მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი ანტონი

მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია)მიტროპოლიტი ანტონი, ერისკაცობაში მარკოზ სოლომონის ძე ბულუხია, დაიბადა 1956 წლის 7 მაისს ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში. 1973 წელს მარკოზ ბულუხიამ დაამთავრა ქუთაისის მუსიკალური საშუალო სკოლა-ინტერნატი. 1974-1976 წლებში იგი იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1976-1982 წლებში მარკოზ ბულუხია ცხოვრობდა მოსკოვში, სწავლობდა მიწათმოქმედების ინსტიტუტში, 1980-1982 წლებში – საკავშირო იურიდიულ ინსტიტუტში, ხოლო 1987-1990 წლებში – მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

1989 წლის 16 მარტს ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ (შალამბერიძე) მარტვილის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში მარკოზ ბულუხიას ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 26 აპრილს – მღვდლად და დაადგინა სუჯუნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.

1996 წლის მაისში მამა მარკოზი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, ხოლო იმავე წლის 13 ივლისს დაჯილდოებული იქნა მიტრისა და გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით.

1996 წლის 25 ოქტომბერს მამა მარკოზ ბულუხია რუისისა და ურბნისის მთავარეპისკოპოსმა იობმა ბერად აღკვეცა და უწოდა სახელად ანტონი.

1996 წლის 26 ოქტომბერს იგი აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1998 წლის 10 ნოემბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ არქიმანდრიტი ანტონი ეპისკოპოსად აკურთხა, მას ჩაბარდა ვანისა და ბაღდადის ეპარქია. გთავაზობთ ეპისკოპოსად კურთხევისას წარმოთქმულ მის სიტყვას:

„თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, მამანო, ძმანო და დანო, მიმძიმს რაიმე ვთქვა ამ წუთებში, არა იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი მაქვს, არამედ, პირიქით, იმიტომ რომ სათქმელი ძალიან ბევრია. ამ წუთებში ჩემი გონება და გული მოცულია სიხარულითა და მღელვარებით. სიხარული გამოწვეულია იმ პატივით, რომლის ღირსიც წმიდა სინოდის დადგენილებით გავხდი, მღელვარება კი – იმ პასუხისმგებლობით, რომელიც ამ პატივს თან ახლავს.

ამ დღეებში კიდევ ერთხელ გადავხედე და გავიაზრე ჩემს მიერ განვლილი ცხოვრების გზა, როგორც ერში, ასევე ეკლესიაში სამსახურისას. ეს გზა სავსე იყო სირთულეებით, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი როგორ მწყალობდა,როგორ მიფარავდა და როგორ განმამტკიცებდა უფალი ღმერთი ჩვენი. ვარდებით მოფენილ გზას არც ახლა ველოდები, მაგრამ მჯერა, რომ შეწევნა, წყალობა და მფარველობა კვლავაც არ მომაკლდება მისგან, ვინც აქამდე მწყალობდა და მიფარავდა.

როგორც წმიდა ბასილი დიდი ბრძანებდა, ორივე მხარეს ჯაჭვით მიბმული ნავი ზღვაზე ატეხილ ქარიშხალსა და აღელვებულ ტალღებს უშიშრად ხვდება ღვთის შეწევნითა და თქვენი თანადგომით, შეიძლება მეც გავუძლო იმ სირთულეებსა და წინააღმდეგობებს, რომელიც წინ მელოდება.

დღეს აქ მოვიდნენ ადამიანები, რომლებთანაც ერთად მე, როგორც მოძღვარმა, ჩემი სულიერი ცხოვრების გზა დავიწყე და რომელთა წინაშეც პასუხისმგენლობას ახლაც ვგრძნობ.

რვა წელი ვიმსახურე აბაშის რაიონში და საერთოდ ჭყონდიდის ეპარქიაში. ცნობილი მოვლენების ჟამს ჩვენ ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად. სამოცდაათწლიანი სულიერი მიძინების შემდეგ ერთად დავიწყეთ მამაპაპური მართლმადიდებლური სარწმუნოების ანისა და ბანის შესწავლა. ვიცით, რომ მათ ახარებთ დღევანდელი დღე და ისიც ვიცით,რომ დამწუხრებულნიც არიან განშორების გამო.

ჩვენი სასოება ყოველთვის იყო და იქნება უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ვრჩებით რა მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში, ჩვენი სულიერი ურთიერთობაც განუყოფელია ზეციური საკურთხევლის წინაშე. ნუ განეშორებით დედა ეკლესიას, რომელსაც თქვენთან სუჯუნის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია წარმოადგენს. გვახსოვდეს, ეკლესიამ შეიძლება რიცხობრივად დაკარგოს მორწმუნეთა რაოდენობა, მაგრამ იგი იძენს ხარისხს. მჯერა რომ, თქვენ დედა ეკლესიის ღირსეული შვილები ხართ. თანამედროვე ქრისტიანები სიამაყით ვიხსენებთ ეკლესიის ისტორიას და იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს, აწმყოს კი უმეტესად ოცნებებს ვუთმობთ. დღევანდელი ეკლესიის ისტორია ჩვენი ცხოვრების ისტორიაა, და თუ როგორი იქნება იგი, ეს დიდად არის დამოკიდებული ჩვენს მრწამსზე, ჩვენს ერთგულებასა და სიმტკიცეზე,იმ ღვაწლზე, რომლის აღსრულებაც დედა ეკლესიის მორჩილებით გვმართებს.

უფალი ბრძანებს: — „არარაი არს დაფარული, რომელი არა განცხადდეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს“ (ლუკა, 12,2).

ეს დღე დადგება ჩვენთვისაც. იმ დაფარულთა შორის, რაც აუცილებლად განცხადდება, მინდა განცხადებულ იქნას ჩემი, როგორც მართლმადიდებელი იერარქიის, სარწმუნოებისა და მამულის სიყვარული, სიყვარული ჩემი მშობელი ხალხისა, გამართლება იმ ნდობისა, რომელიც თქვენ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ და წმიდა სინოდმა გამომიცხადეთ.

მე კარგად მესმის ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯი; მესმის, რომ დღეიდან ჩემთვის განუყოფელია საქვეყნო და პირადული, საკუთარი და ეროვნული სატკივარი.

„და მომეც მე უფალო, ერთითა პირითა და ერთითა გულითა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“ (61,1998,11).

2004 წლის 4 იანვარს ეპისკოპოსი ანტონი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

2010 წლის 2 ივნისს მიებოძა მიტროპოლიტობა.


Logo1.JPG ანტონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

მიტროპოლიტი ანტონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები