მორგანი ჯონ პირპონტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ მორგანი

ჯონ პირპონტ მორგანი - (ინგ. John Pierpont Morgan, 17 აპრილი 1837, ჰარფორდი, აშშ - 31 მარი 1913, რომი, იტალია), ამერიკელი მეწარმე, ბანკირი და ფინანსისტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ჯონ პირპონტ მორგანი 1837 წელს დაიბადა. მამამისი საბანკირო სახლის „ჯორჯ პიბოდი ენდ კომპან-ის (Georg Pibody and Company) ერთ-ერთი მფლობელთაგანი გახლდათ. კომპანიის მთავარი რეზიდენცია ლონდონში მდებარეობდა, მაგრამ ეს ამერიკული ბანკი იყო. ინგლისში რეზიდენციის განთავსების მიზანი იყო ევროპული კაპიტალის აშშ-ში გადინებისთვის თვალყური ედევნებინა. სათანადო განათლების მისაღებად მამამ ის ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი გერმანიაში, გეტინგენის უნივერსიტეტში გააგზავნა. მაგრამ 1857 წელს, მამის სურვილის თანახმად, მან სწავლა შეწყვიტა და ამერიკაში დაბრუნდა. პირპონტ მორგანი ბანკ „ჯორჯ პიბოდ ენდ კომპანი“-ს ნიუ-იორკის წარმომადგენელი გახდა.

საბანკირო სახლი „ჯორჯ პიბოდი“ ომის დაწყებისთანავე გახდა ამერიკული მთავრობის წარმომადგენელი ლონდონში. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს საბანკირო სახლი ძალზედ გამდიდრდა, მაგრამ შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯუნიუს ჩ. მორგანის, როგორც ბანკის მთავარი კომპანიონის და მისი შვილის ჯონ პირპონტის, როგორც ბანკის ნიუ-იორკის წარმომადგენლის ხელში აღმოჩნდა.

ედვარდ კეტჩუმთან, ასევე, ბანკირის შვილთან ერთად მორგანმა ოქროთი ვაჭრობა დაიწყო. ის ბირჟაზე თამაშობდა და ოქროს ამერიკიდან ლონდონში აგზავნიდა, რაც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად ითვლებოდა. ამერიკის პატრიოტები მწვავე პროტესტს აცხადებდნენ ასეთი სახის სპეკულაციაზე. ასე დაიწყო პირპონტ მორგანის კარიერა, რომელიც სამოქალაქო ომის დაწყებიდან 4 წელიწადში გამდიდრდა და მამამისისგან დამოუკიდებლად დაიწყო საქმიანობა.

სამოქალაქო ომის ბოლო წლებში, კერძოდ, 1865 წელს, მორგანი ლონდონში ჩავიდა, სადაც ფინანსური საქმიანობა გააჩაღა, იყენებდა რა არსებულ ხელსაყრელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონიუქტურას. ევროპაში მიმდინარე მოვლენებმაც გარკვეული როლი ითამაშეს მორგანის სასარგებლოდ, კერძოდ, საფრანგეთის დამარცხებამ 1870 წელს. მორგანის მამამ თავისი ლონდონის ბანკის სახელით რთულ მდგომარეობაში მყოფ საფრანგეთის მთავრობას 50 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი შესთავაზა. გარიგება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ფრიად მომგებიანი აღმოჩნდა.

დრეკსელ, მორგან ენდ კომპანი

1871 წელს პირპონტ მორგანმა გადაწყვიტა, დამოუკიდებლად ეწარმოებინა ბიზნესი და დააფუძნა ახალი ბანკი „დრეკსელ, მორგან ენდ კომპანი“ (Dreksel, Morgan and Company). მისი პირველი კომპანიონი გახლდათ ბანკირი ანტონი დრეკსელი.

კრიზისის დროს დრეკსელისა და მორგანის ბანკი შედარებით ნაკლებად დაზარალდა და მალე ვაშინგტონის ხელისუფლებამ მას დაავალა სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვა. მაიერსის თქმით, ობლიგაციების გაყიდვის გზით პირველი მილიონების მიღების შესაძლებლობა 1877 წელს მიეცათ ბანკებს, ამ წელს ამერიკის მთავრობამ დაავალა ბანკების ჯგუფს, გაეყიდათ 260 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაცია.

მოთხოვნილება სახელმწიფო აქციებზე დიდი იყო და ბანკირები თითქმის არაფრისგან იღებდნენ ვაშინგტონის სახელმწიფო ხაზინაში შეტანილი თანხიდან 1-დან 4 პროცენტამდე მოგებას. მაიერსი თვლის, რომ აქედან მხოლოდ მორგანის ბანკმა 5 მილიონი დოლარის ოდენობით მოგება მიიღო.

ჯ. პირპონტ მორგან ენდ კომპანის“

XIX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან პირპონტ მორგანი საბანკო საქმეებს სრულიად დამოუკიდებლად უძღვება. მან უკვე არაერთხელ გაილაშქრა კონკურენტების, ძირითადად რკინიგზის მეპატრონეთა წინააღმდეგ და ახლა ახალი შეტევისთვის ემზადებოდა. უდავოა, რომ მორგანი თავის კომპანიონებზე, კონტრაგენტებსა და მოწინააღმდეგებთან შედარებით, მეტად მარჯვე, გამჭრიახი, გონებამახვილი და რაც მთავარია, ულმობელი გახლდათ.

1890 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მორგანი ევროპაში არსებული ფირმის - „ჯ. ს. მორგან ენდ კომპანი“ მთავარი აქციონერი გახდა. სამი წლის მერე გარდაიცვალა ანტონი დრეკსელი. ამის შემდეგ მორგანმა ნიუ-იორკში არსებულ „მეტროპოლიტენ კლაბ“-ში ვახშამზე მოიწვია ფილადელფიისა და ნიუ-იორკის ყველა კომპანიონი, ხოლო ვახშამის შემდეგ მათ განუცხადა, რომ ფირმამ „დრეკსელ, მორგან ენდ კომპანი“ არსებობა შეწყვიტა და, იმ დღიდან ნიუ-იორკში ფუნქციონირებას იწყებდა ახალი ბანკი - “ჯ. პირპონტ მორგან ენდ კომპანის“ (G. Pirpont morgan and Company) სახელწოდებით. იმ დროისთვის მორგანის მდგომარეობა იმდენად მყარი იყო, რომ კომპანიონებს სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ მის წინადადებას დათანხმებულიყვნენ.

როკფელერის მსგავსად, მორგანმა იცოდა საჭირო თანამშრომლების შერჩევა. როგორც წესი, ესენი იყვნენ ნიჭიერი და სამეწარმეო ალღოს მქონე პიროვნებები, რომლებიც მზად იყვნენ შეფის დავალებების ერთგულად შესრულებისთვის და იმავდროულად საკუთარი ინიციატივის გამოჩენის უნარი გააჩნდათ. მორგანის ერთ-ერთი ასეთი მთავარი თანამშრომელთაგანი და კომპანიონი გახლდათ ჩარლზ ჰ. კოსტერი, რომელსაც მორგანმა თავისთვის ყველაზე საინტერესო (და დიდი მოგების მომტანი) დანაყოფის - რკინიგზის მმართველობა ჩააბარა. მეორე კომპანიონად მან ჯონ პირპონტ-უმცროსი აირჩია. ამ უკანასკნელმა 1889 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი.

რკინიგზის ბიზნესი

მორგანის იმპერიის აყვავების ხანად ითვლება XIX საუკუნის დასასრული და XX საუკუნის დასაწყისი. მერი და ჩარლზ ბირდები წერენ: „1890 წელს ამერიკას გააჩნდა 162 562 მილის (250 ათას კილომეტრზე მეტი) სიგრძის რკინიგზის მაგისტრალი. ეს ციფრი მთელი ევროპის რკინიგზის ხაზების სიგრძეს უტოლდებოდა და შეადგენდა მთელი მსოფლიოს რკინიგზების თითქმის ნახევარს. იმ დროისთვის ამერიკის რკინიგზაში დაბანდებული კაპიტალის ნომინალური ოდენობა შეადგენდა 10 მილიარდ დოლარს, ანუ მთელი ქვეყნის ქონების ერთ მეექვსედს.“

ბირდების მონაცემებით, 1902 წლისთვის მორგანის კონტროლს ექვემდებარებოდა 55 ათასი მილის სიგრძის (ანუ დაახლოებით 90 ათასი კილომეტრი) 13 სარკინიგზო მაგისტრალი, 3 მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალით.

პირპონტ მორგანმა წინასწარ განჭვრიტა, რომ ეს მომგებიანი საქმე იქნებოდა და რკინიგზის ბიზნესში თავიდანვე ჩაება. უკვე 1869 წელს აშშ-ს რკინიგზის მაგნატებს შორის გაჩაღებული პირველი „ომის“ დროს ის კულისებს მიღმა იდგა და იქიდან მართავდა თავის მარიონეტებს, ანუ კომპანიის პრეზიდენტებსა და დირექტორებს, რომლებიც მისი სახელით მოქმედებდნენ.

1879 წელს მორგანმა დადო შეთანხმება რკინიგზის მაგნატთან - უილიამ ვანდერბილტთან. იმ დროს ვანდერბილტი გახლდათ ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „ნიუ-იორკ სენტრალი“ (New York Central) ერთპიროვნული მმართველი. რკინიგზელთა ხანგრძლივი გაფიცვების შემდეგ, 1877 წელს, საზოგადოებრივი აზრი რკინიგზის მეპატრონეთა წინააღმდეგ განეწყო. მათ ბრალს სდებდნენ არა მარტო მუშების, არამედ მგზავრთა ექსპლუატაციაშიც. ნიუ-იორკის შტატის საკანონმდებლო პალატამ დაიწყო ვანდერბილტის საქმის შესწავლა.

მორგანმა მაშინვე გაუწოდა მას დახმარების ხელი. მისი გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: „ნიუ-იორკ სენტრალის“ 400 ათასი აქციიდან ვანდერბილტი ყიდის, რა თქმა უნდა, „მორგანის საბანკირო სახლის“ შუამდგომლობით 250 ათას აქციას. მიღებული თანხიდან (დაახლოებით 250 ათასი დოლარი) ვანდერბილტი ყიდულობს სახელმწიფო ობლიგაციებს, რომლებიც საკმაოდ მომგებიანია. ამ გზით ის თავისუფლდება რკინიგზის ერთპიროვნული მმართველის უღელისგან, მაგრამ ამასთანავე, ინარჩუნებს აქციათა პაკეტის მნიშვნელოვან ნაწილს და რკინიგზაც კვლავინდებურად სრული კონტროლის ქვეშ ჰყავს. აქციების გაყიდვას მორგანი ხელმძღვანელობდა. ამ მიზნით მან შექმნა განსაკუთრებული „სინდიკატი“. უპირველეს ყოვლისა, აქციებით დაინტერესდნენ ინგლისელი არისტოკრატები, რომლებმაც სიამოვნებით დააბანდეს თავიანთი კაპიტალი ახალი სამყაროს საწარმოებში. ამ საქმეში მორგანმა რამდენიმე მილიონი დოლარი გააკეთა და ვანდერბილტების წყალობით მოიპოვა გავლენა რკინიგზის კიდევ ერთ მთავარ მაგისტრალზე.

რკინიგზის მაგისტრალების „რეორგანიზაცია“

ათი წლის შემდეგ მორგანმა გადადგა ახალი ნაბიჯი რკინიგზის მაგისტრალების „რეორგანიზაციის“ მიმართულებით, რაც მიზნად ისახავდა მისი გავლენის სფეროსა და შემოსავლების გაზრდას. 1889 წლის 2 იანვარს მან მოსაწვევები გაუგზავნა ამერიკის რკინიგზის უმსხვილეს მაგნატებს. ამ მოსაწვევში, სპეციალური შენიშვნით „პირადად და კონფიდენციალურად“, აღნიშნული იყო: 8 იანვარს მორგანის ბიბლიოთეკაში, მედისონ ავენიუ 219, შედგება სრულიად საიდუმლო შეხვედრა ბანკირებსა და რკინიგზის მფლობელებს შორის.

გუსტავ მაიერსის თქმით, მორგანის მოსაწვევი „ისტორიული დოკუმენტი“ გახლდათ. ამერიკელი მაგნატების ბიოგრაფიით დაინტერესებული მაიერსის აზრით „ამ დოკუმენტს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე პრეზიდენტის, კონგრესისა თუ სასამართლოს გადაწყვეტილებებს“. მორგანის ინიციატივით უნდა დადებულიყო შეთანხმება რკინიგზის ყველა მაგნატს შორის კონკურენტული ბრძოლის შეწყვეტისა და თანამშრომლობის პრინციპების დამყარების შესახებ.

დანიშნულ დღეს და დროს მოწვეულები შეიკრიბნენ მორგანის ცნობილ ბიბლიოთეკაში. სხდომას მორგანი თავმჯდომარეობდა. მანვე წარმოთქვა შესავალი სიტყვა და გამოთქვა ახალი შტატებშორისი ორგანიზაციის _ „ინტერსთეით კომერს რეილვეი კომითის“ (Interstate Commerce Railway Committee) შექმნის იდეა. ეს მოახდენდა რკინიგზის მესაკუთრეთა შორის არსებული არაჯანსაღი კონკურენციის ლიკვიდაციას. მორგანმა არაორაზროვნად აცნობა თავის სტუმრებს, რომ მზად იყო გამოეყენებინა მთელი თავისი ფინანსური ძალები, რათა იძულებული გაეხადა ისინი თანამშრომლობაზე. მოწვეულები იძულებულნი იყვნენ მიეღოთ მისი წინადადება.

მორგანის მიერ შექმნილი არაოფიციალური ორგანიზაცია მას მოგვიანებით, რამდენიმე წლის შემდეგ გამოადგა, როდესაც 1893 წელს მორიგმა ეკონომიკურმა კრიზისმა იფეთქა. გაკოტრებულ საწარმოებს, ვაჭრებსა და ბანკირებს შორის აღმოჩნდა, აგრეთვე, რკინიგზის რამდენიმე მფლობელი.

აი, დადგა დრო, როდესაც მორგანს მიეცა შესაძლებლობა გამოეყენებინა თავისი კაპიტალი და ნიჭი. ყველა წარმომადგენელი იკვლევდა იმ რკინიგზის კომპანიების ფინანსურ მდგომარეობას, რომლებმაც თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს და შეფს წარუდგინეს „რეორგანიზაციის“ გეგმები - მორგანი ამ შემთხვევაში ბანკირის როლში გამოდიოდა, რომელიც „იხსნის“ რკინიგზას სრული კატასტროფისგან. მისი ყოველი ნაბიჯი მიმართული იყო რკინიგზის კომპანიებზე თავისი ზეგავლენის გაზრდისკენ.

XIX საუკუნის ბოლო წლებში ის ამერიკის რკინიგზის სფეროში წამყვანი გახდა და გაუსწრო თავის წინამორბედს, რკინიგზის მეფედ წოდებულ ჰარიმანს.

რუზველტის საარჩევნო კამპანია

1904 წელს, როდესაც რუზველტმა თავისი კანდიდატურა წამოაყენა მეორე საპრეზიდენტო ვადაზე, მორგანი ნაწილობრივ აფინანსებდა მის საარჩევნო კამპანიას და ამ საქმეს 100 ათასი დოლარი შესწირა (თუმცა, შემდგომში რუზველტი ყველას არწმუნებდა, რომ მან „არაფერი იცოდა“ ამის შესახებ), ხოლო 1907 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს რუზველტმა თვალი დახუჭა ანტიტრესტული კანონების დარღვევისას, რითაც მორგანისეულ „ფოლადის ტრესტს“ საშუალება მისცა, შთაენთქა კონკურენტი კონცერნი.

ფოლადის საწარმოები

XIX საუკუნის ბოლო წლებში შტატებში გაიზარდა კონკურენტული ბატალიების რიცხვი ფოლადსადნობი ქარხნების მფლობელებს შორის. ერთ-ერთი უმდიდრესი მათ შორის გახლდათ ენდრიუ კარნეგი, თუმცა იმ დროისთვის მორგანიც ფლობდა რამდენიმე ფოლადჩამომსხმელი საწარმოს აქციებს და კარგად იცოდა რკინიგზისა და ფოლადის საწარმოების მომგებიანობა და მომავალი პერსპექტივები.

დადგა დრო კაპიტალის ფოლადის საწარმოებში კონცენტრირებისა და მორგანმაც გადაწყვიტა ამით ესარგებლა. რამდენიმე თვის განმავლობაში მან ციებცხელების მსგავსი საქმიანობა გააჩაღა, რამდენჯერმე შეხვდა შვაბს და ფოლადის სხვა მაგნატებს. შედეგად მან შეისყიდა ჩვენთვის უკვე ცნობილი კარნეგის საწარმოები ფანტასტიკურ ფასში - ნახევარ მილიარდ დოლარად.

ახალი ფოლადის ტრესტის დაარსებაში დაბრკოლებას წარმოადგენდა რკინის შესაბამისი საბადოების შეძენის აუცილებლობა. რკინის მსხვილი საბადოები, მესაბი რენჯის რაიონში, როკფელერების ხელში იყო. პირპონტ მორგანი ვერ იტანდა ჯონ როკფელერს და არ სურდა მასთან საქმე ჰქონოდა, თუნდაც მყიდველის როლში. კომპანიონები მრავალი დღის განმავლობაში ცდილობდნენ დაეთანხმებინათ მორგანი როკფელერთან შეხვედრაზე და ბოლოს მიზანს მიაღწიეს. მორგანი როკფელერს ეწვია, მაგრამ ეს ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა: მოხუცმა მილიონერმა განაცხადა, რომ „საქმეს უკვე ჩამოშორდა“ და მორგანი თავის შვილთან გააგზავნა. როკფელერის შვილი დიდი ხანი არ თმობდა საბადოებს, მაგრამ ბოლოს დათანხმდა მათ გაყიდვაზე. გარიგების თანხის რეგისტრაცია არ მომხდარა, მაგრამ სპეციალისტების ვარაუდით ის 30-დან 80 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ამჯერად ყველაფერი მზად იყო! 1901 წლის ამერიკის გაზეთებში გამოჩნდა შეტყობინება ნიუ-ჯერსიის შტატში ახალი ტრესტის „იუნაითედ სთეითს სთილ კორპორეიშენ“-ის (United States Steel Corporation) რეგისტრაციის შესახებ, რომელიც ცნობილი გახდა შემოკლებული სახელით - „იუ ეს სთილი“ (U.S. Steel).

„იუ ეს სთილ“-ის აქციონერული კაპიტალი 1,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც აშშ-ის ისტორიაში ჯერ არარსებული რეკორდი გახლდათ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ტრესტში შესული ყველა საწარმოს ფაქტობრივი ღირებულება 700 მილიონით იყო განსაზღვრული. კაპიტალის მეორე ნაწილს წარმოადგენდა „დანაწევრებული“ აქციები (ანუ აქციები, რომელიც დაყოფილია მთელი ღირებულების ნაწილებად. მაგალითად, ას დოლარიანი აქცია - ათ აქციად, თითოეულის ღირებულება 10 დოლარი), რაც სხვადასხვა სპეკულაციების განხორციელების წყაროს წარმოადგენდა. ამ მიზნით შექმნილმა ბანკირების სინდიკატმა დაიწყო ახალი ტრესტის აქციებისა და ობლიგაციების გავრცელება. მსგავსი ოპერაციის ერთდროულ მოგებას სპეციალისტები 62 მილიონი დოლარით განსაზღვრავდნენ, ამ თანხიდან მეხუთედი მორგანზე მოდიოდა. პერსპექტივაში იყო კიდევ ერთი უფრო მნიშვნელოვანი და მომგებიანი საქმე: ამერიკის ფოლადის წარმოებაში გადამწყვეტი ხმის უფლების მოპოვება.

„იუ ეს სთილ“-ის შექმნა აშშ-ში ნამდვილ სენსაციად იქცა. ეს ფირმა ადრე არსებულ კონცერნებთან შედარებით ყველაზე დიდი იყო აქციონერული კაპიტალისა და მუშათა რაოდენობის (178 ათასი) მიხედვით. იმდროინდელ ამერიკულ გაზეთებში ხშირად იყო გამოქვეყნებული შემდეგი სახის ანეკდოტი:

ერთხელ მასწავლებელმა ჰკითხა პატარა ჯონს: - „ვინ შექმნა სამყარო?“. ბავშმა უპასუხა: _ „ღმერთმა შექმნა სამყარო ქრისტეს შობამდე 4004 წელს, ხოლო პირპონტმა მისი რეორგანიზაცია მოახდინა 1901 წელს“.

„იუ ეს სთილი“ - ტრესტის შექმნა მორგანისთვის მილიონობით ოდენობის შემოსავლების მესამე წყაროდ იქცა რკინიგზისა და ბანკების შემდეგ.

ტრესტს სათავეში ჩაუდგა ჩარლზ შვაბი, რომლისადმი მორგანს სრული ნდობა ჰქონდა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მათ შორის უთანხმოება მოხდა და შვაბი იძულებული გახდა გადამდგარიყო. მორგანი მას მონტე-კარლოში აზარტული თამაშების მონაწილეობისთვის კიცხავდა. სწორედ მაშინ შვაბმა შექმნა კონცერნი „ბეტლიჰე სთიილ ქორფორეიშნ“ (Betlihe Steel Corporation), რომელიც დიდხანს ითვლებოდა „იუ ეს სთილის“ მთავარ კონკურენტად.

შვაბის, მორგანისთვის ყველაზე სანდო პიროვნების ადგილი დაიკავა უილიამ კორიმ. მაგრამ მალე მილიარდერმა ინანა: 1907 წელს კორი აშშ-ის პრესის „გმირად“ იქცა.

ოჯახი

კორის მეორე ცოლი გახდა იმ დროისთვის პოპულარული მსახიობი მეიბლ ჰილმანი. თავის წარმატების აღსანიშნავად კორიმ ნიუ-იორკში ზღაპრული ქორწილი გადაიხადა, საყვარელ მეუღლეს საფრანგეთში სასახლე 200 ათას დოლარად უყიდა და ჟურნალისტების წინაშე აშკარად აცხადებდა, რომ თაფლობის თვეში ნახევარ მილიონზე მეტი დახარჯა.

პირპონტმა მხედველობაში მიიღო ის მაკომპრომეტირებელი მითქმამოთქმა, რაც კორის შესახებ მაღალი წრის წარმომადგენლებში დაიწყო და მას გამოეთხოვა. ტრესტის მექანიზმი იმდენად მტკიცე იყო, რომ მაღალი თანამდებობის პირთა ხშირ შეცვლას მის საქმიანობაზე და შემოსავლებზე დიდად არ უმოქმედია. მოგება მორგანის სიცოცხლის ბოლო დღეებშიც კი სწრაფად იზრდებოდა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დროს რეკორდულ თანხას (ყოველგვარი ხარჯებისა და გადასახადების გამოკლებით), 250 მილიონ დოლარს მიაღწია.

დიქტატორი მილიარდერი

სიძულვილის გრძნობით აღსავსე მორგანი არასოდეს ივიწყებდა და არავის პატიობდა უპატივცემლობას, ხოლო თვით მორგანის განაწყენება ადვილი იყო. გამოირჩეოდა რა რკინის ნებისყოფით, ის შეურყევლად მიისწრაფვოდა დასახული მიზნისკენ და თუ ამ დროს ადამიანების გათელვა გახდებოდა საჭირო, ის მათ თავიდან იშორებდა.

მოვიყვანთ ერთ მაგალითს. 1893 წელს, როდესაც მორგანი ენერგიულად იყო ჩართული რკინიგზის „რეორგანიზაციის“ საქმეში, აღმოჩნდა, რომ ვიღაც არჩიბალდ მაკლეოდს - რკინიგზის ერთ-ერთი კომპანიის თავმჯდომარეს, არ სურდა შერიგებოდა მილიარდერის დიქტატს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პიროვნება კომპანია „ფილადელფია ენდ რიდინგ“-ის (Philadelphia and Reading) სათავეში იდგა. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელიც ფლობდა ქვანახშირის მაღაროებს, ხოლო მოგვიანებით მორგანსა და მაღაროელთა შორის მომხდარი უთანხმოების ინიციატორი გახდა.

მაკლეოდის ჭირვეულმა ქცევამ მორგანი გააცოფა: ის ვერ იტანდა წინააღმდეგობებს. მილიარდელმა თავის ხელქვეითებს დაავალა ბირჟაზე ამ კომპანიის აქციებით მსხვილი სპეკულაციის დაწყება. შედეგმა არ დააყოვნა: რამდენიმე დღეში კომპანიამ „ფილადელფია ენდ რიდინგ“ ვერ გაუძლო ზეწოლას და თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. მაკლეოდი იძულებული გახდა გასულიყო არენიდან, ხოლო კომპანია მორგანის ხელში გადავიდა.

გუსტავ მაიერსი წერს: „ის გახლდათ ულმობელი, აგრესიული ფინანსისტი, მიდრეკილი დიქტატისა და გაღიზიანებისკენ. თავის სფეროში, საბანკო საქმეში, მორგანი უზარმაზარი ძალა იყო. მის გონებას ყოველთვის გააჩნდა გადაწყვეტილების მიღებისა და სიტუაციის ფლობის უნარი. დასახული მიზნის შესრულებაში მას ხელს ვერავინ შეუშლიდა და არანაირი დაბრკოლება არ აშინებდა. მისი მეთოდები არ გამოირჩეოდა დელიკატურობით. მორგანის ხასიათისა და ქმედებების აგრესიულობა, მისი უხეში ნაბიჯები დაბრკოლებათა გადალახვისას, ხელოვნურად შექმნილი იურიდიული შეზღუდვების სიძულვილი, საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფა, დაბოლოს, საუკეთესო შედეგის მიღების განსაზღვრის უნარი - ყველა ეს თვისება და შესაძლებლობა აუცილებელი იყო სწორედ იმ დროისთვის”.

ჯონ მორგანი 1913 წელს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა რომში, ეგვიპტიდან ამერიკაში დაბრუნებისას. ის რომის უძვირესი სასტუმროს მრავალოთახიან ნომერში ცხოვრობდა და დღეში 500 დოლარს იხდიდა. გარდაცვალების შემდეგ მრავალი სამძიმრის წერილი მოდიოდა, მათ შორის იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელისა და რომის პაპის პია X-ის სახელით. ეს უკანასკნელი მორგანს „უდიდეს კეთილშობილ ადამი¬ანს“ უწოდებდა.

ამერიკისა და ინგლისის გაზეთები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ბიზნესის სფეროში მორგანის მიღწევების შესახებ სტატიების გამოქვეყნებაში. ლონდონის ბანკირების გაერთიანების პრეზიდენტმა, ლორდმა ეივბერმა–განაცხადა, რომ მორგანი - „გენიოსია და ჩვენ, ბანკირები ვამაყობთ ამით“. ლორდ როტშილდის ძმამ, ალფრედ როტშილდმა, განაცხადა: „შეუძლებელია რამდენიმე სიტყვით შეაფასო ასეთი გიგანტის მნიშვნელობა ფინანსურ სამყაროში“.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი

ის ითვლებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად. ბანკმა „მორგან ენდ კომპანი“ რამდენიმე ბანკთან ერთად, სადაც მორგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, 341 ადგილი დაიპყრო 112 სხვადასხვა კომპანიაში. ამ 112 აქციონერულ საზოგადოებაში შედიოდა 34 ბანკი, 10 სადაზღვევო საზოგადოება, 32 სატრანსპორტო ფირმა (ძირითადად სარკინიგზო კომპანიები), 24 საწარმო და სავაჭრო კონცერნი, 12 საყოფაცხოვრებო მოხმარების ობიექტი (მაგალითად, ელექტრო საწარმოები და გაზის ქარხნები). აღნიშნული 112 კომპანიის ძირითადი კაპიტალი 22 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. 341 დირექტორის პოსტიდან 72 ეკავა საბანკირო სახლის „დ. პ. მორგან ენდ კომპანი“-ს (D. P. Morgan and Company) კომპანიონებსა და თანამშრომლებს, დანარჩენი კი სხვა ბანკებს, რომლებიც „მეგობრულ დამოკიდებულებაში“ იყვნენ მორგანთან.

წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები