მითები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მითები – (ბერძნ. mithos – თქმულება, ამბავი) – კოლექტიური წარმოსახვის წარმონაქმნი, რომელშიც მოცემულია სამყაროს სიმბოლური გააზრება; შემდგომში ტრანსფორმირდება და გვევლინება რელიგიის, ხელოვნების, ლიტერატურის, მეცნიერების, პოლიტიკური იდეოლოგიის (და ა.შ.) კოლექტიური ცნობიერების სახით.

მითოლოგიის და საკულტო რიტუალის შერწყმამ წარმოშვა ბერძნული თეატრი, მაგრამ მისი ფორმირება მოხდა მითებზე დაყრდნობით. თვით მითიდან გადახვევაც კი (მაგ. ესქილეს „სპარსელები“), ისტორიის მითად ქცევის ნიმუშია. ესქილე ცდილობს გამოააშკარაოს მითის მსოფლმხედველობითი სიღრმეები. სოფოკლე ახდენს მითის ესთეტიკურ ჰარმონიზებას. ევრიპიდე აღარ ფარავს მითის მიმართ განსჯით, კრიტიკულ დამოკიდებულებას. ხოლო არისტოფანე კი, თუმც კვლავ მიმართავს მითურ სიუჟეტებს, მათ მიმართ ირონიას ღიად ამჟღავნებს.

რომაულ კულტურაში ვერგილიუსი კვლავ ეძებს კავშირებს მითსა და რელიგიურ-ფილოსოფიურ პრობლემატიკას შორის. ამასთანავე, მის მიერ შემუშავებულ მითოლოგემებში (მითის სტრუქტურები) აღბეჭდილია სიმბოლური შიდააზრი და ღრმა ლირიკა. შუა საუკუნეების პოეზია და დანტე გააგრძელებენ ვერგილიუსის დამოკიდებულებას მითის მიმართ. ოვიდიუსი კი პირიქით, მითს ათავისუფლებს რელიგიური შინაარსისაგან. ოვიდიუსის დამოკიდებულება მითის მიმართ, ზეგავლენას მოახდენს ევროპულ კულტურაზე რენესანსიდან დაწყებული, კლასიციზმის ჩათვლით.

გაქრისტიანებასთან ერთად, ევროპულ კულტურაში მკვიდრდება მითოლოგიური აზროვნების სრულიად ახალი სახეობა. თუკი წარმართობის ხანის ღმერთები და გმირები უპირობოდ ემორჩილებიან კოსმიური ციკლის კანონებს და არ გააჩნიათ რაიმე არჩევანი, ახალ აღთქმაში (ბიბლია) ცენტრალური ადგილი უკავია პიროვნულ არჩევანს: ყოფიერების ადგილს იჭერს თვითშემეცნება, ხოლო კოსმოლოგიის ადგილს – ეთიკა. ყოველივე ამის გამაერთიანებლად გვევლინება დანტე, რომელიც შეკრავს ქრისტიანულ და ანტიკურ მითს და დაუკავშირებს მას ადამიანის პირად ბედს.

მითის ისტორიული გააზრების თვალსაზრისით პრინციპულად ახალი საფეხურია გოეთეს შემოქმედება. „ფაუსტის“ მე-2 ნაწილში ერთმანეთს ორგანულად ერწყმის ანტიკური, ხალხურ-გერმანული და ქრისტიანულ-კათოლიკური სახეები. არქაიკულ დინამიკას საოცარი სიღრმით ავლენს ფ. ნიცშე ნაშრომში „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“.

რომანტიზმის საწყის ხანაში ფ. შელინგი ილაშქრებს კლასიცისტური ალეგორიზმის წინააღმდეგ. მისი თეორიის მიხედვით, მითი თავად არის სიმბოლო და არ საჭიროებს იგავურ გააზრებას.

მე-19 ს. საერთოდაც უკვე შეიმჩნევა თავად ყოფიერების მითოლოგიზირების ტენდენციები. ეს ხაზი იწყება ე. ჰოფმანით და ვითარდება ე. ზოლას შემოქმედებაში, მაგრამ უკვე დოქტრინის სახით ყალიბდება რ. ვაგნერის ესთეტიკურ თეორიებში.

მე-20 ს. ძირეულად იცვლება დამოკიდებულება მითის მიმართ და მკაფიოდ იკვეთება ხელოვანთა შემეცნებითი, რეფლექტორული (თვითანალიზური), ინტელექტუალისტური მიდგომა. თ. მანი ქმნის რომანებს ფროიდ-იუნგის მითოლოგიურ თეორიებზე დაყრდნობით. ტ. ელიოტი თავის შემოქმედებაში ახდენს ძველი აღთქმის მითოლოგემების კომენტირებას. ცხოვრებისეული პროზის მითოლოგიზაცია არნახულ სიმაღლეს აღწევს ფ. კაფკას და ჯ. ჯოისის შემოქმედებაში.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მითოლოგიზმი მხატვრული განვითარების გვიანდელ სტადიაში ძირეულად განსხვავდება ძველი მითოლოგიისაგან:
1) ადამიანზე გაბატონებულ ტრანსცენდენტურ (მიღმიერ) ძალად უკვე გვევლინება არა გარეშე ძალები, გარე ბუნება, არამედ თვით ადამიანის ხელით შექმნილი ცივილიზაცია, რის გამოც მითოლოგიური მსოფლშეგრძნება უპირატესად იძენს არა გმირულ, არამედ ტრაგიკულ, უფრო მეტიც, ტრაგიფარსულ, გროტესკულ ხასიათს.
2) გადაულახავ და იდუმალ ბედისწერად გვევლინება სწორედ ყოველდღიურობა, თავისი რუტინულ-სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემებით.
3) ახალი მითი იბადება არა სახალხო ერთობაში, რაც ასე ნიშნეული იყო გარდასული ეპოქებისთვის, არამედ პერსონაჟის შინაგანი სამყაროს განკერძოების, თვითჩაღრმავებული მარტოობის სიტუაციაში. სწორედ ეს წარმოშობს მითოლოგიზმის მიერთებას ფსიქოლოგიზმთან.
4) კულტურული გმირის ნაცვლად, რომელსაც ადამიანებისთვის სიკეთეები მოაქვს, უახლესი მითოლოგია ხშირად გვიჩვენებს ტიპს ან „ბუნებრივ-ორგიასტულს“, ან კი „ეგზისტენციალურ აბსურდულს“ ასეთია არქაული სახე-ხატები უახლეს მითშემოქმედთა განმარტებით. ასეთია დიონისე – ფ. ნიცშესთან, ოიდიპოსიზ. ფროიდთან, სიზიფე ა. კამიუსთან, ორფეოსი – გ. მარკუზესთან. იგივე ითქმის მითოლოგიზირებულ ვიტალურ პერსონაჟებზე, რომლებიც შექმნეს მანმა, დ. ლორენსმა, ჰ. მილერმა.
5) თანამედროვე მითოლოგიზმი აღბეჭდილია არა გულუბრყვილო-არაცნობიერი მენტალობით, არამედ ღრმად რედუქტირებული (განმარტებული) მიდგომით, რაც მას ძირეულად აკავშირებს ფილოსოფიურ შემოქმედებასთან (ამის ნიმუშებია სახე-ხატის და ცნების ფილოსოფიურ-მხატვრული მიერთება ფ. ნიცშეს და მ. ჰაიდეგერის, პ. ვალერის და კამიუს მითოლოგიზირებულ აზროვნებაში).

თანამედროვეობაში შესაძლებელია გამოიყოს მხატვრული მითოლოგიზმის მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი სახეები:
1) ორიგინალური მითოლოგემების სისტემის შექმნა (ჯ. ჯოისი, ს. ბეკეტი, უ. იეტსი);
2) ღრმა მითოლოგიურ-სინკრეტული აზროვნების სტრუქტურების აღდგენა-შექმნა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დარღვევა, დროისა და სივრცის უცნაური შეხამება, პერსონაჟების ორსახოვნება და „მაქციობა“, მიზნად ისახავდა ყოფიერების ლოგიკამდელი ან ზელოგიკური საფუძვლის გამოაშკარავებას (ფ. კაფკა, ხ. ბორხესი, ხ. კორტასარი, აკუტაგავა რიუნოსკე, აბე კობო.) 3) ძველი მითოლოგიური სიუჟეტების რეკონ სტრუქცია, მათი მეტ-ნაკლები ინტერპრეტირება გათანამედროვების მიზნით (ჟ. ჟიროდუს, ჟ. ანუის, პ. სარტრის პიესები).
4) ცალკეული მითოლოგიური პერსონაჟების შეყვანა რეალისტური თხრობის ქსოვილში, კონკრეტულ-ისტორიული სახე-ხატების გამდიდრება უნივერსალური აზრით და ანალოგიებით.
5) ისეთი ფოლკლორული და ეთნიკურად თვითმყოფადი ნაციონალური ყოფის და ცნობიერების პლასტების ასახვა, სადაც ჯერ კიდევ ცოცხლობს მითოლოგიური მსოფლჭვრეტა.
6) იგავურობა, ლირიკულ-ფილოსოფიური მედიტაცია, ორიენტირებული არქეტიპულ კონსტანტებზე (უცვლელ სიდიდეებზე).

თანამედროვეობისათვის ნიშნეულია არაპათეტიკური დამოკიდებულება მითის მიმართ. აქ ინტუიტურ წვდომას ახლავს ირონიაც, პაროდიაც და ინტელექტუალისტური ანალიზიც. ხშირია მითოლოგიური საწყისის ძიებაც სრულიად ჩვეულებრივ საგნებში და წარმოდგენებში.

იხილე აგრეთვე

მითი

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები