ტრაქისელი ქალები (სოფოკლეს ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ტრაქისელი ქალები“ – ძველი ბერძენი დრამატურგის სოფოკლეს ტრაგედია.

„ტრაქისელ ქალებში“ (დაახ. ძვ. წ. 438), რომელიც ჰერაკლეს ცხოვრების ფინალურ მოვლენებსა და მის სიკვდილს ეძღვნება, სოფოკლე კოსმოსისა და ქაოსის მუდმივი ბრძოლის თემას გამოკვეთს, რომელსაც გმირის არქეტიპში ცენტრალური ადგილი უკავია. გმირის მისია ურჩხულების ძლევაა, როგორც სამყაროში, ისე, საკუთარ სულში. ეს გზა წინააღმდეგობებით არის აღსავსე. გმირის კოსმიურ მისიას ქაოსის ძალები და ქტონიური საწყისი უპირისპირდება (ჰერაკლეს მითში ამ ანტაგონისტურ ძალთა გაერთიანების საფუძველს ჰერას ეჭვიანობა ქმნის, რომელიც გმირის ჩასახვის დღიდან ცდილობს მისი მისიის ჩაშლას).

ჰადესიდან დაბრუნებული ჰერაკლე ორთაბრძოლაში ამარცხებს მდინარის ურჩხულ აქელოესს და მის საცოლეს - მელეაგრეს დას – დეიანირას ირთავს ცოლად. ჰერაკლეს მიერ აქელოესის ძლევა „გარეგანი“ ურჩხულის დამარცხებას შეიძლება შევადაროთ, ისევე, როგორც სფინქსის ძლევა ჯერ კიდევ „ბრმა“ ოიდიპოსის მიერ. როგორც სოფოკლეს ნაწარმოებების ლოგიკა გვაჩვენებს, ურჩხულების ძლევა და აფექტთაგან განთავისუფლება გმირის სრულ და უპირობო ტრანსფორმაციას მოითხოვს. გმირი, ხშირად, ხიბლში ვარდება და თავად იკავებს დამარცხებული ურჩხულის ადგილს. ამის მიზეზი ჭეშმარიტი სიბრძნის არქონაა, რასაც არისტოტელე ტრაგიკულ დანაშაულს (ჰ)ამარტიას) უწოდებს სახელად. როგორც ზემოთ ითქვა, ბერძენთა მსოფლმხედველობით არცოდნა ცოდვაა, რადგან გაუთვითცნობიერებელ ადამიანს სამყაროს წესრიგისათვის ზიანი მოაქვს. უმეცრება თვითნებობას ბადებს, თვითნებობა კი საყოველთაო კოსმიური მართლწესრიგის წინააღმდეგ სვლაა, რომელიც სამყაროსა და ადამიანის არსებობის ფუძისეულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„ტრაქისელი ქალების“ მოქმედების პროტაგონისტი და ტრაგიკული გმირი დეიანირაა, ჰერაკლეს მეორე ცოლი, რომელსაც ჰერაკლეს ცხოვრებაში საბედისწერო როლის თამაში მოუწევს. პიესის პროლოგში დეიანირა ჰერაკლესთან ქორწინების ამბავს ყვება, რამაც მას დიდ სიყვარულთან ერთად, უდიდესი ღელვა, შფოთი და ტკივილი მოუტანა. დღესაც, როდესაც ჰერაკლემ საგმირო საქმეები დაასრულა, ტრაქისს შეხიზნული დეიანირა გაურკვევლობაშია და ქმრის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებს იღებს.

მისთვის ცნობილი ხდება, რომ ჰერაკლეს მეფე ევრითოსის ქალიშვილი იოლე შეუყვარდა, კუნძული ევბეა დალაშქრა და ახალგაზრდა მეფის ასული სხვა ტყვეებთან ერთად შინ მოჰყავს. სასოწარკვეთილი ცოლი ქმრის გულის დაბრუნების ერთადერთ საშუალებას მიმართავს, ჰერაკლეს კენტავრ ნესუსის სისხლით გაჟღენთლ სამოსს უგზავნის გამარჯვების აღსანიშნავად. ოდესღაც ნესუსმა დაარწმუნა დეიანირა, რომ ასე ქმრის სიყვარულის დაბრუნებას შეძლებდა. სინამდვილეში, ლერნეის ჰიდრის შხამით გაჟღენთილი ნესუსის სისხლი ჰერაკლეს მოსაკლავად იყო გამიზნული. დეიანირა ჰერაკლესთან ქტონურ ძალთა ბრძოლის უნებლიე თანამონაწილე გახდა. ქიტონმა გმირის სხეული შხამით გაჟღინთა, ზედ შეეზარდა და აუტანელ ტანჯვას აყენებდა მას. ახდა წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც ჰერაკლეს სიკვდილის მიზეზი გარდაცვლილი მტერი გახდებოდა და არა ცოცხალი. ქაოსის ძალებზე საბოლოო გამარჯვებისთვის ჰერაკლე ერთადერთ შესაძლო გზას ირჩევს, კოცონზე ცოცხლად ადის და ცეცხლით განიწმინდება. სამგლოვიარო კოცონზე ასვლაში უკანასკნელ გზაზე მიმავალ გმირს მისი ერთგული ვაჟი ჰილუსი ეხმარება.

„ტრაქისელ ქალებში“ გმირის უმეცრების თემა სიყვარულის პლატონურ გაგებას უახლოვდება, სადაც სიყვარული სიბრძნისა და სიქველის ტრფობაა. ხორციელ, პრაქტიკულ ცხოვრებაში არაფერია ჭეშმარიტად ღირსეული, მხოლოდ სიბრძნისაკენ ლტოლვით უახლოვდება ადამიანი ზეციურ აფროდიტეს და ყოველივე გრძნობადისგან და შემთხვევითისგან თავისუფლდება. როგორც ჰერაკლეს, ისე დეიანირას საქციელი ეროსით არის მოტივირებული, მაგრამ ორივე ეროსის დაბალ, პრიმიტიულ, „არასრულ“ ფორმას იცნობს და გადაულახავი წინააღმდეგობის მანკიერ წრეშია მოხვედრილი. მათ უყვართ, თუმცა მათი სიყვარულის ცალმხრივ ბუნებას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება მხოლოდ. ორივესთვის სიკვდილი ხდება გამოსავალი – ჰერაკლე გმირის მისიას ტანჯვით განასრულებს და ცეცხლით განიწმინდება, დეიანირა კი ცოლ-ქმრულ სარეცელზე განიგმირავს თავს, როდესაც შეიტყობს, რომ ქმრის საშინელი სიკვდილის მიზეზი გახდა.

ამ ტრაგედიაში დრამატურგი ადამიანის მიერ საკუთარი თავის შემეცნებისა და ჭეშმარიტი ცოდნისა და თავისუფლების მიღწევის ურთულესი გზის კიდევ ერთ ასპექტს სქესთა ურთიერთობისა და ეროსის ჭრილში გვაჩვენებს. ამ სფეროში შიში, ინტერესთა ჭიდილი, პარტნიორის დაუფლებისა და კონტროლის სურვილი განსაკუთრებით მძაფრია და ზომიერებისა და ბალანსის დარღვევის რისკი განსაკუთრებით იზრდება. ასეთ „დრამატულ გარემოში“ იბადება დეიანირას რელიეფური, ვნებიანი და ტრაგიკული სახე, რომელსაც სოფოკლეს შემოქმედებაში ახალი ფსიქოლოგიური ასპექტები შემოაქვს.

სოფოკლეს შემოქმედება კლასიკური საბერძნეთის დრამატურგიის მწვერვალია. მისი ნაწარმოებები შემდგომი დროის დრამატურგთა, მწერალთა, მხატვართა, მეცნიერთა ინსპირაციის ამოუწურავი წყაროა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისმა „ოიდიპოს მეფემ“ XX საუკუნის ჰუმანიტარული აზროვნების განვითარებაზე განუხრელი გავლენა მოახდინა და ფსიქოანალიზისა თუ სიღრმის ფსიქოლოგიის, ინტელექტუალური დრამისა და ეგზისტენციური ფილოსოფიის განვითარებას შეუწყო ხელი. „სოფოკლეს ადამიანი“ განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა. ის თავისუფლებისა და „ახალი მე“-ს შექმნის ნიჭით არის დაჯილდოვებული. მაშინაც კი, როდესაც სოფოკლეს გმირს ძალაუფლების ჟინი, შიში, მრისხანება თუ ვნება მოეძალება, ის კლასიკური საბერძნეთის „იდეალური ადამიანის“ შინაგან მთლიანობასა და საკვირველ ძალას ინარჩუნებს. „სოფოკლეს ადამიანის“ უზენაესი ღირებულება უმაღლესი ცოდნაა, რომელსაც ჭეშმარიტი თავისუფლება მოაქვს. ოიდიპოს მეფეს შეუმცდარი შინაგანი ინტუიცია და ჭეშმარიტების უტყუარი ალღო აქვს. ამასთან, ის ნამდვილი ადამიანია – ხან თვითკმაყოფილი, ეჭვიანი, მრისხანე, უსამართლო, მარტოსული – მაგრამ ეს ყოველივე მისი ჭეშმარიტი ნატურა არ არის, ეს მხოლოდ მაიაა, ილუზიაა, რომლის ტყვეობისაგან გასათავისუფლებლად უნებლიე ტირანს ძალზე გრძელი გზის გავლა უხდება. ტრაგედიის დასაწყისში ის სხვადასხვა სტერეოტიპის ტყვეობაშია, თავდაპირველად კეთილი, ბრძენი და მზრუნველი მეფეა, შემდეგ გამოცდილი და ეჭვიანი პოლიტიკოსი, თუმცა, თანდათან მას ყველა ნიღაბი სცილდება და სიმამაცე ჰყოფნის, რომ შიშველ სიმართლეს თვალი გაუსწოროს. დრამატურგი თავის პერსონაჟს ფეხქვეშ ყველა საყრდენს აცლის, ყველა მიწიერ ღირსებასა და პატივს აჰყრის, რათა ნამდვილი და უპირობო ღირსებები შესძინოს. ოიდიპოსი ადამიანური თავისუფლებისა და ცოდნის უმაღლეს საფეხურზე ადის. ის იმ ზღვარს გადალახავს, სადაც ვერავინ აღწევს და ისეთ გამოცდილებას იძენს, რომელსაც ვერავის გაუზიარებს.

ოიდიპოსი, ანტიგონე, აიასი, ნეოპტოლემუსი თუ სხვები სოფოკლეს სამყაროში ცივილიზაციისა თუ ადამიანური ყოფიერების ფუძისეულ დილემებს ეჯახებიან, აზროვნების, ნებისა თუ ზეადამიანური ვნების ისეთ მასშტაბებს აღწევენ, ისეთ კონფლიქტებში აღმოჩნდებიან, რომ ქვეყნიერება ირყევა, მსოფლიო მართლწესრიგი, ღვთაებრივი და ადამიანური კანონები თავის სიღრმისეულ სახეს აჩენს, ხოლო თავისუფალი ადამიანი სამყაროს თანაშემოქმედი ხდება.

სოფოკლე, ათენის ოქროს ხანის დრამატურგი, ჰეროსი, პოეტი და მოაზროვნე, რომლის გავლენა საკაცობრიო ცივილიზაციასა და აზროვნებაზე, ალბათ, ახალ სიურპრიზებს გვპირდება, კლასიკური ათენის უკანასკნელ დიდ დრამატურგ ევრიპიდეზე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა, რომლის სახელს ბერძნული ტრაგედიის შემდგომი განვითარება და ტრანსფორმაცია უკავშირდება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები