ტურგენევი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე ტურგენევი

ივანე ტურგენევი – (რუს. Ива́н Серге́евич Турге́нев1818-1883), ცნობილი რუსი მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი, ნოველისტი, რუსული რომანტიზმისა და რეალიზმის გამორჩეული ფიგურა, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი რუსული ენისა და ლიტერატურის განხრით,

ივანე ტურგენევი რუსული ლიტერატურის „ოქროს საუკუნის“ წარმომადგენელია. მას უწოდებდნენ „ყველაზე დახვეწილ პოეტს, რომელსაც ოდესმე პროზაული ნაწარმოები დაუწერია“. ალბათ, სწორედ ამიტომ, მოთხრობები – „პირველი სიყვარული“ და „გაზაფხულის მღელვარე ნაკადები“, უპირველეს ყოვლისა, არა ეპიზოდების, არამედ პერსონაჟთა ემოციების თანამიმდევრობაა, და ყურადღებას მუსიკალურობით იპყრობს. ივანე ტურგენევის ნაწარმოებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილ მრავალ სპექტაკლს, ფილმსა და ტელეფილმს დაედო საფუძვლად.

სარჩევი

ცხოვრება და შემოქმედება

რუსული ლიტერატურის კლასიკოსი ივანე ტურგენევი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის XIX საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთში საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში, დაიბადა 1818 წელს რუსეთში - ორიოლში, ხელმოკლე აზნაურის ოჯახში. ოჯახი მოსკოვში 1827 წელს გადასახლდა. ივანე ტურგენევი თავდაპირველად მოსკოვის, შემდეგპეტერბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 15 წლის ასაკში ის მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, ერთი წლის შემდეგ, იმის გამო, რომ ოჯახი საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა, ტურგენევმა სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე განაგრძო. თავდაპირველად ივანე ტურგენევს სურდა პოეტი გამოსულიყო და რამდენიმე ლექსიც დაწერა. რუსული ლიტერატურის პროფესორმა პეტრე პლეტნევმა ის წაახალისა და უთხრა, რომ მის ლექსებში არის მწერლის თვალით დანახული სამყარო. დამწყებ პოეტს მოტივაცია აუმაღლდა და რამდენიმე ლექსი ჟურნალ „სოვრემენიკშიც“ დაბეჭდა. 1936 წელს „საზოგადოებრივი განათლების სამინისტროს ჟურნალში“ ივანე ტურგენევის პირველი პუბლიცისტური წერილი „წმინდა ადგილებში მოგზაურობის შესახებ“ გამოქვეყნდა.

გერმანიასა და იტალიაში

უნივერსიტეტის დამთავრების (1836) შემდეგ, ივანე ტურგენევი მეცნიერებით დაინტერესდა, 1838 წელს გაემგზავრა გერმანიაში და სწავლა განაგრძო ბერლინის უნივერსიტეტში. გატაცებით სწავლობდა რომანისა და ბერძნული ლიტერატურის ისტორიას, ანტიკურ ლიტერატურას და ფილოსოფიას, ბერძნულ და ლათინურ გრამატიკას. ძველი ენების სწავლა მას ეხმარებოდა ორიგინალში თავისუფლად წაეკითხა მსოფლიო კლასიკა. ტურგენევი ესწრებოდა ჰეგელიანელთა ლექციებს, გატაცებული იყო გერმანული იდეალიზმით. გერმანიამ მის მსოფლმხედველობაზე გარდამტეხი გავლენა იქონია. ის ფიქრობდა, რომ მხოლოდ უნივერსალური განათლება დაიხსნიდა რუსეთს იმ სიბნელისგან, რომელშიც ის ჩაეფლო.

1830-1850 წლებში გაფართოვდა და ჩამოყალიბდა ტურგენევის ნაცნობების და მეგობარ მწერალთა წრე. ის ურთიერთობდა პუშკინთან, ვ. ჟუკოვსკისთან, ა. ნიკიტენკოსთან, ა. კოლცოვიმთან, ლერმონტოვთან და სხვებთან.

ტურგენევის ნაწარმოებები გერმანულად ჯერ კიდევ 1850-იან წლებში ითარგმნა, ხოლო 1870-1880 წლებში ყველაზე საყვარელ და კითხვად რუს მწერლად იქცა გერმანიაში. გერმანელმა კრიტიკოსებმა იგი შეაფასეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე პროზაიკოსი და რომანისტი. იგი გატაცებული იყო გერმანული იდეალიზმით. ზოგადად, დასავლეთევროპულმა ხედვამ ძლიერი შთაბეჭდილება იქონია მწერალზე. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, სტუდენტი ტურგენევი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „მხოლოდ უნივერსალური კულტურის ძირითადი პრინციპების ასიმილაციამ შეიძლება რუსეთი გამოიყვანოს სიბნელიდან, რომელშიც ის ღრმად ჩაეფლო“. ამ გაგებით ტურგენევი ნამდვილი პროდასავლელი იყო. ცნობილი ინგლისელი პროზაიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში, ჯონ გოლსუორსი ტურგენევის შემოქმედებას პროზაული ხელოვნების უმაღლეს ნიმუშად მიიჩნევდა და აღნიშნავდა, რომ ტურგენევმა რომანის პროპორციები სრულყოფილებამდე მიიყვანა. მისთვის ტურგენევი იყო „ყველაზე დახვეწილი პოეტი, რომელსაც ოდესმე რომანები დაუწერია“.

1841 წლამდე ივანე ტურგენევი მოგზაურობდა იტალიასა და ავსტრიაში.

შემოქმედებითი აღმავლობის წლები

1841 წელს სამშობლოში დაბრუნდა და მოსკოვში დასახლდა. 1842 წელს ივანე ტურგენევმა მოსკოვის უნივერსიტეტს მიმართა ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხის მისაღებად, მაგრამ ვინაიდან ამ თანამდებობაზე ადგილი არ იყო, მას უარი უთხრეს. ამიტომაც, ივანე ტურგენევი პეტერბურგში გაემგზავრა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ბერძნული და ლათინური ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

ლიტერატურული მოღვაწეობა 1834 წლიდან დაიწყო (დრამატული პოემა „სტენო“), ამავე პერიოდიდან წერდა რომანტიკულ ლექსებს, პოემებს, რომელთაგან აღსანიშნავია: „პარაშა“ (1843), „მემამულე“ (1846) და პროზაულ ნაწარმოებებს. შექმნა მოთხრობების ციკლი „მონადირის ჩანაწერები“. განსაკუთრებული აღიარება მწერალს მოუტანა მოთხრობებმა: „ანდრია კოლოსოვი“ (1844), „სამიპორტრეტი“ (1846), „მუმუ“ (1854). ივანე ტურგენევი გამორჩეული რომანების - „რუდინი“ (1856), „აზნაურთა ბუდე“ (1859), „წინადღით“ (1860), „მამები და შვილები“ (1862) და პიესების ავტორიცაა.

1852 წელს, ნიკოლაი გოგოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოქვეყნებული ნეკროლოგის გამო, ივანე ტურგენევი დააპატიმრეს და თავის სოფელში გადაასახლეს.

XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან ტურგენევის ყურადღების ცენტრში მოექცა რუსი ინტელიგენციის ბედი. ამ თემას განეკუთვნება: „ზედეტი ადამიანის ბედი“ (1850), „იაკობ პასინკოვი“ (1855), „მიმოწერა“ (1856), „ასია“ (1858).

1862 წელს გამოცემულ რომანს „მამები და შვილები“ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში. საჭირბოროტო საკითხებისა და ადამიანთა ხასიათების შერწყმამ, ახალი თაობის თემამ, ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები გამოიწვია. ზოგიერთმა კრიტიკოსმა მწერალს „მხდალი მოქალაქე“ უწოდა, რადგან ტალახში არ ამოსვარა მთავარი პერსონაჟი, ბაზაროვი და ტენდენციურობაში, რეაქციონერობაში დაადანაშაულა. მას ადანაშაულებდნენ მამების დაცვასა და შვილების გამათრახებაშიც. ბრალდებებმა მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა მწერალზე, რომელიც ღრმად სწვდება ახალგაზრდებისა და მშობლების სულის სიმებს და სიმართლეს შთამბეჭდავად გადმოსცემს. მთავარ გმირს სძულს საზოგადოებრივი ინსტიტუციები, სადაც მხოლოდ ფული და ტიტული ფასდება. მას ლაბორატორიული ანალიზები უფრო აინტერესებს, ვიდრე დოგმები და ლოზუნგები. ახალგაზრდა რადიკალი და ნოვატორი ბაზაროვი თავს ნიჰილისტს უწოდებს, ის ყველა ეპოქის შვილია. საუკუნეზე მეტი გავიდა ამ რომანის გამოცემიდან და დღემდე აღელვებს კაცობრიობას, რადგან მარადიულ თემებს ეხება.

პოლინა გარსია ვიარდო
პოლინა ვიარდო

სიცოცხლის ბოლო ოცი წელი ივანე ტურგენევმა საზღვარგარეთ გაატარა, ცნობილი მომღერლის პოლინა ვიარდოს ოჯახში. 1843 წლის 14 ოქტომბერს პოლინა და ლუი (მისი მეუღლე) ვიარდოები პირველად ეწვივნენ რუსეთს. პეტერბურგში მაყურებელმა პოლინა ძალიან თბილად მიიღო. „სევილიელი დალაქის“ რუსული პრემიერის დროს, პოლინამ ერთ-ერთ სცენაში ა. ალაბიევის „ბულბული“ შეასრულა, რითაც რუსული პუბლიკის განსაკუთრებული აღფრთოვანება დაიმსახურა. მომღერლის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა. ვიარდოების სახლში იკრიბებოდნენ მელომანები, მუსიკოსები, მწერლები. თავად პოლინა აქტიურ მონაწილეობას იღებდა ზამთრის სასახლეში გამართულ მუსიკალურ საღამოებში.

ოპერაში პოლინას ერთ-ერთ გამოსვლას ახალგაზრდა რუსი მწერალი ივანე ტურგენევიც დაესწრო. ის იმდენად მოიხიბლა მომღერლის ხმით, რომ თავდავიწყებამდე შეუყვარდა. ტურგენევი ამ დროს 25 წლის იყო, პოლინა კი 22-ის. ამ დღიდან მოყოლებული ის ცდილობდა უფრო ახლოს გაეცნო და დაახლოებოდა პოლინას. პირველად ტურგენევმა მისი ქმარი ლუი ვიარდო გაიცნო, ორივე ნადირობის დიდი მოყვარული იყო და სწორედ მათი ნაცნობობაც ერთ-ერთი ნადირობის დროს შედგა. თავად პოლინა მწერალმა 1843 წლის 1 ნოემბერს ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო. ამ თარიღს ტურგენევი ყოველწლიურად აღნიშნავდა. პოლინას ის წარუდგინეს, როგორც „ახალგაზრდა რუსი მემამულე, კარგი მსროლელი, სასიამოვნო მოსაუბრე და ცუდი მელექსე“. ტურგენევმა პოლინაზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. „როდესაც ის ოთახში შემოვიდა“ - იხსენებდა მოგვიანებით მომღერალი - „გიგანტად მომეჩვენა, საშინლად მაღალი, გასაოცრად ლამაზი, ჭკვიანი ცისფერი თვალებით. მიჭირს იმის თქმა, რომ მისით იმწუთშივე მოვიხიბლე. დიდი ხნის განმავლობაში მას ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი“. ტურგენევი იმედს მაინც არ კარგავდა და სწამდა, რომ ერთხელაც პოლინა მას სათანადო ყურადღებას მიაქცევდა და ასეც მოხდა. მოგვიანებით პოლინამ ტურგენევის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. მწერალი პოლინას რუსული ენის შესწავლაში ეხმარებოდა, რამაც მათ დაახლოებას ხელი დიდად შეუწყო. ამ გაკვეთილების წყალობით მომღერალი კონცერტების დროს ხშირად ასრულებდა რუსულ რომანსებს. მის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ა. დარგომიჟსკის რომანსებს.

1845 წელს პოლინა მეორედ ესტუმრა რუსეთს და რუსი პუბლიკის წინაშე ახალი რეპერტუარით წარსდგა. 1845 წლის მაისში ვიარდოების ოჯახი პარიზში გაემგზავრა. ტურგენევიც მათ გაჰყვა. გარდაცვალებამდე რუსი მწერალი დიდ დროს ვიარდოების ოჯახთან ატარებდა, მოგზაურობდა მათთან ერთად. როდესაც პოლინა ზაფხულს კურტაველში, საკუთარ ვილაში ატარებდა, ტურგენევი მისი ხშირი სტუმარი იყო. თუ მწერალი პოლინასთან ყოფნას ვერ ახერხებდა, სიყვარულით სავსე წერილებს უგზავნიდა. მათ შორის მიმოწერა 1844 წელს დაიწყო. შემორჩენილია მხოლოდ ტურგენევის წერილები. ვიარდომ მწერლის გარდაცვალების შემდეგ მისი არქივებიდან საკუთარი წერილები ამოიღო და გაანადგურა.

1850 წელს ტურგენევი დედის ავადმყოფობის გამო რუსეთში დაბრუნდა. სპასკის მამულში მწერალმა აღმოაჩინა, რომ მის ქალიშვილ პელაგიას (დედამისი ავდოტია ერმოლოვა მკერავი იყო) დედამისი ცუდად ექცეოდა. პოლინა ვიარდოს თანხმობით მან ქალიშვილი საფრანგეთში გაამგზავრა. გოგონა რამდენიმე წელი ვიარდოების ოჯახში იზრდებოდა. პოლინას კეთილშობილურმა ჟესტმა, რომ ის მზად იყო ეზრუნა ტურგენევის ქალიშვილზე, მწერლის გრძნობები მომღერლის მიმართ კიდევ უფრო გაამყარა. ტურგენევის ქალიშვილი საერთოდ არ იზიარებდა მამის აღტაცებას პოლინას მიმართ. პელაგიასმამასთან და დედობილთანაც საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა.

1852-1853 წლებში ვიარდო კიდევ ერთხელ ეწვია რუსეთს. პეტერბურგში მისმა კონცერტებმა კვლავ ანშლაგით ჩაიარა. ტურგენევს ამ პერიოდში შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი გოგოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიის გამო. 1853 წელს ვიარდომ მოსკოვში გამართა კონცერტები. ტურგენევი სხვისი პასპორტით ჩავიდა მოსკოვში და პოლინასთან რამდენიმე დღე გაატარა.

1854-1855 წლებში მწერალსა და მომღერალს შორის ურთიერთობა გაცივდა. ტურგენევი ამ პერიოდში ცდილობდა მოეწყო პირადი ცხოვრება, მაგრამ მისი რომანი შორეულ ნათესავთან - ოლგა ტურგენევასთან მალევე დასრულდა. 1856 წელს ტურგენევი პარიზში ჩავიდა და პოლინას შეხვდა. მათი ურთიერთობა განახლდა. ზაფხული მწერალმა კურტაველში, ვიარდოებთან გაატარა.

1863 წლის აპრილში პოლინა დიდ სცენას დაემშვიდობა და ქმარ-შვილთან ერთად ბადენ-ბადენში (გერმანია), 1862 წელს შეძენილ ვილაში გადავიდა საცხოვრებლად. მალე ტურგენევიც ჩადის ბადენ-ბადენში და ვიარდოების მეზობლად სახლდება. მწერალსა და ლუი ვიარდოს თბილი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. მათ ბევრი საერთო ჰქონდათ. ორივეს უყვარდა ნადირობა, ლიტერატურა, თეატრი, ორივე თარგმნიდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი პოლინას სიყვარული იყო.

პოლინა ვიარდოს ვილა ბადენ-ბადენში ნამდვილ მუსიკალურ ცენტრად იქცა, სადაც იკრიბებოდნენ ხელოვანები, თავადები. პოლინა ვიარდო ბადენ-ბადენში ცხოვრების დიდ დროს კომიკური ოპერებისა და ოპერეტების შექმნას უთმობდა, რომელთათვისაც ლიბრეტოს ძირითადად ტურგენევი წერდა. წარმოდგენა ვილის ბაღში იმართებოდა, სადაც პოლინამ პატარა ოპერის სახლი ააგებინა. ოპერეტებში მონაწილეობას იღებდნენ პოლინა, მისი შვილები და მოსწავლეები. 1867 წლის 20 სექტემბერს ოპერეტების „Trop de Femmes“ და „Le Dernier Sarciere“, 1868 წლის 23 მაისს „L'Ogre“-ს პრემიერები გაიმართა.

პარიზი

1870-იანი წლების ბოლოს მწერლის მოხეტიალე ცხოვრება დასრულდა. ტურგენევი საფრანგეთში დასახლდა. იგი ზამთარს პარიზში ატარებდა, ზაფხულს კურორტ ბუჟივალში, მაგრამ ყოველ გაზაფხულზე აუცილებლად ჩადიოდა რუსეთში, სადაც მას ახალგაზრდებთან შეხვედრები, გამოსვლები და წვეულებები ელოდა. 1879 წლის მარტში, მოსკოველ სტუდენტებთან შეხვედრის ბოლოს, თავის სამადლობელ სიტყვაში მწერალმა ასეთი რამ განუცხადა მათ: „თქვენი სიმპათია მხოლოდ მწერალს კი არ ეხება, რომელმაც მოახერხა თქვენთვის თავი მოეწონებინა, არამედ ეხება ადამიანსაც, რომელმაც ბოლომდე არ შეცვალა თავისი მხატვრული და ლიტერატურული შეხედულებები, ლიბერალური მიდგომები“. ამ სიტყვებში ნათლად გაისმა თავშეკავებული სიამაყე, რომელიც იმის რწმენას ეფუძნებოდა, რომ ღირსეულად იცხოვრა. ტურგენევმა ახალგაზრდებს უთხრა, რომ მის ახალგაზრდობაში სიტყვა „ლიბერალი“ გულისხმობდა პროტესტს ყველანაირი სიბნელისა და ჩაგვრისადმი. ამავდროულად, ეს მეცნიერებისა და განათლებისადმი პატივისცემას, პოეზიისა და ხელოვნების სიყვარულს და ბოლოს, ყველაზე მეტად ხალხის სიყვარულს ნიშნავდა, რომელიც ჯერ კიდევ ბატონობის უღლის ქვეშ იმყოფებოდა და საკუთარი შვილების აქტიური დახმარება სჭირდებოდა. „მონადირის ჩანაწერების“ შემქმნელმა სიხარულით დაადასტურა, რომ „ჩვენთან შედარებით, ახალგაზრდა თაობამ მრავალი ნაბიჯი გადადგა წინ“. ამასთან ერთად, „მამებისა და შვილების“ ავტორმა ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრდებსაც შეუძლიათ „რაღაც ისწავლონ ჩვენგან, მოხუცებისგან“. ტურგენევმა საკუთარ თავს სხვა თაობის წარმომადგენელი, „ძველი ლიბერალი“, „ძველი მხატვარი“ უწოდა. ტურგენევი გრძნობდა, რომ ცხოვრების შეჯამების დრო დამდგარიყო, თუმცა რა ფორმით მოხდებოდა ეს, ჯერ არ გადაეწყვიტა. აღიარებული მწერალი რომანს წარსულ ეტაპად თვლიდა და რაღაც უფრო ახალ, მანამდე უცნობ ჟანრზე დაიწყო ფიქრი.

სიცოცხლის ბოლო წლები

1879 წელს ტურგენევმა კიდევ ერთხელ სცადა პირადი ცხოვრების აწყობა, მაგრამ ისევ უშედეგოდ. მისი რომანი ახალგაზრდა მსახიობ მარია სავინოვასთან მალევე დასრულდა. მწერალი პარიზში დაბრუნდა. პოლინას სახლში მას ზედა სართული ეკავა. ივანე ტურგენევი წერდა: „მიყვარს ოჯახი, ოჯახური ცხოვრება. მაგრამ ალბათ არ მეწერა საკუთარი ოჯახის შექმნა და სხვისი ოჯახის წევრი გავხდი. აქ მე მექცეოდნენ, არა როგორც მწერალს, არამედ როგორც ადამიანს, მათთან მე თავს მშვიდად ვგრძნობდი“.

1883 წელს პოლინას მეუღლე ლუი ვიარდო გარდაიცვალა. ტურგენევი, რომელსაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ პოლინა მთლიანად ტურგენევზე გადაერთო. აპრილში მწერალი ბუჟივალში, პარიზის ახლოს მდებარე ვილაში გადაიყვანეს.

პოლინა ყოველთვის ახერხებდა ბუჟივალში ჩასვლას მწერლის მოსანახულებლად. შეიძლება ტურგენევი ვერ დაქორწინდა თავის დიდ სიყვარულზე, სამაგიეროდ, შეძლო და მისი ცხოვრების თანამგზავრად, განუყოფელ ნაწილად იქცა. სიცოცხლის ბოლო საათებიც საყვარელ ქალთან გაატარა. მომაკვდავ ტურგენევთან მუდმივად იყვნენ პოლინა, მისი ორი ქალიშვილი და ორი მომვლელი. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ტურგენევმა პოლინა იცნო და უთხრა „აი, დედოფალი, დედოფალთა შორის, რამდენი სიკეთე გააკეთა მან“.

პოლინამ მწერლის გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა. მომღერალმა, ტურგენევის ანდერძის თანახმად, მოაწესრიგა მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა. ვიარდო ყოველთვის პირველი ეცნობოდა მის რომანებს, ლექსებს. მოგვიანებით პოლინამ პეტერბურგის პუშკინის მუზეუმს გადასცა პუშკინის ოქროს ბეჭედი-თილისმა სერდოლიკით და მედალიონი პოეტის თმებით. ეს ორი რელიქვია ტურგენევს პ. ჟუკოვსკიმ აჩუქა. მწერლის გარდაცვალების შემდეგ ვიარდო სხვა ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. მისაღები ოთახი ცოცხალი და გარდაცვლილი მეგობრების პორტრეტებით მორთო. ყველაზე გამოსაჩენ ადგილას კი ტურგენევის პორტრეტი ეკიდა.

მწერლის უკანასკნელი რომანია „ყამირი“ (1877). ევროპაში ცხოვრებისას დაწერა მოთხრობები: „ბრიგადირი“ (1868), „უბედური“ (1869), „გაზაფხულის ნიაღვრები“ (1872), „საათი“ (1876) და სხვა.

ივანე ტურგენევი პარიზის მახლობლად ბუჟივალში გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად, ის რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში, ვოლკოვსკის სასაფლაოზე, „ლიტერატურის ხიდზე“ დაკრძალეს, ცნობილი პუბლიცისტის, ლიტერატორის, ფილოსოფოსისა და კრიტიკოსის - ბესარიონ ბელინსკის გვერდით, სადაც სხვა გამოჩენილი რუსი მწერლები, მსახიობები, ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები არიან დაკრძალული. სამგლოვიარო პროცესიას უამრავი ადამიანი დაესწრო. მათ შორის 179 სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და რიგი დაწესებულებების თანამშრომლებიც. ტურგენევის საფლავზე მათ დიდი გვირგვინები მიიტანეს. ყველაზე „ძვირფასი“ გვირგვინი კი გახლდათ ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მიტანილი, რომლის ფართო ლენტზედაც მხოლოდ და მხოლოდ ორი სიტყვა ეწერა – „მუმუს“ ავტორს“.

ტურგენევის შემოქმედების ქართული თარგმანები

ივანე ტურგენევის შემოქმედება 1850 წლიდან ცნობილი იყო ქართველი მკითხველისთვისაც. ქართველი მწერლები, ლიტერატურის კრიტიკოსები და მთარგმნელები მუდმივად ინტერესდებოდნენ, აღიარებდნენ, მაღალ შეფასებას აძლევდნენ და თარგმნიდნენ მას. ილია ჭავჭავაძემ შესანიშნავად თარგმნა ტურგენევის მინიატურები ციკლიდან - „ლექსები პროზად“. 1868 წლიდან ტურგენევის თხზულებების ქართული თარგმანები სისტემატურად იბეჭდებოდა „ივერიაში“, „დროებაში’’, „კვალში’’, „ჯეჯილში“. ივ. ტურგენევს დიდად აფასებდნენ ა. წერეთელი, რ. ერისთავი, ა. ფურცელაძე, ი. გოგებაშვილი და სხვ. თუმცა, XX საუკუნის 90-იანი წლების ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, მისი შემოქმედებისადმი, ისევე როგორც ზოგადად რუსი მწერლებისა და რუსული კულტურის მიმართ, ინტერესი საგრძნობლად შესუსტდა. 1992 წელს, ალმანახში „ახალი თარგმანები“ დაიბეჭდა 7 მინიატურა ივ. ტურგენევის ციკლიდან „ლექსები პროზად“.

ივანე ტურგენევის მიერ შექმნილმა ნაწარმოებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია XIX საუკუნის მეორე ნახევრის არა მხოლოდ რუსული, არამედ დასავლეთევროპული რომანის პოეტიკაზე, სტილზე. ის იყო პირველი, რომელმაც დაიწყო „ახალი ადამიანის“ პიროვნების შესწავლა, მისი ზნეობრივი თვისებებისა და ფსიქოლოგიური მახასიათებლების შესწავლა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები