდა და გაბრწყინდა მთელი სამცხე. ელვისებურად მბრწყინავი ყოვლადწმინდა ხატის ხილვით გაკვირვებულებმა იკითხეს: „რაიმე არს ესე ელვის სახედ ბრწყინვალე?!“ რის შემდეგაც ამ ადგილს ელვასი ეწოდა. შეკრებილებმა იხილეს სახედარზე მჯდომარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და სიმრავლე ცხენებისა მის ირგვლივ.

ქართლში მყოფმა მესხებმა როგორც კი გაიგეს ხატის სასწაულით მოსვლა, გაიხარეს და გადაწყვიტეს სამცხეში წამოსვლა, თუმცა ქართლის მეფე კონსტანტინე II აყოვნებდა და არ უშვებდა. მესხებმა ერთ ღამეს ნახეს ხელსაყრელი დრო, ადგნენ და სახლეულით წამოვიდნენ სამცხისკენ. მეფე მათ ლაშქრით გამოედევნა, არადეთთან წამოეწია და 1483 წლის 13 აგვისტოს მოხდა ბრძოლა ყვარყვარე II ათაბაგსა (1451-1498) და მეფე კონსტანტინეს შორის, რომელშიც მესხებმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებლად სამცხეში მოვიდნენ.

არადეთის ომიდან ორი წლის შემდეგ თურქები გამოემართნენ სამცხისაკენ და 1485 წელს ტაშირს მოადგნენ. ქართლის მეფეს შემოუთვალეს, რომ ქვემოქართლელნი სამცხეს მიხდომოდნენ. ყვარყვარე ათაბაგი თავისი ვაჟებით (მზეჭაბუკითა და ბაადურით) საბრძოლველად ქვიანის მთასთან დაბანაკდა. თემებსა და სოფლებს ციხესიმაგრეებში გამაგრება უბრძანეს. აწყურის ეპისკოპოსს უბრძანეს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ციხის საჭურჭლეში დასვენება.

1486 წელს იაყუბ-ყაენი ურიცხვი ლაშქრით შემოესია სამცხეს, აიღო ახალციხის ციხე, დაწვა და მოაოხრა ქ. აწყური, მაგრამ ციხის ბრძოლით აღება ვერ შეძლო. მაშინ მეციხოვნეებს მშვიდობა აღუთქვეს და დაჰპირდნენ, რომ ციხესა და ტაძარს არ დაანგრევდნენ. აწყურის მოქალაქეებმა შეცდომა დაუშვეს და ციხის კლიტეები მიართვეს იაყუბს. ციხეში შესულმა სპარსელებმა იავარყვეს საჭურჭლე, მრავალი ქალი და ბავშვი ამოწყვიტეს, ნაწილი ტყვედ წაიყვანეს, ხოლო ყოვლადწმინდის პატიოსანი თვლებით შემკული ხატი დაატყვევეს და იაყუბს მიჰგვარეს, რომელმაც თავისი ბილწი ხელით გაძარცვა იგი. შემდეგ დაანთეს დიდი ცეცხლი და ხატი შიგ ჩააგდეს, ცეცხლი ხატს არ შეეხო და ჩაქრა. იხილა რა ეს სასწაული ერთმა არამართლმადიდებელმა ქრისტიანმა მოლაშქრემ, აიყვანა ხატი და თავსახვევში შეახვია. ამის შემდეგ იაყუბმა თავისი საუკეთესო ლაშქარი ქვემო ქართლის მოსარბევად გაგზავნა, სადაც ისინი სასტიკად დამარცხდნენ. ყაენამდე მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია. ლაშქრის ამოწყვეტით დამწუხრებული ყაენი სამცხიდან აიყარა და საყაენოში წავიდა. განრისხებულმა ყვარყვარე ათაბაგმა მაწყვერელი გადააყენა, ხოლო აწყურის ეპისკოპოსად ტბეთიდან გადმოყვანილი სვიმეონ ტრაპიზონელი დანიშნა.

აწყურის ღვთისმშობლის ხატი არამართლმადიდებელმა ქრისტიანმა სპარსეთში წაასვენა და დიდი პატივით ინახავდა. დროთა განმავლობაში მას გამოეცხადა ხატი და უთხრა: „თუ არ წამიყვან ჩემს ქვეყანაში, დიდ ბოროტს მოგაწევო“. ეს კაცი სწრაფად წამოვიდა სამცხეში და აუწყა ყოველივე ათაბაგებს – ყვარყვარესა და მანუჩარს, რომლებმაც დიდად გაიხარეს, სწრაფად გაგზავნეს სარწმუნო კაცები და ღვთისმშობლის ხატი გამოიხსნეს. სამცხეში მობრძანებულ ხატს ხალხმა თაყვანი სცა და აწყურის ტაძარში დაასვენა. 1553 წელს არტაანი დაიპყრეს ურუმელებმა, რომლებიც, აწყურის ღვთისმშობლის შეწევნით, სამცხეში ვერ გადმოვიდნენ.

ე. კავლელაშვილი

ლიტერატურა

  • ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1961;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად. ტ. 3);
  • Koндаков H. П., Бакрадзе Д., Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Гpyзии, СПБ., 1890 (ქართ. წარწერების განმარტება დ. ბაქრაძისა).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები