მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფლი მეტეხის ცენტრში. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი, გალავანი, კოშკები, სამრეკლო. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღდგენილია ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები, ორნამენტიანი სამკაულები. სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარდა 1968 წ. ტაძარი გადაიხურა კრამიტით, გაიწმინდა და კეთილმოეწყო ტერიტორია.

სარჩევი

აღწერილობა

ღვთისმშობლის ტაძარი

ტაძრის გეგმა

ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (15 X 20 მ), თარიღდება XIII საუკუნით. ნაგებია კარგად დამუშავებული ბაზალტის კვადრებით. ფასადებში ჩართულია მწვანე ფერის ქვებიც. შესასვლელი ორი აქვს – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე შიგნიდან თაღოვანია, გარედან – ოთხკუთხა. გუმბათი აღმართულია აფსიდის კედლებსა და დასავლეთის წყვილ ბურჯზე. ნახევარწრიული აფსიდი იატაკის საერთო დონიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდს ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს; ღერძზე კი, ღრმა ნიშის სახით, საწინამძღვრო ტახტია მოწყობილი. აფსიდში სამი სარკმელია. ტაძრის აღმოსავლეთ მკლავებშორისი მონაკვეთები გაყოფილია ორ სართულად. პირველ სართულზე, საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა, აფსიდთან მხოლოდ სამკვეთლოა უშუალოდ დაკავშირებული. სამკვეთლოსა და სადიაკვნის თავზე სამალავი საკნებია. ყველა სათავსს ნახევარწრიული აფსიდი და ვიწრო სარკმელი აქვს. ტაძრის განივი მკლავები ტოლია, ხოლო გრძივი მკლავები გათანაბრებულია საკურთხეველზე ღრმა ბემის დამატებით. გუმბათქვეშა თაღები ნახევარწრიულია და ორი საფეხურისგან შედგება. ისინი ამავე დროს გუმბათის ყელისა და მკლავების კამარების საყრდენს წარმოადგენს თაღებზე უშუალოდ დევს წრიული თარო, რომელიც გუმბათის ფუძეზეა შემოყოლებული. კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათის ყელი ზევით ძლიერ შევიწროებულია. მასში 12 სარკმელია. ტაძრის მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კამარებით. კამარებში ორ-ორი სარკმელია. დასავლეთ მკლავის გრძივი კედლები არასწორი მოყვანილობის დაბალ თაღებზეა ამოყვანილი. თაღები ერთ მხარეს გუმბათქვეშა ბურჯებს ეყრდნობა, ხოლო მეორე მხარეს – ორნაწილიან პილასტრებს.

შესასვლელი დასავლეთის მხრიდან

ტაძრის გარე მასების კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს თორმეტწახნაგა გუმბათი. მას გლუვი რთულპროფილიანი ლავგარდანი (თარო, ლილვი, წრეთარგი) აქვს. დეკორატიული მორთულობა დაზიანებულია. ფასადებზე საპერანგე ქვებიც და ორნამენტული ელემენტებიც ბევრგან შეცვლილია, გადაწყობილია ან საერთოდ აღარ არსებობს. ტაძრის ფასადების მორთულობის შემკვრელი იყო დეკორატიული თაღედი, რომლის მცირე ნაწილია შემორჩენილი. ასეთი თაღედი გასდევდა ძირითადი მკლავების გვერდით კედლებსაც. შემორჩენილია ქვედა ლილვები. ოთხივე ფასადზე ერთი და იგივე ძირითადი დეკორატიული მოტივი მეორდება: დიდი ჯვარი და სარკმლების მოჩარჩოება, უამრავი მედალიონი. ისინი უმთავრესად კედლების ცენტრალურ არეებზეა თავმოყრილი (გვიან შესრულებული ჭრა მარტივი, მშრალი და ნაკლებად პლასტიკურია). აღმოსავლეთ ფასადის ჯვარი, რომელსაც თითქმის მთელი ცენტრალური მკლავი უჭირავს, გლუვი ლილვებისაგან შედგება. მისი არშიაც გლუვია. თითოეული მკლავის ბოლოში მრგვალი მედალიონია ჩასმული, ხოლო მკლავების გადაკვეთის ადგილი გირჩითაა ხაზგასმული ქვევით ჯვრის ლილვები უწყვეტად გადადის ჯერ მედალიონების, შემდეგ კი საკურთხევლის ცენტრალური სარკმლის მოჩარჩოებაში, ვერტიკალურად ეშვება და შუა ფასადზე წყდება გლუვი ლილვებითაა შემოხაზული ყველა დანარჩენი სარკმელი ამ ფასადზე. მდიდრულად მორთული სამკუთხა ნიშების დეკორისგან მხოლოდ ზედა თაღოვანი ნაწილებია შემორჩენილი. დანარჩენ ფასადებზე დეკორატიული ჯვრების ქვედა მკლავი წყვილ სარკმლებს შორისაა ჩაყოლებული. არშია დასავლეთ ფასადზე გლუვია, გრძივ ფასადებზე კი ორნამენტული წნულითაა შევსებული. გლუვია დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადების სარკმლების მოჩარჩოებაც.

გალავანი

გალავანი (70X60მ, კედლის სისქე 0,7 მ) კომპლექსს გარს უვლის. ნაგებია ნატეხი ქვით, ბევრგან ჩართულია მოზრდილი ზომის ლოდები, წყობაში გვხვდება აგური და რიყის ქვაც. გალავანი და კოშკები გვიანდელ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება. XIX საუკუნის გალავანზე დასავლეთიდან მიუშენებიათ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, რომელიც ნაშენია რიყის ქვით. გალავანს სამხრეთით ჰქონია კარიბჭე (ამჟამად ლითონის კარია ჩამოკიდებული).

გალავანში ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩაშენებულია კოშკები. ერთი სწორკუთხა ყოფილა (მთლიანად დანგრეულია), მეორე ცილინდრულია და ზევით საგრძნობლად ვიწროვდება (დიამ. 4,4 მ). კოშკს ჩრდილოეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს.

სამრეკლო

სამრეკლო ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. ნაგებია აგურით. იგი XIX ს. დაუშენებიათ გალავანში ჩართულ ცილინდრულ კოშკზე. სამრეკლოს გუმბათი შიგნიდან ნახევარსფერულია, სახურავი – პირამიდული, კეხზე ლითონის ჯვარი ადგას. სამრეკლო ოთხივე მხარეს თაღოვანი ღიადებითაა გახსნილი. თაღები ნახევარწრიულია და ოთხკუთხა დეკორატიულ ჩარჩოებშია ჩასმული.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები