ბერგი ალბან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალბან ბერგი

ალბან ბერგი - გერმ. Alban Berg, (9. II. 1885, ვენა, – 24. XII. 1935, იქვე), ავსტრიელი კომპოზიტორი, ექსპრესიონისტული მუსიკის, „ვენის ახალი სკოლის“ თვალსაჩინო წარმომადგენელი. ა. შონბერგის მოწაფე და მიმდევარი.

ადრინდელ პერიოდში განიცდიდა რ. ვაგნერის, რ. შტრაუსის, გ. მალერის გავლენას. მისმა შემოქმედებამ მნიშვნელოვანი სტილისტური ევოლუცია განიცადა.

ფართო აღიარება მოუტანა ოპერავოცეკმა“ (1917-21, რომელიც დაიდგა ბერლინში 1925, ლენინგრადში – 1927), მას საფუძვლად დაედო მე-19 ს. გერმანელი მწერლის, გ. ბიუხნერის დრამა. თემაა „პატარა ადამიანის“ ტრაგედია. „ვოცეკი“ მე-20 ს. საოპერო დრამატურგიის ერთ-ერთი მწვერვალია. მუსიკალური ენა დისონანსური, ატონალურია, ზოგი ეპიზოდი აგებულია დოდეკაფონიის პრინციპზე. ფართოდ არის გამოყენებული ლაიტმოტივების სისტემა.

მეორე ოპერა „ლულუ“ (ფ. ვედეკინდის პიესების მიხედვით დაუმთავრებელი, დაიდგა 1937, ციურიხში) მთლიანად დოდეკაფონიური ტექნიკითაა დაწერილი. მასში შეთავსებულია ექსცენტრიკულ-გროტესკული და ნატიფი ლირიკული სახეები. ბერგის ერთ-ერთი საუკეთესო ბოლო ნაწარმოებია სავიოლინო კონცერტი (1935). იგი არის აგრეთვე ავტორი რიგი სხვა ნაწარმოებისა, რომელთა შორისაა: კამერული კონცერტი (1925), სიმებიანი კვარტეტი (1910), ლირიკული სიუიტა სიმებიანი კვარტეტისათვის (1926), სიმღერები ხმისა და ფორტეპიანოსათვის და სხვ.

ბერგი სერიული ტექნიკის ერთ-ერთი შემქმნელია. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ულტრათანამედროვე ხერხების, მათ შორის – კოლაჟის გამოყენება, შექმნა კამერული ანსამბლის ახალი ტიპები.

სარჩევი

შემოქმედების პირველი პერიოდი

ბერგის პირველი სერიოზული ნაწარმოებები ტრადიციული ტონალობის და ატონალობის ზღვარზეა დაწერილი. ესაა საფორტეპიანო სონატა op. 1 (1908 წ.) და ოთხი სიმღერა ხმის და ფორტეპიანოსთვის op.- 2 (1910 წ. ამ ნაწარმოებების მუსიკალური ენისთვის დამახასიათებელია მაჟორულ-მინორული სისტემის გაფართოება, დომინანტური ჯგუფის ალტერირებული აკორდების აქცენტირება და მათთვის საყრდენი თანხმოვანების ფუნქციის მინიჭება, რაც ასევე ფართოდ გვხდება შონბერგის, დებიუსის და სკრიაბინის ამავე პერიოდში დაწერილ თხზულებებში.

ბერგის პირველი ატონალური ნაწარმოებია სიმებიანი კვარტეტი op. 3 (1910 წ. წინა თხზულებებთან შედარებით აქ საგრძნობლად იზრდება დისონანსის როლი, რაც, მნიშვნელოვანწილად, მუსიკალური აზრის გადმოცემის ექსპრესიულობითაა განპირობებული. კვარტეტის თითოეული ხმის განვითარების თავისებურება ლინეარული ლოგიკიდან გამომდინარეობს: მუსიკალური ქსოვილის ყოველი ერთეული თემატურია და წამყვანი ხმის როლი ანსამბლის ხან ერთ, ხან კი მეორე საკრავს გადაეცემა.

სიმებიან კვარტეტში გამოკვეთილი ტენდენციები შემდგომ განვითარებას პოვებენ ხუთ სიმღერაში op. 4 პ. ალტენბერგის ტექსტზე (1912 წ). ეს ციკლი, რომელიც საფოსტო ბარათების ტექსტებზეა დაწერილი, ბერგისთვის იშვიათი აფორისტულობით გამოირჩევა. თითოეული სიმღერა დროში უკიდურესად შემჭიდროებული თავისებური ბგერითი სურათია, მუსიკალური ჟესტი, რომელიც ადამიანის განცდებს და ბუნების სურათებს მხოლოდ მინიშნებით წარმოაჩენს.

ალტენბეთბის სიმღერების აფორისტულობის შემდგომ განვითარებას ვხვდებით ოთხ პიესაში კლარნეტის და ფორტეპიანოსთვის op. 5 (1913), რომლებიც ექსპრესიულის და იმპრესიულის მძაფრ დაპირისპირებაზეა აგებული. აქაც შეინიშნება ავტორის სწრაფვა მაქსიმალურად დატვირთოს დროის თითოეული ერთეული, მხოლოდ ერთი შტრიხით გადმოსცეს მუსიკალური აზრი. აღსანიშნავია, რომ მუსიკალური დროის ამგვარი გააზრება ბერგთან და შონბერგთან მხოლოდ ერთეულ ნაწარმოებებში გეხედება, ხოლო ვებერნისთვის კი მხატვრული აზროვნების ძირითად პრინციპს წარმოადგენს.

ბერგის შემოქმედების ადრეული პერიოდის ერთადერთი საორკესტრო თხზულებაა სამი პიესა ორკესტრის თვის op. 6 (1914 წ.) ეს ნაწარმოები, ი. სტრავინსკის სიტყვებით რომ ეთქვათ, წარმოგვიდგება ერთიან „დრამატულ კომპლექსად, რომლის სამივე ნაწილი ერთმანეთთან თემატურადაა დაკავშირებული“ მასში ბერგის სტილის ყველა ძირითადი თავისებურება აისახება: საორკესტრო ქსოვილის რთული პოლიფონიური აგებულება (I ნაწილი, პრელუდია), საყოფაცხოვრებო ჟანრების გროტესკული, მალერისებური. გააზრება (I ნაწილი, ფერხული; II ნაწილი, მარში), მუსიკალური მასალის უკიდურესი კონცენტრაცია და ექსპრესიული დაძაბულობა, კომპოზიციის შინაგანი ერთიანობა და მთლიანობა, ტემბრული ინდივიდუალიზაცია. აღსანიშნავია, რომ მითითებული თვისებები (სხვებთან ერთად) ხდება განმსაზღვრელი ბერგის სტილისთვის და განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება მისი შემოქმედების პირველ კულმინაციაში, ოპერა ვოცეკში.

ოპერა ვოცეკი

ბერგის ოპერა ვოცეკი op. 7 გეორგ ბიუხნერის დრამა ვოიცეკის მიხედვით დაიწერა და გარკვეულწილად, პირველი მსოფლიო ომის ტრაგედიით იყო შთაგონებული. ეს, ერთი მხრივ, ტიპური ექსპრესიონისტული დრამაა, რომელიც სხვა ექსპრესიონისტულ სცენურ ნაწარმოებებს შეიძლება შევადაროთ (მაგალითად, არნოლდ შონბერგის მონოდრამას მოლოდინი), მაგრამ მეორე მხრივ, ეს ხარისხობრივად ახალი მოვლენაა არა მხოლოდ ავსტრიულ-გერმანული, არამედ მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. ოპერის მნიშვნელოვანი თავისებურება მის სოციალურ სიმძაფრეშია, რამაც ბერგის შემოქმედების მკვლევარს, ჰ. რედლიხს საფუძველი მისცა მისთვის „სოციალური თანაგრძნობის დრამა“ ეწოდებინა.

ბერგის გადაწყვეტილება, დაეწერა ოპერა ბიუხნერის სიუჟეტზე, ძალზე გაბედული ნაბიჯი იყო, რადგან მსოფლიო საოპერო ლიტერატურაში ვოცეკამდე არ გვხვდება ნაწარმოები, რომლის გმირი „პატარა ადამიანი“ ყოფილიყო. ადამიანი – საზოგადოების მიერ დათრგუნული, დაჩაგრული და გათელილი, ადამიანი – ნაჩვენები ყოველდღიურ, ყოფით გარემოში და თანაც ესოდენ რელიეფურად.

სერიული პერიოდი

ოპერა ვოცეკი ბერგის თავისუფალ ატონალობაში დაწერილი უკანასკნელი თხზულებაა. ამ ნაწარმოების შემდეგ იწყება მისი შემოქმედების სერიული პერიოდი, მაგრამ თავისი მასწავლებლის, შონბერგისგან განსხვავებით, ბერგი დოდეკაფონიას საკმაოდ თავისუფლად, არაორთოდოქსულად იყენებს. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ თორმეტტონიანი სერია მასთან გააზრებულია როგორც თემა, ნაწარმოების თემატური ერთეული; გარდა ამისა, მისი სერიები, უმეტესწილად, „ტონალურადაა შეფერილი“, თავისი არსით დიატონურია; ბერგის სერიები ხშირად მაქსიმალური ინტერვალური მრავალფეროვნებით გამოირჩევიან (სრულიად საპირისპირო მოვლენას აქეს ადგილი ანტონ ვებერნის შემოქმედებაში) და გაშლილი, დროში დინამიკურად განვითარებადი ფორმების შექმნის საშუალებას იძლევიან. თავის ნაწარმოებებში, ბერგი, უმთავრესად, ბაროკოს და კლასიციზმის ეპოქების ფორმებს მიმართავს. ბაროკოს ეპოქასთანაა დაკავშირებული, ასევე, მის მიერ ფართოდ გამოყენებული კონცერტირების პრინციპი, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება კამერულ კონცერტში ფორტეპიანოს, ვიოლინოს და ცამეტი ჩასაბერი ინსტრუმენტისთვის (1925 წ. ეძღვნება არნოლდ შონბერგს).

ალბან ბერგის, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ლირიკოსი კომპოზიტორის ტალანტი, განსაკუთრებული სისავსითაა წარმოჩენილი მის ლირიკულ სიუიტაში სიმებიანი კვარტეტისთვის (1925 წ).

ბერგის მუსიკალური აზროვნების თავისებურება მკაფიოდ ჩანს სერიული მასალის თავისუფალ განვითარებაში. სერია მისთვის (განსაკუთრებით ამ ციკლში) უცვლელი ერთეული არაა. ნაწარმოების განვითარების პროცესში იგი ცვლილებებს განიცდის (სერიაში ბგერების გადაადგილებით), განსაკუთრებით სიუიტის მეექვსე ნაწილში, სადაც საწყისი თორმეტტონიანი რიგიდან კომპოზიტორი გამოყოფს ე. წ. Halbereihe-ს (ნახევარ რიგებს) და ბგერათა ახალ თანმიმდევრობას იღებს (რეალურად ახალ სერიას). ნაწარმოებში კომპოზიტორი, ასევე, ხშირად მიმართავს თავისუფალ ატონალობას და ტონალობას, მათ შორის, იმ ნაწილებში, რომლებიც უმთავრესად მუსიკალური მასალის სერიული ინტეგრირების პრინციპს ემყარება. ამ მხრივ აღსანიშნავია მეექვსე ნაწილი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ტონალური ფრაგმენტია ციტატა რიხარდ ვაგნერის ტრისტან და იზოლდადან, კერძოდ „ტრისტან-აკორდი“, რომელიც გრძნობადი ლირიკის უმაღლეს გამოხატულებას სიმბოლიზირებს.

ალბან ბერგის შემოქმედების სერიული პერიოდის ცენტრალური ნაწარმოებია ოპერა ლულუ, რომელიც მას დაუმთავრებელი დარჩა. ოპერის მესამე აქტი, ავტორისეული ესკიზების საფუძველზე, დაასრულა ავსტრიელმა კომპოზიტორმა ფრიდრიხ ცერჰამ. სამაქტიანი ლულუს პრემიერა შედგა 1979 წელს პარიზის ოპერაში (დირიჟორი პიერ ბულეზი).

ლულუზე ბერგი 1928 წლიდან მუშაობდა, მაგრამ 1935 წლის გაზაფხულზე მან შეწყვიტა მუშაობა ოპერის პარტიტურაზე და მთლიანად გადაერთო სავიოლინო კონცერტის შექმნაზე – XX საუკუნის მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე შთაგონებულ ქმნილებაზე. კონცერტი მიეძღვნა „ანგელოზს“ (როგორც თავად კომპოზიტორმა განსაზღვრა მიძღვნაში – „ანგელოზის ხსოვნას“), ალმა მალერის ადრე გარდაცვლილ ქალიშვილს მანონ გროპიუსს.

ორნაწილიანი სავიოლინო კონცერტი, რომლის თითოეული ნაწილი ორად იყოფა, განსაკუთრებული ლირიზმით, ექსპრესიით, ამაღელვებელი განწყობით და, ამასთანავე, მოძრავი, ქმედითი სახეებითაა განმსჭვალული. მასში საოცარი ოსტატურებითაა შერწყმული ძველი და ახალი: ციტატა ი. ს. ბახის ქორალიდან Es ist genug და დოდეკაფონური ტექნიკა. თუმცა, საკუთრივ კონცერტის სერია მჭიდროდაა დაკავშირებული ტონალურ აზროვნებასთან g - b - d - fis - a - c - e - gis - h - cis - ea - f.

სერიის ამგვარი სტრუქტურის გამო სავიოლინო კონცერტში ფართოდ გვხვდება ტრადიციული ტონალური აზროვნებისთვის დამახასიათებელი თანხმოვანებები. გარდა ამისა, სერია ნაწარმოების არა მხოლოდ კონსტრუქციული, არამედ მნიშვნელოვანი თემატური საფუძველია. სერიის ამგვარმა სტრუქტურამ საშუალება მისცა კომპოზიტორს აბსოლუტურად ორგანულად შემოეყვანა ბახის ციტატა, რომელიც აღიქმება არა უცხო „სხეულად“, სხეა ეპოქის ნიშნად, არამედ მთელი ნაწარმოების ლოგიკურ შედეგად, კათარზისულ განწმენდად გვევლინება. აქვე აღვნიშნავთ, რომ თემის ჩვენებისას სასულე საკრავებით იმიტირებულია ორგანის ტემბრი, რაც, მართალია, უპირისპირდება, ნაწარმოების საერთო ტემბრულ ლოგიკას, მაგრამ საკუთრივ ქორალის თემას გამოარჩევს საერთო კონტექსტიდან.

ალბან ბერგი გარდაიცვალა ოპერა ლულუს მესამე აქტის პარტიტურაზე მუშაობისას.

ბერგმა საკმაოდ მცირერიცხოვანი მემკვიდრეობა დატოვა. სულ თხუთმეტი op.-ი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი მნიშვნელობა XX საუკუნის მუსიკისთვის ძალზე დიდია. ბერგის მიერ შექმნილ თხზულებებში, თითოეულში მისი თხუთმეტი ნაწარმოებიდან, დემონსტრირებულია ადამიანის პირადული, ინტიმური სამყაროს ფაქიზი წვდომის უნარი. ყოველი მათგანი მხატვრული სრულყოფილებით, დახვეწილი ოსტატობით და ტრადიციას და თანამედროვეობას შორის მჭიდრო კავშირით გამოირჩევა.

ძირითადი ნაწარმოებების სია

  • 1901–04, ადრეული სიმღერები ხმის და ფორტეპიანოსთვის
  • op.1, სონატა ფორტეპიანოსთვის, 1907–08
  • op.2, ოთხი სიმღერა ხმის და ფორტეპიანოსთვის, 1909–10
  • op.3, სიმებიანი კვარტეტი, 1910
  • op.4, ხუთი სიმღერა პეტერ ალტენბერგის ღია ბარათების ტექსტებზე, სოპრანოს და ორკესტრისთვის, 1912
  • op.5, ოთხი პიესა კლარნეტის და ფორტეპიანოსთვის, 1913
  • op.6, სამი პიესა ორკესტრისთვის, 1914–15
  • op.7, ვოცეკი, სამაქტიანი ოპერა, 1914–22
  • კამერული კონცერტი ფორტეპიანოს, ვიოლინოს და ჩასაბერი ინსტრუმენტებისთვის, 1923–5
  • დამიხუჭე ორთავ თვალი (Schliesse mir die Augen beide), ხმის და ფორტეპიანოსთვის, 1925
  • ლირიკული სიუიტა სიმებიანი კვარტეტისთვის, 1925–26
  • ღვინო (Der Wein), საკონცერტო არია სოპრანოს და ორკესტრისთვის, 1929
  • ლულუ (Lulu), სამაქტიანი ოპერა,1929-35
  • ლულუ-სიუიტა სოპრანოს და ორკესტრისთვის, 1935
  • სავიოლინო კონცერტი, 1935

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები