ინდრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინდრა. თითბერის ქანდაკება

ინდრა − (ინდ.) გმირი ღმერთი, ადიტის მეშვიდე ნებიერი და ყველაზე ძლიერი შვილი, რომელიც ღმერთებმა თავიანთ მეფედ აირჩიეს.

მისი დაბადება განსაკუთრებული იყო: შობისას კინაღამ იმსხვერპლა მშობელი დედა − იგი იარაღით ხელში გამოვიდა დღის სინათლეზე. ახლადშობილის მრისხანე გამოხედვით შეშინებულმა დედამ გადამალა იგი, მაგრამ მალე ის საომრად აღჭურვილი მოევლინა ღმერთებს და თითქოს აავსო მთელი სამყარო თავისი ბრწყინვალებით. მის წინაშე თრთოდნენ ღმერთებიც და ასურებიც. ინდრა ებრძვის ავსულებს და დემონურ ძალებს. მისი ერთ-ერთი მთავარი გმირობა იყო დემონური ტომის პანიებისგან მოტაცებული ძროხების დაბრუნება.

ინდრა (დაახ. 800 წ.). ელორა. კაილასაგთხას საყდარი

პანიები ღმერთებისა და ასურების სამყოფელთა მიღმა ცხოვრობდნენ, მათ ძროხები ქვეყნის კიდისკენ გაიტაცეს და მთის გამოქვაბულებში გადამალეს. ძროხები განთიადის სხივებს განასახიერებდნენ და ამიტომ მათი გაუჩინარების შემდეგ ცა დაბნელდა. ინდრა შვიდი ანგირასის თანხლებით გაემართა პანიების ქვეყნისკენ; ანგირასებმა შელოცვების ძალით გახსნეს გამოქვაბულის კედლები და ძროხები გამოასხეს. მაშინ ცარგვალზე გამოჩნდა ცისკრის ქალღმერთი უშასი და გაანათა მთელი სამყარო. ინდრამ მოკლა გამოქვაბულში ბოროტი სული ვალა და გაფანტა პანიები.


მეორე დიდი გმირობა, რაც ინდრამ ჩაიდინა თავის სასახელოდ და ქვეყნიერების გადასარჩენად გველეშაპ ვრიტრას მოკვლა და მდინარეთა დინების გათავისუფლება იყო. უხელფეხო უზარმაზარი გველი ვრიტრა ცხრაკეცად იყო მოკალათებული მთაზე და მდინარეთა დინებას აბრკოლებდა. ყველა მდინარე გადაყლაპული ჰქონდა, მუცელი სავსე ჰქონდა წყლით და ახლა მთელ ქვეყნიერებას ღმერთებთან ერთად შთასანთქმელად ემუქრებოდა. შეშინებულმა ღმერთებმა საშველად ინდრას მიაშურეს. მაგრამ მარტო ინდრა ვერაფერს გააწყობდა გიგანტურ ურჩხულთან, ინდრა სათავეში უნდა ჩადგომოდა ციურ ლაშქარს. ბრაჰმამ გაამხნევა იგი, შივამ შეუმუსრავი აბჯარი მისცა და გაემართა ინდრა საბრძოლველად, ხელში ტვაშტარის მიერ გამოჭედილი განუყრელი ლახტივაჯრა ეპყრა. ვრიტრამ საზარელი შიშინი ამოუშვა მუცლიდან და ცეცხლი მიაფრქვია ღმერთებს, რომელთაც ვერ გაუძლეს მის მხურვალე სუნთქვას და მიმოიფანტნენ და მარტოდმარტო მიატოვეს ინდრა ბრძოლის ველზე. მხოლოდ მარუთები და ვიშნუ დარჩნენ მასთან და გაამხნევეს. გამხნევებული ინდრა გაექანა ვრიტრასკენ, მაგრამ გველეშაპმა შთანთქა იგი (სხვა თქმულებით, მან თავად გაფატრა ვრიტრას მუცელი და მოექცა მის შიგნით) და დაიძინა. მაშინ შივამ ვრიტრას მთქნარება მოჰგვარა და დაამთქნარა თუ არა გველეშაპმა, დააბჩინა პირი და ინდრამაც დააღწია თავი მის წიაღს. თავდახსნილმა და შივასგან ძალამომატებულმა ძლიერად დაჰკრა თავში ვაჯრა და გაუპო თავი. ამ დარტყმისგან ისე იძრა ცა და მიწა, რომ ინდრასაც კი შეეშინდა და ოთხმოცდაცხრამეტი მდინარის იქით გადაიკარგა, და იქ, სადღაც, ლოტოსის ღეროში დაიმალა. სხვა ღმერთებიც დამალული იყვნენ, ვერავინ ბედავდა თუნდაც მკვდარ ვრიტრასთან მიახლოვებას. ბოლოს, ინდრამ მარუთები გაგზავნა დასაზვერად, რომ გაეგოთ ცოცხალი იყო თუ მკვდარი ვრიტრა. წავიდნენ და ნახეს მიწაზე განრთხმული მკვდარი გველეშაპი, რომლის წიაღში დატყვევებული მდინარეები თავისუფლად მოედინებოდნენ. ვრიტრას თავის ქალიდან ინდრამ თასი გააკეთა. მერე სხეული ორად გაკვეთა, ერთი ნაწილი ცისკენ წავიდა და მთვარე გახდა, მეორე დემონური ნაწილისგან ცოცხალ არსებათა შიგანი შეიქმნა. გმირობასთან ერთად ეს ქმედება ცოდვაც იყო, რადგან ვრიტრა წარმოშობით ბრაჰმანი (ქურუმი) იყო. ამიტომაც ინდრა აღარ დაბრუნდა თავის სამფლობელოში და ლოტოსის ღეროში იმალებოდა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები