გორგაძე სერგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გორგაძე სერგი – (02.04.1876 ს. ილემი, შორაპნის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, – 10.09.1929, თბილისი), ისტორიკოსი, ფილოლოგი, არქეოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

სერგი გორგაძე

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდელ რომანოზ გორგაძის ოჯახში. გორგაძეი თითქმის ყველა წინაპარი და ახლო ნათესავი სასულიერო პირი იყო და მანაც სასულიერო განათლება მიიღო – სამრევლო სკოლა, სასულიერო სასწავლებელი, სასულიერო სემინარია და აკადემია. თბილისის სასულიერო სემინარიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1897) სწავლა განაგრძო ყაზანის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1901 წ. ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნებული ერთხანს ახალსენაკში ასწავლიდა ქართულ ენას, ხოლო 1903 წ. თბილისში გადაიყვანეს და დანიშნეს საეპარქიო საბჭოს საქმის მწარმოებლად. ამავე წელს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ამის შემდეგ გორგაძეს პედაგოგიური მოღვაწეობა არ შეუწყვეტია და მთელი მეოთხედი საუკუნის მანძილზე ასწავლიდა ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიას თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში, ქალთა უმაღლეს კურსებსა და ქალაქის სხვადასხვა გიმნაზიაში.

შემოქმედებითი მოღვაწეობა

გორგაძემ ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში დაიწყო მეცნიერული კვლევა-ძიება. აკადემიის IV კურსზე სწავლისას მან დაწერა თხზულება „ფილოსოფია და მისი პროგრესი“, რომელიც თბილისში 1901 წ. ჟურნ. „მოამბეში“ გამოქვეყნდა. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ფილოსოფიური აზროვნებისადმი, საერთოდ, ფილოსოფიისადმი ინტერესის გაღვივება და ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული შესწავლა დაკავშირებულია სწორედ ამ ნაშრომთან. გორგაძე წლების განმავლობაში სწავლობდა, აღწერდა და გამოსცემდა ქართული ფილოსოფიური მწერლობის ძეგლებს, აქვეყნებდა სტატიებსა და წერილებს ფილოსოფიური მწერლობის ისტორიისა და თეორიის მნიშვნელოვან საკითხებზე. 1914 წ. მან გამოსცა ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისას“ (იოანე პეტრიწისეული თარგმ.) ვრცელი შესავალი წერილითა და კომენტარებით. გამოსაცემად მოამზადა იოანე დამასკელის „დიალექტიკის“ თარგმანები და ეფრემ მცირის მიერ თარგმნილი „გარდამოცემის“ ერთი თავი. ასევე მზად ჰქონდა გამოსაცემად გრიგოლ ნოსელის თხზულების „კაცისა შესაქმისათჳს“ ძველი ქართული თარგმანი 1923 წ. ჟურნალში „ჩვენი მეცნიერება“ (№1) დაიბეჭდა გგორგაძის ნაშრომი „ნეოპლატონური ფილოსოფიის ერთი უძველესი კვალთაგანი ქართულ მწერლობაში (ფსევდო-დიონისიოს არეოპაგელის თხზულებათა ქართული თარგმ.)“.გორგაძის ამ გამოკვლევით გაფართოვდა ცოდნა ნეოპლატონური ფილოსოფიის გავრცელების არეზე საქართველოში და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, პირველად მან მიაქცია ყურადღება არეოპაგიტული მოძღვრების ფაქტსა და მნიშვნელობას ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიაში. ამავე 1923 წ. გორგაძემ გამოაქვეყნა ნაშრომი „ფილოსოფიის მთავარი დარგები ქართულ მწერლობაში“. 1922 წ.

გორგაძე იყო იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მნიშვნელოვანია გორგაძის წვლილი საქართველოს ისტორიისა და ქართული ეკლესიის ისტორიის კვლევის საქმეში. თავის ძირითად საისტორიო ნაშრომებში („საქართველოს ეკლესია და მისი დასაწყისი“ და „წერილები საქართველოს ისტორიიდან“) გორგაძემ გამოთქვა ბევრი საინტერესო მოსაზრება, რომელიც დღესაც გაზიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში და, რომლის პირველი დამამკვიდრებელი სწორედ ის იყო. გორგაძე, რომელმაც 1905 წ. საგანგებო ნაშრომი უძღვნა საქართველოს გაქრისტიანების და ქართული ეკლესიის ისტორიის უძველესი პერიოდის საკითხებს, ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ქართული მეცნიერული საეკლესიო ისტორიოგრაფიის ფუძემდებლად.

ამ მონოგრაფიებში გორგაძემ საყურადღებო მოსაზრებები გამოთქვა წმ. ნინოს ვინაობა-სადაურობის, ქართლის გაქრისტიანების თარიღის, პირველი იერარქიის და ქართლის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებზე. პირველმა ქართულ ისტორიოგრაფიაში დაამტკიცა, რომ II მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე ეპ. პანტოფილე (პანსოფი) იყო ქ. იბორას და არა იბერიის მღვდელმთავარი. მანვე მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ ქართლის მოქცევის დროისთვის ჯერ კიდევ არ არსებობდა ქ. კონსტანტინოპოლი და დედოფალი ელენე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რამაც საშუალება მისცა გორგაძეს ქართლის გაქრისტიანების თარიღი IV ს. 30-იანი წლებიდან 20-იანი წლების შუა ხანებზე ჩამოეწია.

დიდია გორგაძის ღვაწლი ძველი და ახალი ქართული ლიტიტერატურის ძეგლების გამოცემის საქმეში. მას ეკუთვნის „შუშანიკის მარტვილობის“ პირველი მეცნიერული გამოცემა (1917), რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა. სანიმუშოდ ითვლება მის მიერ აღწერილი საეკლესიო მუზეუმის №19 ხელნაწერი სვანეთის ცნობილი მრავალთავი. გორგაძის სახელთანაა დაკავშირებული ბესიკის თხზულებების პირველი აკადემიური გამოცემა (1921) და აკაკის რჩეულ თხზულებათა ოთხტომეულის რედაქტირება (ალ. აბაშელთან ერთად, 1925-1928).

1900-იანი წლებდან მოყოლებული, საქართველოს საზოგადოებრივ, სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრებაში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, გორგაძეს აქტიური მონაწილეობა რომ არ მიეღო.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია გორგაძის მოღვაწეობა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში, რომლის დამფუძნებელი, საბჭოს წევრი და უცვლელი მდივანი იყო 1925 წლამდე. ამავე დროს, 1915 წლამდე. გორგაძე განაგებდა საზოგადოების ბიბლიოთეკა-მუზეუმს, ხოლო 1919 წლიდან გარდაცვალებამდე სათავეში ედგა საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმს.

გორგაძე იყო ჯვრის მონასტრის შემკეთებელი კომისიის, სვეტიცხოვლის განახლებისა და ბაგრატის ტაძრის აღდგენის კომიტეტების წევრი.

1917 წ., საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, გორგაძე ეკლესიის დროებითი მმართველობის, ხოლო „კათალიკოსის თანაჲ“ საბჭოს შექმნის შემდეგ ამ საბჭოს წევრად იყო არჩეული.

უაღრესად დიდი მუშაობა გასწია გგორგაძემ საქართველოდან რუსეთში სხვადასხვა დროს გატანილი განძეულობის დასაბრუნებლად. ბოლშევიკურ რუსეთთან ქართულ სიძველეთა დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკება მისი ინიციატივით დაიწყო. განძეულობის დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, შ. ამირანაშვილი 1923 წ. წერდა მოსკოვიდან გორგაძეს: „იმედი მაქვს, რომ მალე ჩამოვალ მანდ და ყველაფერს უფრო დალაგებით გაცნობებთ, ვინაიდან როგორც თქვენ, ისე იშვიათად თუ ვინმეს აინტერესებს ჩვენი სიძველენის დაბრუნება“.

1927 წ. გ. შეიყვანეს საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის იმ საგანგებო კომისიაში, რომელსაც უნდა აღენუსხა და შეეფასებინა საქართველოდან 1921 წ. გატანილი განძეულობა.

გორგაძე სრულიად ახალგაზრდა, 52 წლისა გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ზ. აბაშიძე

თხზულებები

გორგაძე სერგი, თხზულებანი, ტ. 1, თბ., 2017.

წყაროები და ლიტერატურა

  • მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა წერილები სერგი გორგაძისადმი, „საისტორიო მოამბე“, № 55-56.
  • აბაშიძე ზ., ს. გორგაძე ქართლის (იბერიის) მოქცევის ქრონოლოგიის შესახებ, თბ., 1997;
  • მისივე, ღვაწლმოსილი, თბ., 2009.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები