გუარამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუარამი − (ბიზანტიურ წყაროებში „გურგენი“) (გ. VI ს. დამდეგს), ქართლის ერისთავთა მთავარი 555 წლიდან. ბაგრატიონთა სამეფო სახლის პირველი წარმომადგენელი, რის გამოც მას სუმბატ დავითის ძე (XI ს.) „ბაგრატიონთა მამად“ იხსენიებს.

გუარამი ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი (ვახტანგის მეორე მეუღლის ელენეს ასულის წული) იყო. ქართლის ერისთავთა მთავრის ტახტის დაკავებამდე „მთავრობდა კლარჯეთსა და ჯავახეთში“.

დაახლ. 537 წ., ქართლის მეფე ბაკურ ფარნავაზიანის გარდაცვალების შემდეგ, როცა მისმა მცირეწლოვანმა შვილებმა კახეთის მთიულეთს შეაფარეს თავი, ირანის შაჰმა ხოსრო I-მა (531-579) ქართლში მეფობა გააუქმა. ქვეყნის უშუალო გამგებელი ირანელი მოხელე-მარზპანი გახდა. VI ს. ბიზანტიელი ავტორის, პროკოპი კესარიელის ცნობით, 545 წლიდან ქართველები აჯანყებისთვის ემზადებოდნენ. 555 წ. ფაზისთან ბრძოლაში ირანელთა მარცხის შემდეგ ხოსრო I-მა მარზპანი დენშაპუჰ ნახორაგანი ქართლიდან გაიწვია და სიკვდილით დასაჯა. შექმნილი ვითარებით ისარგებლეს ქართლის ერისთავებმა და ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-ის (527-565) მხარდაჭერით ქართლის ტახტზე გუარამი დასვეს (იმავე პერიოდში გუარამის ძმებმა, ასამმა და ვარაზვარდმა, კამბეჩოვანში ირანის ჩრდილო ქუსტაკის სპაჰბედის-ბაჰრამ ჩუბინის მარზპანი ვეჟან ბუზმირი მოკლეს), რაც აისახა VI ს. სირიელი ავტორის, ზაქარია რიტორის თხზულებაში. 555 წელს ზაქარია „გურზანში“ (ქართლში) „სპარსელთა ქვეშევრდომ მცირე მეფეს“ იხსენიებს. გუარამი კურაპალატის ბიზანტიულ ტიტულს ატარებდა.

ეგრისში დასრულებული დიდი ომიანობის შემდეგ, 562 წ. დადებული ზავით, ქართლი კვლავ ირანის გავლენის სფეროში დარჩა, რის შემდეგაც ქართლში ირანელთა ბატონობის გამო ვითარება დამძიმდა. 571 წ. სომხეთსა და ქართლში ანტიირანული აჯანყება დაიწყო. ამბოხების სხვა მეთაურებთან ერთად გუარამი კონსტანტინოპოლში გაიქცა. 571-580 წწ., ირანთან ბიზანტიის წარუმატებელი ომის შემდეგ, გუარამი იძულებული გახდა ქართლში დაბრუნებულიყო და თავი ირანელთა ქვეშევრდომად ეღიარებინა, რასაც მოწმობს მისი მონოგრამითა და ირანის შაჰის – ჰორმიზდ IV-ის გამოსახულებით მოჭრილი მონეტები. ირანთან ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, გუარამი ანტიირანულ კოალიციას მიემხრო. 589 წ. იგი ქართველთა და ბიზანტიელთა ფულით ჩრდილოეთ კავკასიაში დაქირავებული ლაშქრით ირანში შეიჭრა, მაგრამ 589 წ. აგვისტოში ჰერათთან (შუა აზია) ბრძოლაში ირანელთა სარდალმა ბაჰრამ ჩუბინმა ბიზანტიელთა მოკავშირე თურქები დაამარცხა (მათი სარდალი იყო „თურქთა მეფე საბა“, ჯიბღუ ხაკანის მამა). უკან გამობრუნდნენ როგორც ბიზანტიელები, ისე „ჩრდილონი იგი, გუარამ კურაპალატისა შეგზავნილნი“, „დაეცა შიში და ძრწოლა ქართველთა სპარსთაგან“. ქართლში დაბრუნებულმა გუარამმა „იწყო ციხეთა და ქალაქთამაგრებად“, თუმცა იმხანად ქართლი ირანელთა ლაშქრობას გადაურჩა. გამარჯვებულმა ბაჰრამ ჩუბინმა ჰორმიზდ IV ტახტიდან გადააყენა. მისი მცირეწლოვანი ძე – ხოსრო II ბიზანტიაში გაიქცა და იმპერატორ მავრიკიოსის დახმარებით ტახტი დაიბრუნა. გაწეული დახმარების სანაცვლოდ ხოსრო II-მ მავრიკიოსს სხვა ტერიტორიებთან ერთად დაუთმო „ქართლის დიდი ნაწილი თბილისამდე“, იმპერატორ მავრიკიოსი გახდა „მწე და მოურავი ყოველთა ქართველთა“, გუარამ „კურაპალატი დაადგა მორჩილებასა ზედა ბერძენთასა“.

მემატიანის ცნობით, გუარამი იყო „კაცი მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა“. მან დაიწყო მცხეთის ჯვრის ტაძრის მშენებლობა და „განასრულა საფუძველი ტფილისისა სიონისა“. „ქართლის ნელადრე შეკრებისა“ და „გუარამის განაჩენის“ დროს ქართლის კათოლიკოსი იყო სამოელი.

ვ. გოილაძე


წყაროები და ლიტერატურა

  • ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955;
  • „მოქცევაი ქართლისა“, წგ.: შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილის და ე. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979.
  • გოილაძე ვ., აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზა და საქართველო, თბ., 1997;
  • მისივე, VI საუკუნეში ქართლის ადგილობრივი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დათარიღებისათვის, „მაცნე“ ისტორიისა და ლიტერატურის სერია, №1, 1979.

ლიტერატურა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები